რუსი მესაზღვრეები სამუდამოდ ტოვებენ საქართველოს
   

    რუსეთის სასაზღვრო ჯართა ახალი ხელმძღვანელი, კონსტანტინე ტოცკი წინამორბედებისაგან (განსაკუთრებით გენერალ ნიკოლაევისაგან) განსხვავებით, აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგასთან და საქართველოშიც ხშირად ჩამოდის, მაშინ როდესაც ნიკოლაევის ყოველი ჩამოსვლა (ან უარი ჩამოსვლაზე) ხმაურიანი სკანდალებით აღინიშნებოდა.
    თუმცა მთავარი, რასაკვირველია, ეს არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკება უმთავრეს საკითხზე საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად გენერალი ჩხეიძის პირადი დამსახურებაცაა. არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ «საბჭოთა წარსულის» მქონე ეს გენერალი განსაკუთრებული ხმაურის, აჟიოტაჟის და თვითრეკლამის გარეშე, ჩუმად, მიზანშეწონილად და ნიჭიერად აკეთებს ქართულ საქმეს. მან უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მართალია, საქართველოს სასაზღვრო ჯარებს ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ორგანიზებულობით (რაც უმთავრესია) ისინი ნამდვილად გამოირჩევიან. ჯარის ორგანიზებულობა კი ყოველთვის (გამონაკლისის გარეშე) პირადად სარდლის დამსახურებაა. ვალერი ჩხეიძე ჯერ კიდევ «დერჟიმორდა» ნიკოლაევის ეპოქაში, ისე ეშმაკურად და ჭკვიანურად მოქმედებდა, მოწინააღმდეგე აიძულა რამოდენიმეჯერ წამოგებულიყო საკუთარ პროვოკაციაზე, ხოლო როცა ატყობდა, გამარჯვების (თუნდაც პროპაგანდისტული გამარჯვების) მიღწევა ძნელი იყო, - მაგალითად, სპირტთან დაკავშირებულ ეპიზოდში - იმას მაინც ახერხებდა, განსაკუთრებით დიდი დანაკარგები არ გვქონოდა.
    საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი «სახელმწიფო საზღვრის დაცვის» შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უცხო ქვეყნის (რუსეთის) სასაზღვრო ჯართა გაყვანას ჩვენი ტერიტორიიდან. ამ კანონის მიღების შემდეგ რუსების წასვლა მხოლოდ დროის საკითხია. თუ, რასაკვირველია, ისინი ღია ოკუპაციის განხორციელებას არ გადაწყვეტენ, რაც ნაკლებსავარაუდოა.
    აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება (მათ შორის პარლამენტი) მზად იყო, არ მოეთხოვა რუსი მესაზღვრეების წასვლა ჩვენი ქვეყნიდან იმ შემთხვევაში, თუ ისინი განახორციელებდნენ აფხაზეთის საზღვაო ბლოკადას, მაგრამ რუსი მესაზღვრეები ამ ნაწილში საქართველოს აკვატორიას იცავდნენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, - არ ატარებენ იმ ტვირთებს, რომელიც ჩრდილოკავკასიისათვის იყო განკუთვნილი და პირიქით - ხელს არ უშლიდნენ არძინბასათვის საჭირო და აუცილებელ ტვირთებს.
    ბუნებრივია, ამ პირობებში რუსების დარჩენას სასაზღვრო აკვატორიაში არანაირი აზრი არ ჰქონდა. უფრო პირიქით, - სტრატეგიული თვალსაზრისით, თუ გვინდა რუსეთს მეტი პატივისცემა ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისადმი, რუსი მესაზღვრეები აუცილებლად უნდა გავიყვანოთ საქართველო-თურქეთის საზღვრიდან, ვინაიდან, ამ შემთხვევაში რუსეთის სამხრეთ რეგიონთა «უსაფრთხოება» მთლიანად ქართველ მესაზღვრეებზე იქნება დამოკიდებული.
    სანამ საქართველო-თურქეთის საზღვარს რუსები თავად იცავდნენ, კრემლს შეეძლო სულაც არ გაეთვალისწინებინა თბილისის თხოვნები და მოთხოვნები, მაგრამ რუსი მესაზღვრეების წასვლის შემდეგ იგი დაინტერესებული იქნება არ გაიფუჭოს ურთიერთობა საქართველოსთან. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა კიდეც; მაგალითად, განსხვავებით 1993-1998 წლებიდან, რუსეთის მთავრობა (მიუხედავად სეპარატისტთა მოთხოვნისა) არ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთ-საქართველოს საზღვრის დროებითი გახსნისა და რუსეთში ციტრუსების შეტანის შესახებ. ეს ძალიან სერიოზული წარმატებაა, ვინაიდან გადატანილი გვალვის შედეგად, არძინბას რეჟიმი და მისი მხარდამჭერი სეპარატისტული ხროვა უეჭველად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება; უფრო ზუსტად - არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე მათ მიერ დევნილი უბედური ქართველობა იმყოფება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
    ამრიგად, პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რუსი მესაზღვრეები, მაქსიმუმ 1999 წლის ბოლომდე დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას. ამჟამად გასარკვევი დარჩა მხოლოდ ქონებრივი საკითხები: ყოფილი საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯართა ქონება, საქართველოს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, საქართველოს კუთვნილება უნდა გახდეს, მაგრამ ვინაიდან ეროვნულ-რადიკალთა წინააღმდეგობის გამო (აქაოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ სახელმწიფოდ არავინ ჩაგვთვალოს - ჩვენ 1918-1921 წლების რესპუბლიკის მემკვიდრეები ვართო) საქართველომ ხელი არ მოაწერა დოკუმენტებს საბჭოთა კავშირის ქონების გაყოფის შესახებ.
    ამიტომ, იურიდიული თვალსაზრისით, არცთუ «მყარად ვდგავართ» ფეხზე და არსებობს იმის საშიშროება, რომ რუსმა მესაზღვრეებმა წასვლისას ყველაფერი თან გაიყოლონ, რისი წაღებაც შეიძლება.
    ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ჭკუა და სინდისი არ დაუშლით, დანარჩენი (ინფრასტრუქტურა, ნაგებობები) ააფეთქონ და გაანადგურონ.
    ვალერი ჩხეიძემ სწორედ აქ უნდა გამოამჟღავნოს დიდი დიპლომატიური ნიჭი, ვინაიდან თუ საქართველოს სასაზღვრო ჯარებს ინფრასტრუქტურა მაინც არ შერჩათ ხელში, მის გამართვას ათეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდება.
    ასეთი თანხები საქართველოს არ გააჩნია და უახლოესი 20 წლის განმავლობაში არც ექნება; თუმცა, ზოგიერთი ცნობით, ქართველი მესაზღვრეები ოპტიმალურ კომპრომისს უახლოვდებიან. რუსი მესაზღვრეები წავლენ, მაგრამ ქონების 50 პროცენტს საქართველოს დაუტოვებენ, სამაგიეროდ «ჩამოიწერება» ჩვენი ქვეყნის ვალი რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურისადმი 120 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო რუსეთის სასაზღვრო ამბიციები დაკმაყოფილდება იმით, რომ საქართველოში დარჩება გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეინარჩუნებს ინფორმაციის მიღების საშუალებას.
    ვიმეორებ: თუ ასეთი კომპრომისის მიღწევა მოხერხდა, ეს სერიოზული გამარჯვება იქნება, მაგრამ საეჭვოა ეს მოხერხდეს, ვინაიდან რუსული «გოსდუმა» უეჭველად ატეხავს გნიასს; ამიტომ მიზანშეწონილია საბოლოო დოკუმენტთა ხელმოწერა იმ დროისათვის გადაიდოს, როდესაც რუსი დეპუტატები შვებულებაში გავლენ.
    მთლიანობაში, ვალერი ჩხეიძეს დიდი ეშმაკობა მართებს, - ტოცკის კიდევაც უნდა უმასპინძლოს, ღვინოც უნდა ასვას, დაპირებებითაც უნდა გაბეროს და როგორმე ქონების მნიშვნელოვანი ნაწილიც შეინარჩუნოს. თურქეთთან საზღვარი «იდილიურად მშვიდი» არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.

მერიდიანი, 18 დეკემბერი 1998 წ.

მთელ გვერდზე