პრეზიდენტი კლანებთან «გადამწყვეტ ბრძოლას» აპირებს
    ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული მისი ბედი და ქვეყნის მომავალი
   

    შევარდნაძის მოგზაურობა წალკასა და ჯავახეთში უდავოდ საერთო-სახელმწიფოებრივ მოვლენად იქცა. ოღონდ არა იმიტომ, რომ მან ამ ვიზიტით დაადასტურა თავისი გავლენა სამხრეთ საქართველოს «საეჭვო» რაიონებში და არც იმის გამო, რომ თვით ამ რაიონების ელიტამ (მხოლოდ გუბერნატორ-გამგებლებს არ ვგულისხმობ, რასაკვირველია), თავის მხრივ, დაუდასტურა ლოიალობა პრეზიდენტს, არამედ იმ უმნიშვნელოვანესი განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც შევარდნაძემ გააკეთა ჯერ წალკაში, შემდეგ მთაწმინდაში.
    წალკაში მისალმებისას, ადგილობრივ გამგებელ გია კვალიაშვილს წამოსცდა: «პრეზიდენტები, გამგებლები, გუბერნატორები მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება...» შევარდნაძემ შეაწყვეტინა: «პრეზიდენტი არსადაც არ აპირებს წასვლას».
    ამ სიტყვებს დარბაზში შეკრებილ ბერძენთა და პრეზიდიუმში განლაგებულ მინისტრთა მქუხარე ოვაცია მოჰყვა. ნინოწმინდაში კი შევარდნაძემ საბოლოოდ გახსნა კარტი: მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას მან განაცხადა სიტყვა-სიტყვით შემდეგი: «2000 წელს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მე ვიწყებ ჩემს საარჩევნო კამპანიას». ამ სიტყვებსაც მქუხარე ოვაცია სდევდა.
    ბუნებრივია, ჭკვიან სომხებს არ გამოეპარებოდათ ის ოდნავ შესამჩნევი «ცივი ნოტა», რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, ჟღერდა შევარდნაძის ინტონაციაში. ამდენად, მათი აპლოდისმენტები კიდევ უფრო «მქუხარე» იყო, ვიდრე წალკელი ბერძნებისა.
    საერთოდ, ამთავითვე უნდა აღინიშნოს: ქართველ პოლიტიკოსთა სურვილი, გამოიყენონ ეროვნული უმცირესობები სახელისუფლებო მარათონში პოზიციათა განსამტკიცებლად, იმთავითვე განწირულია. ეს ელექტორატი უეჭველად, ყოველთვის ხელისფლებას დაუჭერს მხარს თუ, რასაკვირველია, ეს ხელისუფლება ისეთ უხეშ შეცდომებს არ დაუშვებს, როგორიც გამსახურდიას რეჟიმმა დაუშვა 1990-1991 წლებში.
    თუმცა, იმავდროულად, მაინც აღსანიშნავია, რომ ჯავახეთელი სომხები საქართველოს პირველ პრეზიდენტს მხარს უჭერდნენ როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე 31 მარტის რეფერენდუმზე (ეს უკანასკნელი ღონისძიება მათთვის სწორედ თბილისის ხელისფლების მხარდაჭერა იყო).
    ისიც გავიხსენოთ, რომ ჯუმბერ პატიაშვილმა, 1985-1988 წლებში, რიგი მიზეზების გამო, საქართველოში მცხოვრებ სომეხთა სიმპათია დაიმსახურა.
    მიუხედავად ამისა, პატიაშვილის გუნდმა 1995 წელს ამ კოზირის გათამაშება ვერ მოახერხა - სომხურმა მოსახლეობამ მასობრივად შევარდნაძეს დაუჭირა მხარი.
    დარწმუნებული ვარ, იგივე სურათი განმეორდება 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. ვიმეორებ: ეროვნული უმცირესობები (უპირველესად, მათი ელიტა) ყოველთვის მოქმედ ხელისუფლებას დაუჭერენ მხარს, რადგან არ ისურვებენ რისკზე წასვლას;
    ამრიგად, ე.წ. «არაქართული მოსახლეობა» საქართველოში ხელისუფლების ელექტორატია და არა ოპოზიციისა. ამჟამინდელი პრეზიდენტი ამ გარემოებას, რასაკვირველია, ითვალისწინებს; ამიტომაც დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია აზერბაიჯანული (ცნობილი შეხვედრა ჰეიდარ ალიევთან «წითელ ხიდზე»), ბერძნული და სომხური რაიონებიდან.
    სხვა საკითხია, რატომ წამოიწყო შევარდნაძემ საარჩევნო კამპანია ასე ადრე?
    ნინოწმინდაში სიტყვით გამოსვლამდე მას არ უთქვამს, რატომ აპირებდა კენჭი ეყარა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ფაქტობრივად, ჯავახეთში წარმოთქმული ფრაზა პირველი განაცხადი კია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, 2000 წლის აპრილამდე (როდესაც, კონსტიტუციის შესაბამისად, არჩევნები უნდა გაიმართოს) ჯერ წელიწადნახევარი დარჩა, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი ვადაა; გარდა ამისა, თუ დავაკვირდებით, ედუარდ შევარდნაძემ ამ განცხადებით ერთგვარად დაარღვია პოლიტიკური ტექნოლოგია; ყოველ შემთხვევაში, ის ტექნოლოგია, რომელსაც იყენებდა 1995 წლის არჩევნებამდე.
    მრავალ დამკვირვებელსა და პოლიტოლოგს ახსოვს: შევარდნაძეს 1995 წლის 29 აგვისტოს ტერორისტულ აქტამდე საერთოდ არ უთქვამს, რომ აპირებდა კენჭი ეყარა პრეზიდენტის პოსტზე,
    რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მას ამგვარი განზრახვა ჰქონდა, მაგრამ ღიად, აშკარად, 29 აგვისტომდე არ უთქვამს.
    კითხვებზე კი პასუხობდა: «მე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, არ ვიცი, ვიყრი კენჭს თუ არა» და ა.შ.
    29 აგვისტოს ტერაქტი შევარდნაძემ ბრწყინვალედ გამოიყენა, რათა შესაბამისი პრეტენზია (პრეზიდენტობაზე) ბუნებრივი ყოფილიყო. მართლაც, ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მიტინგის დროს, სახე ნაიარევმა სახელმწიფოს მეთაურმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: «მე დღეს, მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო პრეზიდენტის არჩევნებში».
    ამჟამად კი გამოცდილ-გამობრძმედილმა პოლიტიკოსმა ტაქტიკა ძირფესვიანად შეცვალა და არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე გამოთქვა პრეტენზია მოიპოვოს პრეზიდენტის სავარძელი 2000 წელსაც, ანუ გაიგრძელოს უფლებამოსილება 2005 წლამდე.
    რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილება პოლიტიკურ, სახელისუფლებო ტექნოლოგიაში? რატომ აღარ მიმართა ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც ძალაუფლების სისხლხორცეული, შეიძლება ითქვას, გენეტიკური ინსტინქტი აქვს, იმავე მეთოდს, იმავე ტექნოლოგიას, რასაც 1995 წელს?
    ამ დისკურსში დავაკვირდეთ, რა ხდება რუსეთში. ბორის ელცინსაც, რასაკვირველია სურს (მიუხედავად იურიდიული სირთულეებისა), კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე იმავე 2000 წელს, მაგრამ ბოლო დრომდე აცხადებდა: უფლება არა მაქვს, - კონსტიტუციით მხოლოდ «ორი ვადა მეკუთვნისო. მხოლოდ ახლახან, როცა რუსეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ დაიწყო «განხილვა» ამ საკითხისა, ცხადი გახდა, რომ იურიდიული არგუმენტაცია (მესამედ არჩევნებში მონაწილეობისათვის) მოიძებნება, - მიუხედავად ამისა, ელცინი კვლავინდებურად დუმს.
    საქართველოში ამგვარი იურიდიული წინაღობა არ არსებობს.
    1992 წელს მოსახლეობამ ედუარდ შევარდნაძე აირჩია პარლამენტის თავმჯდომარედ და არა პრეზიდენტად. მაშასადამე, იურიდიულად მას აქვს უფლება მესამედაც იყაროს კენჭი.
    ამრიგად, პრობლემის არსი უფრო პოლიტიკურ სიბრტყეზე უნდა ვეძებოთ. სწორედ პოლიტიკურმა მოტივმა, პოლიტიკურმა რეალობამ აიძულა მოქმედი პრეზიდენტი მომავალ არჩევნებზე წელიწადნახევრით ადრე გამოეთქვა შესაბამისი სურვილი და იმთავითვე დაედასტურებინა: «ხელისუფლების დათმობას არ ვაპირებ და მზად ვარ ვიბრძოლო მისი შენარჩუნებისათვის».
    ეს იყო სიგნალი უპირველეს ყოვლისა, ქართული ისტებლიშმენტისთვის, რომელიც ამჟამად რთულ ტრანსფორმაციას განიცდის. ედუარდ შევარდნაძეს, როგორც ჩანს, ამ ისტებლიშმენტის (ელიტის ანუ ე.:წ. «ინტელიგენციის») ლოიალობისა აღარა სჯერა. პირიქით, იგი ამჩნევს, რომ ეს სოციალური ფენა სულ უფრო მეტად ღელავს და მერყეობს. ამგვარი «მერყეობის» მიზეზი გასაგებია: პოსტკომუნისტურმა ელიტამ ვერ მიიღო შევარდნაძისაგან ის, რასაც 1992 წელს ელოდა. ბუნებრივია, ვერც მიიღებდა, ვინაიდან 1992 წელს არსებული ვითარება და მომძლავრებული პოლიტიკურ-სოციალური ტენდენციები თვისებრივად განსხვავდებოდნენ 70-იან, 80-იან წლებში არსებულთაგან.
    შესაბამისად, 1992 წლის შევარდნაძეც თვისებრივად განსხვავდება (ვთქვათ) 1976 წლის შევარდნაძისაგან, როცა იგი დღენიადაგ აცხადებდა: «საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე». მაგრამ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას «წითელ ელიტას», კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბებულ ისტებლიშმენტს ვერ შეაგნებინებ; ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან საქმე მის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება.
    ამრიგად, ნინოწმინდაში, ზემოთნახსენები განცხადება შევარდნაძემ უპირველესად სწორედ ამ ისტებლიშმენტის გასაგონად გააკეთა, ვინაიდან 2000 წლის მოახლოების კვალობაზე მას სულ უფრო მეტად ეტყობოდა მერყეობა და ერთგვარი დაბნეულობაც.
    აშკარა დემარში პრეზიდენტობის კიდევ 5 წლით მოპოვების მოთხოვნით პრეზიდენტის აპარატს (უხეში, ფართო გაგებით), აყენებს თვისებრივი არჩევანის წინაშე და არ უტოვებს სივრცეს მანევრირებისათვის. ედუარდ შევარდნაძე მოქმედებს პრინციპით: «ის, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მოწინააღმდეგეა»!
    რამდენიც უნდა ვიდავოთ ამ პრინციპის ჰუმანურობაზე, პოლიტიკოსებისათვის იგი აუცილებელი იარაღია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი იმოქმედებს სხვა (საპირისპირო) პრინციპით: «ჩემთან არის ყველა, ვინც არ არის ჩემი მტერი» დამარცხება გარდაუვალია, რადგან საპრეზიდენტო მარათონი და ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლა ერთიანი პასუხისმგებლობით შეკრული გუნდის მოქმედებას მოითხოვს.
    ამ გუნდში «ნეიტრალური» პიროვნება არ უნდა არსებობდეს.
    შევარდნაძეს ეს შესანიშნავად ესმის. იგი იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ თვით ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზეც სერიოზული ცვლილებები მოხდა განვლილი 3-4 წლის განმავლობაში. ძველი ელიტის პოზიცია კვლავინდებურად მნიშვნელოვანია, მაგრამ განმსაზღვრელი ნამდვილად აღარ არის.
    დგება ეპოქა, როცა კონფლიქტები ისტებლიშმენტის წიაღშიც ჩნდება. 1992 წელს სხვა ვითარება იყო. მაშინ «პლებსის» არჩევანს «არისტოკრატიის» არჩევანი დაუპირისპირდა; ამჟამად კი «პატრიციატის» წიაღიდანაც შეიძლება დაიბადოს მნიშვნელოვანი და ძლიერი მოწინააღმდეგე. წინასწარი, «ადრეული განცხადებით», ედუარდ შევარდნაძე იმთავითვე მიდის ვა-ბანკზე და ადასტურებს თავის ბრძოლისუნარიანობას.
    2000 წელს იგი 72 წლისა იქნება. პოლიტიკოსისათვის ეს არც ისე ბევრია, - რონალდ რეიგანი 70 წლის იყო, როდესაც პირველად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, 74 წლისა კი ხელმეორედ აირჩიეს.
    ამრიგად, ასაკი შევარდნაძეს ხელს არ უშლის.
    სოციალური და სახელისუფლებო ქარიზმა მას, რასაკვირველია, გააჩნია; მოქმედებს ერთგვარი «ინერციის» ფაქტორიც. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ საზოგადოების მენტალიტეტს, ზოგადად ელექტორატს (ეს ერთი და იგივე არ არის - ავტ.), გადაღლილობაც ახასიათებს; ამ ფენომენის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ფაქტორი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს; მაგალითად, არავითარი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი დასავლეთში 1992 წლიდან განხორციელებული «მემარცხენე შემობრუნებისა» არ არსებობდა, - «მემარჯვენეებმა» კონსერვატიული რევოლუციის შედეგად ააყვავეს ამერიკისა და ევროპის ეკონომიკა, მაგრამ ელექტორატი ფსიქოლოგიურად გადაიღალა და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ბოლო დროს ალტერნატიულ კანდიდატებს.
    ედუარდ შევარდნაძე ამასაც უეჭველად ითვალისწინებს. ამიტომ იგი შეეცდება 2000 წლის არჩევნები იყოს არა პიროვნებათა, არამედ კონცეპტუალური არჩევანი ორ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ დოქტრინას შორის.
    რაც უფრო მოახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო აქტიურად გამოიყენებს მოქმედი პრეზიდენტი «ეროვნული მოძრაობის» შექმნილ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ დომინანტებს, მით უფრო გაემიჯნება რუსეთს და მით უფრო დაუახლოვდება დასავლეთს, რათა შესაბამისად, კონკურენტი აიძულოს საკუთარი ალტერნატივა გამოამზეუროს (წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტობაზე პრეტენზია უაზრობაა) და სწორედ იმ დომინანტებს დაუპირისპირდეს, რომლებიც დღემდე გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ქართულ პოლიტიკაში.
    ედუარდ შევარდნაძისათვის ყველაზე მეტად საშიშია შესაბამისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფასეულობებისა და ლიბერალური ორიენტაციის დისკრედიტაცია ამომრჩეველთა უმრავლესობის თვალში.
    თუ დღევანდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ ეს ფაქტობრივად, ერთადერთი საშიშროებაა, რომელიც მას ემუქრება (სამაგიეროდ, ყველაზე ანგარიშგასაწევი და სერიოზული საშიშროება);
    საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტის არჩევნები ერთი სტრატეგიის, ერთი პოლიტიკური დოქტრინის ფარგლებში ვერ ხერხდება და უახლოეს მომავალში ასეთი (ანუ «ნორმალური») არჩევნები არც ჩატარდება.
    არჩევნების დროს ქართული ელექტორატი კენჭისყრით წყვეტს ისეთ საკითხებს, რომლებიც, პრინციპში, მხოლოდ სამოქალაქო ომით წყდება, მაგრამ არა ჩვეულებრივი არჩევნებით.
    სწორედ ამიტომ, ნებისმიერი არჩევნები საქართველოში შეიცავს სამოქალაქო ომში გადაზრდის საშიშროებას. არ შეიძლება, მაგალითად, არჩევნებით წყდებოდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, სოციალურ-ეკონომიკური შინაარსი და ა.შ.

    ეს რომ ასეა, ისევ და ისევ რუსეთის უახლოესი წარსული მეტყველებს: 1992 წლის ოქტომბრის მოვლენები ანუ «მცირე სამოქალაქო ომი» სწორედ ასეთი წინააღმდეგობის გამოვლინება იყო.
    ამ თვალსაზრისით, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მიიყვანდა ქვეყანას სამოქალაქო ომის პირას, თუ იგი ერთი და იმავე პოლიტიკური დოქტრინის საფუძველზე ჩატარდებოდა, რაც პრინციპში შეუძლებელია, ვინაიდან ყველა პოლიტიკოსი, ვინც იმავე პოლიტიკურ მსოფლმხედველობას იზიარებს, ედუარდ შევარდნაძეს კონკურენციას არ უწევს და თავის «ჯერს ელოდება».
    ამრიგად, შევარდნაძისათვის საშიშია არა იმდენად კონკრეტული პიროვნება ან ფიგურა, არამედ იმ სახელმწიფოებრივი კურსის დისკრედიტაცია, რომელსაც ის და მისი გუნდი ატარებენ 1995 წლიდან.
    აი, სწორედ აქ არის უმთავრესი საშიშროება მისთვის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს შექმნილ ვითარებას: ლიბერალური რეფორმა საქართველოში კრახის წინაშე დგას. საქმე ეხება არა ტაქტიკური ხასიათის კრიზისს, არამედ საფუძველთა რყევას. პენსიებისა და ხელფასების გაუცემლობა მხოლოდ ტაქტიკური ხასიათის სირთულე არ არის; მოსახლეობის თვალში ეჭვქვეშ დგება თვით რეფორმა, როგორც ასეთი; მასთან ერთად, დისკრედიტაციისა და იმედგაცრუების ჟანგი ეკიდება «ვესტერნიზაციის იდეას».
    ამით, რასაკვირველია, შესანიშნავად ისარგებლებენ «ალტერნატიული კურსის» შემოქმედნი, რაც არავისთვის გასაკვირი და მოულოდნელი არ უნდა იყოს.
    ფუჭია იმის იმედად ყოფნა, თითქოს პრეზიდენტი თვითონ შეძლებს კურსის შეცვლას და სხვა რელსებზე გადასვლას. ეს გამორიცხულია. იგი დამარცხდება ან გაიმარჯვებს თავის გუნდთან და დღემდე გატარებულ კურსთან ერთად.
    რაც უფრო საგულისხმოა. ამჟამინდელ კურსს როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე საგარეო-პოლიტიკურ სფეროში ალტერნატივა არა აქვს!
    ევროპაში კიდევ შეიძლება ელექტორატი აკეთებდეს არჩევანს «ნაკლებად» და «მეტად» ლიბერალებს შორის; საქართველოს კი ასეთი არჩევანის საშუალება არ გააჩნია, ვინაიდან (უხეშად თუ ვიტყვით) კაპიტალისტური ფორმაცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ლიბერალური ცივილიზაციის საფუძველი არ განმტკიცებულა, ამდენად, ყოველივე შეიძლება ხუხულასავით დაინგრეს.
    სხვა გზა საქართველოს უბრალოდ არა აქვს - ან დაასრულებს ლიბერალურ რეფორმაციას, ან უიმედოდ დაბრუნდება სრულიად უპერსპექტივო და ბნელ წარსულში.
    ანუ, ყველაზე საშიშ და ძნელადგადასატან მიჯნას სწორედ ამჟამად მივადექით.
    1994-1996 წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრავალნაცად ექსპერტებს ირონიულად ეღიმებოდათ ქართველ ხელისუფალთა კვეხნაზე: «ბიუჯეტი ყოველწლიურად 30 პროცენტით იზრდება; მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 12 პროცენტია; წარმოება 11 პროცენტით მატულობს, ინფლაცია 6 პროცენტია» და ა.შ.
    მათ ძალიან კარგად უწყობდნენ, რომ ეს ზრდა დროებითი, საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი იყო, ნამდვილი გამოცდისათვის საქართველოს მაშინ უნდა გაეძლო, როდესაც რეფორმა გარკვეულ მიჯნას მიადგებოდა, როდესაც რეალურად მტკივნეული ცვლილებები შეაღწევდა საზოგადოების სოციალურ სიღრმეებში, როდესაც «საქმე მიდგებოდა» თვით ქართული სახელმწიფოს სტრუქტურულ მდგრადობაზე.
    სწორედ ამ ეტაპზე ვიმყოფებით ამჟამად: ჯერჯერობით ედუარდ შევარდნაძის გუნდი, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერ ახერხებს იმ წინააღმდეგობათა გადალახვას, რომელთაც რეფორმის გარღვევისთანავე წააწყდა.
    1997 და 1998 წლების ბიუჯეტის შეუსრულებლობა სწორედ ამის შედეგია. თუ შევარდნაძე ამას ვერ მოახერხებს, იგი უეჭველად დამარცხდება 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი დამარცხება კიდევ უფრო უეჭველი და გარდაუვალი იქნება, თუ იგი შეეცდება «კურსის შეცვლას» არჩევნებამდე (ვთქვათ) 1 წლით ადრე ან ამჟამადვე; მისი გუნდის დამარცხება კი (განურჩევლად იმისა, რამდენად სიმპათიური თუ ანტიპათიურია იგი) უეჭველად გახდება ქართული ლიბერალიზმის იდეის დამარცხებაც. პასუხისმგებლობა ამისათვის დაეკისრება საქართველოს მეორე პრეზიდენტს, რომელსაც არ ეყო პოლიტიკური ნება, გაეტეხა საბჭოური ხროვის წინააღმდეგობა და დაეძლია მისი ჩუმი საბოტაჟი.
    სწორედ ამ წინააღმდეგობის, ამ საბოტაჟის შედეგია სირთულეები გადასახადების აკრეფაში, რაც საბიუჯეტო კრიზისის უმთავრესი მიზეზი გახდა.
    ედუარდ შევარდნაძის განცხადება საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მან გააცნობიერა «სამკვდრო-სასიცოცხლო» ბრძოლაში ჩაბმის აუცილებლობა. ისიც კარგად ესმის, რომ კომპრომისებით ვერაფერს გახდება.
    ამდენად, არ არის გამორიცხული, მისი განცხადება «2000 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ» ქართული საბჭოთა ელიტის «ბართლომეს ღამის» დასაწყისი აღმოჩნდეს;
    ეს, რა თქმა უნდა, დიდი რისკია, მაგრამ სხვა გზა შევარდნაძეს უბრალოდ არ დარჩა.

7 დღე, 19 ოქტომბერი, 1998 წელი

მთელ გვერდზე