აფხაზეთის ფრონტზე ცვლილებები არ არის

        ჩეჩნეთში ფართომაშსტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაშლის კვალობაზე, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შედარებით სიწყნარეა; თუ, რასაკვირველია, ასე შეიძლება შეფასდეს ვითარება, როდესაც ქართული მოსახლეობა მთლიანად განდევნილია აფხაზეთის 6 რაიონიდან.
        გალის რაიონში, სხვადასხვა მონაცემებით, 40-50 ათასი ადამიანი ცხოვრობს მუდმივი შიშისა და ტერორის პირობებში. სეპარატისტთა მიზანია, აქციონ სამურზაყანოელები აფხაზეთის «ჭეშმარიტ მოქალაქეებად». ამ მიზნით ჯერ აღვივებენ «მეგრულ თემას», შემდეგ კი «აფსუანურ ფესვებს» ახსენებენ.
        ეს იმთავითვე ცხადი იყო, როგორც კი არძინბას ხელისუფლებამ გალში თავისი «იურისდიქცია» დაამყარა; ქართული საზოგადოება კი რატომღაც თვლიდა (ახლაც თვლის), თითქოს სეპარატისტები იოლად «გამოეთხოვებიან» გალის რაიონს და ადვილად დაუთმობენ მას საქართველოს - «სტატუსის საკითხში» სანაცვლოდ დათმობისათვის.
        ეს მცდარი ილუზია შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. სინამდვილეში სამურზაყანოს სეპარატისტთა გეგმებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმთავრეს წყაროს და (რაც მთავარია) «დემოგრაფიული მატების» საშუალებას - «სეპარატისტები თვლიან, რომ გალელები «ერთი-ორი თაობის განმავლობაში» აღიდგენენ «ნამდვილ ეროვნებას» ანუ გააფხაზდებიან.
        ერთადერთი, რაც სეპარატისტებს პრობლემებს უქმნიდა, პარტიზანული მოძრაობა იყო, მაგრამ 1998 წლის მაისის წარუმატებელმა აჯანყებამ ამ მოძრაობას, როგორც ჩანს, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
        თუმცა სოხუმის ხელისუფლების «უშიშროების მინისტრი» ასტამურ თარბა აცხადებს, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, პარტიზანთა რიცხვი 350-400 მებრძოლს აღწევს. ისინი კარგად არიან შეიარაღებული და აღჭურვილი.
        ასტამურ თარბას თქმით, პარტიზანებს აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი, სპეციალური ტექნიკური საშუალებები, კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც (რუსების გასაღიზიანებლად, თარბას ამის აღნიშვნა არ ავიწყდება) დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და გერმანიაში.
        სოხუმის ხელისუფლება ძალიან «უფრთხილდება» ენგურის გასწვრივ განლაგებულ «რუსეთის სამშვიდობო ჯარებს» და აცხადებს, რომ მათი ყოფნა კონფლიქტის ზონაში ომის განუახლებლობის მთავარი გარანტიაა.
        თუმცა 1998 წლის მაისში სეპარატისტთა ფორმირებებმა (ისინი რიცხვით 3-ჯერ აღემატებოდნენ პარტიზანთა რაზმებს) სწორედ რუს «მშვიდობისმყოფელთა» ლოცვა-კურთხევითა და ფარული მხარდაჭერით მოახერხეს ქართველთა ხელახალი გენოციდის ორგანიზება.
        მიუხედავად ამისა, სოხუმის ხელისუფალნი «ცალყბად» მაინც საყვედურობენ (ყოველი შემთხვევისათვის) რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს, - რატომ ზომებს არ იღებთ «პარტიზანების წინააღმდეგო».
        ესეც ერთობლივი «რუსულ-აფხაზური» ეშმაკობაა, რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს არა მხოლოდ ქართული, არამედ სეპარატისტთა მხარეც უკმაყოფილოა «სამშვიდობო ძალების» მოქმედებით, ანუ საბრალო რუსული «კონტინგენტი» ორმხრივ ბრალდებათა «ჯვარედინ ცეცხლშია».
        სინამდვილეში, ენგურის სანაპიროზე რუსი სამხედროები «აფხაზეთის რესპუბლიკის» სახელმწიფო საზღვარს ამკვიდრებენ და შესანიშნავად ართმევენ თავს ამ «მისიას». ამიტომაც, მათი ყოფნა სამურზაყანოში სეპარატისტებისთვის ფასდაუდებელია. თითქმის ყველა რუსი მაღალჩინოსანი ოფიცერი (რა თქმა უნდა, მხედართმთავრების ჩათვლით) სეპარატისტთა მთავრობამ დაასაჩუქრა ქართველთა სახლებით გაგრასა და ლესელიძეში. ხუმრობა ხომ არ არის, «აფხაზი ხალხის თვითგამორკვევას» უზრუნველყოფენ.
        მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება (ყოველ შემთხვევაში ახლა) არ სვამს «მშვიდობისმყოფელთა» გაყვანის საკითხს, ვინაიდან ამას, შესაძლოა, უარესი შედეგი მოჰყვეს.
        ჯერ-ჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, რა ხდება ფსოუს საზღვარზე. ზოგიერთი ცნობით, რუსეთმა კვლავ გადაკეტა საზღვარი მას შემდეგ, რაც ოფიციალური თბილისისაგან გარანტია მიიღო, რომ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარი (საქართველოს მხრიდან) ჩაიკეტებოდა. მაგრამ «ფსოუზე საზღვრის ჩაკეტვა» ყოველთვის შედარებითი მოვლენა იყო, ვინაიდან საზღვარზე არ ატარებდნენ მხოლოდ სრულწლოვან მამაკაცებს, ხოლო ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა პროდუქტი სეპარატისტებს ზღვით შემოჰქონდათ.
        რა თქმა უნდა, ფსოუზე საზღვრის გახსნა, მით უმეტეს, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სეპარატისტებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. საინტერესოა, რომ ვლადისლავ არძინბას განცხადებით, ფსოუზე საზღვრის გახსნის თაობაზე დადგენილების განხილვა რუსეთის მთავრობაში ჯერ კიდევ სტეპაშინის პრემიერობის დროს დაიწყო (ზოგიერთს ისიც ჩვენი მეგობარი ეგონა).
        ყველა ვიცე-პრემიერმა ამ გადაწყვეტილებას «ვიზა დაადო», ხოლო ახალმა პრემიერმა პუტინმა მხოლოდ დაასრულა პროცესი. ამჟამად მთავრობის დადგენილება ხელმოწერილია, ამიტომ დღევანდელ ვითარებას ფსოუზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს – რუსეთმა თვალთმაქცურად რომც აღიდგინოს ადრინდელი «შეზღუდული რეჟიმი», არძინბას უკვე აქვს საშუალება «გოსდუმაში» თავისი მეგობრების მეშვეობით მოახდინოს რუსეთის მთავრობის დადგენილებაზე აპელირება, რომლის გასაუქმებლადაც ახალი დადგენილებაა საჭირო – ძველის გაუქმების შესახებ; ისევე, როგორც სტეპაშინ-პუტინის დადგენილებამ გააუქმა ჩერნომირდინის 1993 წლის დადგენილება.
        ნებისმიერ შემთხვევაში, რაკი აფხაზთა ლიდერებმა კრინტი არ დაძრეს 1992-93 წლებში მათი მშველელი ჩეჩნების დასაცავად (თუნდაც სიტყვიერად), რუსეთი რეჟიმს მაინც შეარბილებს, რათა უზრუნველყოს აფსუა-ადიღური მოდგმის ხალხთა «ნეიტრალიტეტი» ჩეჩენი ხალხის საბოლოო განადგურებისა და სამშობლოდან აყრის პროცესში.
        რაც შეეხება აფხაზეთის საზღვაო აკვატორიას, მას კვლავინდებურად სეპარატისტთა სამხედრო საზღვაო ფორმირებები აკონტროლებენ, - საქართველოს სასაზღვრო გემები აკვატორიაში შესვლას ვერ ბედავენ, ვინაიდან ამას უეჭველად მოჰყვება სამხედრო მოქმედების გაშლა ზღვაზე.
        ამრიგად, აფხაზეთის პორტებში ყოველდღიურად შედიან გემები, რომელთაც შეაქვთ ყველაფერი (ვიმეორებ), რაც აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისთვის.
        ოქტომბრის ბოლოსთვის სამურზაყანოში მთავრდება «თხილის სეზონი» რომელმაც ამჯერად სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა და იწყება «მანდარინის სეზონი».
        ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სეპარატისტებს დამატებითი ფორმირებები შეჰყავთ გალის რაიონში, რათა არ დაუშვან ციტრუსის გადმოტანა ენგურის მარცხენა ნაპირზე.
        ერთი სიტყვით, საქართველოს «საარჩევნო ციკლთან» დაკავშირებით აფხაზეთში თვისებრივი ცვლილებები არ ხდება. ნებისმიერი კარდინალური «სვლა» შესაძლებელია მხოლოდ 2000 წლის ზაფხულიდან

დრონი, 23 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე