31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველია.
   

    1991 წლის 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ჩაატარა რეფერენდუმი - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. ეს იყო უმნიშვნელოვანესი აქცია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და მათგან 98 პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა
    რეფერენდუმის კითხვა ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: «თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?»
    რეფერენდუმის შედეგები მოსკოვისათვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა რუსულმა მასმედიამ მაინც შხამიანი კომენტარი გააკეთა: რეფერნდუმის დადებითი შედეგი 1 აპრილს გახდაო ცნობილი. 1 აპრილი კი ხუმრობისა და სასაცილო ტყუილების დღეა.
    თუმცა, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ რეფერენდუმის შედეგები გაყალბებული არ ყოფილა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მართლაც მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას.
    რაც მთავარია, ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.
    კენჭისყრის შედეგები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის თვალსაზრისით, არამედ ისინი ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც.
    მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - ქვეყანამ დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ 31 მარტის რეფერენდუმი მაინც მტკიცე იურიდიულ არგუმენტად რჩება ტერიტორიების დასაბრუნებლად, ვინაიდან შემდგომდროინდელ მოვლენები ეთნიკური წმენდის შედეგი იყო და არა მოსახლეობის ნების შეცვლისა.
    ამდენად, არ არის შემთხვევითი და სავსებით გამართლებულიცაა, რომ 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს კონსტიტუციაშიც ფიგურირებს. კერძოდ, კონსტიტუციის პირველი თავის პირველი მუხლის პირველივე პუნქტი ნათელყოფს: «საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით».
    ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში იქნება ბათილი და აგრესიის გამომხატველი. თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალიებს.
    რეფერენდუმი გამოხატავდა არა ქართველი ერის (როგორც აფსუა სეპარატისტებს სურთ წარმოადგინონ), არამედ საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ნებას. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხთა წარმომადგენლებიც. საბედნიეროდ, 31 მარტის რეფერენდუმამდე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ძირითად საკითხში შეთანხმებულად მოქმედებენ.
    იმ დღეს «მხედრიონის» ნარჩენებმაც კი შეანელეს აქტიურობა. თუ დღევანდელ ხელისუფლებას მართლაც სურს გადადგას ნაბიჯი შერიგებისაკენ და საზოგადოების ნამდვილი გამთლიანებისაკენ, 31 მარტს ღირსეული პატივი უნდა მიაგოს და ეს თარიღი განსაკუთრებულადაც უნდა აღინიშნებოდეს.
    ამჟამინდელი პრეზიდენტი ვალდებულია, თქვას სიმართლე: 31 მარტი იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა.

მერიდიანი, 1 აპრილი, 1998 წ.

მთელ გვერდზე