სელეზნიოვი «მოუცილებელ სტუმრად» გვექცა
   

    რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს თავმჯდომარე უჭკუო კაცი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, იგი საკმაოდ განათლებული პიროვნებაა; მაგალითად, ცოტამ თუ იცის, რომ სელეზნიოვი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებს, შესანიშნავად იცნობს რუსულ და ევროპულ ხელოვნებას. . . . . . . . .
    მაგრამ ბოლშევიზმი, როგორც ჩანს, რუსული ინტელიგენციის ბედისწერაა, რომელსაც ვერც ერთი «ჭეშმარიტი» ინტელიგენტი ვერ გაექცევა. გენადი სელეზნიოვი სულით და გულით კომუნისტი და «დერჟავნიკია». საბჭოთა კავშირი მისთვის სამშობლო იყო, საქართველოს მიმართ კი იმავე სტერეოტიპებით არის «გამსჭვალული», როგორც ზოგადად რუსული ინტელიგენცია.
    ეუთოს კონფერენციაში სელეზნიოვის მონაწილეობა იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი ამ ღონისძიებით სერიოზულად დაინტერესდა. არაერთგზის გვითქვამს, რომ არსებობს გარკვეული კოორდინაცია რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. ხშირ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკურ სფეროში ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და ამას სრულებითაც არ უშლის ხელს უთანხმოება შიდაპოლიტიკურ საკითხებში.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სთხოვა სელეზნიოვს, უეჭველად მიეღო ქართველ პარლამენტართა მიწვევა და თბილისში გამგზავრებულიყო; თანაც სამი დღით, რაც თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა.
    სელეზნიოვის ფუნქცია (რაკი ეუთოს ბიუროს სხდომაზე კავკასიურ კონფლიქტთა პრობლემატიკა იხილებოდა) იმაში მდგომარეობდა, რომ დაეფიქსირებინა რუსეთის განსაკუთრებული მნიშვნელობა და როლი. კრემლი ცდილობს აქტიურად ითანამშრომლოს «ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან».
    ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, ნატოს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ეუთო მოქმედებს კონსენსუსის (ყველა წევრის თანხმობის) პრინციპით, ამიტომ, რუსეთისათვის უფრო ხელმისაწვდომია ყველა პროექტზე ზეგავლენის მოხდენა.
    გარდა ამისა, საქართველო ჩვენი «ჩრდილოელი მეზობლისათვის» კვლავინდებურად პრიორიტეტული ქვეყანაა. ამას თითქოს აშკარად არ ამბობენ, მაგრამ შესანიშნავად ესმით, რა მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყანას მთლიანად კავკასიაში.
    ამიტომ, მიუხედავად ორი წლის წინ პარლამენტში მოწყობილი ობსტრუქციისა, სელეზნიოვი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და მგონი წასვლას საერთოდ არ აპირებს.
    სიმბოლურია, - რუსეთი უკანასკნელი ძალით ებღაუჭება საქართველოს და კავკასიას;
    რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტს, გენადი სელეზნიოვი (ისევე, როგორც მისი ქვეყანა) სიტყვით ყოველთვის სცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რეალურად «აფხაზეთის ბერკეტი» მისთვის კვლავ აუცილებელი და შეუცვლელია.
    ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა განცხადებებს აკეთებდა გენადი სელეზნიოვი აფხაზეთის საკითხებზე საუბრისას (ეუთოს სამიტსა თუ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ). გაცილებით უფრო საინტერესოა ორმხრივ ურთიერთობათა მისეული ხედვა;
    სელეზნიოვი ცდილობს დაიცვას სახელმწიფო სათათბიროს თავხედური გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, «გოსდუმა» კვლავინდებურად არ აპირებს მოახდინოს ორ ქვეყანას შორის «მეგობრობისა და თანამშრომლობის» შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება.
    ჭეშმარიტ მიზეზს აღარც მალავენ, - «ჯერ საქართველომ დააკანონოს რუსული სამხედრო ბაზები თავის ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ «მეგობრობის» საკითხს».
    ეს მართლაც აღმაშფოთებელია! იგი ადასტურებს, რომ რუსეთი კვლავ «დერჟიმორდულად» უდგება «მოკავშირე რესპუბლიკებს». თუ მაგალითად, ფინეთში არ არის რუსული სამხედრო ბაზები, განა ეს მისცემს საფუძველს რუსეთის «გოსდუმას» ფინეთთან «მეგობრობის» წინააღმდეგ გამოვიდეს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ საქართველო კვლავინდებურად «მეორეხარისხოვან» ქვეყნად აღიქმება; თორემ გამოდის, რომ რუსეთს მხოლოდ იმ ქვეყნებთან სურს მეგობრობა, სადაც მისი სამხედრო ბაზებია განლაგებული. ვერც ერთ სხვა ქვეყანაში სელეზნიოვი ასეთი თავხედური განცხადების გაკეთებას ვერ გაბედავდა. მაგალითად, ვერ გაბედავდა აზერბაიჯანში, რომლის ტერიტორიაზე არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ იმყოფება. მაშასადამე, მოვიდა დრო, ეს საკითხი საქართველომაც განიხილოს. რუსეთის ბაზებს დესტაბილიზაციის გარდა არანაირი ფუნქცია არ აკისრია, მათი პირადი შემადგენლობა (რუსული კრიზისის შედეგად) საერთოდ უხელფასოდ დარჩა, გაღატაკდა, საბოლოოდ გალოთდა და აღარაფრის მაქნისია.
    ამიტომ ყველაზე ზუსტი და გამართლებული (ყველა თვალსაზრისით) გადაწყვეტილება იქნებოდა, პარლამენტს მიეღო დადგენილება, - სამხედრო ბაზების გატანის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რაც არ ნიშნავს რეალურად მათ დაუყოვნებლივ ლიკვიდაციას.
    ამ დადგენილების სასარგებლოდ ძალზე სერიოზული არგუმენტი არსებობს: რაკი რუსეთის სახელმწიფო სათათბირო არ აკეთებს «მეგობრობის შესახებ! დიდი ხელშეკრულების რატიფიცირებას, ამ ქვეყნის ბაზების ყოფნა საქართველოში საეჭვო ხდება. რისთვის სჭირდება ისინი რუსეთს? იმისთვის ხომ არა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი?!
    კითხვა სრულიად გამართლებულია; მით უმეტეს, რომ პასუხი ნათელია. მაგრამ აქ საუბარი გვაქვს სერიოზულ არგუმენტზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება საერთაშორისო არენაზეც გაიტანოს.
    ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც იმყოფებოდეს, ვთქვათ, ამერიკის სამხედრო კონტიგენტი (გერმანია, ფილიპინები, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) ხოლო ვაშინგტონს ამ ქვეყანასთან «მეგობრობისა და თანამშრომლობის» შესახებ განსაკუთრებული ხელშეკრულება არ ჰქონდეს გაფორმებული. რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება ამ მხრივ ჭეშმარიტად უნიკალურია. სელეზნიოვს (ვიმეორებ) მისი განათლებისა და ენების ცოდნის მიუხედავად, ამას ვერც შეაგნებინებ და ვერც შეასმენ. სელეზნიოვი საქართველოში ისე იმყოფება, როგორც აგარაკზე. ამიტომაც «დარჩა» სამი დღე.
    გენადი სელეზნიოვმა ძალიან კარგად უწყის, რომ «ბაზების» საკითხი აფხაზეთთან არის დაკავშირებული; მაგრამ აფხაზეთი (რეალურად) საქართველოსგან ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორებულად მიაჩნია.

მერიდიანი, 5 ოქტომბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე