ხელისუფლებას «ნერვებმა უმტყუნა» და პრესინგს ვერ უძლებს
   

    გასული კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ძალიან დიდი ოსტატობით ჩაფიქრებულმა და განხორციელებულმა «სამურზაყანოს აქციამ» ნამდვილად მოიტანა შედეგი.
    თითქოსდა, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს პარლამენტიდან ფრაქცია «ლეიბორისტის» ან «სოციალისტ-მაჟორიტარის» გასვლასა და გალის ტრაგედიას შორის? არადა, სწორედაც რომ პირდაპირი კავშირი არსებობს. საქმე ის არის, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, მოსკოვში ყურადღებითა და ერთგვარი შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარების საქართველოში. შეუძლებელია ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველაფერში დაეთანხმო, ან თუნდაც მის მიერ ნაქადაგებ პოსტულატთა უმრავლესობა იწამო, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ ქვეყანა თანდათან იძენს განვითარების ინერციას, ყალიბდება სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი ტრადიცია. ამას ისე ადვილად ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე (დიახ, გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე - ავტ.) არ შეურიგდებოდა და არც შეურიგდა. რა თქმა უნდა, მტკნარი სისულელე და ცილისწამება იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს რჩეულიშვილი და ნათელაშვილი «კრემლის აგენტები» არიან, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებს სამურზაყანოს პროვოკაციით სურდათ (შეძლეს) ისეთი ფონის შექმნა, როდესაც საზოგადოებაში გაძლიერდება ნებისმიერი ოპოზიციური აზრი; როდესაც ხელისუფლებას შეეზღუდება სამოქმედო სივრცე, ხოლო ოპოზიცია მიიღებს საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტების შექმნის საშუალებას;
    რომ არა სამურზაყანოს მოვლენები, ისეთი რადიკალური დემარში, როგორც გასულ კვირას განხორციელდა პარლამენტში - შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ საერთო დაძაბულ ფონზე - ეს უკვე შესაძლებელი გახდა.
    რა თქმა უნდა, იმავე სპეცსამსახურებისთვის იდეალური ვარიანტია საქართველოში სამოქალაქო ომისა და სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირება, მაგრამ ესმით9 რომ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია; ამიტომ, თითქოსდა «მცირე ინტენსივობის» დაძაბულობით კმაყოფილდებიან.
    ვერა და ვერ მოხერხდა ჩვენს ქვეყანაში ისეთი ვითარების შექმნა, როცა საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური პროცესები ადვილად მართვადი არ იქნებოდა გარეშე ძალთათვის. ალბათ, ეს მეტწილად ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული - აქ, მართლაც, სახელმწიფოებრივი ტრადიციის სისუსტე და საზოგადოების ზოგადი უკულტურობა მჟღავნდება.
    თუმცა, თვით პროვოკაცია იმდენად ოსტატურად ხორციელდება, ობიექტურადაც ძნელია რაიმე დაუპირისპირო.
    რასაკვირველია, რუსეთი და მისი სპეცსამსახურები, რომელთაც საქართველოში მომხდარი არც ერთი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა არ გამოეპარებათ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ოპოზიციის (ამ შემთხვევაში, «მემარჯვენე» ოპოზიციის) გავლენა და არგუმენტები გააძლიერონ.
    აქ «შეთანხმებულ» მოქმედებაზე არ არის ლაპარაკი, არც იმაზე, რომ რჩეულიშვილი ან ნათელაშვილი მოსკოვიდან «დირექტივებს» მიიღებენ - ისინი უშუალო «შტატიანი» აგენტები ნამდვილად არ არიან, მაგრამ უხილავი ძალა მათ დაუკითხავადაც, მათთან შეთანხმებულადაც ყველანაირად შეუწყობს ხელს ისეთი აქციებს მოწყობას, რომლებიც კიდევ უფრო გაუტეხს სახელს ხელისუფლებას, დააკნინებს მის ავტორიტეტს და პირიქით, - გააძლიერებს ოპოზიციას.
    ამჯერად «მემარცხენე ოპოზიციის» პოლიტიკურ კონცეფციაზე არ ვლაპარაკობ (ამაზე ქვემოთ), მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი დაძაბულობა, ნებისმიერი დაპირისპირება ქვეყანაში უეჭველად ასუსტებს მის სახელმწიფოებრივ პოზიციებს.
    ღმერთო მომკალი, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში, ვიდრე ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი პრობლემები მოუგვარებელია, ოპოზიცია ობიექტურად (შესაძლოა მისდაუნებურადაც) ყოველთვის დესტრუქციულ როლს ასრულებს. ვიმეორებ: უმრავლეს შემთხვევაში შეუგნებლად.
    რა თქმა უნდა, ეს დებულება მრავალთათვის მიუღებელი იქნება, მაგრამ მაინც გავბედავ განსხვავებული აზრის გამოთქმას: ნორმალური ურთიერთქმედება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლებელია მხოლოდ მყარი და სტაბილური დემოკრატიის პირობებში. ასეთი დემოკრატია კი უეჭველად გულისხმობს მყარ, სტაბილურ, უეჭველ სახელმწიფოებრიობას.
    როდესაც სახელმწიფოებრივი დაფუძნების პროცესი არ არის დასრულებული, როცა სახელმწიფოებრიობა მართლაც თოთო ბავშვივით სუსტია, როცა სტრატეგიული სახელმწიფოებრივი პრობლემები არ არის ჯერ გადაწყვეტილი, ოპოზიცია, ნებსით თუ უნებლიედ, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ანუ იმ ძალისა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ დაფუძნებას.
    რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ეს აზრი მკითხველთა უმრავლესობისთვის, ჩვენი უახლესი ისტორია ადასტურებს, რომ ეს სწორედ ასეა!
    დავაკვირდეთ რა ხდება: რუსეთს არ სურს, შეურიგდეს კავკასიაში საქართველოს სახით დამოუკიდებელი, სტაბილური სახელმწიფოს არსებობას - ეს ძირშივე ეწინააღმდეგება მის ინტერესებს (ჩრდილოეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნების თვალსაზრისით); ამიტომაც, მუდმივად ცდილობს ჩვენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტთა დასუსტებას, დაძაბულობის პროვოცირებას.
    ასევე მოქმედებდა იგი ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზეც. მაგრამ თუ მაშინ ოპოზიცია «დემოკრატიის» ევფემიზმს იყენებდა ხელისუფლებასთან შეურიგებელი დაპირისპირების პროცესში, დღეს «სოციალური» პრობლემატიკაა წინა პლანზე და იმთავითვე უნდა ითქვას რომ ეს პრობლემატიკაც დემაგოგიურად გამოიყენება. «ხალხს უჭირს» - რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს! რა თქმა უნდა, მოსახლეობის უმრავლესობა გაჭირვებულია (თუმცა, არც ისე აღარაა საქმე, როგორც სამი-ოთხი წლის წინათ), განა შეიძლება, ორი აზრი არსებობდეს: საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი ძლივძლივობით ირჩენს თავს, მაგრამ ამ სიმართლის დაფიქსირება არ კმარა. რჩეულიშვილმაც, ნათელაშვილმაც და ზოგადად «მემარცხენე ოპოზიციის» წარმომადგენლებმაც უნდა დაამტკიცონ, რომ მათ გააჩნიათ ალტერნატივა, რომელიც რეალურად გადაწყვეტს პრობლემას, ანუ აამაღლებს მოსახლეობის იმ ნაწილის ცხოვრების დონეს, რომელიც ამჟამად გაჭირვებაში ცხოვრობს. დღემდე ასეთი პროგრამა თვალითაც არავის უნახავს - ყოველ შემთხვევაში, იმპორტის დამატებითი დაბეგვრა და ფულადი ემისიით წარმოების სტიმულირება გამოსავალი არ არის. იმპორტის შეზღუდვა, საბაჟო ტარიფების გაზრდა მხოლოდ იმ შედეგს გამოიღებს, რომ პროდუქცია გაძვირდება და მოსახლეობა იძულებული გახდება, ძვირად იყიდოს ის, რასაც ადრე შედარებით იაფად ყიდულობდა, ან იყიდოს უხარისხო «ადგილობრივი პროდუქცია».
    არადა, უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ მარიფათიანი, ნიჭიერი, გერგილიანი მეწარმის ხელში «ადგილობრივი პროდუქცია» ხარისხითაც არ ჩამოუვარდება და ფასიც ნაკლებია იმპორტულზე. ბოლოს და ბოლოს, ტრანსპორტირების ხარჯები ხომ ბევრად ნაკლებია? მაგრამ ჩვენებურ «მემარცხენეებს» სურთ, ის საწარმოები გააძლიერონ, რომლებიც კონკურენციას ვერ უძლებენ - კი, ბატონო, ესეც კეთილშობილი განზრახვაა, ვინაიდან იქმნება სამუშაო ადგილები, მაგრამ რა შუაშია აქ «გაჭირვებულებსა და უპოვარებზე» ზრუნვა? ერთს ეძლევა ის, რაც მეორეს აკლდება. თუ ასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, სამაგიეროდ, ათასობით ადამიანს აკლდება იაფი, ხარისხიანი პროდუქცია და იძულებული ხდება იყიდოს ძვირი და უხარისხო.
    ყოველ შემთხვევაში, ეს საკამათო, სადისკუსიო საკითხია, რის თაობაზეც კონცეპტუალური კამათი მიმდინარეობს ბევრ ქვეყანაში. ნამდვილად უსაფუძვლოა საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს არსებობს «კეთილშობილ რაინდთა კოჰორტა», რომელიც გულმხურვალედ იბრძვის «გაჭირვებულთა და დავრდომილთა» ინტერესებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, არსებობენ ბოროტი, შეუბრალებელი, უმოწყალო, უსინდისო «მემარჯვენეები», რომელთაც გაჭირვებულ ადამიანთა უბედურება სულ არ ანაღვლებთ და სადისტურად ტკბებიან საკუთარი მოსახლეობის ტანჯვა-წამების ხილვით. განა ეს აბსურდი არ არის? თუ პრობლემის გადაწყვეტა ასე ადვილად (საბაჟო მოსაკრებლების გაზრდით, იმპორტის შეზღუდვით, სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტით) შეიძლება, განა ამ ნაბიჯს ხელისუფლება დღემდე არ გადადგამდა - რომელ ხელისუფლებას არ უნდა მოსახლეობის მისდამი სიძულვილი შეანელოს, თავი ხომ არ მობეზრებია? მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის გამოსავალი. იმპორტის შეზღუდვისთანავე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები საქართველოსთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტენ, ვინაიდან მათი მთავარი ფუნქცია კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა, - როდესაც იმარჯვებს მხოლოდ ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი საწარმო, ხოლო სუსტი იღუპება.
    რა თქმა უნდა არცთუ ჰუმანური პრინციპია, მაგრამ კომუნიზმის კრახმა დაადასტურა, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. მოჩვენებითი «სოციალური ჰუმანიზმი» იწვევს ცარიელ დახლებს, სპეკულაციას, ისევ და ისევ სოციალურად დაუცველი ფენების კიდევ უფრო გაღატაკებას; რაც შეეხება ემისიით წარმოების სტიმულირებას, ესეც დამღუპველია, ვინაიდან თან სდევს გარდაუვალი ნეგატიური შედეგი: ინფლაცია, ვალუტის გაუფასურება, ფასების ყოველდღიური ზრდა და ასე შემდეგ.
    აქ ისევ და ისევ ვაწყდებით იმ დამანგრეველ სინდრომს, რომელსაც «რთულ პრობლემათა იოლად გადაწყვეტის რეცეპტი» შეიძლება ვუწოდოთ პირობით. სინამდვილეში ასეთი რეცეპტი არ შეიძლება არსებობდეს. შეუძლებელია რთული პრობლემები მარტივად გადაწყდეს. ის, რასაც დღეს «მემარცხენეები» გვთავაზობენ, სხვა სახის, სხვა კატეგორიის პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ სიტუაცია თვისებრივად არ გამოსწორდება.
    ამიტომ, ერთადერთი შესაძლო გზა შეიძლება იყოს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის ბოლომდე მიყვანა. ყველაზე საშიში ტენდენციაა (სწორედ ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს შეიმჩნევა), თუ ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და მოჩვენებითი სტაბილურობის შესანარჩუნებლად (რაც შინაარსობრივად მხოლოდ შეასუსტებს მის პოზიციებს) შეაჩერებს რადიკალური ეკონომიკური რეფორმის გატარებას. ეს ყველაზე უარესი იქნება, რაც შეიძლება მოხდეს, ვინაიდან ამჟამად ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ძველ სისტემაში დაბრუნება შეუძლებელია. ამ ორი საპირისპირო ეკონომიკური კონცეფციის «შეჯვარება» კი საზიზღარ ჰიბრიდს წარმოშობს.
    სამწუხაროდ, ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ნერვებმა მაინც უმტყუნა და სათანადო სიმტკიცე ვერ გამოამჟღავნა. ამის მაჩვენებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ 1997 და 1998 წლებში შიდა ინვესტიციათა ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა (ვგულისხმობ სახელმწიფო ინვესტიციებს); სახელმწიფო ამის ხარჯზე სოციალური სფეროს დაფინანსებას ზრდის, რაც საბოლოოდ «ჩაკეტილ წრეს» წარმოშობს და ქვეყანა ყოვლისმომცველი კრიზისიდან ვერ გამოვა, ვერ განავითარებს წარმოებას, ვერ შექმნის კონკურენტულ პროდუქციას და ასე შემდეგ.
    გაცილებით უფრო მიზანშეწონილია, ხელისუფლებამ «მემარცხენე ოპოზიციის» დემაგოგიას ყურადღება არ მიაქციოს, მტკიცედ და მიზანსწრაფულად განაგრძოს რადიკალური ეკონომიკური რეფორმა;
    რა თქმა უნდა, ეს პროცესი უმტკივნეულო არ იქნება, რა თქმა უნდა, ის ფინანსურ-სამეწარმეო ჯგუფები, რომლებიც კომუნისტური ნომენკლატურის ბაზაზე აღმოცენდნენ, - ასე ადვილად პოზიციებს არ დათმობენ, მაგრამ დანებებით, უკან დახევით, რეფორმათა შეწყვეტით ხელისუფლება არათუ არსებობას გაიხანგრძლივებს, არამედ კიდევ უფრო მალე დაიღუპება.
    ეკონომიკური რეფორმა საშინელი სოციალური ტკივილების გარეშე არსად განხორციელებულა (გავიხსენოთ პოლონეთი, გერმანია, თუნდაც, იგივე რუსეთი) და რაღა საქართველო უნდა იყოს გამონაკლისი? რეფორმის გამტარებელი ხელისუფლება ქირურგს ჰგავს, რომელმაც პაციენტს ტკივილი უნდა მიაყენოს, მაგრამ მოარჩინოს. ამიტომ ხმარობენ ტერმინს «შოკური თერაპია». რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ პაციენტი ოპერაციის დროს დაიღუპება, ჩვენს შემთხვევაში ეს რისკი შეიძლება 50 პროცენტსაც აღწევდეს, მაგრამ უოპერაციოდ ხომ იგი ასი პროცენტით დაიღუპება!!!
    ხელისუფლებას რომ «ნერვებმა უმტყუნა» და პრესინგს ვერ უძლებს, სისუსტეს ამჟღავნებს - ნათლად წარმოჩინდა პარასკევის სხდომაზე, როდესაც «მემარცხენეებმა» პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, ხოლო ამას მეტისმეტად მწვავედ აღელვებული რეაქცია მოჰყვა.
    ყოვლად გაუგებარია ოპოზიციის არგუმენტი: «სხდომებს ვტოვებთ, ვინაიდან საშუალება არ გვაქვს, გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოვახდინოთო». ამ ლოგიკით, მსოფლიოს ყველა პარლამენტიდან ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გამოვიდეს, რადგან საპარლამენტო დემოკრატია იმას ნიშნავს რომ დიახაც, გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა და არა უმცირესობა. ოპოზიციის ერთადერთი უფლებაა საკუთარი შეხედულება ხმამაღლა დააფიქსიროს, უმრავლესობა ლანძღოს, თავსლაფი ასხას და ასე შემდეგ. თუ ოპოზიციას ამის საშუალებაც არ ეძლევა - ეს უკვე სხვა საქმეა, მაშინ კი ნამდვილად აქვთ პარლამენტის დატოვების საფუძველი. მაგრამ საქართველოს დღევანდელ პარლამენტში აზრის გამოთქმას არავის უკრძალავენ და რომც მოინდომონ აკრძალვა, - ვერ შეძლებენ.
    ამდენად, «მემარცხენე ოპოზიციის» პარლამენტიდან გასვლა პოლიტიკური დემარშია, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური ფონის გაძლიერებასა და რადიკალიზაციას, აგრეთვე, მომხრეთა გამრავლებას. ამგვარი ქმედება მათი წმინდათაწმინდა უფლებაა, მაგრამ ცოტა არ იყოს უცნაურია უმრავლესობის აღელვებული რეაქცია - ვაიმე, რა გვეშველება, უკვე მესამე ფრაქცია გავიდა პარლამენტიდანო.
    მერე რა, რომ გავიდნენ? პარლამენტში სულაც მხოლოდ ერთი პარტია რომ დარჩეს, - დემოკრატიული სისტემა საქართველოში არ დაიღუპება. დემოკრატიის კვდომა მაშინ დაიწყება, თუ ადამიანებს აზრის გამოთქმისთვის დააპატიმრებენ, პრესის თავისუფლებას შეზღუდავენ, მეწარმეობას კომუნისტურ რეჟიმში დააბრუნებენ და ასე შემდეგ - რისი დიდი გამოცდილებაც აქვთ ყველა ჯურისა და ტიპის «მემარცხენეებს». ტყუილად ცდილობენ ახლა, მამა აბრამის ბატკნებად მოგვაჩვენონ თავი.
    გარდა ამისა, «მემარცხენე ოპოზიციას» სერიოზული ტაქტიკური შეცდომა მოუვიდა - პარლამენტი მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირისა» და მემარცხენე ოპოზიციისაგან არ შედგება. არსებობს კიდევ «მემარჯვენე ოპოზიცია». მამუკა გიორგაძემ ნათელაშვილ-რჩეულიშვილის დემარშთან დაკავშირებით მოსწრებულად იხუმრა: ჩვენთვის იდეალური ვარიანტი იქნება, თუ პარლამენტს «მოქალაქეთა კავშირიც» დატოვებს და მხოლოდ ჩვენ დავრჩებითო.
    პარლამენტიდან «მემარცხენე ოპოზიციის» გასვლით გაცილებით ძლიერდება პოლიტიკური სპექტრის «მემარჯვენე ფრთა», რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და «სახალხო» წარმოადგენს. თუმცა, სინამდვილეში არა მგონია «მემარცხენეებმა» პარლამენტი საბოლოოდ დატოვონ - აქ, ალბათ, უფრო რაღაც თამაშია, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ნათელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარმა დემარშებმა ხელისუფლება ვერ უნდა შეაშინოს. მით უმეტეს, დაუშვებელია საუბარი რაღაც «კოალიციურ მთავრობაზე» - ეს, ფაქტობრივად, კაპიტულაციის ტოლფასი იქნება. ამით დასრულდება და დასამარდება ეკონომიკური რეფორმა საქართველოში, ვინაიდან რეფორმა შეიძლება გაატაროს მხოლოდ ერთიანმა გუნდმა. მით უმეტეს, დაუშვებელია ამგვარი რამ «ამერიკული მოდელის» პირობებში, როდესაც პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღება კი ძირფესვიანად შეარყევს სახელისუფლებო, სახელმწიფოებრივ სისტემას; თანაც, არ გეგონოთ ამგვარმა კომპრომისმა «მემარცხენე ოპოზიცია» დაამშვიდოს და დააკმაყოფილოს, - «კოალიციური მთავრობის» შექმნა ეკონომიკური რეფორმის დასრულებამდე ნიშნავს (ვიმეორებ) რეფორმაზე უარის თქმის; საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, «კოალიციური კაბინეტი» დაემსგავსება ურემს კრილოვის არაკიდან «Лебедь, Рак да Щука».
    «მემარცხენეთა» ყველა სერიოზული არგუმენტის არსი ის არის, რომ ლაგოდეხის არჩევნებმა თვალნათლივი გვიჩვენა: ამ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების, სახალხო კენჭისყრის გზითაც შეუძლებელია, ვინაიდან იგი ყველა ზომას იხმარს, რათა არ დათმოს ძალაუფლება.
    სინამდვილეში, «მემარცხენეები» აქაც ეშმაკობენ: მათი მიზანი სახელმწიფოებრივი კურსის თვისებრივი შეცვლაა და არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა – ეს ერთი და იგივე არ გეგონოთ.
    საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ისევ და ისევ ის არის, რომ ვერა და ვერ მოხერხდა სწორედ თვისებრივი, კარდინალური სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაწყვეტა: იქნება ეს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. სანამ ეს ვერ მოხერხდება - მანამდე იარსებებს სამოქალაქო ომისა და ახალი სისხლისღვრის საფუძველი. ამგვარი პრობლემები კი არჩევნებით, კენჭისყრით არ გვარდება. თუ ვინმეს ჰგონია, არჩევნებით შეცვლის სახელმწიფოებრივ კურსს - ეს ძალიან სერიოზული, თანაც საშიში ილუზიაა: არჩევნებით შესაძლებელია მხოლოდ ტაქტიკური საკითხების გადაწყვეტა და არა სტრატეგიული სახელმწიფოებრივი პრობლემებისა.
    სწორედ ამიტომ, არჩევნები არ შეიძლება იყოს ხელისუფლების დამხობის საშუალება. აშკარა ზღაპარია, თითქოს ლაგოდეხის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული სოფლების მოსახლეობამ იცის, რას ნიშნავს «სოციალისტური პროგრამა» და რით განსხვავდება იგი «ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის პროგრამისგან» - სინამდვილეში თუ სოციალისტურმა პარტიამ მართლაც ხმათა მეტი რაოდენობა დააგროვა ლაგოდეხში, ვიდრე მოქალაქეთა კავშირმა - ეს მოსახლეობის შეგნებული არჩევანის გამოხატულება კი არ არის, არამედ იმის შედეგი, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი უკეთ მოემზადა კონკრეტულად ამ არჩევნებისთვის, უკეთ იმუშავა ამომრჩევლებთან, უფრო გავლენიან წრეებს დაეყრდნო და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, ანალოგიური მეთოდებით მან სხვა რაიონებშიც დაჯაბნოს ლიბერალური რეფორმების მომხრე პარტიები. თუ ამგვარი რამ მართლაც მოხდა, - მოქალაქეთა კავშირმა ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს; თუმცა, «მემარჯვენეები» ამჯერად უფრო მოქალაქეთა კავშირს მიემხრობიან; ამიტომ «სოციალისტთა» დემარში შესაძლოა არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული შეცდომა აღმოჩნდეს და «მემარჯვენე ფლანგის» კონსოლიდაცია გამოიწვიოს, - ამის ნიშნებიც გაჩნდა იმავე ირინა სარიშვილი-ჭანტურიას გამოსვლებში.
    «სოციალისტური ორიენტაციის» მომხრეებთან დისკუსიას აზრი არა აქვს. კამათი შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ამოსავალი დებულებები მაინც ერთია, მაგრამ «მემარცხენე იდეოლოგიის» გამარჯვება და «ლიბერალიზმის» საბოლოო კრახი საქართველოში უეჭველად სახელმწფიოებრივი ნგრევის დასაწყისიც იქნება, ვინაიდან ჩვენს პირობებში, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ლიბერალური რეფორმა, ყოველგვარი პროტექციონიზმის გამორიცხვა, ინფლაციის მიზერული დონისა და ეროვნული ვალუტის სიმყარის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
    «მემარცხენე» ექსპერიმენტი პრობლემებს ვერ გადაჭრის, მაგრამ დაგვაბრუნებს იმ (თითქოსდა განვლილ) ეპოქაში, როდესაც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხითა და პარლამენტის სხდომებზეც სერიოზულად მსჯელობდნენ: შევიდეს თუ არა საქართველო რუბლის ზონაში? დღეს სასაცილოდ ჩანს (სასაცილოა, - მაშასადამე, სახელმწიფო გავხდით), მაშინ კი სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ: ნეტავ რას მოითხოვს რუსეთი სანაცვლოდ?
    ყურადღებით დავაკვირდეთ იმასაც, რომ ის წინადადებები, რომელთაც დღეს «ქართველი მემარცხენეები» სვამენ, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, - ელცინის კაბინეტი კვლავინდებურად მტკიცედ ატარებს ლიბერალურ რეფორმას და არაფერი ჭრის მის წინააღმდეგ, - არც მაღაროელთა გაფიცვა და არც რკინიგზის გადაკეტვა.
    რუსეთისათვის იდეალური იქნებოდა ვითარება, როდესაც თავად ლიბერალურ რეფორმებს გააგრძელებდა, ხოლო მეზობელ ქვეყნებში «მემარცხენე იდეოლოგია» გაიმარჯვებდა.

დილის გაზეთი, 15 ივნისი, 1998 წელი

მთელ გვერდზე