არჩევნებმა ძალთა რეალური თანაფარდობა დააფიქსირა

        საარჩევნო (თუნდაც ჯერ კიდევ წინასწარი) მონაცემების მიხედვით აშკარაა, რომ «მოქალაქეთა კავშირმა» მთავარი მოწინააღმდეგე – ე.წ. ბათუმური კოალიცია პირწმინდად დაამარცხა
        დამარცხებული მხარე უეჭველად იტყვის და ამბობს კიდეც, არჩევნები «გაგვიყალბდაო»; სად გინახავთ ქართველი – დამარცხებას აღიარებდეს? თუნდაც მაშინ, როცა ამაში დარწმუნებას მხოლოდ ელემენტარული გონიერება სჭირდება? არადა, სწორედ ეს «დამარცხებულები» იყვნენ, რომ გაიძახოდნენ, მოქალაქეთა კავშირი 5-10 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს, მხოლოდ თანამდებობის პირთა ოჯახი და ნათესავები მისცემენო ხმას.
        ამით რისი თქმა უნდათ – რომ 30 პროცენტი ყალბი ბიულეტენები ჩაიყარა? კი მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელი იყო? შეუძლებელია ასეთი გაყალბება მომხდარიყო, თუ არა და ის პოლიტიკურ პარტიათა დამკვირვებლები, რომლებიც ყველა საარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ, არჩევნების დროს ბუზებს ითვლიდნენ.
        ყოველ შემთხვევაში, არჩევნებმა ეს რეალური სურათი ასახა; გამარჯვებულებს აქვთ მინიმუმ ორი შეუვალი არგუმენტი.
        პირველი: საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ მიუხედავად დარღვევებისა (რომელთა უმეტესობა აჭარაში დაფიქსირდა), მთლიანობაში არჩევნები დემოკრატიული იყო, ანუ სამართლიანად ჩატარდა და იმ მცირე დარღვევებს სერიოზული ზეგავლენა არჩევნების შედეგზე არ მოუხდენია.
        გაუგებარია, თუკი იმავე ეუთოსა და ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა ერთმნიშვნელოვნად შეაფასეს სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები, როგორც «უსამართლო და არადემოკრატიული», რა შეუშლიდათ ხელს იგივე ეთქვათ საქართველოში?
        მეორე: არჩევნების შედეგი გასაოცარი სიზუსტით დაემთხვა იმ გამოკითხვებს, რომლებსაც სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახური არჩევნებამდე სამი-ოთხი თვის განმავლობაში ატარებდა.
        გარდა ამისა, გამოკითხვებს ატარებდნენ დამოუკიდებელი გაზეთებიც – შედეგი ანალოგიური იყო. გამოკითხვები ტარდებოდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მაშსტაბით.
        გამოდის, ყველა ეს სოციოლოგიური სამსახური, ყველა დამოუკიდებელი გაზეთი თუ ტელეკომპანია ცრუობდა?!.
        მაშასადამე, ოქტომბრის არჩევნების შედეგი თითქმის სკრუპულოზური სიზუსტით შეესაბამება მოსახლეობის განწყობას, რაც არაერთგზის დაფიქსირდა არჩევნებამდე, ხოლო ვის გაუხარდა და ვის ეწყინა ე.წ. «აღორძინების» დამარცხება - სხვა საკითხია.
        ნეტავ გენახათ, რა დღეში იყო მიხეილ ლეონტიევი რუსეთის ორტ-ს პროგრამა «ვრემია»-ში საქართველოში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რომ საუბრობდა! რატომ გაამწარა ასე მმართველი პარტიის გამარჯვებამ? ნუთუ საქართველოს სიყვარულის გამო?
        ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციაზე მეტი არგუმენტი გამოძებნა მოსახლეობის დიდი ნაწილის დასარწმუნებლად. ვიდრე არ აღიარებენ, რომ სწორედ ეს გახდა მათი დამარცხების მიზეზი და არა მითიური «ტოტალური გაყალბება « ყოველთვის ასევე სამარცხვინოდ დამარცხდებიან.
        როგორც ჩანს, ოპოზიციას ქართველი ხალხი მთლად «გამოთაყვანებული» ეგონა თუ იმედი ჰქონდა, რომ იგი მხარს დაუჭერდა იმათ, ვინც საზღვაო აკვატორიაში არ უშვებს საქართველოს სასაზღვრო გემებს და მათ «მეკობრეებს» ეძახის, ვინც ქვეყანას «ყარსის ხელშეკრულების ამოქმედებით» ემუქრება, ვინც არ ემორჩილება ცენტრალური ხელისუფლების კანონიერ გადაწყვეტილებებს და არ აღიარებს ცენტრალური ხელისუფლების უდავო პრეროგატივას საბაჟო სფეროში, ვისაც მეგობრული ურთიერთობა აქვს ლებედთან, ზატულინთან, მიგრანიანთან და სხვა ათასი ჯურის ანტიქართველ ნაძირალასთან.
        არა ბატონებო, არ აღმოჩნდა ქართველი ხალხი იმდენად გამოთაყვანებული.
        რაც შეეხება ძალთა განლაგებას მომავალ პარლამენტში – ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ე.წ. «ბათუმური კოალიცია» მალე დაიშლება ფრაქციებად, რომელთაც თავდაპირველად მოქალაქეთა კავშირის სიძულვილი გარკვეულად დააკავშირებს;
        მაგრამ დროთა განმავლობაში უეჭველად ერთმანეთსაც დაუპირისპირდებიან.
        მმართველმა პარტიამ შეინარჩუნა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში. მართალია ვერ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან სულ ერთია «მოქალაქეთა კავშირი» ერთპიროვნულად (სხვა პარტიათა მხარდაჭერის გარეშე) ვერ გაბედავდა ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას.
        ხოლო «აბსოლუტური უმრავლესობა» გაიზარდა კიდეც - თუ წინა პარლამენტში «მოქკავშირი» ძლივს აგროვებდა 118-120 ხმას, ამჟამად, მინიმუმ 130 ხმა გარანტირებული აქვს, რაც საშუალებას აძლევს, მიიღოს არა მხოლოდ ჩვეულებრივი კანონები ან დადგენილებები, არამედ ორგანული კანონებიც კი.

მერიდიანი, 3 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე