პრეზიდენტი აბობოქრდა
   

    ტრადიციული რადიოინტერვიუები საშუალებას აძლევს ედუარდ შევარდნაძეს სწრაფი რეაგირება მოახდინოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, აგრეთვე პოლიტიკურ პრობლემებზეც, რომლებიც ხანგამოშვებით იქმნება ამა თუ იმ სფეროში; ზოგჯერ ეს ინტერვიუები განცხადებებისა და დემარშის სახეს იძენს, როდესაც პრეზიდენტი აშკარად აფრთხილებს მოწინააღმდეგეებს - შეწყვიტონ «ზღვარგადასული აქტიურობა».
    ასე რომ, შევარდნაძის რადიოინტერვიუები კარგა ხანია გასცდა კომუნისტური ეპოქის დროინდელი «სელექტორული თათბირის» ჩარჩოებს და მართლაც შეიძინა გარკვეული პოლიტიკური ფუნქცია.
    ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივი იყო უკანასკნელი რადიოინტერვიუ. შევარდნაძემ აღნიშნა: «თუ არ შეწყდება შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და საზიზღარი ინსინუაციების ნიაღვარი, მეც იძულებული ვიქნები ვთქვა სათქმელი. სახელმწიფომ (ხელისუფლებამ) ყველაფერი იცის, - ვინ რომელ ბანკში რა თანხა შეიტანა, რამდენი გამოიტანა, ვის დაურიგა. საერთოდ, უფასოდ არაფერი კეთდება».
    დავაკვირდეთ ამ ფრაზას, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აქ, უპირველესად, 9 თებერვლის ტერაქტზეა საუბარი. საქართველოს უშიშროების სამინისტროს, როგორც ჩანს, ზუსტი ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე თუ როგორ და საიდან ფინანსდებიან სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებები (მათ შორის, ე.წ. «ზვიადისტები»), რომლებიც დესტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებენ. მაგრამ ეს კიდევ არაფერი - პრეზიდენტი ზემოთმოყვანილი ფრაზით გულისხმობდა, რომ მას აქვს ინფორმაცია, თუ სად მოძრაობს სხვა ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფების კაპიტალი, რომელ ბანკებში ხდება მისი თავმოყრა, რისთვის იხარჯება, რა პოლიტიკური ვალდებულებები ერიცხება იაფი კრედიტების ან პირიქით, - მაღალი პროცენტებისა და სარფიანი კონტრაქტების სანაცვლოდ.
    პრინციპში, ეს ინფორმაცია სპეცსამსახურისთვის ძნელი მოსაპოვებელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ რაკი შევარდნაძემ ამას ხაზი გაუსვა, - მაშასადამე თევზაობა დამთავრებულია და გახოკიძის უწყებამ მოზრდილი «ღლავი» მოიგდო ხელთ. იგულისხმება ისეთი ფაქტები, რომელთა გამოქვეყნების შემთხვევაში პოლიტიკურ ლანდშაფტზე 6-7 ბალიანი მიწისძვრა დაიწყება რიხტერის შკალით. 12 ბალიანი მიწისძვრა თვით ხელისუფლებასაც არ აძლევს ხელს, ვინაიდან ყველა პოლიტიკურ ნაგებობას დაანგრევს და ყველა დაჯგუფებას გაანადგურებს, - განურჩევლად იმისა, ვინ ვისი მომხრეა და ვინ ვის უჭერს მხარს.
    შევარდნაძის განცხადებით: «ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ რაკი მის საზიზღარ ინსინუაციებს არ ვპასუხობ, ეს ჩემი სისუსტის მაჩვენებელია. ზოგიერთი ფრთხილად იყოს». ასეთი აშკარა მუქარაც ადასტურებს. ფაქტები არსებობს და საკმაოდ სერიოზულიც. ან შესაძლოა, ეს «ბლეფი» იყოს, მაგრამ ისეთი ბლეფი, როდესაც მეორე მოთამაშეს, ვისაც ხელში «სტრიტის» მეტი არაფერი უჭირავს, უეჭველად «ფლეშროიალის» შეეშინდება და ბანქოს დაყრის.
    პრეზიდენტის უპრეცედენტო გააფთრება უეჭველად ასლან აბაშიძის ბოლოდროინდელი განცხადებებით არის განპირობებული. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ტელეკომპანია «რენ-ტვ»-მ გადასცა ანდრეი ყარაულოვის მორიგი, ნიჭიერად შექმნილი პასკვილი, რომელიც თბილისისა და ბათუმის ურთიერთობას შეეხებოდა. ამ ფილმში პირველად, ღიად და აშკარად არის დადანაშაულებული ედუარდ შევარდნაძე აჭარის ლიდერის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. ფილმი იმდენად ოსტატურადაა გაკეთებული, გარეშე დამკვირვებელს უეჭველად უქმნის შთაბეჭდილებას: საქართველოს ხელისუფლება გეგმავს აჭარაში შეჭრას ისევე, როგორც შეიჭრა აფხაზეთში, მას სურს ასლან აბაშიძის მოშორება, ვინაიდან ასლან აბაშიძეს (როგორც თავად აცხადებს) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება სურს, ხოლო შევარდნაძეს (იგულისხმება) ეს არ უნდა და ა.შ.
    ფილმის ძირითადი ფაქტოლოგიური მასალა 1991 წლის მოვლენებს ეძღვნება, როდესაც აპრილის ცნობილი არეულობის დროს «დემოკრატიული ბრბო» აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ესხმის თავს. ამ ეპიზოდში ყარაულოვის გაიძვერობა მწვერვალს აღწევს - მას «ავიწყდება» მაყურებელს უთხრას, რომ ნოდარ იმნაძის «შევარდნაძის აგენტად» გამოცხადება შეუძლებელია, ვინაიდან იმნაძე აჭარაში ზვიად გამსახურდიას რწმუნებული იყო. (სწორედ ექსპრეზიდენტმა დანიშნა იგი თავმჯდომარის მოადგილედ), ამიტომ 29 აპრილის აბაშიძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი თუ მაინცდამიანც თბილისში უნდა დაბრალდეს ვინმეს - ამჟამინდელი ხელისუფლება აქ ნამდვილად არაფერ შუაშია.
    მაგრამ ყარაულოვის მიზანი სწორედ ეს არის - როგორმე მოახერხოს აჭარის ქცევა მორიგ «დესტაბილიზატორად». ფილმში მრავლად გვხვდებიან როგორც ყოფილი «ზვიადისტები», ასევე ყოფილი «მხედრიონელები», რომლებიც, რა თქმა უნდა, იმას იტყოდნენ და იტყვიან, რაც საერთო კონტექსტში ჩაჯდება; კონცეფცია კი ასეთია: ცენტრალური ხელისუფლება აწყობს ტერორისტულ აქტებს ავტონომიის ლიდერის წინააღმდეგ, ცდილობს გამოიტყუოს იგი აჭარიდან რათა ფიზიკურად მოსპოს, ემუქრება თვით ავტონომიას, არაერთგზის აპირებდა და კვლავაც აპირებს აჭარაში ძალით შეჭრას (როგორც აფხაზეთში შეიჭრა) და ა.შ.
    ნიშანდობლივია, რომ ყარაულოვმა აბაშიძეს ზუსტად ისეთივე ინტერიერით და ანტურაჟით ჩამოართვა ინტერვიუ, როგორც არძინბას 1993 წელს. თუმცა, მსგავსება, ალბათ მაინც ამით მთავრდება. ასლან აბაშიძეს მისი ხელისუფლების შენარჩუნება აღელვებს. სწორედ ეს არის პრობლემის არსი, თორემ აფხაზეთისგან განსხვავებით, აჭარაში ანტიქართული მოტივაცია არ არსებობს.
    მთავარი პრობლემა ის არის, რომ 1992 და 1995 წლებში ჩატარებულ არჩევნებში აჭარაში «შევარდნაძის პარტია» და «აბაშიძის პარტია» ერთიან ბლოკს ქმნიდა. საპარლამენტო ფრაქცია «აღორძინების» გახლეჩის შემდეგ ასლან აბაშიძე მიხვდა, რომ მომავალ არჩევნებში «მოქალაქეებთან» და მათ კანდიდატთან (ედვარდ სურმანიძესთან) ერთ საარჩევნო სიას ვეღარ შეადგენს, ეს კი უეჭველად ნიშნავს პოლიტიკურ ძალთა პოლარიზაციას საკუთრივ აჭარაში - ყოველ შემთხვევაში, ასლან აბაშიძის პარტია უკვე ვეღარ იქნება ერთადერთი და შეუდარებლად ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთპიროვნულად ახორციელებს ძალაუფლებას. ეჭვქვეშ დგებოდა არა მხოლოდ «აღორძინების» მომავალი წარმომადგენლობა პარლამენტში, არამედ თვით აჭარის უმაღლეს საბჭოში მიღწეული სრული უმრავლესობაც.
    აი, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი მწვავე რეაქციისა; პასუხად, ასლან აბაშიძემ ჯერ ფაქტობრივად პრეზიდენტის პოსტი შემოიღო აჭარაში (ოღონდ სხვა სახელი უწოდა და არჩევნები ოთხი წლით გადადო), შემდეგ კი სენსაციური განცხადებაც გააკეთა: თუ პრობლემა არ გადაწყდება, აჭარა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ანუ აჭარაში არჩევნები არ ჩატარდება.
    ამასვე მოჰყვა ფრაქცია «აღორძინების» გასვლა პარლამენტიდან, ოპოზიციური თავყრილობები ბათუმში, გაუთავებელი განცხადებები «ტერაქტების» შესახებ და ა.შ. რუსეთი ნელ-ნელა აღწევს მიზანს: თბილისი-ბათუმის ურთიერთობას აქცევს მადესტაბილიზირებელ ფაქტორად. თუმცა ეს სხვა საკითხია. ამჟამად უფრო საინტერესო ის არის, რომ ასლან აბაშიძე «პოლიტიკურ ფანტომთა» დევნაში გაერთო და აშკარად დაავიწყდა: ყველაფერთან ერთად იგი წარმატებული ბიზნესმენიცაა. ვგულისხმობთ არა მხოლოდ მას კონკრეტულად, არამედ მის გუნდს. საეჭვოა, ამ გუნდმა თავისუფლად შეძლოს ფუნქციობა თბილისის დახმარების გარეშე. სწორედ ამიტომ გაიჟღერა პრეზიდენტის სიტყვებში «ბანკებმა» - ვინ რამდენი შეიტანა, რამდენი გამოიტანა. აქ შეიძლება არც იგულისხმებოდეს თბილისური ბანკები, მაგრამ თბილისს ამ პროცესებზე კონტროლის მეტი საშუალება აქვს, ვიდრე ბათუმს. თანაც, რუსეთში ფინანსური კრიზისი ღრმავდება და საბოლოო კრახი ახლოვდება; დასავლეთს კი საქართველოში თავისი პოლიტიკის დასაყრდენი უკვე განსაზღვრული ჰყავს. აქ ყველაფერი ერთად არის: კაპიტალიც, პოლიტიკური დივიდენდებიც, 9 თებერვალიც და ტერაქტის შემდეგ შევარდნაძის მიერ ნათქვამი იდუმალი ფრაზაც: «მე რომ მოვეკალით ვინ უნდა მოსულიყო, - ამას არ ვიტყვი».

7 დღე, 8 ივლისი, 1998 წელი

მთელ გვერდზე