ბიუჯეტის დამტკიცება გარდაუვალია
       

       

        მიუხედავად პირველი «მოსინჯვისას» პარლამენტში ატეხილი გნიასისა, ნებისმიერი ჭკუათმყოფლისთვის ცხადია, რომ პარლამენტი უახლოესი 2 კვირის, მაქსიმუმ - 1 თვის განმავლობაში უეჭველად დაამტკიცებს 1999 წლის ბიუჯეტს. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს. უფრო სწორედ ოპოზიციას, რასაკვირველია, ძალიან უნდა, ბიუჯეტი არ დამტკიცდეს, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს «საარჩევნო წელს» პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ რეალობა სხვაგვარია.
        ძალთა მობილიზების შედეგად, უმრავლესობა მოახერხებს კანონის მისაღებად ხმათა აუცილებელი რაოდენობის მოგროვებას. დებატებს ბიუჯეტის თაობაზე საქართველოში კარგა ხანია აზრი დაეკარგა, ოღონდ არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების უნიათობის მიზეზით; არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, საბიუჯეტო პროცესის დისკრედიტაციისთვის, არის ის გარემოება, რომ 1994 წლიდან დღემდე, ოპოზიცია ყოველთვის განიხილავდა და განიხილავს ბიუჯეტს, როგორც პოლიტიკური სპეკულაციის საგანს.
        ამიტომ, გულწრფელნი თუ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: მთავრობამ იდეალური ბიუჯეტიც რომ შემოიტანოს განსახილველად, ოპოზიციას მაინც შეეძლება მისი «ჩაგდება», რათა შემდგომ ხელისუფლებასთან გამართოს ვაჭრობა თანამდებობების «დასათრევად».
        ასეთი ვითარება, უპირველეს ყოვლისა, ისევე მთავრობას აძლევს ხელს, ვინაიდან ოპოზიციის სიბეცე (არ შეიძლება ბიუჯეტის გამოყენება პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად) შესანიშნავი საშუალებაა საკუთარ შეცდომათა შესანიღბად.
        ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც იციან რა არის ბიუჯეტი და სცნობენ პოლიტიკური ბრძოლის ცივილიზებულ ნორმებს, - ბიუჯეტის გამოყენება იმ მიზნით, რისთვისაც მას ჩვენში იყენებენ – ყოვლად წარმოუდგენელია! ოპოზიციამ (ასეთ ქვეყანაში) შეიძლება იკამათოს ბიუჯეტზე, ხელჩართული ჩხუბიც გამართოს, ზოგიერთი სტატიის გაზრდა მოითხოვოს, ზოგის - შემცირებაც, ლანძღოს მთავრობა უვარგისი ბიუჯეტის შემოტანისათვის, მაგრამ კრიტიკა უეჭველად ბიუჯეტის შინაარსის წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა ბიუჯეტისა, როგორც ასეთის!
        ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ხომ კატასტროფაა სახელმწიფოსათვის.
        ამიტომ ბიუჯეტი არ შეიძლება არ დამტკიცდეს - თუნდაც შეკვეცილი ან გაზრდილი ოდენობით, თუნდაც შესამჩნევად სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც უნდა დამტკიცდეს.
        ნებისმიერი ცივილიზებული ოპოზიცია, რაკი დარწმუნდება, რომ შესაძლო ცვლილებათა მაქსიმუმი შეიტანა ბიუჯეტში, ბოლოს და ბოლოს მას ხმას მისცემს, რათა საკუთარ ქვეყანას, სახელმწიფოს არ მიაყენოს ზიანი. მაგრამ «სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის» შეგნება ქართული პოლიტოკრატიისათვის ყოველთვის «ჩინური» იყო და ახლაც ასეა.
        1999 წლის ბიუჯეტი, შარშანდელი საფინანსო კრიზისის, აგრეთვე საგადასახადო და საბაჟო სამსახურების «კარგი» მუშაობის შედეგად, უკეთესი ვერ იქნებოდა. არის ისეთი, როგორიც არის, ანუ, ფაქტობრივად, არაფერს ითვალისწინებს მიზერული ხელფასებისა და პენსიების, აგრეთვე საგარეო ვალების დაფარვის გარდა.
        ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით «ბობოქარი» და «მძვინვარე» დებატები ბიუჯეტის თაობაზე უბრალოდ აბსურდული ხდება. გაუგებარია საერთოდ რა შეიძლება იყოს კამათის საგანი? ოპოზიცია ემისიას რომ მოითხოვდეს - სხვა საქმეა. აგრეთვე სხვა საქმე იქნებოდა მთავრობას რომ სთავაზობდეს ხარჯების გაზრდას მოკლევდიანი სახაზინო ვალდებულებების, ანუ ფინანსური ნარკოტიკის მეშვეობით.
        თუ ასე არაა, მაშინ საერთოდ რაზე მსჯელობენ? კაპიტალურ ხარჯებს ბიუჯეტი საერთოდ არ ითვალისწინებს. «ერთი სტატიიდან - მეორეში» სახსრების გადასროლაც ვერ მოხერხდება - ხელფასს ან გასცემ, ან საერთოდ ვერ გასცემ, ამიტომ მხოლოდ «დაცული მუხლებისაგან» შემდგარი ბიუჯეტის თაობაზე ხანგრძლივი მსჯელობა აბსურდულიც ხდება.
        საკამათო აქ არაფერია – ან ამტკიცებ ბიუჯეტს, ან არა. მესამე ვარიანტი არ არსებობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტთა «ფაშისტური» მოთხოვნით, ბიუჯეტი მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალობასთან, ანუ ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებთან. შეიძლება ამ ბიუჯეტს დავარქვათ «ფაშისტური», «უმოწყალო», «უსასტიკესი», «უმკაცრესი» ან შეიძლება ვუწოდოთ მას «ძლიერი»; თუ დავივიწყებთ, რომ ადამიანებთან, ცოცხალ მატერიასთან გვაქვს საქმე, ყველა განსაზღვრება ჭეშმარიტი იქნება.

მერიდიანი, 5 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე