დავით თევზაძის პირველი დემარში
   

    საქართველოს ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი და სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამდენიმე დღის განმავლობაში ფოთში იმყოფებოდნენ, რათა განეხილათ საზღვაო აკვატორიის დაცვის საკითხები. თავისთავად ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია. არავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ ვარდიკო ნადიბაიძესა და ვალერი ჩხეიძეს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. სასაზღვრო და თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელები ერთმანეთს არც ესაუბრებოდნენ.
    უთანხმოების მიზეზი გახდა სასაზღვრო აკვატორიის დაცვის საკითხისადმი მიდგომა. ნადიბაიძე არ ეთანხმებოდა ჩხეიძეს და არ მიაჩნდა რეალურად 1 ივლისიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებით საზღვაო აკვატორიის დაცვა. თუმცა, სასაზღვრო ჯარების სარდალი არცთუ უსაფუძვლოდ თვლის, რომ მთავარია, სახელმწიფომ თანდათან გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით. როგორც ჩანს, იგულისხმებოდა საზღვაო აკვატორიის ნაწილობრივი გაკონტროლება: ჯერ ფოთისა და ბათუმის პორტების, შემდეგ კი სოხუმის და გაგრის. პირდაპირ ეს არასდროს თქმულა, მაგრამ დამკვირვებელთა აზრით, სწორედ ასეთი გეგმა ჰქონდა ჩამოყალიბებული სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსს.
    რაც შეეხება რუს მესაზღვრეებს, აფხაზეთის აკვატორიაში ისინი გინდ ყოფილან, გინდ არა. თურქული გემები მაინც დაუბრკოლებლად შედიან სოხუმში და შეაქვთ ყველაფერი, რაც სეპარატისტებს სჭირდებათ, გარდა იარაღისა, რომელიც შეიძლება ჩრდილოეთ კავკასიაში მოხვდეს.
    რუსები იარაღს არ ატარებენ ისევე, როგორც მათთვის საზიანო ლიტერატურას ან სხვა ტვირთებს. მაშასადამე რუსი მესაზღვრეები საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თავიანთ საზღვრებს აკონტროლებდნენ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში და ჩვენთვის მათ მოქმედებას არავითარი სარგებელი არ მოჰქონდა.
    აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში იქნა მიღებული, სავსებით სამართლიანი იყო. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს საქართველო თავად გაკონტროლოს საზღვაო მონაკვეთი, მაგრამ თვით მცდელობა – სოხუმის პორტის ზღვიდან ბლოკირებისა, ნამდვილად გამართლებულია, ვინაიდან სეპარატისტთათვის ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნებოდა. საქონლის 90 პროცენტი ამჟამად აფხაზეთში სწორედ ზღვიდან შედის.
    ახალმა თავდაცვის მინისტრმა ზუსტად მიაგნო იმ საკვანძო საკითხს, რომლის გადაჭრაზეც დამოკიდებულია ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა აფხაზეთში: ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრმა პირველად სწორედ პორტი და საზღვაო აკვატორია მოინახულა, შემდეგზე მეტყველებს: საქართველოს პოზიციათა გაძლიერება ზღვაზე ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად იქნება მიჩნეული. ალბათ ეს აისახება შეიარაღებულ ძალთა მშენებლობის კურსშიც და საბიუჯეტო პოლიტიკაშიც. ჯერჯერობით სეპარატისტებს ზღვაზე გაცილებით ძლიერი პოზიციები აქვთ და აფხაზეთი საქართველოს უეჭველად დასჯაბნის (თუ ვითარება არ შეიცვალა) საზღვაო შეტაკებისას. კერძოდ, საქართველოს ნაკლები სამხედრო გემები აქვს, აფხაზეთს კი იმთავითვე მიაჩნდა ფლოტის გაძლიერება გადაუდებელ საქმედ, ამიტომ ომის დაწყებისთანავე, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოხუმიდან გაიყვანეს ყველა კატარღა, რაც კი შეიძლებოდა სამხედრო დანიშნულებისათვის გადაეკეთებინათ.
    აფხაზურ ფლოტში ძირითადად რუსი სპეციალისტები მსახურობენ. ისინი ადგილობრივ კადრებსაც ამზადებენ და საკმაოდ კვალიფიციურად აკონტროლებენ საზღვაო აკვატორიას.
    როდესაც 1995 წლის ზაფხულში, მოსკოვსა და თბილისს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რუსმა მესაზღვრეებმა სცადეს სოხუმის პორტისაკენ მიმავალი თურქული გემის ბლოკირება, აფხაზეთის «საზღვაო ძალებმა» განახორციელეს მანევრები, რომელიც, ფაქტობრივად, ომისთვის მზადებას ნიშნავდა. მაშინ შეტაკებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ არც ბევრი დააკლდა. აფხაზეთის «საგარეო საქმეთა მინისტრი» სერგეი შამბა ასე ხსნიდა სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებას: «რუსეთს აქვს უფლება საზღვარი არ ჩაკეტოს ხმელეთზე, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ მას უფლებას, აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში დააკავოს მეგობარი ქვეყნების გემები».
    დღეს სოხუმის აკვატორიის ბლოკირება ომის განახლებას ნიშნავს. ეს აფსუათათვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია, ამიტომ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევენ უკან. ნეიტრალურ წყლებში კი თურქული გემების შეჩერების უფლებას საქართველოს არავინ მისცემს - ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა.
    გამოსავალიო ერთადერთშია: ქვეყანამ უნდა შეძლოს იმდენად მძლავრი ფლოტის შექმნა, რომ სეპარატისტთა წინააღმდეგობა უაზროდ იქცეს. სხვა გზა არ არის – საქართველოს სტრატეგიული ინტერესები სწორედ ზღვაზე იკვეთება, ამიტომ სამხედრო მშენებლობის პრიორიტეტიც ფლოტია. დავით თევზაძის პირველივე ვოიაჟმა დაადასტურა, რომ იგი ამ გარემოებას კარგად აცნობიერებს.

მერიდიანი, 6 მაისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე