29 აგვისტოს ტერაქტი პოლიტიზებულ კრიმინალთა ნამოქმედარია

            ოთხი წლის წინ, 1995 წლის 29 აგვისტოს, მანქანის სრულ აფეთქებამდე 7 წამით ადრე, დაცვის წევრებმა ცეცხლმოკიდებული ლიმუზინიდან გადმოსვეს და სიკვდილს გადაარჩინეს პრეზიდენტი შევარდნაძე
            რამდენიმე თვის შემდეგ გამოძიებამ დააპატიმრა «მხედრიონელთა» ელიტა ჯაბა იოსელიანის «თამადობით». მათთან ერთად, ტერაქტის მთავარ ორგანიზატორად მიჩნეულია იგორ გიორგაძეც, რომელმაც სულ რამდენიმე დღით «გაასწრო» რუსეთში ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზიდან.
            ასე რომ არ მომხდარიყო, «კომანდორი» (როგორც «მხედრიონელები» ეძახდნენ დაცინვით) «საუკუნის პროცესზე» მთავარი ბრალდებული იქნებოდა. მაგრამ იგორმა გაასწრო და მას შემდეგ ცოცხლობს მითი, თითქოს 1994-95თ წლების ყველა უმსხვილესი დანაშაული, ანუ გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის, გია გულუას მკვლელობები იგორ გიორგაძის ორგანიზებული იყო.
            სინამდვილეში, ეს ე.წ. «კომანდორი» მხოლოდ რიგითი წევრი გახლდათ ამ ჯგუფისა, რომელიც ამ საქმეებზე «მუშაობდა». იგორ გიორგაძე თავისი «კგბ-შნიკობით» მხედრიონელებს ვერ დააშინებდა და მისი «ლიდერობა» მათ სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ.
            აბსურდულია იმის მტკიცება, თითქოს «მხედრიონის» ლიდერები (მათ შორის გიგა გელაშვილი, თემურ ხაჩიშვილი, მით უმეტეს, ჯაბა იოსელიანი და სხვები) იგორ გიორგაძის «მხედრიონელები» იყვნენ და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ. სინამდვილეში, აქ ხდებოდა ინტერესთა ერთგვარი თანხვედრა და კიდევ საკითხავია - ვინ - ვისი მარიონეტი იყო.

            რა თქმა უნდა, მოსკოვს ხელს აძლევდა ახალი არეულობა, შფოთი და სისხლისღვრა საქართველოში, რაც, უეჭველად, მოჰყვებოდა შევარდნაძის ლიკვიდაციას, მაგრამ ეს ხელს აძლევდა იმ ხალხსაც, ვინც გრძნობდა, რომ მალე იქცეოდა «კრიმინალური ანარქიის აღკვეთისა» და «წესრიგის დამყარების» პროცესთა მსხვერპლად.
            ბევრი მათი ძმაკაცი იმ დროს უკვე ციხეში იყო და კატეგორიულად მოითხოვდა «რაიმე ეღონათ» მათ გასათავისუფლებლად. ახალ ანარქიასა და სამოქალაქო ომს კი უეჭველად მოჰყვებოდა მორიგი «ფართომასშტაბიანი» ამნისტია, ვინაიდან ნებისმიერი შემდგომი ხელისუფლება მათგან დავალებული იქნებოდა.
            ამრიგად, იგორ გიორგაძის «მთავარ ფიგურად» ქცევა თვითონ კრიმინალებს დასჭირდათ შემდგომ სასამართლო პროცესზე, რათა ამ პროცესისათვის პოლიტიკური შეფერილობა მიეცათ.
            სინამდვილეში, მათ მხოლოდ კრიმინალური, კორპორაციული ინტერესები ამოძრავებდათ და სხვა არაფერი.

მერიდიანი, 27 აგვისტო, 1999 წელი

მთელ გვერდზე