ექსპრეზიდენტის ნეშტი მეოთხედ დასაფლავდება - ამჯერად საქართველოში
   

    ზვიად გამსახურდიას ტრაგედია მისი სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. პირველად იგი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ტყის განაპირას დაასაფლავეს, მეორედ - ჯიხაშკარში, მესამედ - გროზნოში. ახლა სერიოზულად საუბრობენ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე
    პოლიტიკური ძალები ამგვარ შესაძლებლობას ეჭვქვეშ არ აყენებენ. ყველაფერი ამჯერად მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ნებაზეა დამოკიდებული. ეს ქალბატონი კი ჯერ, როგორც ჩანს, ჭოჭმანობს: საბოლოო თანხმობას არ ჩქარობს ან რაღაცას ელოდება.
    მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას ცხედრის გადმოსვენება შეუძლებელი იქნება, სანამ საქართველოში «შევარდნაძის რეჟიმია გამეფებული». მაგრამ ამ ლოგიკით ზვიად გამსახურდიას ცხედარი სამშობლოში საეროთდ ვეღარ დასაფლავდება, ვინაიდან ყველა მომდევნო რეჟიმი «შევარდნაძის რეჟიმის მემკვიდრეა».
    ძნელია (თუ დაუჯერებელი არა) იმის წარმოდგენა, რომ «აღდგეს კანონიერი ხელისუფლება». ჯერ ერთი, ამას დღევანდელი ხელისუფლება არასგზით არ დაუშვებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად; გარდა ამისა, თვით მანანა არჩვაძის ქმედებამ მოუსპო მას ყოველგვარი პოლიტიკური პერსპექტივა; დღეს არჩვაძის მომხრე «ზვიადისტები» ყველაზე რადიკალური და შეურიგებელი ფრთაა პოლიტიკურ სპექტრში. მას შეუძლია მოსახლეობის სოციალურ უკმაყოფილებაზე ითამაშოს და როგორც 9 აპრილის მოვლენებმა გვიჩვენა, ათეულობით ათასი ადამიანიც გამოიყვანოს ქუჩაში, მაგრამ პოლიტიკურ რენომეს, პოლიტიკურად აქტიური სოციუმის მხარდაჭერას ზვიად გამსახურდიას ქვრივი უკვე ვეღარ მოიპოვებს, ვინაიდან მან თავად გამოაცხადა მოღალატეებად ყველა, ვისაც კი შეეძლო «მოძრაობისათვის» მეტ-ნაკლებად პოლიტიკური ელფერი მიეცა.
    «ზვიადისტების» რადიკალური ფრთა, მისთვის დამახასიათებელი შეურიგებლობითა და სიძულვილით დაბრმავებული, ვეღარ ამჩნევს, რომ პოლიტიკურიდან თანდათან «ასოციალურ სექტად» ყალიბდება. მანანა არჩვაძეს საამისოდ გონიერება და, გნებავთ, პოლიტიკური გამჭრიახობა არ ეყოფა: მუხრან მაჭავარიანის «მოღალატედ» გამოცხადება, ისევე, როგორც თენგიზ კიკაჩეიშვილისა და სხვათა და სხვათა, ისევ და ისევ ზვიად გამსახურდიას ავტორიტეტის დაკნინებისკენაა მიმართული.
    ამ ვითარებაში, მისი ცხედრის გადმოსვენება ყოველგვარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას კარგავს და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გრანდიოზული მანიფესტაციის ნაცვლად, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის კუბოს კოლხურ კოშკში (ან მთაწმინდის პანთეონში) მეოთხედ დასაფლავებაზე სულ რამდენიმე ათეული ადამიანი გაჰყვეს - ძირითადად ოჯახის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და «ორგანოს» მუშაკები. ასეთი პერსპექტივა კი კვლავ გამსახურდიას მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს.

მერიდიანი, 22 აპრილი 1998 წ.

მთელ გვერდზე