26 მაისს ზვიადისტები მორიგ გამოსვლებს ამზადებენ
   

    წლევანდელი 26 მაისი წინა დღესასწაულებისაგან განსხვავებული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები განსაკუთრებით მძაფრ ხასიათს შეიძენს; ბოლოდროინდელი განცხადებებით, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები გეგმავენ ფართომაშსტაბიან მანიფესტაციას კოლხური კოშკიდან პარლამენტის შენობამდე.
    შეიძლება ითქვას, საკანონმდებლო ორგანომ «სულზე მოასწრო» მიტინგების, მანიფესტაციებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მსგავსი აქციების გამართვას ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე, მაგრამ ძალზე საეჭვოა, ექსპრეზიდენტის ქვრივი ამან შეაჩეროს თუნდაც იმ მოტივით, რომ ეს დღე ნოყიერ ნიადაგს ქმნის «ანტისახელისუფლო მოძრაობის გასაშლელად» და ამგვარ შანსს იგი, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვებს.
    ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს აქციათა ტრადიციული მოტივაცია («ხუნტის კანონგარეშედ გამოცხადება და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა») ექსპრეზიდენტის მომხრე პოლიტიკურ ძალებსა თუ მოსახლეობის ნაწილში სულ უფრო ნაკლებ თანაგრძნობას ჰპოვებს.
    ჯერ ერთი, ამის იმედი მათ საბოლოოდ გადაეწურათ; მეორეც: მათში, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულობას იწვევს ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტის ვაჟიშვილები დღემდე მოსკოვში ცხოვრობენ. ეს ის ხალხია, ვინც ჯერ კიდევ გუშინ «სრული დამოუკიდებლობისა და პრორუსული ხუნტის გადადგომის» მოთხოვნით გამოდიოდა ქუჩაში და ხელკეტებს, ტყვიებსა თუ ძაღლებს არ უშინდებოდა. მისთვის შევარდნაძის ხელისუფლება აღიქმებოდა, როგორც «რუსეთის მიერ ხელდასხმული». ხოლო ზვიად გამსახურდიას, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლის ქარიზმა და ზნეობრივი ხიბლი ამ ხალხს აიძულებდა, საკუთარი სიცოცხლისა თუ კეთილდღეობის საფრთხეში ჩაგდების ფასადაც კი გამოეხატათ მძაფრი პროტესტი.
    დღეს ექსპრეზიდენტის ოჯახის მოსკოვში ცხოვრების ფაქტი წინააღმდეგობის სულისკვეთებას არგუმენტაციას აცლის. ამგვარი ვითარება კი ისევ და ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მას საშუალება ეძლევა განაცხადოს, რომ ზვიადისტური მოძრაობა რუსეთის სპეცსამსახურების ხელით იმართება და პირადი ანგარიშსწორების სურვილის გარდა არაფერი ამოძრავებს; რაც ყველაზე მთავარია, ექსპრეზიდენტის მომხრე პოლიტიკურ ძალთა ლიდერებს აღარაფერი აკავშირებთ საქართველოს დამოუკიდებლობასთან. ამასთანავე, იქმნება წინაპირობა, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე ამგვარი ანტისამთავრობო გამოსვლები მხოლოდ და მხოლოდ სოციალური უკმაყოფილების გამოხატულებად დაუბრკოლებლად წარმოაჩინოს.
    შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამგვარი განწყობილების დამკვიდრებას, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური ძალების რეაქციით ვიმსჯელებთ, ამის გარკვეული ნიშნები უკვე შეიმჩნევა - მათი დამოკიდებულება აღნიშნულისადმი საუკეთესო შემთხვევაში სრულ ნეიტრალიტეტში მდგომარეობს.
    რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის მომხრეთა რადიკალური ფრთის მოთხოვნას «კანონიერი ხელისუფლების» აღდგენის თაობაზე - იგი პოლიტიკურ სპექტრში მთლიანობაში აბსურდად აღიქმება.
    ამდენად, ერთადერთი რასაც ზვიადისტები 26 მაისს მიაღწევენ, ესაა ცემა-ტყეპა და აურზაური.

მერიდიანი, 22 მაისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე