აფხაზეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლა მწვავდება

    სარწმუნო წყაროს ცნობით, ვითარება სეპარატისტულ აფხაზეთში დღითიდღე იძაბება. დაძაბულობა თავდაპირველად ძნელი შესამჩნევი იყო, ვინაიდან არძინბას გარემოცვა, აგრეთვე მისი მოწინააღმდეგენი ცდილობდნენ, დაპირისპირების აფიშირება არ მოეხდინათ. მაგრამ ბოლო დროს იგი სულ უფრო ძნელად შესანიღბავი ხდება, ვინაიდან აფხაზეთში იწყება გააფთრებული ბრძოლა ხელისუფლებისათვის.
        სეპარატისტული პარლამენტი უახლოეს მომავალში მიიღებს კანონს «აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის» შესახებ. ამჟამად არძინბა არჩეულია არა საერთო-სახალხო კენჭისყრით, არამედ სეპარატისტული პარლამენტის გადაწყვეტილებით. ვლადისლავ არძინბა «პრეზიდენტი» გახდა 1994 წელს. მაშინ სეპარატისტები გაცილებით უფრო მეტად კონსოლიდირებულნი იყვნენ და არძინბას ლიდერობასაც თითქოს ეჭვს ქვეშ არ აყენებდნენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი მას მხარს უჭერდა, თუმცა აფხაზური ელიტა «მოსკოველ» არძინბას ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა.
        თუ გავიხსენებთ, არძინბა «პირველი პირი» გახდა აფხაზეთში ზვიად გამსახურდიასთან კომპრომისის შედეგად. საქართველოს პირველ პრეზიდენტს რატომღაც ეგონა, რომ «ისტორიკოსი და ჰუმანიტარი» არძინბა ანტიქართულ პოლიტიკას არ გაატარებდა ან, ყოველ შემთხვევაში, იგი სხვებზე «უკეთესი» იქნებოდა. რაც შეეხება თვით აფხაზურ ელიტას, იგი მაშინაც კონსტანტინე ოზგანს ანიჭებდა უპირატესობას. არძინბა «მესამე» თუ «მეოთხე» კანდიდატი იყო, თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა ავტორიტეტი, მაგრამ ხალხში, უპირველესად კი გუდაუთის რაიონის მოსახლეობაში, სადაც ძალიან ბევრი რამ წყდებოდა და წყდება - ოზგანი უფრო პოპულარულია, ვიდრე არძინბა. თუმცა ოზგანიცა და სხვა კონკურენტებიც მაშინ შეურიგდნენ არძინბას «გამარჯვებას», ვინაიდან სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდათ – ოზგანის «გაპირველკაცებას» ქართული მხარე არასგზით არ დაეთანხმებოდა.
        ყველა ამ წინააღმდეგობამ თანდათან იჩინა თავი ომის დამთავრების შემდეგ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არძინბა პრიმაკოვმა ტომარასავით ჩამოიტანა თბილისში. ქართულმა საზოგადოებამ ეს, რასაკვირველია, არ იცის, მაგრამ თვით აფხაზეთში, 14 აგვისტოს არძინბას თბილისში ჩამოსვლამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც წარმოჩინდა კიდეც რუსული პრესის ზოგიერთ პუბლიკაციაში.
        ედუარდ შევარდნაძესთან ერთი-ერთზე შეხვედრისას, არძინბასაც დაუჩივლია: «ედუარდ ამბროსიევიჩ, ახლა ისეთი ხალხი გააქტიურდა სოხუმში, ომის დროს თვალითაც რომ არ მინახავსო». არძინბას აზრით, ისინი, განსაკუთრებულად შეურიგებელნი არიან საქართველოსადმი და მათთან ურთიერთობა «ძალზე უჭირს». ედუარდ შევარდნაძეს, რა თქმა უნდა არ სთხოვდა «დახმარებას», მაგრამ თავისი «გასაჭირი» მაინც წამოსცდა.
        როგორი ფანატიკოსიც უნდა იყოს, არძინბა მაინც ჩვეულებრივი ადამიანია, უფრო მეტიც - «ჩვეულებრივი პოლიტიკოსია» და ნორმალური რეაქციები აქვს სახელისუფლებო საკითხებში. ძალაუფლების დაკარგვას იგი ისევე მტკივნეულად აღიქვამს, როგორც ნებისმიერი სხვა ჭეშმარიტი პოლიტიკოსი. ამიტომ გულუბრყვილო ზღაპარი და თვალთმაქცობაა მისი განცხადება: «სიამოვნებით დავბრუნდებოდი აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში, რაკი პრეზიდენტი მხოლოდ გარემოებათა ზემოქმედების წყალობით გავხდი».
        სინამდვილეში, არძინბა მზად არის გააფთრებით იბრძოლოს ხელისუფლების შესანარჩუნებლად და მოწინააღმდეგეებიც გაანადგუროს. იგი არაფერს მოერიდება, ხოლო თუ საქართველოს სპეცსამსახურები, მთლიანად ხელისუფლება ამ ვითარებას ჭკვიანურად გამოიყენებენ - მომავალი საპრეზიდენტო ბრძოლა აფხაზეთში სეპარატისტთა პოზიციებს მნიშვნელოვნად დაასუსტებს.
        ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არძინბა აპელირებს «საქართველოს ახალი აგრესიის შესაძლებლობაზე». მაგალითად, ორი წლის წინ, როცა სოხუმის პარლამენტში მწვავე დაპირისპირება დაიწყო «მოქალაქეობის შესახებ კანონის» გარშემო, არძინბას მთავარი არგუმენტი სწორედ ეს გახლდათ: ნუ დავქუცმაცდებით, თორემ სოხუმში კვლავ ვნახავთ «ქართულ ტანკებს».
        ღმერთმა ქნას, მალე ახდეს არძინბას წინასწარმეტყველება და მართლაც მალე იხილონ სეპარატისტებმა «ქართული ტანკები» აფხაზეთის დედაქალაქში, მაგრამ საამისოდ აუცილებელია ყველა შესაძლებლობის აქტიური გამოყენება. მათ შორის, სეპარატისტთა წრეში არსებული წინააღმდეგობების გათვალისწინება.
აფხაზეთი ერთადერთი სეპარატისტული ტერიტორიაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე, სადაც ჯერ არ აურჩევიათ პრეზიდენტი საერთო-სახალხო კენჭისყრით. არძინბას ეშინია ასეთი არჩევნებისა, ვინაიდან შესანიშნავად იცის, რომ კონსტანტინე ოზგანს მეტი ავტორიტეტი და გავლენა აქვს. გარდა ამისა, როგორიც არ უნდა იყოს მისი «დამსახურება» საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს, აფხაზები არასდროს დაივიწყებენ, როგორ გახდა იგი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
        ეს ჩვენ გვეჩვენება წარმოუდგენლად, თორემ სეპარატისტთა დიდი ნაწილისათვის არძინბა მაინც «ქართველების დანიშნულია». ამიტომ, თუ აფხაზეთში ჩატარდება თავისუფალი, საერთო-სახალხო კენჭისყრა, არძინბამ შეიძლება კიდეც წააგოს ოზგანთან ან სხვა ლიდერებთან. მაგალითად, ბოლო დროს ძალიან გაძლიერდა სერგეი შამბას პოზიციები, აგრეთვე სეპარატისტთა სხვა ლიდერებისა. არძინბა არასდროს ყოფილა განსაკუთრებით პოპულარული «საველე მეთაურებს» შორის. ისინი შამბას (სეპარატისტთა ამჟამინდელი «საგარეო საქმეთა მინისტრს») უფრო ემხრობიან, რაკი ახსოვთ, რომ შამბა 1993 წელს, განსაკუთრებით «სოხუმის ოპერაციის» დროს, პირადად იბრძოდა გუმისთასთან მათთან ერთად და პირადად, საკუთარი ხელით ხოცავდა უმწეო მოსახლეობას. აფხაზების თვალში კი ეს «დიდი დამსახურებაა». ნუ დავივიწყებთ, რომ ამ ერისა და ეთნოსის მენტალიტეტი ყველაზე ზუსტად გამოხატა ფაზილ ისკანდერმა «ქართველი შალიკოს სისხლის სმის» ცნობილ ეპიზოდში, რაც «აფხაზური ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშადაა» მიჩნეული. თანაც, არა მეტაფორული, არამედ პირდაპირი თვალსაზრისით.
        იმავდროულად, არძინბას არჩევნების გადადება უკვე აღარ შეუძლია, - რაკი მხოლოდ პარლამენტის მიერაა არჩეული, სულ უფრო ნაკლებლეგიტიმურად ითვლება.
        ეს გარემოება კი ხელს უშლის ძალაუფლების განხორციელებასა და მოწინააღმდეგეების დათრგუნვაში. ამიტომ არძინბა «წავა» არჩევნებზე, მის მიერ კონტროლირებადი პარლამენტი მიიღებს კანონს არჩევნების შესახებ, თუმცა, არძინბას ოპოზიციამ (აქვე უნდა ითქვას: ეს ოპოზიცია ნაკლებად ანტიქართული როდია) მაინც მიაღწია საარჩევნო კანონის პროექტში ზოგიერთი ისეთი ცვლილების შეტანას, რაც არძინბას პოზიციებს ასუსტებს, თუმცა არძინბამაც «ჩადო» მისთვის სასარგებლო დებულებები.
        მაგალითად, «აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის, ვინც 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე».
        ეს დებულება უეჭველად ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, სერგეი ბაღაფშის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც კიდევ უფრო «მოსკოველად» ითვლება, ვიდრე არძინბა და მოსკოვის აფხაზურ წრეებშია პოპულარული;
        მაგრამ ბაღაფში არ არის (ვიმეორებ) არძინბას მთავარი მოწინააღმდეგე. მისთვის გაცილებით საშიშია ოზგანი და შამბა. არაა გამორიცხული, მათ არძინბას ბრალად დასდონ წარუმატებლობა აფხაზეთის «სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში» და «საერთაშორისო იზოლაცია». შესაბამისად, მოითხოვონ პრეზიდენტის შეცვლა - ახალი კურსის გასატარებლად. ასეთ ვითარებაში არძინბასთვის უაღრესად სასარგებლო იქნება პარტიზანთა გააქტიურება სამურზაყანოში – ეს მის წისქვილზე დაასხამს წყალს ოღონდ იმ პირობით, თუ პარტიზანები სერიოზულ აქციებს ვერ განახორციელებენ. ხოლო თუ ისინი შეძლებენ ასეთი აქციების განხორციელებას, მაშინ პირიქით, - არძინბას პოზიცია უფრო მეტად შესუსტდება.
        გარდა ამისა, ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერა არძინბასთან (მით უმეტეს, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა სოხუმში) ისევ და ისევ არძინბას გააძლიერებს; თანაც, ჩვენთვის ყოვლად უსარგებლოდ. კიდევ ერთი ბერკეტი შეიძლება იყოს აფხაზეთის არააფახაზური მოსახლეობა, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს. ამ ბერკეტს საქართველო ჯერჯერობით საერთოდ ვერ იყენებს.

7 დღე, 17 მარტი 1999 წელი

მთელ გვერდზე