აფხაზეთის სვანებს ლტოლვილობა არ სურთ;
        «ორი კაპიკი» აქ არაფერ შუაშია

    სვანებს არძინბას ხალხმა პირდაპირ განუცხადა: თუ ნადარეიშვილი ან მისი წარმომადგენლები ფეხს დაადგამენ აფხაზეთის მიწაზე (კოდორის ხეობაში) – იცოდეთ, დაგარტყამთ და თქვენც ლტოლვილებად გაქცევთო.

        კოდორის ხეობაში მომხდარმა ინციდენტმა (კვიციანის მომხრეთა მიერ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელთა ცემამ) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ძალზე სერიოზული წინააღმდეგობა «ნადარეიშვილის მთავრობასა» და თვით პრეზიდენტს შორის – ყოველ შემთხვევაში, ხეობაში რწმუნებულის დანიშვნის საკითხში.
        ეს წინააღმდეგობა ადრე არ ჩანდა, ყოველ შემთხვევაში აშკარად გამოკვეთილი არ იყო, თუმცა გარკვეული სიმპტომები მაინც იგრძნობოდა.
        პრეზიდენტი თვლის, რომ აფხაზეთის ხელისუფალთა გატაცება იმასთანაა დაკავშირებული, რომ «ვერ გაიყვეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა». ეს თანხა კი (ჩვენს პირობებში) საკმაოდ სოლიდურია. «ვერ გაიყვეს» უეჭველად იმას არ ნიშნავს, რომ ან ერთი ან მეორე ამ თანხის მიტაცებას აპირებდა, მაგრამ ასეთი კაპიტალის (1 მილიონამდე ლარის) განკარგვის უფლება თავისთავად ძალზე სერიოზული პრივილეგიაა.
        კაპიტალი თავისთავად «მრავლდება» და არც არაფერს კარგავს, თუ ჭკუით გამოიყენებ; მაგრამ მაინც, პრობლემა, ალბათ, უფრო ღრმაა, ვიდრე ზემოხსენებული «მილიონი ლარის» განკარგვის უფლება – ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია.
        მთლიანობაში კი, ედუარდ შევარდნაძის შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, დაენიშნა ხეობაში რწმუნებული «აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გვერდის ავლით» - იმთავითვე გამოიწვია «ნადარეიშვილის გუნდის» ძალზე მწვავე რეაქცია. მართალია, ეს რეაქცია დაფარული იყო, მაგრამ პრეზიდენტს ყველაფერი ეცოდინებოდა, ისევე, როგორც ეცოდინებოდა თვით «რწმუნებულ ჭელიძეს». ამიტომ დაპირისპირება და «ურთიერთღრენა» ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო; თუმცა ის ფაქტი, რომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტმა რწმუნებული დანიშნა, სულაც არ იყო გამოწვეული შევარდნაძის ახირებით ან ივერი ჭელიძის ამბიციებით.
        შევარდნაძე იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ აფხაზეთის «კანონიერი» ხელისუფლება კოდორის ხეობას ვერ მართავდა და სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, ვინაიდან, რაც მთავარია, ადგილობრივი სვანური მოსახლეობა, აფხაზების შიშით, კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ხეობაში ნადარეიშვილის რაიმე ფორმით გააქტიურებისა.
        ხეობაში მცხოვრებ სვანებს, არძინბას ხალხმა პირდაპირ განუცხადა: თუ ნადარეიშვილი ან მისი წარმომადგენლები ფეხს დაადგამენ აფხაზეთის მიწაზე (კოდორის ხეობაში) – იცოდეთ, დაგარტყამთ და თქვენც ლტოლვილებად გაქცევთო. სამხედრო თვალსაზრისით, სეპარატისტებისათვის ხეობის ქართველებისაგან «გაწმენდა» არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები ხეობაში მხოლოდ სიმბოლურად დგანან და ვერავის შეაკავებენ – არც მოინდომებენ. ადგილობრივი «სახალხო ლაშქარი» კი სულ რამდენიმე საათს თუ გაძლებს.
        რასაკვირველია, ასეთ პირობებში ხეობის მოსახლეობამ და ლიდერებმა შეძლებისდაგვარად სცადეს უშუალო კონტაქტის დამყარება სეპარატისტებთან. არძინბა ამ მდგომარეობას შესანიშნავად იყენებს; თანდათანობით (უსაფრთხოების გარანტიათა სანაცვლოდ) მან კოდორის ხეობელებს «საზღვრის ერთობლივი დაცვის» იდეაც შეაპარა. იგულისხმება, რასაკვირველია, მარუხის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უღელტეხილი, რომელიც საქართველოს (აფხაზეთს) ჩრდილოეთ კავკასიასთან აკავშირებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია დასავლეთ კავკასიაში.
        ამიტომ შემთხვევითი არ იყო, როცა ჯერ კიდევ 57 წლის წინ, გერმანული სამთო დივიზია «ედელვაისი» სწორედ მარუხის დაპყრობას ცდილობდა და რამდენიმე ათეულმა გერმანელმა ჯარისკაცმა კოდორის ხეობაშიც ჩააღწია.
        აფხაზ ფაშისტებს ხეობის გაკონტროლება (თუნდაც «ერთობლივი») საშუალებას მისცემს, გახსნან ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა და ამ გზით გაარღვიონ ბლოკადა, რომელიც, მართალია, ნაწილობრივია და არასრული, მაგრამ აფხაზეთის «დამოუკიდებლობას» მაინც სერიოზულ ზიანს აყენებს.
        ბუნებრივია, კოდორის ხეობასთან დაკავშირებული «სეპარატული» მოლაპარაკებების შესახებ ნადარეიშვილმა და მისმა გუნდმა ყველაფერი იცოდა და ძალიანაც ღიზიანდებოდა.
        ნადარეიშვილი იმასაც მიხვდა, რომ პრეზიდენტის რწმუნებულის დანიშვნა ხეობაში მოლაპარაკებათა პროცესს ვერ შეაჩერებდა. ერთადერთი გამოსავალი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის «ლეგიტიმური სტრუქტურების» განვრცობა აფხაზეთის ამ ტერიტორიაზე.
        არსებობდა იდეა, რომლის თანახმად, თვით აფხაზეთის მინისტრთა საბჭო ან მისი რომელიმე რგოლი უნდა განლაგებულიყო კოდორის ხეობაში. ამ მიზნით ნადარეიშვილმა ნიადაგის შემზადება თანდათანობით დაიწყო – 1995-1996 და განსაკუთრებით 1997 წლებში აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები განლაგდნენ კოდორი ხეობაში; თუმცა «ადგილობრივები» მათ არათუ გულგრილად, არამედ გარკვეულწილად უნდობლობითა და შიშით შეხვდნენ – ისევ და ისევ აფხაზ სეპარატისტთა მუქარის გამო.
        თვით «მინისტრთა საბჭოს» ხეობაში შეშვებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, მიიწვია თუ არა ივერი ჭელიძემ ლონდერ ცაავა ხეობაში – მოსახლეობის (არა მხოლოდ ცალკეული შეიარაღებული ფორმირებების, არამედ მთელი მოსახლეობის) რეაქცია ისეთი იქნებოდა, როგორიც იყო.
        ნადარეიშვილის «დევნილ ხელისუფლებას» კი არაფრის დიდებით არ სურს შეურიგდეს იმ რეალობას, რომ ხეობის მოსახლეობას არ უნდა თვითონაც ლტოლვილად იქცეს, ამიტომ სეპარატისტებისადმი «ლოიალური» პოლიტიკის გატარებას ამჯობინებს.
        უკვე ლაპარაკია არა მხოლოდ «საზღვრის ერთობლივ დაცვაზე», არამედ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირზე, თავისუფალ მიმოსვლაზე, ანუ არძინბა თანდათან «მიჩოჩავს» ჩრდილოეთისაკენ.
        თამაზ ნადარეიშვილმა და აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა აღიარონ: ხეობა ძირითად საკითხებში მართალია – არავის უნდა, ლტოლვილად იქცეს; ხელისუფლების უმწეობა კი, უპირველესად, იმაში გამოიხატა, რომ 5 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს ჩამოეყალიბებინათ ნამდვილად ბრძოლისუნარიანი რაზმები, რომლებიც გალის რაიონში (მაინც) მტერს რეალურ წინააღმდეგობას გაუწევდნენ და სერიოზულ პოლიტიკურ ფაქტორად იქცეოდნენ.
        არადა, დროც თავზე საყრელად ჰქონდათ საამისოდ და ყველანაირი საშუალებაც.
       

მერიდიანი, 14 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე