დამოუკიდებელი პრესა სახელმწიფოებრიობის დასაყრდენია
   

    ეს ბანალური ჭეშმარიტება ვერა და ვერ შევიდა ზოგიერთი გონებაშეზღუდული «აქტივისტისა» და ჩინოვნიკის ტვინში. დამოუკიდებელმა პრესამ დილიდან საღამომდე რომც ლანძღოს ხელისუფლება, მხოლოდ კრიტიკულ-განმაქიქებელი სტატიები ბეჭდოს, ობიექტურად მაინც (ამ თუ იმ ჟურნალისტის სურვილის მიუხედავად) ხელისუფლების სტაბილურობას უზრუნველყოფს, ვინაიდან უზრუნველყოფს სტაბილურობას საკუთრივ ქვეყანაში
    . სხვა საქმეა, თუ პრესა მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისაკენ. მაგრამ აქ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: შეიძლება, გაზეთი ან ტელეკომპანია ატარებდეს ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ საინფორმაციო პოლიტიკას, მოსახლეობას მოუწოდებდეს ხელისუფლების დამხობისაკენ. ბეჭდავდეს ანალოგიური შინაარსის კორესპონდენციებს - ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ნამდვილად ექნება საფუძველი. შესაბამისი ზომები მიიღოს გაზეთის ან მასმედიის შესაბამისი ორგანოს წინააღმდეგ, ოღონდ კანონის სრული დაცვით.
    მეორეა, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი, პარტიის ლიდერი თუ მოღვაწე გამოდის პრესის ფურცლებზე ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებით. ამ შემთხვევაში სამართალდამცავთა «ფხიზელი თვალი», საკუთრივ პრესისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული და მასმედიას კი არ უნდა დაატყდეს თავს მათი რისხვა, არამედ თვით იმ პიროვნებას, ვინც ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებს.
    პრესას კი ხელისუფლებისაგან მხოლოდ მადლობა ეთქმის იმისათვის, რომ მისი ნააზრევი გამოაქვეყნა. ბოლოს და ბოლოს, მასმედია რა შუაშია, თუ ვინმე ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებს ან ცილისწამებას «აფრქვევს»? ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შნო და უნარი, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ამის შნო არა აქვს და ვიღაც-ვიღაცეებს ვერაფერს უბედავს (დაძაბულობის ესკალაციას ერიდება), მაშინ პრესა რა, «დაბალი ღობე ნახა?»
    მასმედიის «დაჩაგვრის» მცდელობა, მცდელობა იმისა, რომ სწორედ პრესა დასაჯოს სამაგალითოდ სხვათა დასაშინებლად, ხელისუფლებისათვის ძალიან ცუდად დამთავრდება. გაზეთები, ტელეკომპანიები, საინფორმაციო სააგენტოები ამისთვის არსებობს, რათა ინფორმაცია მოსახლეობამდე მიიტანოს.
    ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ მოსახლეობა რეგვენია და ვერ მიხვდება, ვის რა ამოძრავებს და ვინ ვინ არის. მშვენივრად მიხვდება, ამიტომ გაზეთში დაბეჭდილი ინტერვიუთი ან ტელევიზიის მეშვეობით გაკეთებული პროვოკაციული განცხადებებით მას ვერავინ შეაცდენს და მწყობრიდან ვერ გამოიყვანს. პრესის გაჩუმება კი ხელისუფლებას ვეღარაფერს უშველის. პირიქით, - მასმედია ყოველთვის იძლევა «გადადუღებული ქვაბიდან» ორთქლის გამოშვების საშუალებას. ამრიგად, ხელისუფლება პრესას იქით უნდა ეხმარებოდეს და ყოველმხრივ უწყობდეს ხელს - არათუ ემუქრებოდეს და ატერორებდეს.
    დღევანდელ ხელისუფლებაში ძალიან ცოტას თუ ესმის (თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ნამდვილად ხვდებიან ამ ჭეშმარიტებას), რომ ურყევი იქნება მხოლოდ იმ ხელისუფლების პოზიცია, რომელიც შეძლებს პრესის, მასმედიის, ჟურნალისტთა ქცევას საზოგადოებრივი ელიტის, საზოგადოებრივი ისტებლიშმენტის ნაწილად.
    და პირიქით, - ხელისუფლება, რომელიც ჟურნალისტთა სტატუსს არ აღიარებს, არ ცნობს მასმედიას «მეოთხე ხელისუფლებად» შესაბამისი უფლებამოსილებით, დასაღუპავადაა განწირული! ჭკუათმყოფელი ხელისუფლება მასმედიის თავისუფლებას თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს, ვინაიდან როგორც არ უნდა ლანძღავდეს მას პრესა, თუ იგი თავისუფალია, როდესაც «საქმე-საქმეზე» მიდგება, პრესა მაინც იმ ხელისუფლების მხარეს დადგება, რომელიც მას ხელს არ უშლიდა და თავისუფლად ფუნქციონირების საშუალებას აძლევდა.
    ამგვარი მიდგომის ალტერნატივა არ არსებობს - ყოველ შემთხვევაში, გონიერი ალტერნატივა, თორემ «პრესის დახურვა» მხოლოდ ერთი შეხედვითაა ადვილი - შედეგი კი ნებისმიერ შემთხვევაში უმძიმესი იქნება (თვით ხელისუფლებისათვის). ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მავანი შეგნებულად ცდილობს მასმედიის გაღიზიანებას. ასეა თუ ისე, ტოტალიტარული აზროვნება საქართველოში აღარ დაბრუნდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ვერავინ შეძლებს, სამოქალაქო საზოგადოების კვლავ ანტიდემოკრატიულ ჭაობში ჩაძირვა ვეღარ მოხერხდება. «სამართალდამცავ ორგანოებს» კი ის ურჩევნიათ, პრესასთან ომს თავი დაანებონ და თავიანთ საქმეს მიხედონ.

მერიდიანი, 10 აგვისტო, 1998 წელი

მთელ გვერდზე