რიგგარეშე არჩევნების ფანტომი საპნის ბუშტივით გასკდება
   

    პოლიტიკას ურყევი კანონები აქვს. ამდენად, ნებისმიერი დემარში, მოთხოვნა ან წინადადება, რომელიც ამ კანონებს არ ითვალისწინებს, უეჭველად იქცევა აბსურდად.
    მაგალითად, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, რაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისათვის უმთავრეს თემად იქცა, სრულებით არ ითვალისწინებს ამჟამინდელ პოლიტიკურ რეალიებს
    ჯერ ერთი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მაშინ, როცა რიგით არჩევნებამდე სულ წელიწადნახევარი დარჩა, თავისთავად აბსურდია. არჩევნების მომზადებას, კანონის მიღებას, წინასაარჩევნო კამპანიას კიდევ რამდენი თვე დასჭირდება. გარდა ამისა, ნამდვილად უცნაურია ამგვარი მოთხოვნა თებერვლის მოვლენათა შემდეგ, როდესაც პოლიტიკურმა ელიტამ ძლივს დააღწია თავი უმძიმეს კრიზისს. ცხადია, ამგვარ მოთხოვნას მმართველი პარტია ნებით არ დათანხმდება, მისი იძულებისათვის კი ზეწოლის არასაპარლამენტო საშუალებები გახდება საჭირო.
    თანაც, ეს მოთხოვნა სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ოპოზიცია დარწმუნებულია გამარჯვებაში - რა თქმა უნდა, არა! უბრალოდ, ამ საკითხში (რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაში) წარმატება კიდევ ერთი რევოლუციის ფორმა იქნება, მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ: საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხში მარტო არ იქნება. სინამდვილეში, რიგგარეშე არჩევნები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არ აძლევს ხელს ბევრ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასაც. ისინი ყველაზე ხმამაღლა მოითხოვენ ამგვარ არჩევნებს, ვინაიდან ეს მოთხოვნა შესანიშნავი პოლიტიკური დემარშია, მაგრამ პარადოქსული ვითარებაც იქმნება: არჩევნებს მოითხოვს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც წარმატების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს და არ მოითხოვს ნამდვილად პერსპექტიული ოპოზიცია.
    თუ საქმე საკითხის რეალურ განხილვაზე მიდგა, მაშინვე გამოჩნდება, რომ ერთიანი ალიანსი «მოქალაქეთა» წინააღმდეგ ნაკლებსავარაუდოა. ჯერ ერთი, საპარლამენტო ოპოზიციის გარდა არსებობს არასაპარლამენტო ოპოზიციაც, რომელსაც ნამდვილად არ დაუკარგავს იმედი მიიღოს «საპარლამენტო სტატუსი» - რატომაც არა?
    გარდა ამისა, ერთიანი ალიანსი უბრალოდ შეუძლებელი იქნება ბევრი ძალისთვის და შეიძლება უბრალოდ თავი გაიმასხარავონ. მაგალითად, როგორ უნდა გაერთიანდნენ ერთიან ბლოკში ის ძალები, ვინც მთელი დღე და მოსწრება რუსეთს «ებრძოდა» და ისინი, ვინც რუსეთთან დაპირისპირებას მომაკვდინებელ ცოდვად უთვლიან ამჟამინდელ ხელისუფლებას?
    ეს წინააღმდეგობა უმალვე იჩენს თავს, როგორც კი პოლიტიკური თამაშიდან არჩევნების მოთხოვნა რეალური პოლიტიკის ჭრილში გადავა. თუმცა, ჩვენი პოლიტოკრატია განსაკუთრებული პოლიტიკური კდემამოსილებით არასოდეს გამოირჩეოდა და ყველაფრის მკადრებელი რომ არის - ბოლო ათწლეულმაც დაადასტურა.
    ძალიან დიდი ილუზიაა აგრეთვე იმის იმედად ყოფნა, თითქოს «რიგგარეშე არჩევნების» იდეას მოსახლეობა დაუჭერს მხარს და ქუჩაში გამოვა ამგვარი ლოზუნგით.
    ერთადერთი სოციალურად აქტიური ძალა ამჟამად «ზვიადისტური» ლოზუნგებით ინიღბება და წარმოუდგენელია იგი სხვა რაიმე ლოზუნგს ამოეფაროს.
    ამრიგად, «რიგგარეშე არჩევნები» არის საკმაოდ ჭკვიანური პოლიტიკური დემარში, რომლის მიზანი «რიგითი» (ჩვეულებრივი) არჩევნებისათვის მზადებაა.
    მეორე მხრივ, წინასწარ ვითარების პოლიტიკურად დაძაბვა ჩვეულებრივი ხერხია, რომელიც მრავალგზის (და მრავალგან) აპრობირებულია და ხშირ შემთხვევაში (როცა მმართველი ძალა სუსტია) საკმაოდ ეფექტურიც.

მერიდიანი, 15 აპრილი, 1998 წ.

მთელ გვერდზე