დეპუტატები მერხებს მიუსხდნენ
   

    ახალი სასწავლო წლის დაწყება საქართველოში სიმბოლურად ემთხვევა პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნას. პრეზიდენტის თქმით, ჩვენ ყველანი (მთლიანად, ქართული დემოკრატია) ჯერ კიდევ მოსამზადებელ კლასში ვიმყოფებით და ახლა ვიდგავთ ფეხს.
    მართალია «სწავლა სიბერემდეა», მაგრამ ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ჩვენი დემოკრატია და ქართული ლიბერალიზმი მოსამზადებელ კლასში დიდხანს ჩარჩა, - ეს ძალიან სერიოზული, სავალალო შედეგებით დასრულდება ქვეყნისათვის.
    ჯერჯერობით განსაკუთრებულ ნიჭიერებსაც ვერ ვამჟღავნებთ, რითაც კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) იმსხვრევა მითი, რომ ქართველები «ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი» ხალხი ვართ. სხვები, ვინც ჩვენზე არანაკლებ ზარმაცნი გვეგონა, ჩვენზე ნიჭიერნი აღმოჩნდნენ.
    წლევანდელი საპარლამენტო სესია მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება. ფაქტობრივად, საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომით იწყება გრძელი, ურთულესი მარათონი, რომელიც დასრულდება 2000 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებით.
    ეს პერიოდი (პოლიტიკური თვალსაზრისით იგი მთელი ეპოქაა) მოიცავს ნოემბრისათვის დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებს და ძირითად პოლიტიკურ ძალთა კრისტალიზაციას.
    ნიშანდობლივია, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ (მიუხედავად მცდელობისა), ვერ მოახერხა საპარლამენტო სხდომათა ტრანსლირების გადატანა პირველიდან - მეორე არხზე. ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიაც კი არ ყოფილა. მიზეზი გასაგებია. არც ერთ საპარლამენტო ძალას არ აძლევს ხელს ესოდენ მძლავრი იარაღის ხელიდან გაშვება. ფაქტობრივად, ამ საკითხში პარლამენტი გაერთიანდა და ერთიან კორპორაციად იქცა, რაც სრულიადაც არ გამორიცხავს უმოწყალო, უსასტიკეს დაპირისპირებას პარლამენტის შიგნით, - არჩევნების მოახლოების კვალობაზე.
    მაგრამ კორპორაციული ინტერესი სხვა თვალსაზრისითაც იჩენს თავს.
    რამდენადაც პარლამენტის ინტერესი ერთიანი აღმოჩნდა ტელევიზიის საკითხში, ამდენადვე ერთიანი შეიძლება იყოს იგი «გარესაპარლამენტო ოპოზიციასთან» მიმართებაში. რა თქმა უნდა, არც ერთ საპარლამენტო ძალას (განურჩევლად პოზიციისა) არ ეთმობა თავისი პრივილეგია. ეს მომენტიც უეჭველად დაასვავს დაღს მომავალ საპარლამენტო წელს.
    კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი გახდება თვით არჩევნების მოახლოება. 15 ნოემბრისათვის დანიშნული «ადგილობრივი თვითმმართველობის» არჩევნები ხელისუფლებისათვის იმ საშიშროებას შეიცავდა, რომ ოპოზიციას შეიძლებოდა მოეთხოვა ერთდროული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაგრამ საამისო კამპანიის დაწყება უკვე გვიან არის.
    მით უმეტეს, რომ ვადამდელი არჩევნების იდეა მხოლოდ მმართველ პარტიაში როდი იწვევს უარყოფას. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს - 15 ნოემბრის შემდეგ წელიწადზე ნაკლები ვადა დარჩება ამ არჩევნებამდე, ამდენად, ყოველგვარი «ექსტრემალურობა» აზრს დაკარგავს. მაშასადამე ხელისუფლებამ ძლივს-ძლივობით, ფარული თუ აშკარა კონსპირაციით, ფარული თუ აშკარა საბოტაჟით, მაგრამ მაინც მიაღწია პარლამენტის შენარჩუნებას.
    არჩევნებამდე საკანონმდებლო ორგანოს მიტოვება (პროტესტის ნიშნად) იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც საერთოდ აპირებენ მონაწილეობის მიღებას მომავალ არჩევნებში, - სისულელეა. ამით ისინი მხოლოდ საკუთარ შანსებს შეკვეცავენ და პირიქით, - შესამჩნევად გააძლიერებენ გარესაპარლამენტო პრეტენდენტებს.
    ამრიგად, ახლახან დაწყებული «საპარლამენტო წელი» ქართველი პარლამენტარებისთვის მომავალი საარჩევნო ბატალიების მოსამზადებელ პერიოდად აღიქმება. პოლიტიკური დისკუსია მკვეთრად გამწვავდება, მაგრამ პარლამენტის ფარგლებს იგი აღარ გასცდება. არ გასცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნები მეტისმეტად მოახლოვდება.
    საეჭვოა, აგრეთვე, სერიოზულად შეიცვალოს საპარლამენტო ძალთა განლაგებაც; ფაქტობრივად, «მემარცხენეთა» ბოიკოტმა საგრძნობლად გააძლიერა «მემარჯვენე» პარტიები (უფრო ზუსტად, მემარჯვენეობის პრეტენზიის მქონე პარტიები) პარლამენტში. მათი შეტევა ხელისუფლებაზე ჯერჯერობით შერბილებულია იმით, რომ «მოქალაქეთა კავშირი», რაოდენ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, ფაქტობრივად მონეტარისტულ პოლიტიკას ატარებს. თანაც იმდენად «შოკურს», რომ კიდევ უფრო მემარჯვენე პოზიციებიდან ვერ შეედავები.
    შეიძლება შეედავო მხოლოდ «მარცხნიდან», რასაც «მემარჯვენეები» თუ «ფსევდომემარჯვენეები» აშკარად ვერ გაბედავენ. «მემარცხენეები» კი პირიქით, საგრძნობლად გააძლიერებენ პრესინგს ხელისუფლებაზე.
    მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი «კომუნისტები» არ არიან. საეჭვოა, მათ მოსახლეობის სოციალურ სიდუხჭირეზე მსჯელობა (სიტყვიერი მსჯელობა) კონკრეტულ აქციებში გადაზარდონ, «აქციების» დრო საქართველოში დამთავრდა, ვინაიდან ისინი გარეშე ძალის მიერ ინსპირირებულ პროვოკაციად აღიქმება და არც თუ უსაფუძვლოდ.
    არჩევნების მოახლოების კიდევ ერთი შედეგი გახდება პარტიათა (საპარლამენტო ფრაქციათა) შემდგომი კონსოლიდაცია. ფრაქციიდან - ფრაქციაში გადასვლა იშვიათობად იქცევა, ვინაიდან დეპუტატები, მომავალ საარჩევნო სიაში მოხვედრის იმედით, უფრო მეტად დაემორჩილებიან პარტიულ დისციპლინას. გამონაკლისი ამ შემთხვევაში გამორიცხული ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს გამონაკლისი დაადასტურებს წესს.
    პარლამენტს უეჭველად მოუწევს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კანონშემოქმედების თვალსაზრისით.
    სავსებით ცხადია, რომ მონეტარისტული რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი ძალიან რთულად დაიწყო. საგადასახადო სისტემა ფაქტობრივად სულს ღაფავს, აუცილებელი გახდება უმკაცრესი ზომების მიღება არგადამხდელთა წინააღმდეგ; იგულისხმება შესაბამისი ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსში. ამ გადაწყვეტილებებისათვის პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტიას ეკისრება, ვინაიდან ოპოზიცია მეწარმეებს არ გააღიზიანებს.
    რატომ უნდა გაანაწყენოს, როდესაც სწორედ მასზეა დამოკიდებული საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თვალსაზრისით? ეს ყოველივე «მოქალაქეთა კავშირის» პოზიციებს შესამჩნევად დაამძიმებს, - არ არის გამორიცხული სხვა კატეგორიის პრობლემათა წარმოშობაც. ოპოზიცია არც ერთი მათგანისათვის პასუხისმგებლობას არ იკისრებს;
    მაგალითად 2000 წლის აპრილამდე საერთოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გასვლის საკითხი. ოპოზიცია მათ გაყვანას არ მოითხოვს (არც მოითხოვდა ბოლოს დროს, თუ ყურადღებით დააკვირდებით- ავტ.), ვინაიდან ეს აღიქმება ახალი ეტაპისაკენ გადადგმულ ნაბიჯად.
    გარკვეულწილად ეს შეამსუბუქებს წნეხს ხელისუფლებაზე, თუმცა პასუხისმგებლობას იმისათვის, რაც ხდებოდა და ხდება აფხაზეთში, - რა თქმა უნდა, არ მოუხსნის.
    საპარლამენტო პროცესის განვითარების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ექნება 1999 წლის არჩევნების შედეგებს. არჩევნებში გამარჯვებული პარტიები უკვე სულ სხვა გონორით გამოვლენ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
    ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო ჯერ არ არის ცივილური ქვეყანა, ვინაიდან ცივილიზებულ ქვეყანაში საპარლამენტო დებატები მხოლოდ რუტინად აღიქმება.

«7 დღე», 2 სექტემბერი, 1998 წელი

მთელ გვერდზე