ვალერი ჩხეიძის შეხვედრა არძინბასთან სრულიად უსარგებლო იქნება

    როგორც ქართული, ასევე აფხაზური წყაროები ადასტურებენ, რომ გრძელდება არაოფიციალური კონსულტაციები აფხაზეთის ამჟამინდელი ფაქტობრივი ხელისუფლების, ვლადისლავ არძინბასა და საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალ ვალერი ჩხეიძის შეხვედრის ორგანიზებისათვის.
   ინიციატორი ამ შემთხვევაში ქართული მხარეა, ვინაიდან სწორედ იგი აპირებს, 16 ივლისიდან დამოუკიდებლად დაიცვას საზღვაო აკვატორია, მათ შორის, აფხაზეთთან მიმდებარე წყლები. ამ განცხადებამ სეპარატისტთა აღშფოთება გამოიწვია, თუმცა იგი მათთვის მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.
   აფხაზეთის თავდაცვის მინისტრ მიქანბას განცხადებით, აფხაზეთი ჩაძირავს ყველა გემს რომელიც მის საზღვაო აკვატორიაში გამოჩნდება, თუ მათი შემოსვლა წინასწარ არ იქნება შეთანხმებული ოფიციალურ სოხუმთან. სეპარატისტული რეჟიმის საზღვაო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, 1 ივლისიდან ისინი განლაგდნენ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ანაკლიიდან რამდენიმე მილის მოშორებით. იმავდროულად დაიწყო საზღვაო მანევრები, ხოლო არძინბამ რამდენიმე დიპლომატიური დემარში განახორციელა, რათა მომზადებულიყო მომავალი ომისათვის ზღვაზე (თუ იგი მაინც დაიწყებოდა). კერძოდ, სეპარატისტთა ლიდერის მითითებით, «პრემიერ-მინისტრმა» ბაღაფშმა სპეციალური წერილით მიმართა თურქეთის და ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებას, საიდანაც სურსათით დატვირთული გემები შედიან აფხაზეთის პორტებში. წერილში ნათქვამია, რომ აფხაზეთის საზღვაო-სასაზღვრო რეჟიმი განსაზღვრულია სამმხრივი (რუსულ-ქართულ-აფხაზური) შეთანხმებით და შეიძლება მხოლოდ სამივე მხარის თანხმობითვე შეიცვალოს. რა თქმა უნდა, უცხო სახელმწიფოს ხელმძღვანელთათვის გაგზავნილ წერილში ბაღაფში ვერ იტყოდა იმას, რაც «თავდაცვის მინისტრმა» მიქანბამ განაცხადა: «აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად აწესებს სასაზღვრო რეჟიმს მიმდებარე წყლებში». ამიტომ აფსუათა ლიდერებმა იეშმაკეს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს საქართველო რაღაც «შეთანხმებებს» არღვევს, თუმცა მსგავსი არაფერი ხდება – 1994 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულება, რომელსაც ელცინის საქართველოში «ელვისებური» ვიზიტის დროს მოეწერა ხელი, პარლამენტის მიერ რატიფიცირებული არ არის. იურიდიულად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა, მაშასადამე, ფორმალური თვალსაზრისით ვერავინ და ვერაფერი დაუშლის საქართველოს, მთლიანად გააკონტროლოს აფხაზეთის აკვატორია. უბედურება ის არის, რომ საამისო ძალა არ შეგვწევს, ვინაიდან სამი მცირე გემი და ცხრა კატარღა ასეთი ამოცანის შესასრულებლად საკმარისი ნამდვილად არ არის. მითუმეტეს, სეპარატისტთა გააფთრებული წინააღმდეგობის პირობებში.
   მათთვის თურქეთთან დამაკავშირებელი საზღვაო გზის გადაკეტვა მართლაც სიკვდილის ტოლფასია, ვინაიდან აფხაზეთი სრულ (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) ბლოკადაში აღმოჩნდება, ხოლო გალის რაიონში მაისის შემდეგ აღარ გამართულა ბაზრობები, სადაც საქართველოდან შეზიდული სურსათ-სანოვაგე იყიდებოდა.
   განვლილი ოთხი წლის განმავლობაში სეპარატისტებს დრო უქმად არ დაუკარგავთ და რამდენიმე პროფესიონალური სამხედრო ეკიპაჟიც მოამზადეს «გრიფის» ტიპის სამხედრო კატარღებისათვის, რომელთაც საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ 1992-93 წლებში ომის დროს.
   ამრიგად, ვალერი ჩხეიძის სოხუმში ჩასვლა (თუ არძინბამ საბოლოოდ თანხმობა განაცხადა მასთან შეხვედრაზე) სრულიად ფუჭი და არაფრისმომცემი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ არავითარი სახის კონტროლზე აფხაზეთის მიმდებარე წყლებში (თუნდაც ერთობლივი კონტროლი იყოს) სეპარატისტები არ დაგვთანხმდებიან. შესაძლოა, არძინბამ ამ შეხვედრით დააფიქსიროს საქართველოს თანხმობა საზღვაო საკითხების აფხაზეთთან ერთად გადაწყვეტაზე. ამ შემთხვევაში გენერალ ჩხეიძის ჩასვლას სოხუმში უაღრესად ნეგატიური შედეგი ექნება, ვინაიდან სამხედრო მოქმედებათა გაშლის შემდეგ (თუ ასეთი რამე მაინც მოხდა) სეპარატისტები მათთვის ჩვეული გაიძვერობით იტყვიან: წარმოგიდგენიათ, ჯერ ჩამოვიდნენ, აღიარეს, რომ ჩვენთან უნდა მოელაპარაკათ, კონსულტაციები გრძელდებოდა, ისინი კი მაინც ძალით შეეცადნენ პრობლემის გადაწყვეტასო. ამიტომ ვალერი ჩხეიძის სოხუმში ჩასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ საქართველო არ აპირებს სეპარატისტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებას საზღვაო აკვატორიაში და «პროვოკაციების» გამოსარიცხად სურს, წინასწარ მოილაპარაკოს მათთან. მაგრამ თუ ასეა, მაშინ რა აზრი აქვს სარდლის წასვლას - ამას ხომ აფსუები პროპაგანდისათვის გამოიყენებენ?
   სჯობს, მოლაპარაკება ტელეფონით შედგეს ან რომელიმე მეორეხარისხოვანი ჩინოვნიკი წავიდეს სასაზღვრო უწყებიდან. წარმოუდგენელია, თვით ვალერი ჩხეიძეს, ვინც შესანიშნავად იცის საქართველოს საზღვაო ძალთა რეალური შესაძლებლობები, არ ესმოდეს, რას გამოიწვევს საზღვაო ომი აფსუებთან. ამას მოჰყვება უმძიმესი შედეგი - საქართველოს გამარჯვება ძალზე საეჭვოა ბრძოლებში - ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკის დონისა და ნამდვილ საზღვაო სპეციალისტთა რაოდენობის გათვალისწინებით.
   ამიტომ, რეალობიდან გამომდინარე, სჯობს შევურიგდეთ მწარე ბედს და დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გაგვაჩნია - მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსების დატოვებას აფხაზეთის მიმდებარე წყლებში. ისინი ჩვენთვის სასარგებლოს მაინც არაფერს აკეთებენ, ამიტომ დაუყოვნებლივ გაძევებულნი უნდა იქნენ საქართველოს აკვატორიიდან.
   შესაძლოა, სეპარატისტებთან მოლაპარაკება სწორედ ამ მხრივ იყოს სასარგებლო, რათა რუსების გაძევებაზე მათი დასტურიც არსებობდეს, თუნდაც არაოფიციალური.

მერიდიანი, 10 ივლისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე