ივან რიბკინის კავკასიური ტურნე გროზნოს «ბაგაჟით»
   

    რიბკინის დანიშვნა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერად და დსთ-ს საქმეთა კურატორად ბევრ დედაქალაქში იმთავითვე ელცინის პოლიტიკურ დემარშად აღიქვეს. საქმე ის გახლავთ, რომ ივან რიბკინი მანამდე უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და ძირითადად ჩეჩნეთის საქმეებს განაგებდა. მაშასადამე, ელცინს იმის თქმა სურდა, რომ ჩეჩნეთის პრობლემა რუსეთს დსთ-ს რანგში აჰყავს, რაც იმდენად იჩქერიის რანგის ამაღლებას არ ნიშნავს, რამდენადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სტატუსის დაკნინებასა და შეურაცხყოფას.
    ივანე რიბკინის დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი რუსი დერჟიმორდა-პოლიტოლოგი კონსტანტინე ზატულინი და «რუს-სომეხა» ანდრანიკ მიგრანიანი წერდნენ: კარგი იქნება, თუ რიბკინის დიპლომატია ფუჭმეტყველებას გასცდებაო; მაშასადამე, მათ შეამჩნიეს, რომ რიბკინს აქვს ძირითადი თვისება, რაც აუცილებელია დღეს რუსული პოლიტიკისათვის პოსტსაბჭოურ სივრცეში ელცინის დოქტრინის განსახორციელებლად: იგი არ არის «დემონსტრაციულად აგრესიული» და თავისი ჭეშმარიტი ზრახვების შენიღბვაც შეუძლია.
    სწორედ ამიტომ დააწინაურა ელცინმა რიბკინი და მისთვის ყველაზე მტკივნეული, იმავდროულად, მნიშვნელოვანი სფერო ჩააბარა - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა.
    რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ რიბკინის კავკასიური ტურნე ერევნით დაიწყო. საკვირველი ის იქნებოდა, იგი სხვაგვარად მოქცეულიყო: რობერტ კოჩარიანის სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე და უკანასკნელი გეოპოლიტიკური კოზირია «საუკუნის პროექტის» ჩასაშლელად. დროც ისეთნაირად იყო შერჩეული, ვერ შეედავებოდი, ვინაიდან სწორედ იმ დღეს, ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრეზიდენტ კოჩარიანის პრეზენტაცია ანუ ინაუგურაცია მიმდინარეობდა. ]
    ამ ცერემონიაზე, სხვათა შორის, ზოგი ისეთი განცხადებაც გაკეთდა, რომლის შესაბამისად საქართველო და აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში კარგს არაფერს უნდა ელოდონ.
    რაც შეეხება თბილისში სტუმრობას, ივან რიბკინმა ჩვენს დედაქალაქში ღამის გათევა არ ისურვა, რაც დიპლომატიის ენაზე გარკვეული სიმბოლური ჟესტია.
    მოლაპარაკებები კი, ძირითადად, დსთ-ს მომავალ სამიტს შეეხო, რომელიც კრემლში აპრილის ბოლოს (სავარაუდოდ 29 რიცხვში) უნდა გაიმართოს. ივან რიბკინის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად მწვავედ სვამს აფხაზეთის საკითხს; ამიტომ მისი აზრით, სამშვიდობო ძალების მანდატი უნდა გაგრძელდეს ან უნდა შეიცვალოს.
    «შეცვლაში» კი იგულისხმება მშვიდობისმყოფელთათვის საპოლიციო ფუნქციების მინიჭება ქართველი ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
    ივან რიბკინმა არ შეიძლება არ იცოდეს, რომ მისი განცხადება სოხუმში მწვავე რეაქციას გამოიწვევს, ვინაიდან «მანდატის შეცვლის» თუნდაც ხსენება უეჭველად გულისხმობს არძინბასა და მისი ხროვის შეხედულებათა იგნორირებას.
    მაგრამ რიბკინი თავად იყო სულ ცოტა ხნის წინ ჩაფლული ჩეჩნეთის საქმეებში, ამიტომ კარგად იცნობს სეპარატიზმის ტექნოლოგიას. მან ისიც შესანიშნავად უწყის, რომ საკმარისია ოდნავი პროგრესი აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უმალვე დათბება.
    აფსუეთში ამგვარი პერსპექტივისა ძალიან ეშინიათ, ამიტომ რიბკინის ვოიაჟსაც ეჭვის თვალით უყურებენ. რიბკინი დაეთანხმა ედუარდ შევარდნაძის წინადადებას, რომ სამიტის გადაწყვეტილება აფხაზეთის თაობაზე წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ყველა ქვეყნის ლიდერთან და საამისოდ უპრიანია გამოკითხვის ჩატარება.
    ოღონდ, აქ უკვე იგრძნობა წინააღმდეგობა რიბკინსა და არამზადა პრიმაკოვს შორის, რომელიც საქართველოს მოსისხლე მტერი ხდება.
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა: «გადაწყვეტილება აფხაზეთის თაობაზე, თუ მას მოსკოვის სამიტი მიიღებს, მთელი თანამეგობრობის აზრს უნდა გამოხატავდეს და არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძისას».
    ბუნებრივია, ალექსანდრე ლუკაშენკო («ბელორუსი ხალხის სახელით») წინააღმდეგი იქნება დსთ-ს ქცევისა სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. ელცინმა თვალთმაქცურად შეიძლება მხარიც დაგვიჭიროს, მაგრამ ესეც სპექტაკლად ჩაითვლება და არც თუ უსაფუძვლოდ. რიბკინს კი გადამწყვეტი ხმის უფლება რუსეთის ისტებლიშმენტში საქართველოს თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ნამდვილად არა აქვს. მის დანიშვნამდე დსთ-ს საქმეებს ვიცე-პრემიერი სეროვი ზედამხედველობდა. იგი მას შემდეგ გააპანღურეს თანამდებობიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებას შეუთანხმდა «საზღვრის» ღალიძგამდე გადაწვის თაობაზე.
    რუსეთში არსებული «გრუზინოფობიის» დამოკლეს მახვილი რიბკინის თავზეც ჰკიდია; თუმცა, მისი შესაძლებლობები მაინც უფრო ფართოა, ვიდრე სეროვისა.
    სხვათა შორის, რიბკინი 1993 წლის 4-5 ოქტომბერს, როდესაც ელცინი თეთრ სახლს ბომბავდა, ბოლომდე რუცკოისა და ხაზბულატოვის გვერდით იყო; ამდენად რუს მემარცხენეებთანაც ახლოსაა და მათი ნდობითაც სარგებლობს.

მერიდიანი, 13 აპრილი, 1998 წ.

მთელ გვერდზე