უკრაინა «ევრაზიული დერეფნის» პროექტში ერთვება
   

    უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვალერი პუსტოვოიტენკომ ვაჟა ლორთქიფანიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძე მას «დაჟინებით იწვევდა საქართველოში».
    თუმცა, მოლაპარაკებათა შინაარსი ცხადყოფს: უკრაინის პრემიერი მხოლოდ ამ «დაჟინების» გამო არ ჩამოსულა საქართველოში, - მას სავსებით კონკრეტული, მატერიალური და პრაგმატული ინტერესი ჰქონდა
    უპირველეს ყოვლისა, ესაა «ნავთოპროექტში» მონაწილეობა, - «მცირე ნავთობის» სუფსიდან უკრაინის პორტებისაკენ ტრანსპორტირება. რაც, რასაკვირველია, ზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და არ არის გამორიცხული, სუფსისკენ არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ კასპიის «მეორე ნაპირის» ნავთობიც დაიძრას დიდი ოდენობით.
    კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უკრაინა აქტიურად ერთვება გეოპოლიტიკურ თამაშში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეთა გარშემო. პუსტოვოიტენკოს თქმით, მისი ქვეყნისათვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირება არა ჯეიჰანის მიმართულებით, არამედ იმავე სუფსიდან - ტანკერებით. მაშასადამე, უკრაინა მხარს უჭერს არა ბაქო-ჯეიჰანის, არამედ ბაქო-სუფსის «დიდ ნავთობსადენის» მშენებლობას, რადგან კიევში შესანიშნავად უწყიან: თურქეთი არ გაატარებს «დიდი ნავთობს» ბოსფორის სრუტეში, ანუ ნახევარი მილიარდი ტონა «შავი ოქრო» გადანაწილდება რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის პორტებზე; უკრაინა უაღრესად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან განსხვავებით სხვა შავიზღვისპირა ქვეყნებისაგან, მას არა მხოლოდ მძლავრი ნავთობტერმინალები აქვს, არამედ ყოველწლიურად 200 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების საშუალებაც. და, რაც მთავარია, აქვს ნავთობსადენი «დრუჟბა», რომლითაც შესაძლებელია უკრაინიდან «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირება დასავლეთ ევროპაში. თანაც, ევროპის მდინარეებისათვის (უპირველესად დუნაისათვის) ეკოლოგიური საფრთხის გარეშე, რაც მეტად აქტუალური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირებისათვის ერთადერთ მარშრუტად ჩაითვლებოდა დუნაის სანაოსნო.
    აქედან გამომდინარე, საქართველოსა და უკრაინას აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პირობები უკარნახონ ნავთობის კონსორციუმს და თვით აზერბაიჯანს, რომელსაც სხვა გზა უბრალოდ არა აქვს.
    მაგალითად, შესაძლებელია საქართველომ უარი თქვას ნავთობსადენის გატარებაზე ჯეიჰანის მიმართულებით, მოითხოვოს სუფსას გამოყენება და «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირება უკრაინისაკენ. სანაცვლოდ კი უკრაინისაგან მიიღოს სამხედრო დახმარება - იარაღი, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. მით უმეტეს, რომ ეს ყოველივე უკრაინას თავზე საყრელი აქვს და არც იცის სად წაიღოს.
    პუსტოვოიტენკოს განცხადებით, თუ საქართველო ფულს გადაიხდის, უკრაინა მზადაა ჩვენს ქვეყანას დაუმზადოს არათუ სანაპირო დაცვის კატარღები, თუნდაც ავიამზიდები - სათანადო გემთსაშენი სიმძლავრეები უკრაინას დარჩა საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისაგან: ქერჩში, ხერსონში, ფეოდსოიაში და თვით კიევშიც; ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია; მაგრამ საქართველოს ფული არ ჰყოფნის არათუ სამხედრო ტექნიკის შესაძენად, არამედ ხელფასების, პენსიების დასარიგებლად და ჯარისკაცების გამოსაკვებად. თუმცა, უკრაინამ ამ თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია, - კერძოდ, გამოუყო საქართველოს რამდენიმე სამხედრო კატარღა; მიმდინარეობს მოლაპარკება ზოგიერთი სახის სამხედრო ტექნიკის შეღავათიან ფასებში შესაძენად. უკრაინა სულაც არ იყურება რუსეთისაკენ და არც აინტერესებს, ყოველივე ეს მოსკოვში რა რეაქციას გამოიწვევს. რამდენიმე წლის წინ ამგვარი პოზიცია წარმოუდგენელი იყო, მაგრამ რუსეთი განუხრელად კარგავს გავლენას პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები» რეალურად დამოუკიდებელნი ხდებიან, ხოლო დსთ-ს ფარგლებში არათუ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ინტეგრაციაც მათთვის არანაირ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. ვალერი პუსტოვოიტენკო (მისი სახით კი უკრაინის ელიტა) კატეგორიულად წინააღმდეგია «თანამეგობრობის» ფარგლებში რაიმე «ზესახელმწფიოებრივი» სტრუქტურის შექმნისა, როგორც ამას უკვე მეხუთე წელია განწირული რუსეთი დაჟინებით მოითხოვს. ამ საკითხში უკრაინასა და საქართველოს პოზიციები მთლიანად დაემთხვა. პუსტოვოიტენკოს თქმით, მას მრავალჯერ მიუღია მონაწილეობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობის მეთაურთა სხდომაში, მაგრამ ეს განხილვები, მისი აზრით, სრულიად უმაქნისი და უაზროა. ამაზე რადიკალურ განცხადებას ირაკლი წერეთელიც ვერ გააკეთებდა, მაგრამ იქ ისევ და ისევ ელემენტარული პრაგმატიზმი მჟღავნდება: უკრაინა, რასაკვირველია, არ იტყოდა უარს ესარგებლა რუსეთთან და სხვა ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებთან» ეკონომიკური თანამშრომლობის სიკეთით, მაგრამ რუსეთს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი პოზიცია აქვს: ნებისმიერი თანამშრომლობა უნდა პასუხობდეს რუსეთის ინტერესებს. ყველაზე ზუსტად რუსეთის დამოკიდებულება ინტეგრაციის პრობლემისადმი ჩამოაყალიბა რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ნემცოვმა: «რუსეთი არ აპირებს ზიანი მიაყენოს საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს დსთ-ს ქვეყნებთან ინტეგრაციის გაღრმავების სანაცვლოდ». რასაკვირველია, ნემცოვს ეს არ უნდა ეთქვა. მან უნებლიედ რუსული ისტებლიშმენტის «გულისნადები გათქვა» და გაამჟღავნა მოსკოვის სტრატეგია: რუსეთი უარს არ იტყოდა ინტეგრაციაზე, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს მისთვის ეკონომიკურად სასარგებლო იქნებოდა. ასეთი ფორმულა ვერაფრით ვერ ჯდება ჩვენი საცოდავი «რუსეთუმეების» კონცეფციაში, რომლის თანახმად, რუსეთი მზად არის არჩინოს საქართველო და სხვა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები» იმ პირობით, თუ ისინი ინტეგრაციაზე «წავლენ» - არავითარ შემთხვევაში! რუსეთს სურს ინტეგრაციის სიკეთე ეკონომიკურ სარგებლიანობას შეუთავსოს, სწორედ ამ ფორმულით ხელმძღვანელობდა ბორის ბერეზოვსკი, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე პრეზიდენტებს «ტრანსნაციონალური» კორპორაციების შექმნას სთავაზობდა. რასაკვირველია, ცენტრით მოსკოვში.
    ვალერი პუსტოვოიტენკომ თბილისში ყოფნისას არც აფხაზეთის თემას აუარა გვერდი. უფრო ზუსტად, ქართველმა ჟურნალისტებმა არ მისცეს საშუალება, ამ თემისათვის გვერდი აევლო, ,რაც ბუნებრივია, ვინაიდან უკრაინა ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, საეჭვო აქტიურობას ამჟღავნებს აფხაზეთში, - ეს თითქოსდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, უკრაინელი დიპლომატები სოხუმში ერთობ გამაღიზიანებელ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის თქმით, «უკრაინა არ დაუშვებს, რომ აფხაზეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთან კარგი ურთიერთობის მძევლად იქცეს», ანუ იგივე შეიძლება ნაკლებ დიპლომატიურადაც ითქვას: «აფხაზეთთან ურთიერთობებს გავაღრმავებთ იმის მიუხედავად, მოეწონება ეს საქართველოს თუ არა». უკრაინელი დიპლომატები ამ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეცდომებით სარგებლობენ. სწორედ ჩვენი საგარეო უწყების ნებართვით ჩადიან ისინი სოხუმში, ვითომდა იმ მიზნით, რომ «სამშვიდობო პროცესში» ჩაერთონ. სინამდვილეში, მოლაპარაკებას მართავენ მათთვის საინტერესო საკითხებზე, - უკრაინაის უძრავ ქონებაზე აფხაზეშთი, ცოტა რუსების გატანაზე და ა.შ. პრეტენზიას მათ ამის გამო ვერ წავუყენებთ, განა ჩვენ თვითონ არ მივეცით ჩასვლის უფლება (ფორმალურად)? ვერა და ვერ ვისწავლეთ ჭკუა. ნებისმიერ ასეთ კონტაქტს, ნებისმიერ საბაბით სეპარატისტები იყენებენ საკუთარი პოზიციებისგასამტკიცებლად. ჩვენ თავადრ ომ არ «ჩამოგვეხია კალთები» უკრაინელი დიპლომატებისათივს, ისინი თავისი ინიციატივით აფხაზეთში არ ჩავიდოდნენ და ვერც სათანადო შესაძლებლობებს გ ამოიყენებდნენ. ვალერი პუსტოვოიტენკომ ერთმნიშვნელოვნად არ დააფიქსირა პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყოველ შემთხვევაში, საკმოად ცივად ისაუბრა ამ თემაზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ერთი რამ უნდა გავიგოთ: არც ერთი ქვეყანა არ ცდილობს მტრები გაიმრავლოს, ჩვენ გამო აფსუა სეპარატისტებს ომს არავინ გამოუცხადებს (მით უმეტეს, ჩვენს ნაცვლად), მაგრამ არც მათ «გადასარჩენად» მოიკლავს ვინმე თავ,ს თუ ჩვენ თავად არ გვექნება საშუალება ძალით დავიბრუნოთ დაკარგული.
   

 მერიდიანი, 9 დეკემბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე