«ადამიანის უფლებათა დეკლარაცია» და დანგრეული საქართველო

        10 დეკემბერს მთელი მსოფლიო აღნიშნავს «ადამიანის უფლებათა» დღეს, ვინაიდან 51 წლის წინ სწორედ 10 დეკემბერს გაერომ მიიღო «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია».
        მიუხედავად «სოციალისტური ბანაკის» გააფთრებული მცდელობისა, დეკლარაციაში არ აისახა ე.წ. «სოციალური უფლებები», რაც «საბჭოთა სინამდვილეში» გულისხმობდა ადამიანისათვის ჩვეულებრივი პატიმრის უფლებათა მინიჭებას: პატიმარსაც ხომ აქვს შრომის, დასვენებისა და უფასო სამედიცინო მომსახურების უფლება?!
        ეს «უფლებები» სამართლიანად ჩაითვალა «არაკლასიკურად», ხოლო «დეკლარაცია» აიგო ჭეშმარიტად საკაცობრიო იდეალებზე, რაც ადამიანთა მოდგმამ გამოიმუშავა ტანჯვა-წამებით უძველესი ეპოქიდან: ადამიანს აქვს უფლება სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისაკენ სწრაფვისა.
        რამდენი არ ეცადა კომუნისტური რეჟიმი (ზოგადად, მთელ მსოფლიოში), გაეყალბებინა «თავისუფლების ცნება», - საბოლოოდ არაფერი გამოუვიდა.
        თავისუფლება დარჩა თავისუფლებად. ამ ცნების რაციონალური ახსნა შეუძლებელიცაა.
        საკაცობრიო იდეალმა საქართველოშიც გაიმარჯვა. კომუნისტური რეჟიმის დროს აკრძალული «ადამიანის უფლებათა დეკლარაცია» ამჟამად უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია და მისი იუბილე სახელმწიფო დონეზეც აღინიშნება.
        საქართველოს კონსტიტუციაში მთელი თავი ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვას, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ეს იდეალი სრულებითაც არ არის აუცილებელი, ემთხვეოდეს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის ინტერესებს.
        ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რომელსაც საქართველოს «ეროვნულმა მოძრაობამ» ვერ გასცა პასუხი, არის შემდეგი: იდენტურია თუ არა პიროვნებისა და ერის თავისუფლების მოთხოვნა?
        საქართველოს უახლესმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ არ არის იდენტური, თუმცა «მოძრაობის» ლიდერები ამას, რა თქმა უნდა არ აღიარებენ. არადა, რაც მეტი დრო გადის იმ დაუვიწყარი მოვლენებიდან, მით უფრო, ცხადი ხდება, რომ პიროვნების თავისუფლების უზრუნველყოფა (ანუ კომუნისტური რეჟიმის დანგრევა) «მოძრაობის» გარეშეც შეიძლებოდა - თვით გორბაჩოვისეული «პერესტროიკის» პირობებშიც კი.
        «მოძრაობის» ლიდერებს ძალიან ეშინიათ იმის აღიარება, რომ სულაც არ არის გამორიცხული, გორბაჩოვისეული «პერესტროიკის» პირობებში პიროვნების თავისუფლება უფრო მეტად და უკეთ უზრუნველყოფილიყო, ვიდრე იგი უზრუნველყოფილია ომით გაჩანაგებულ და ეკონომიკურად დაბეჩავებულ დამოუკიდებელ საქართველოში.
        როგორც არ უნდა აღშფოთდეს ზოგიერთი მკითხველი – ეს უკვე უეჭველი ფაქტია, ამიტომ სჯობს პირდაპირ ვთქვათ, რომ, დიდწილად, პიროვნების ინტერესები, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნების ინტერესებს შევწირეთ.
        რამდენად სწორად მოვიქეცით, სხვა საკითხია, მაგრამ ეს ფაქტი «მოძრაობამ» უნდა აღიაროს. პიროვნული და ეროვნული (სახელმწიფოებრივი) თავისუფლება იდენტური ცნებები არ არის.

მერიდიანი, 10 დეკემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე