ეგორ სტროევი წყლის ერთობლივად ნაყვას გვთავაზობს
   

    ჟურნალისტებს (და არა მხოლოდ მათ) არ გამოპარვიათ, რომ აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დროს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ეგორ სტროევმა ვახტანგ ყოლბაია გადაკოცნა. ეს შემთხვევითი ან ყოლბაიას განსაკუთრებული «მონატრებით» გამოწვეული ჟესტი ნამდივლად არ უნდა იყოს. სტროევმა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად უწყის, რომ თბილისში გამართულ მოლაპარაკებათა მთავარი თემა აფხაზეთი იქნება; მით უფრო, თუ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს გავითვალისწინებთ, რომლის თანახმად, რუსეთის სამშვიდობო ოპერაციამ კრახი განიცადა. სწორედ ამაში მდგომარეობს შევარდნაძის ინიციატივის არსი და არა «ბოსნიის მოდელის» რეალურ ამოქმედებაში, რაც პოსტსაბჭოურ სივრცეზე ჯერჯერობით არარეალურია.
    ეგორ სტროევი თბილისში გამომგზავრებამდე ტელეფონით ესაუბრა ბორის ელცინს. ნიშანდობლივია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების სამივე შტო შეხმატკბილებულად მოქმედებს. სტროევის ვიზიტამდე ორიოდე დღით ადრე მას გენადი სელეზნიოვი (სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის ხელმძღვანელი) დაეხმარა, რათა ქართული მხარის კიდევ ერთი არგუმენტი გაებათილებინა.
    სელეზნიოვმა «მკაცრად გააკრიტიკა» თავისი მოადგილე - სერგეი ბაბურინი, რომელსაც თურმე დუმაში სარატიფიკაციოდ არ შემოაქვს რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება «მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ». არადა, თვით სელეზნიოვისთვის სურვილის შემთხვევაში ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.
    იგი, რა თქმა უნდა, თვალთმაქცობს ეგორ სტროევის მისიის შესრულების შესამსუბუქებლად. სტროევის მისიის მიზანს კი ისაა, რომ ქართული მხარე «ბოსნიის ვარიანტის» უსარგებლობაში დაარწმუნოს და პარალელურად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პრობლემათა არარსებობა დააფიქსიროს.
    რამდენადაც რუსეთი ამის დაფიქსირებას შეძლებს, იმდენადვე უცნაური და უადგილო იქნება (დასავლეთის თვალში) საქართველოს აპელირება საერთაშორისო ორგანიზაციების ან იმავე ნატოსადმი აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის შინაარსის შეცვლის თაობაზე.
    მართლაც, შეუძლებელია ერთის მხრივ ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებდე რუსეთთან, მეორეს მხრივ კი აფხაზი სეპარატისტების ფარულ მხარდაჭერაში სდებდე ბრალს. სტროევი აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საკმაოდ მძლავრ ბერკეტს ფლობს - სწორედ რუსეთის ფედერაციის საბჭომ უნდა მოახდინოს აფხაზეთში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის შემდგომი ყოფნის დაკანონება, ანუ სამშვიდობო ოპერაციის ვადის გაგრძელება, ვინაიდან რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო კონტინგენტის ამოქმედება მხოლოდ დუმის ზედა პალატის თანხმობით ხდება.
    ეგორ სტროევმაც პირდაპირ განაცხადა: ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს თხოვნის შესაბამისადო. თუ საქართველო ფედერაციის საბჭოს მიმართავს თხოვნით - გაუგრძელოს მანდატი სამშვიდობო ძალებს, მანდატი გაგრძელდება. თუ არადა, ფედერაციის საბჭო სამხედრო კონტიგენტის გაყვანას მოითხოვს. მაშასადამე, აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს დასკვნა: 1994 წლიდან დღემდე კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტიგენტისათვის ვადის გაგრძელება ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თხოვნით. ასე იქნება ამჯერადაც.
    ეგორ სტროევი, რა თქმა უნდა, არ დაიშურებს თბილ სიტყვებს ქართველი და რუსი ხალხების საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავად, მაგრამ რეალურად მისი ვიზიტის შედეგად ეს «მეგობრობა» წინ ერთი ნაბიჯითაც არ წაიწევს, რუსეთი არ არის მზად, თუნდაც ნებისმიერი დათმობის სანაცვლოდ რაიმე შეცვალოს აფხაზეთში.
    ეს შესანიშნავად იციან სტროევმაც და შევარდნაძემაც, თუმცა ორივეს აძლევს ხელს ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს «ყინული დაიძრა» და რაღაც შეთანხმება მიღწეულია. ახლოვდება დამოკიდებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესი დონის მორიგი სამიტიN (რიგგარეშე შეხვედრა, რომელიც 23 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, უსარგებლობისა და უსაგნობის გამო ჩაიშალა).
    უეჭველია, საქართველოს ხელისუფლება ამ შეხვედრაზე დათანხმდება აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის მანდატის გაგრძელებას და შეეცდება, ეს ყოვლად უსაგნო გადაწყვეტილება ისე წარმოადგინოს, რომ მხოლოდ ამგვარად შეეძლო გამოერიცხა ახალი ომი და ნგრევა.
    ასეთ პირობებში ბოლო ხანს შექმნილი ფონი საქართველოს მხრიდან რუსეთის პოზიციებზე ზეწოლისა (განცხადებები საზღვაო აკვატორიის საკუთარი ნებით დაცვის, რუსეთის სასაზღვრო ძალის გაყვანის შესახებ) მხოლოდ პირობითია და რეალურად ხორცშესხმა არ უწერია.

მერიდიანი, 23 იანვარი, 1998 წ.

მთელ გვერდზე