ნოდარ ჯავახიშვილის ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება
   

    ეროვნულ ბანკის ჰაერში გამოკიდებული პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მდგომარეობის კმაყოფილი არ იყო, მაგრამ იძულებული გახდა ამას დროებით შერიგებოდა, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მის დასაცავად ხმას ამოიღებდნენ და ხელისუფლებას «საკითხის საბოლოო გადაწყვეტას» მოსთხოვდნენ
    ბოლო დროს გამოჩნდა პუბლიკაციები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი (საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დონორები) ხელისუფლებისაგან მოითხოვენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის დროულ დამტკიცებას. ოღონდ მათი მოტივი კერძოდ ნოდარ ჯავახიშვილისადმი განსაკუთრებული სიმპათია ნამდვილად არ არის. მათ თვით რეფორმათა პროცესში ეროვნული ბანკის პოზიცია უფრო აღელვებთ.
    საერთაშორისო ფინანსურმა წრეებმა საქართველოს დასახმარებლად უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა დახარჯეს და რისკზე წასვლა არ სურთ; იქნება თუ არა კონკრეტულად ნოდარ ჯავახიშვილი ბანკის პრეზიდენტი - უმთავრესი საკითხი ნამდვილად არ არის, მაგრამ გარკვეული მდგომარეობის უსასრულოდ გაჭიმვაც მიუღებელია მათთვის, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ეშმაკური თამაში წამოიწყოს და ვალდებულებათა შეუსრულებლობა სწორედ ეროვნულ ბანკში შექმნილ მდგომარეობას დააბრალოს.
    ამისი ნიშნები უკვე გაჩნდა კიდეც - წარმოუდგენელია, აღმასრულებელ ხელისუფლებას ამდენ ხანს მოეთმინა ჯავახიშვილის «ჰაერში გამოკიდებული სტატუსი», ეს რომ მას რაიმე პრობლემას უქმნიდეს ან პირიქით, მის არგუმენტებს არ აძლიერებდეს.
    ასეთ ნიუანსებში სავალუტო ფონდის ექსპერტები გამობრძმედილნი არიან და მათი გაცურება არც ისე ადვილია; ამდენად, სავარაუდოა, ნამდვილად მოითხოვონ საკითხის გარკვევა - არა კონკრეტულად ჯავახიშვილი დამტკიცება, არამედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკითხის გადაწყვეტა და ქვეყნის მთავარ ბანკში პასუხისმგებელი სუბიექტის შექმნა - ამჟამად ასეთი სუბიექტი ფაქტობრივად არ არსებობს, რაც მოუთმენელი ხდება ფინანსური დონორებისათვის:
    ამ უკანასკნელთ იოტისოდენადაც არ აინტერესებთ კონკრეტული პიროვნების ბედი, მაგრამ საქართველოს დასახმარებლად დახარჯული ასეულობით მილიონი დოლარის დაუყოვნებლივ დაბრუნება მათთვის ძირითადი ამოცანაა.
    რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, როგორ მოახერხა მან ისე ემოქმედა და ეღვაწა ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა გადაიმტერა. პარლამენტში ჯავახიშვილს მოკავშირეები ფაქტიურად არა ჰყავს - მის წინააღმდეგ გაერთიანდა როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია. უეჭველია, რომ მომავალ კენჭისყრაში იგი დამარცხდება ან იძულებული გახდება, კენჭისყრამდე მოხსნას კანდიდატურა.
    საგულისხმოა ისიც, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას ხელს აძლევს ჯავახიშვილის გადადგომა პოსტიდან (ნებაყოფლობით გადადგომას ვგულისხმობ), მაგრამ იგი ჯიუტობს და არ მიდის მიუხედავად იმისა, რომ უმუშევარი ნამდვილად არ დარჩება.
    ამასობაში, კენჭისყრის დრო ახლოვდება, ვინაიდან ამჟამინდელი მდგომარეობა მოუთმენელი ხდება. პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, ჯავახიშვილის კანდიდატურას კვლავ წარვუდგენ პარლამენტსო. ამ განცხადებამ შეცდომაში არავინ უნდა შეიყვანოს, ვინაიდან ეს, ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი სვლაა.
    პრეზიდენტმა შესანიშნავად იცის, რომ ჯავახიშვილის კანდიდატურა უეჭველად «ჩავარდება», მაგრამ სურს ყველაფერი ცხადი იყოს ყველასათვის, ანუ ნოდარ ჯავახიშვილი მოხსნას «დემოკრატიული მეთოდით» და არა ერთპიროვნული, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით.
    იმავე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისათვის ეს უფრო მისაღები ფორმა იქნება და ბოლოს ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება თვით ჯავახიშვილის ჩათვლით, რომელსაც ალბათ შესთავაზებენ თანამდებობას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში.
    ხოლო თავის დასამშვიდებლად მას საკუთარი ხელმოწერაც ეყოფა ლარის ბანკნოტზე; ისევე როგორც დავით იაკობიძეს.

მერიდიანი, 6 მარტი, 1998 წელი

მთელ გვერდზე