1 ივლისიდან საქართველო საკუთარ საზღვარს დამოუკიდებლად დაიცავს
   

    მოსკოვიდან ახლახან დაბრუნებულმა საქართველოს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელმა, ვალერი ჩხეიძემ პრეზიდენტს მოახსენა, რომ რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის უფროსთან, გენერალ ბორდიუჟასთან შეხვედრისას სერიოზული წარმატებაა მიღწეული: რუსებმა სრულიად უმტკივნეულოდ აღიქვეს ქართული მხარის მოთხოვნები და მზად არიან, 1 ივლისიდან საქართველოს სასაზღვრო ჯარებს გადასცენ საზღვაო აკვატორია (როგორც ჩანს, აფხაზეთის მიმდებარე წყლების გარდა); რუსები თვით აფხაზეთიდანაც უნდა წავიდნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ახალი ომის თავიდან ასაცილებლად ახლავე არ შეეცდება აფხაზეთის ბლოკირებას.
    თუმცა, ფოთისა და ბათუმის პორტების დამოუკიდებლად გაკონტროლებაც უკვე დიდი გამარჯვებაა. ყველას გვახსოვს რუსეთის ტელევიზიის დამცინავი კომენტარი ბათუმთან უკრაინული გემის დაკავების თაობაზე. საქართველოს მაშინ უკრაინამაც «უმწეობაში» დასდო ბრალი. ამიერიდან ასეთი რამ შეუძლებელი გახდება, თუკი რუსეთის სანაპირო დაცვის სამსახური წლის ბოლომდე მთლიანად აიკრავს გუდა-ნაბადს და საქართველოს მოშორდება.
    ეს იქნება ისტორიული მოვლენა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიისათვისაც კი, ვინაიდან ფოთისა და ბათუმის პორტები ევრაზიული სატრანსპორტო კორიდორის საკვანძო პუნქტებს წარმოადგენენ.
    არ არის გამორიცხული, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დახმარება გაუწიონ საქართველოს საზღვაო ფლოტს.
    უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს შეთანხმების მეორე ნაწილს. გენერალმა ბორდიუჟამ ვალერი ჩხეიძეს განუცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები ეტაპობრივად რუსეთ-თურქეთის საზღვარსაც დატოვებენ, ხოლო სახმელეთო საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთს საქართველოს სასაზღვრო ჯართა ქვედანაყოფები გააკონტროლებენ.
    მთლიანობაში, საქართველოს საზღვრის «საკუთარი ძალებით» დაცვას საქართველო უკვე 2000 წლისათვის შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება იგი სრულფასოვანი სახელმწიფო.
    როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპაში სერიოზულად არავინ განიხილავს ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობას, რომელსაც სრულფასოვანი სახელმწიფოს ეს ძირითადი ნიშანი არ გააჩნია - ევროკავშირში წევრობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
    1991 წელს, როდესაც ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ევროპულ ქვეყნებს მიმართა თხოვნით აღიარების შესახებ, მას მკაცრად უპასუხეს: ჯერ დაგვიმტკიცეთ, რომ ქვეყნის საზღვრებს თავად აკონტროლებთო. ესტონელებმა ეს დაამტკიცეს და ბრიუსელში უკვე განიხილავენ ამ სახელმწიფოს ევროპის კავშირში გაწევრიანების საკითხს.
    სხვაგვარად საქართველოსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობაც მხოლოდ მას შემდეგ იქცევა რეალურ კოზირად, როდესაც ყველა დარწმუნდება, რომ საქმე თბილისთან უნდა იქონიონ და არა მოსკოვთან.
    სახმელეთო საზღვარი საპანიკო თემა არ არის. ქართველი მესაზღვრეები რუსებზე არანაკლებ შეძლებენ მის გაკონტროლებას. ბოლოს და ბოლოს, ამ საზღვარზე რუსეთის მხოლოდ მცირერიცხოვანი ქვედანაყოფები დგას. პოლიტიკური გარანტიები კი საქართველომ დასავლეთისაგან უნდა მიიღოს და, იმედია, მიიღებს კიდეც.

მერიდიანი, 27 მარტი, 1998 წ.

მთელ გვერდზე