29 აპრილის სამიტი - კიდევ ერთი უსარგებლო ექსკურსია
   

    დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოსკოვის სამიტს, შეიძლება ითქვას, მხოლოდ თვით რუსეთისთვის აქვს გარკვეული მნიშვნელობა და, იქნებ, ბელორუსისათვის, რომლის პრეზიდენტი ლუკაშენკო უკვე ღიად ლაპარაკობს თავისი ქვეყნის რუსეთთან გაერთიანების აუცილებლობაზე.
    სხვა ყველა ლიდერი რუსეთის დედაქალაქში მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ტრადიციის დასაცავად და იმ სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად ჩავა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა
    საერთოდ, ესენგეს სამიტებს რაიმე ხელშესახები შედეგი არასდროს მოჰყოლია და არც ახლა შეიძლება მოჰყვეს, ვინაიდან ეს არის ამორფული, ფაქტობრივად ძალდატანებით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც რუსეთს სჭირდება მხოლოდ იმისათვის, რათა «საკუთარი» გეოპოლიტიკური სივრცე დააფიქსიროს და არ დაუშვას ამ სივრცეში სხვა დიდ სახელმწიფოთა შეჭრა.
    ეს ამოცანა კრემლმა მეტ-ნაკლები წარმატებით შეასრულა. იმავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს თანამეგობრობაში გაწევრიანებამ ჩვენს ქვეყანას საშუალება მისცა, მოეხდინა პოლიტიკის კოორდინაცია სხვა წევრ-სახელმწიფოებთან.
    ნებისმიერი ანტიქართული აქცია რუსეთის მხრიდან ასუსტებს ესენგეს სივრცეზე რუსეთის გავლენას, ვინაიდან აღიქმება, როგორც გარკვეული პრეცედენტი სხვა ქვეყნებისათვის.
    საქართველო რომ თანამეგობრობაში არ გაწევრიანებულიყო, მაშინ იგივე აქცია სულ სხვანაირად მოიაზრებოდა. ისევე, როგორც, მაგალითად, სომხეთისათვის იარაღის მიწოდებამ რუსეთი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, ვინაიდან აზერბაიჯანიც თანამეგობრობის წევრი იყო.
    ამრიგად, წელიწადში ერთხელ და ორჯერ თანამეგობრობის სრულიად უსარგებლო «სამიტებში» მონაწილეობით საქართველო არაფერს კარგავს. სხვა საქმეა, რომ ეს «სამიტები» სწორედაც უსარგებლოა.

მერიდიანი, 27 აპრილი, 1998 წ.

მთელ გვერდზე