ოპოზიციის სიჭრელე აბაშიძესაც თავსატეხს უჩენს
   

    ბათუმში გამართული თავყრილობა ჯერჯერობით ვერ ამართლებს ყველა ჯურისა და შეფერილობის ოპოზიციონერთა იმედებს. თბილისიდან ჩასულ პოლიტიკურ ძალთა სიჭრელე უკვე აშკარად აღიზიანებს მოსახლეობასაც და თვით ყველაზე ობიექტურ, მიუკერძოებელ დამკვირვებლებსაც კი.
    როცა ერთ მაგიდასთან ან ერთ პრეზიდიუმში (მით უმეტეს, საპატიო სტუმართა ლოჟაში) სხდებიან სრულიად საპირისპირო პოლიტიკური მრწამსისა და შესაძლებლობის მოღვაწეები (ზვიადისტებიდან - კომუნისტებამდე), მაშასადამე, ისინი ერთიანდებიან არა რაღაცისათვის, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ, რაც ნამდვილად არაჯანსაღ სიტუაციას ქმნის.
    როცა ბრძოლა მიმდინარეობს არა რაიმე პროგრამის განსახორციელებლად, არამედ მხოლოდ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ან მოსაპოვებლად - იქ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე არავინ ფიქრობს.
    აბა, სხვა რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო პანტელეიმონ გიორგაძესა და მამუკა გიორგაძეს, ვახტანგ ბოჭორიშვილსა და ვახტანგ გოგუაძეს, აკაკი ასათიანსა და ვახტანგ რჩეულიშვილს, შალვა ნათელაშვილსა და თემურ ქორიძეს?
    თუ საუბარია იმაზე, რომ «აღორძინების ბლოკი» რაღაც პოლიტიკურ პროგრამას სთავაზობს ქვეყანას როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკური თვალსაზრისით, მაშინ ამგვარი ალიანსი აბსურდულია. რა ერთიანი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია შეიძლება შემოგვთავაზონ მამუკა გიორგაძემ და პანტელეიმონ გიორგაძემ? მათ ხომ თითქოს არაფერი აერთიანებთ გვარის გარდა?
    დავანებოთ თავი იმასაც კი, რაც სამი-ოთხი წლის წინ ხდებოდა, როცა «სახალხოელთა» ამჟამინდელი ლიდერი დანასისხლად იყო გადაკიდებული (არა მგონია, შეხედულება შეეცვალა) იგორ გიორგაძეზე - გია ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზების გამო.
    დავუშვათ, «სახალხოელები» ნათესაურ კავშირებს ყურადღებას არ აქცევენ; მაგრამ პოლიტიკურ შეხედულებებს რაღა ვუყოთ? ქართველი კომუნისტები ღიად აცხადებენ: ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო უნდა აღდგეს! მამუკა გიორგაძე და მისი თანაპარტიელები კი ქვეყნიდან «საოკუპაციო ჯარის» გაყვანას მოითხოვენ. მიუხედავად ამისა, მაინც ერთ პოლიტიკურ ბლოკში შედიან. ვახტანგ ბოჭორიშვილს რუსეთი ყველა ბოროტების საწყისად მიაჩნია, ვახტანგ გოგუაძე კი თავისი დღე და მოსწრება აცხადებს: «ხახვისთავა ეკლესიების გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, მე ჯერ ქრისტიანი ვარ და მერე ქართველიო».
    აკაკი ასათიანი თავს «მემარჯვენედ» თვლის და საბაზრო რეფორმებს ერთ-ერთ პანაცეად მიიჩნევს. ყველა-ყველა და, სოციალისტური მემარცხენე ფრაზეოლოგია მის გამსვლელებში არავის მოუსმენია. რა საერთო აქვს მას ვახტანგ რჩეულიშვილთან? შალვა ნათელაშვილი «საბჭოთა პროკურატურის» თანამშრომელი იყო, თემურ ქორიძე - ზვიადის თანამებრძოლი დისიდენტი. რა აქვთ მათ საერთო? მაშასადამე, აქ საქმე არ ეხება პოლიტიკურ პროგრამას. ასლან აბაშიძის გარშემო დარაზმულ ხალხს აერთიანებს მხოლოდ ხელისუფლების სიძულვილი და სახელისუფლებო ამბიცია.
    როგორც ჩანს, პირი შეკრეს: ჯერ დღევანდელი ხელისუფლება დავამარცხოთ და საქმე ერთმანეთში მერე გავარჩიოთო. მაგრამ პოლიტიკასთან ამას საერთო არაფერი აქვს. ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისათვის, როგორც თვითკმარი ფასეულობისათვის.
    ძალაუფლება თავისთავად, მათთვის, რა თქმა უნდა, დიდი სიკეთეა, ხოლო პოლიტიკური კონცეფცია, პროგრამა, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსი - მეორეხარისხოვან საკითხად ითვლება.
    დღეს შესაძლოა ალიანსი მძლავრად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამომრჩეველმა, რომელიც მიჩვეულია (განწყობილია) ხმა მისცეს სწორედ «წინააღმდეგ» და არა «მომხრედ», არ არის გამორიცხული ეს ბლოკიც მოიძულოს.
    მაგალითად, ყოფილი ეროვნულ-დემოკრატები «ზვიადისტების» წინააღმდეგ მისცემენ ხმას, «ზვიადისტები» - ვახტანგ გუგუაძის წინააღმდეგ და ა.შ.
    მთლიანობაში კი, ასლან აბაშიძე დასუსტდება და აჭარული ელექტორატის ხმათა წინასწარგანზრახული 99 პროცენტი (თუმცა, ესეც უკვე საეჭვოა ედუარდ სურმანიძის ფაქტორის გათვალისწინებით) ყველას არ ეყოფა. ამიტომ უკანასკნელ მომენტში ასლან აბაშიძემ შეიძლება ჭკუა იხმაროს, რომელიმე ფავორიტი აირჩიოს, დანარჩენები კი პირში ჩალაგამოვლებული დატოვოს.

მერიდიანი, 24 ივნისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე