საქართველოს მოსახლეობამ აბსურდულ არჩევანს პრაგმატული გადაწყვეტილება არჩია

        31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ეს არის ეგრეთ წოდებული «წინასწარი ოფიციალური შედეგი» - თუმცა, საბოლოო ოფიციალური შედეგი (მაჟორიტართა ჩათვლით) მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.
        მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს უკვე აქვთ მასალა ანალიზისათვის. საეჭვოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს სურათი, რომელიც ორშაბათს დილისთვის ჩამოყალიბდა. მმართველმა პარტიამ, ანუ «მოქალაქეთა კავშირმა», ოპოზიციურ, «საქართველოს აღორძინებაზე» დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა მიიღო.
        აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე მაჟორიტარული არჩევნების შედეგი (რასაც, კუთვნილი ყურადღება რატომღაც არ ექცევა, არადა, გასულ კვირას საქართველოს მოსახლეობამ 75 დეპუტატი სწორედ ამ წესით აირჩია). აქაც ლიდერობს «მოქალაქეთა კავშირი».
        რაც ნიშანდობლივია, გაიმარჯვეს «მოქალაქეთა კავშირის» იმ მაჟორიტარმა დეპუტატებმაც, რომლებიც პარტიული სიითაც იყრიდნენ კენჭს. მაშასადამე, «მოქალაქეთა პროპორციული წარმომადგენლობა» კიდევ უფრო გაიზრდება; ამრიგად, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «მოქალაქეთა კავშირმა» შეინარჩუნა აბსოლუტური უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში» (დაახლოებით 118 ხმა მინიმუმ), მაგრამ ვერ მოიპოვა კვალიფიციური, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა.
        მაშასადამე, «მმართველი პარტია» ერთპიროვნულად, სხვა პარტიებთან შეუთანხმებლად, ვერ შეცვლის საქართველოს კონსტიტუციას. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლობას, - ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები (გარდა «აღორძინებისა») 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას. თუ «ლეიბორისტებმა» ან «მრეწველებმა» ეს ვერ მოახერხეს, მაშინ, მომავალი 4 წლის განმავლობაში პარლამენტში გვექნება ძალთა დაახლოებით ასეთი განლაგება: 150 ხმა (მაჟორიტარებთან ერთად) - «მოქალაქეთა კავშირს», 70-75 ხმა – იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებამდე შედიოდნენ «აღორძინების» პოლიტიკურ კოალიციაში. მაგრამ თუ «ლეიბორისტებმა» ან «მრეწველებმა» მაინც მოახერხეს კვოტის მოგროვება, მაშინ, «მოქალაქეთა კავშირი» აბსოლუტურ უმრავლესობას შეინარჩუნებს (ყველა სხვა პარტიასთან შედარებითაც კი), მაგრამ «ოპოზიციურ ფლანგზე» სერიოზული ცვლილებები მოხდება - «ბათუმური კოალიცია» კიდევ უფრო შევიწროვდება.
        თვით ეს კოალიციაც, ძნელი განსაჭვრეტი არ არის, სულ მალე დაიშლება ფრაქციებად (ნიშანდობლივია, რომ მათ შორის აღარ იქნება საკუთრივ «აჭარული ფრაქცია» - განსხვავებით წინა პარლამენტისაგან), რომლებიც სულ უფრო დაშორდებიან ერთმანეთს კარდინალურ საკითხებში, ეს პროცესი 6-7 თვეს (ანუ, მაქსიმუმ ორ სესიას) დაიკავებს, ოღონდ იგი უეჭველად განვითარდება.
        ადრე «სერიოზულად» მიჩნეული პოლიტიკური ძალებიდან პარლამენტს გარეთ, როგორც ჩანს, რჩებიან «ეროვნულ-დემოკრატები» და «სახალხო», მათ არათუ 7-პროცენტიანი, არამედ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ.
        ფაქტობრივად, ყოფილმა ერთიანმა «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ» დააგროვა იმდენივე ხმა (დაახლოებით) რაც 1995 წლის არჩევნებში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართლაც ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს.
        მაგრამ ამ პარტიათა ლიდერებს არაფრის დიდებით არ სურდათ გაეგოთ და შეეგნოთ (ასეთი სიჯიუტე უკვე გამაღიზიანებელიცაა), რომ პარტიის გახლეჩის შედეგად ყოფილი «ედპ»-ს ამომრჩეველიც გაიხლიჩა თანაც (რაც მთავარია) იგი გაიყო ორ, დაახლოებით თანაბარ ნაწილად – ეს თვალნათელი გახდა ჯერ კიდევ შარშანდელი «ადგილობრივი არჩევნების» დროს.
        მიუხედავად ამისა, ურთიერთსიძულვილითა და შეურიგებლობით ატანილ ყოფილ თანამებრძოლებს თვალნათელი ფაქტის აღიარება არ სურდათ, - ამიტომ, ორივე მხარემ თანაბრად უნდა იკისროს პასუხისმგებლობა გია ჭანტურიას პარტიის დაღუპვისათვის.
        შესაძლოა მკითხველს ახსოვს: რამდენიმე ხნის წინათ, როდესაც ირინა სარიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა საარჩევნო კვოტის გაზრდა - ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ მისი მოთხოვნა განპირობებული იყო სურვილით «გაეტანა» მეორე შესწორება კონსტიტუციაში, რაც უზრუნველყოფდა 50+1 პრინციპის დამკვიდრებას. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო მანდატებს მოიპოვებდა ყველა ის პარტია, რომელთა პროცენტული ჯამი გადააჭარბებდა 50 პროცენტს. სხვა საქმეა, თუ ეს მეთოდიკაც ვერ უზრუნველყოფდა (როგორც აღმოჩნდა) «ეროვნულ-დემოკრატთა» მოხვედრას პარლამენტში, მაგრამ 7-პროცენტიანი ბარიერის მოთხოვნას (ჩვენი აზრით) მაინც მხოლოდ ამ გათვლით ჰქონდა აზრი.
        დღევანდელი გადასახედიდან კი (შედეგთა გათვალისწინებით) ედპ-ს ლიდერის მოთხოვნაში არავითარი ლოგიკა არ ჩანს. ერთ-ერთი (სხვა) ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ნიშნის მოგებით განაცხადა კიდეც: «როგორც ჩანს, ირინა სარიშვილმა საქართველოში პარტიათა გამსხვილების აუცილებლობას საკუთარი პარტია შესწირაო.
        კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი გასული არჩევნებისა, არის ამომრჩეველთა არც ისე მაღალი აქტივობა. ეს თითქოს ეწინააღმდეგება ბოლო დღეებში დამკვიდრებულ აზრს, მაგრამ სავსებით აშკარაა, რომ წინასაარჩევნო ისტერიის შესაბამისად, მოსახლეობის აქტივობის დონე 70-80 პროცენტი მაინც უნდა ყოფილიყო.
        60 პროცენტი კი იმის მაჩვენებელია, რომ პოლიტიკური ეიფორიისა და აღტკინების ეპოქა მთავრდება საქართველოში – შესაბამისად იზრდება ჩვეულებრივ «ობივატელთა» (კარგი გაგებით) რიცხვი, რომელთაც პოლიტიკა არ აინტერესებთ – არც უნდა აინტერესებდეთ. ისევე, როგორც არ აინტერესებს პოლიტიკა ნორმალური საზოგადოების წევრთა მნიშვნელოვან ნაწილს – განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, 50-60 პროცენტამდე.
        ერთადერთი გამონაკლისია აჭარის რეგიონი. აქედან კი უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა: «აღორძინების» პროცენტი ძირითადად განპირობებულია ამომრჩევლის «აქტივობით» სწორედ აჭარის რეგიონში. მაგრამ თუ (ამ რეგიონის «სპეციფიკის» გათვალისწინებით) შევაფასებთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე – უეჭველია, რომ «აღორძინების» ალიანსი და თვით იდეა ამგვარი გაერთიანებისა დამარცხდა. მოსახლეობამ მას მხარი არ დაუჭირა;
        «სოციალისტებმა» და «ტრადიციონალისტებმა» ალიანსის შემადგენლობაში მიიღეს იმაზე ნაკლები ხმა, ვიდრე «ადგილობრივი არჩევნების» დროს, როდესაც კენჭისყრაში ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ; რასაკვირველია, ისინი ახლა ამ მარცხს «გაყალბებით» ხსნიან, მაგრამ ეს არის ზღაპარი: თუ «გაყალბებაში» იგულისხმება ყალბი ბიულეტენების «ჩაყრა» - ოდენობა საერთო რიცხვის 1-2 პროცენტს შეუძლებელია აღემატებოდეს. თუ არადა, ოპოზიციის დამკვირვებლები საარჩევნო უბნებში ელემენტარულად იდიოტები ყოფილან.
        მაშასადამე, მთავარი კითხვა მაინც ასე უნდა დაისვას: რატომ არ დაუჭირა მხარი «დანარჩენი საქართველოს» მოსახლეობამ (აჭარის რეგიონის გარდა) «აღორძინებას»? უფრო მეტიც, - რატომ დაუჭირა მხარი «მაინც» მმართველ პარტიას, ანუ მოქალაქეთა კავშირს?
        ოპოზიციას პასუხი მზად აქვს. თუმცა მას ღიად არ «გაახმოვანებენ»: იმიტომ, რომ ქართველი ხალხი უნიათო და რეგვენია.
        არადა, სინამდვილეში, ამგვარი ეპითეტი ჩვენს ხალხს ნამდვილად არ ეკუთვნის. პირიქით, მან ასეთი არჩევანი გააკეთა სწორედ იმიტომ, რომ საკმაოდ მაღალი შეგნება აღმოაჩნდა. ვიმსჯელოთ ლოგიკურად, ყოველგვარი ემოციის გარეშე:
        «აღორძინების» კრედო ყველაზე ზუსტად გამოხატა თვით ასლან აბაშიძემ» «უნდა წავიდეს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა ტერიტორიები, გამოიწვია სამოქალაქო ომი, ააოხრა საქართველოს რეგიონები – ერთი სიტყვით, დაღუპა საქართველო».
        ვერაფერს იტყვი, ერთმნიშვნელოვნად და მკაცრადაა ფორმულირებული; მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (ისევ და ისევ «ბრჭყალებს გარეთ» ვტოვებთ აჭარის რეგიონის სპეციფიკას) არ დაეთანხმა იმ შეფასებას, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთლილში სწორედ «მოქალაქეთა კავშირია» დამნაშავე, ხოლო «აღორძინების» გარშემო შემოკრებილ ძალებს პასუხისმგებლობა საერთოდ არ ეკისრებათ.
        «აღორძინებას» სტრატეგიული შეცდომა მოუვიდა სწორედ მაშინ, როდესაც განაცხადა, რომ უპირისპირდება «მოქალაქეთა კავშირის» ზოგადსახელმწიფოებრივ კურსს და არა მხოლოდ მის პოლიტიკას. არადა, «ქვეყნის დაქცევაში» და სხვა ამგვარ უამრავ განცხადებაში სწორედ «კურსი» იგულისხმებოდა და არა «კონკრეტული პოლიტიკა».
        მოგეხსენებათ, «კურსი» და «პოლიტიკა» ერთი და იგივე არ არის - «სახელმწიფოებრივი კურსი» უფრო ფართო და განმსაზღვრელი ცნებაა; არ დაიჯეროთ, თითქოს «აღორძინებამ» რაიმე განსაკუთრებული გათვლით აირჩია ასეთი სტრატეგია; უბრალო, ზოგადად, «კურსის» კრიტიკა, ერთი შეხედვით, უფრო ადვილი და უსაფრთხოა, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკის კონკრეტული ნაბიჯებისა საგარეო თუ საშინაო სფეროებში.
        ამრიგად, «აღორძინების ალიანსი» ყოველნაირად ცდილობდა მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ «ქვეყანა დაღუპა» სწორედ «მოქალაქეთა კავშირის» სახელმწიფოებრივმა, სტრატეგიულმა კურსმა.
        მერედა განა ეს კურსი (თუკი მართლაც მან «დაღუპა ქვეყანა») მოქალაქეთა კავშირმა» და ედუარდ შევარდნაძემ მოახვიეს თავს საქართველოს? ნურას უკაცრავად! «მოქალაქეთა კავშირი» და პრეზიდენტი მხოლოდ ახორციელებენ იმ სტრატეგიულ კურსს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს «მოძრაობის» ლიდერებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა 1988 წლიდან.
        თუ «კურსი» იმთავითვე მცდარი იყო, მაშინ ნამდვილი ტრაგიკომედიაა, როდესაც ამჟამინდელ მმართველ პარტიას ამაში ბრალს სდებს სწორედ ის ხალხი, ვინც იგი «შეიმუშავა და დაამკვიდრა» 1988 წლის ნოემბრის ცნობილი მიტინგებიდან.
        ამომრჩეველმა ეს შეუსაბამობა ადვილად შენიშნა და გაღიზიანდა:
        დავუშვათ «ალტერნატიული კურსის» იდეა ის არის, რომ საქართველომ 1988 წლიდანვე არასწორი კურსი აირჩია - რუსეთს უგონოდ დაუპირისპირდა და სწორედ ამიტომ დაკარგა ტერიტორიები; სწორედ ამიტომ ჩაეფლო საზარელ, სისხლიანი ანარქიის ჭაობში, მაგრამ განა ეს კურსი შევარდნაძემ და ჟვანიამ მოახვიეს ქართველ ხალხს? ხომ ელემენტარულად დაუსვამდა თავს ამომრჩეველი კითხვას: როგორ, ესენი «არიან შუაში», ხოლო კაკო ასათიანი, თედო პაატაშვილი, «ზვიადისტები» და «ხალხოსნები» არაფერ შუაში არიან?
        ან, დავუშვათ, «ალიანსის იდეა» მდგომარეობდა დეკემბერ-იანვრის გადატრიალების დაგმობასა და «ეროვნულ შერიგებაში» - აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა დაბრალდეს ისევ «მოქალაქეთა კავშირს».
        მაგრამ ამომრჩეველი საკითხის ამგვარმა დასმამაც გააღიზიანა: მას ხომ შესანიშნავად ახსოვს, რომ 1991-92 წლებში დღევანდელი მმართველი პარტია საერთოდ არ არსებობდა. სამაგიეროდ, არსებობდნენ და აქტიურობდნენ კიდეც («სისხლიანი გადატრიალების» მოსამზადებლად და განსახორციელებლად) - «ალიანსის» წევრები, ბევრი მათგანი სამეგრელოს მძარცველებსაც აგულიანებდა.
        ამომრჩეველმა (განსაკუთრებით, თბილისში) შენიშნა, რომ სინამდვილეში «ალტერნატიულ ძალას» არანაირი ალტერნატიული კურსი არ გააჩნდა (სად გენერალი ლებედი და სად ზვიად გამსახურდიას «სულიერი მისია») და ამოძრავებდა ერთადერთი: თვითონ მოსულიყო (დაბრუნებულიყო) ხელისუფლებაში; ასეთი ექსპერიმენტისათვის კი ელექტორატი ნამდვილად არ აღმოჩნდა მზად – მან ისედაც ბევრი «ექსპერიმენტი» გადაიტანა 1987 წლის 26 დეკემბრიდან, როდესაც დიდუბის პანთეონში «მოძრაობის» პირველი აქცია გაიმართა.
        თუ ასლან აბაშიძეს რეალურად სურდა ნამდვილი ალტერნატივის შექმნა (არადა, დღევანდელი კურსის ალტერნატივა მხოლოდ პრორუსული სახელმწიფოებრივი კურსი შეიძლება იყოს), მას ალიანსი უნდა შეექმნა ვახტანგ გოგუაძესა და ვალერი კვარაცხელიასთან; რამდენად მისაღები იქნებოდა ეს კურსი – სხვა საკითხია.
        მაგრამ მან ეს არც მოინდომა და ვერც გაბედა, ვინაიდან სინამდვილეში არანაირი «კურსი» არ გააჩნია და საერთოდ, აჭარის გარდა არაფერი აინტერესებს.

დილის გაზეთი, 7 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე