მთავრობის ეკონომიკური ბლოკი დაშლის პირასაა
   

    ყველაზე მთავარი შენიშვნა, რომელიც საქართველოს დელეგაციამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული მოლაპარაკებების დროს მიიღო, «ერთიანი გუნდის» არარსებობისათვის გამოთქმული საყვედური იყო.
    ფონდის ექსპერტები ჯერ ზაფხულში ჩიოდნენ, რომ მათთვის გაუგებარია, ვინ ახორციელებდა ეკონომიკურ რეფორმებს საქართველოში, ვინ არის პასუხისმგებელი, ანუ ის სუბიექტი, რომელთანაც მათ საქმე უნდა ჰქონდეთ.
    პასუხისმგებელი სუბიექტი დღემდე ვერ აღმოაჩინეს, ამიტომ სრულიად უაზროდ და უნაყოფოდ დარბოდნენ სახელმწიფო კანცელარიიდან – პარლამენტში; პარლამენტიდან - ფინანსთა სამინისტროში.
    როგორც ჩანს, ამგვარი მდგომარეობა ვაშინგტონში მოყირჭდათ და ვაჟა ლორთქიფანიძეს ერთმნიშვნელოვნად მოსთხოვეს: გაარკვიეთ, ვინ არის ლიბერალურ რეფორმებზე თქვენთან პასუხისმგებელიო.
    იმთავითვე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ მომენტს მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს სავალუტო ფონდის ტექნოლოგიას, მის პოლიტიკურ მეთოდს შეესაბამება.
    შემთხვევითი არ არის, რომ ფონდი ყველა ქვეყანაში ეძებს სწორედ ასეთ პიროვნებას. რუსეთში «რეფორმათა მამად» ანატოლი ჩუბაისი იქცა, ამიტომაც, ელცინი იძულებული გახდა იგი არაერთხელ დაებრუნებინა თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მოთხოვნით, კაბინეტიდან გააგდო.
    საქართველოს პრეზიდენტსაც მობეზრდა გაუთავებელი დავა რეფორმატორთა სხვადასხვა ცენტრს შორის. ყოველ შემთხვევაში, იგი არ დაუშვებს, რომ საქართველოსადმი სავალუტო ფონდის დახმარების პროგრამა სწორედ ასეთი უთანხმოების გამო ჩაიშალოს, არადა, ეს სრულიად რეალურია.
    «ვაშინგტონის ულტიმატუმი», რომელიც სახელმწიფო მინისტრს ჩააბარეს, უეჭველად გულისხმობს კონკრეტული პასუხისმგებელი სუბიექტის გარკვევას და არა მხოლოდ გადასახადების ამოღების უზრუნველყოფას. სავალუტო ფონდმა ამას ვერა და ვერ მიაღწია. გაზაფხულზე გამართული მოლაპარაკება სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა და შემდგომ 40 მილიონიანი ტრანშის მისაღებად სერიოზული ძალისხმევა გახდა საჭირო.
    გარდა ამისა, სავალუტო ფონდისათვის გაუგებარია, როგორ შეიძლება პრეზიდენტის ეკონომიკური სამსახური და ფინანსთა სამინისტრო შეუთანხმებლად მოქმედებდეს ისეთ საკითხში, როგორიცაა თუნდაც საგადასახადო პოლიტიკა?!
    ფინანსთა მინისტრს ცნობილმა განცხადებამ მთავრობის სხდომაზე «საგადასახადო ამნისტიის» შესახებ, - უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელ ქვეყანაში და სერიოზული ზეგავლენა მოახდინა გადასახადების ამოღების დონეზე, - სწორედ მაშინ იწყო გადასახადების ოდენობამ შემცირება.
    როგორც შემდგომ გაირკვა, «ამნისტიის» შესახებ არავინ არაფერი იცოდა, - არც პარლამენტში, არც სახელმწიფო კანცელარიაში, უფრო მეტიც, - აღმოჩნდა, რომ ეს ორი სუბიექტი (პარლამენტისა და პრეზიდენტის ეკონომიკური სამსახური) არათუ მხარს უჭერენ «ამნისტიას», არამედ კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ელემენტარული (სრულიად ლოგიკური) მიზეზით: ნებისმიერი ამნისტია იმ ქვეყანაში, სადაც საგადასახადო კულტურა არ არის ჩამოყალიბებული, უეჭველად ქმნის დამანგრეველ პრეცედენტს, ვინაიდან ჩნდება იმედი, რომ ამნისტიათა წყება კვლავაც გაგრძელდება.
    გარდა ამისა, ყველა, ვინც პატიოსნად იხდიდა გადასახადს - იდიოტი ყოფილა! ჭკვიანი ყოფილა მხოლოდ ის, ვინც გადასახადი დამალა და «ამნისტიამაც უწია».
    ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება.
    ეს საკმოად ნათელ სურათს ქმნის, თუ როგორ ხორციელდება ჩვენთან ხოტბაშესხმული «ლიბერალური რეფორმა». მას კონკრეტული პასუხისმგებელი სუბიექტიც კი არ ჰყავს!
    ბუნებრივია, მმართველი პარტია (მოქალაქეთა კავშირი) უეჭველად შეეცდებოდა «რეფორმატორი» სწორედ საკუთარ შემადგენლობაში მოეძიებინა. სწორედ ამ ნიადაგზე წარმოიშვა ერთგვარი უთანხმოება «მოქალაქეებსა» და «ქართული რეფორმაციის მამად» სახელდებულ თემურ ბასილიას შორის, მაგრამ მიშა ჭკუასელმა (ჟვანიას გუნდს მისი დიდი იმედი ჰქონდა), იმდენი შეცდომა დაუშვა (თუნდაც მხოლოდ «ამნისტია» რად ღირს), რომ მნიშვნელოვნად გააძლიერა თემურ ბასილიას პოზიციები და, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ზემოთხსენებული პასუხისმგებლობა ექსკლუზიურად სწორედ მას დააკისროს.
    ყოველ შემთხვევაში, ამის ძალზე სერიოზული შანსი არსებობს.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდი პირდაპირ, აშკარად არასდროს ჩაერევა ამა თუ იმ ქვეყნის საშინაო საქმეებში, მაგრამ საკმარისად დახვეწილი ტექნოლოგია გააჩნია იმისთვის, რომ პრეზიდენტი და სახელმწიფოს მინისტრი მიახვედროს, რა სურს სინამდვილეში.
    მიშელ კამდესიუსათვის სულ ერთია, თემურ ბასილია იქნება «მთავარი რეფორმატორი», მიშა ჭკუასელი თუ ლადო პაპავა, მაგრამ (ვიმეორებ) მას უეჭველად ესაჭიროება კონკრეტული სუბიექტის გარკვევა, რომელთანაც განაგრძობს მოლაპარაკებას, მიაღწევს «ჯენტლმენურ» თუ იურიდიულად გაფორმებულ შეთანხმებებს.
    გაურკვევლობა, ანარქია, ქაოსი, ურთიერთდაპირისპირება რეფორმატორთა გუნდში მიუღებელია ფონდისათვის, ვინაიდან დამატებით პრობლემებს უქმნის: ასეთ საკითხებზე კი ფონდის ექსპერტები არ უნდა სცდებოდნენ - მათი ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმათა განხორციელების ტაქტიკა უნდა იყოს.
    ვაჟა ლორთქიფანიძე ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი სახელმწიფო მინისტრია, - ფონდში მას საერთოდ არ იცნობენ და უფრო იმ ხალხს ენდობიან, ვისთანაც განვლილი წლების განმავლობაში ასე თუ ისე, ურთიერთობა ჰქონდათ.
    ისიც უნდა ითქვას, რომ რაოდენ კარგი სპეციალისტიც არ უნდა იყოს ლადო პაპავა, იგი რეალურად ვერ იყენებს იმ ბერკეტებს, რასაც თანამდებობრივად ფლობს.
    ამგვარად, თემურ ბასილიას პოზიციების გაძლიერება უბრალოდ გარდაუვალი ხდება და ამის უმთავრესი მიზეზია ის გარემოება (უკვე თვალსაჩინო გარემოება), რომ «მოქალაქეთა კავშირმა», დავით იაკობიძის გაძევების შემდეგ, ვერ შეძლო ძლიერი ფინანსთა მინისტრის მოძებნა.
    სერიოზული ტაქტიკური შეცდომა იყო ნოდარ ჯავახიშვილისადმი შეურიგებელი დამოკიდებულება. ეს უკანასკნელი «აუტანელ პიროვნებად» კი ითვლებოდა, მაგრამ ბრწყინვალე მინისტრი იქნებოდა - სწორედ იმიტომ, რომ «აუტანელი იყო».
    თუმცა, ახლა ეს გამორიცხულია; ამდენად, «მოქალაქეთა კავშირის», როგორ მმართველი პარტიის მომავალი დამოკიდებულია უკვე იმაზე, შეძლებს თუ არა იგი ძლიერი, კომპეტენტური ფინანსთა მინისტრის მოძებნას, რომელიც, იმავდროულად, ლოიალურიც იქნება.
    სხვა შემთხვევაში, თემურ ბასილიას პოზიციათა შერყევა შეუძლებელი აღმოჩნდება.
    თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: «მოქალაქეებმა» ბასილიასთან დაახლოება და დაკავშირება სცადონ; არც ეს ვარიანტია გამორიცხული, ვინაიდან ბასილია, რომელსაც, როგორც ჩანს, ვაშინგტონში «საჭირო ფიგურად» მიიჩნევენ, - ჯერჯერობით «უპარტიოა».

მერიდიანი, 16 ოქტომბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე