დიდი ეროვნული «შერიგება» ჯერჯერობით შეუძლებელია
   

    საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე გამოსვლაში საკმაოდ ცხადად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ «ეროვნული შერიგების» მიღწევა პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიაჩნია, თუმცა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ჯერჯერობით საპირისპიროს მეტყველებს.
    რამდენიმე «ზვიადისტის» ციხიდან განთავისუფლება და ლოთი ქობალიას სასიკვდილო განაჩენის 20 წლით პატიმრობის შეცვლა ამ შერიგების მაგალითად ნამდვილად არ ივარგებს.
    შერიგების თვალსაზრისით ხელისუფლებამ გაცილებით მეტი ქულები «მხედრიონის» დაპატიმრებით მოიპოვა. ეს ორგანიზაცია გამსახურდიას მომხრეებს დასაბამიდანვე ჭირის დღესავით სძულდათ ისევე, როგორც მისი ლიდერი.
    ერთი წლის წინ კი შევარდნაძემ მანამდე გაუგონარი განცხადება გააკეთა: «მე არ მჯერა, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობას (იგულისხმებიან ზვიადისტები - დ.ც.) სამშობლო არ უყვარს». სულ ახლახანს რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა: «ის ადამიანები თავისებურად პატრიოტები იყვნენ».
    რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდებოდა ვერც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საქართველოში დაბრუნება, რომ აღარაფერი ვთქვათ 1994 წლის ფაქტზე. როგორც ცნობილია, ქართული ელიტის უდიდესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა ზვიად გამსახურდიას გვამის გაკვეთას. მისი მომხრეები კი ამას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ. ედუარდ შევარდნაძემ მაშინ საკმაოდ ეშმაკური გადაწყვეტილება მიიღო: ნება დართო ჩეჩნებს ექსპრეზიდენტის ცხედარი გაკვეთის გარეშე გადაესვენებინათ გროზნოში და ამით შეინარჩუნა მცირე შესაძლებლობა მომავალი კომპრომისისა და შერიგებისათვის.
    თუმცა შერიგება მაინც შეუძლებელი ჩანს. «ზვიადისტების» აქტიური ნაწილი ამაზე არ წავა, ისევე, როგორც ამას არ გააკეთებენ მათი ყოფილი მოწინააღმდეგენი. რაც შეეხება «ზვიადისტთა ძირითად» მასას, იგი არ არის აქტიური და მისი განწყობის დადგენას პოლიტიკური მნიშვნელობა არც გააჩნია.
    არსებობს «მესამე ძალა», ვისაც ორივე მოპაექრე მიუღებლად მიაჩნია და მათი «შერიგების» პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს, რადგან საკუთარი პოლიტიკური კონცეფცია სურს შესთავაზოს ქვეყანას. ს
    ხვათა შორის, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, შერიგებას ან თუნდაც დაზავებას ყველაზე მეტად სწორედ ეს «მესამე ძალა» უშლის ხელს, ვინაიდან იგი ორივე დაპირისპირებული მხარისადმი შეურიგებელია.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, შერიგების პროცესი (უფრო სწორად, ის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც «შერიგება» შეიძლება მხოლოდ პირობითად ვუწოდოთ) მაინც ნელ-ნელა, ტაატით მიმდინარეობს, ოღონდ ამ პროცესის არსი საბოლოო გამოხატულებაში მდგომარეობს: შერიგების აქტი ვერ განხორციელდება, მაგრამ შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა დაპირისპირებას მოაკლდება პოლიტიკური აქტუალობა არა იმდენად მხარეთა ურთიერთსიმპათიის ან ურთიერთშენდობის, რამდენადაც მიზანშეწონილობის, ორმხრივი გაცნობიერების გამო.
    «ზვიადისტები» ვერც შეასრულებენ და არც იკისრებენ «მეხუთე კოლონის» ფუნქციას თუნდაც იმიტომ, რომ ეს მათ მიერ პროპაგანდირებულ და დამკვიდრებულ იდეოლოგემებს ეწინააღმდეგება. ამდენად, ხელისუფლებისათვის «ზვიადიზმი» სერიოზულ საშიშროებას აღარ წარმოადგენს. უფრო პირიქით – გარკვეული თვალსაზრისით იგი მისი მოკავშირეც კი შეიძლება გახდეს, თუ საგარეო პოლიტიკური ვექტორის მიმართულებამ საბოლოოდ მიიღო პროდასავლური სახე.
    ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს შერიგების აქტის განხორციელების შესაძლებლობას. ფორმალურად დაპირისპირებულ მხარეთა წინააღმდეგობა კვლავაც დაუძლეველია, ისევე, როგორც მათი ფორმალური შეუთავსებლობა. მაგრამ, ხელისუფლებას (სამოქალაქო ომში გამარჯვებულ მხარეს) ნამდვილად შეუძლია განახორციელოს ისეთი აქციები, რომელიც დაძაბულობას შეარბილებს. ამ მიზნით არ კმარა რამდენიმე წმინდა სიმბოლური მნიშვნელობის, ნაკლებეფექტური აქცია: ვთქვათ ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება, კოლხური კოშკის აღდგენა და ა.შ. აუცილებელია ორმხრივი შეცდომების გულწრფელად აღიარება (და არა პოლიტიკური ხრიკები) და გათვალისწინება იმისა, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ ნამდვილად ღირს საკუთარი თავის (ოჯახის) მსხვერპლად მიტანა.
    სხვაგვარად, საქართველოში რაიმე შერიგებაზე ლაპარაკი (ისევე, როგორც 1993 წელს) ნამდვილად ზედმეტია.

მერიდიანი, 6 თებერვალი, 1998 წ.

მთელ გვერდზე