სანავთობო თამაშები ფინიშს უახლოვდება - რუსეთს შეიძლება საბოლოოდ დავაღწიოთ თავი
   

    9 ოქტომბერს თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ შეთანხმებას კასპიის დიდი ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ. იმავდროულად, ხელი მოეწერება შეთანხმებებს საქართველოს (როგორც სატრანზიტო ქვეყანასა) და სამშენებლო კომპანიებს, აგრეთვე აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმის დამფუძნებელ ფირმებს შორის.
    ამრიგად, სამი ქვეყნის ლიდერთა პოლიტიკური გადაწყვეტილება წინ გაუსწრებს და გარკვეულწილად განაპირობებს კიდეც თვით კონსორციუმის ვერდიქტს.
    როგორც ცნობილია, ანსოკ-ი ოქტომბრის ბოლოს უნდა შეიკრიბოს ბაქოში, რათა მიიღოს გადაწყვეტილება მარშრუტის თაობაზე. თუ იგი არ დაეთანხმება ალიევის, შევარდნაძისა და დემირელის წინადადებას, ამით თავს ჩაიგდებს მეტად უხერხულ მდგომარეობაში.
    მართალია, აზერბაიჯანს (ფორმალურად) გადამწყვეტი სიტყვა არ აქვს კონსორციუმში, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ნავთობი სწორედ მის ტერიტორიაზე მოიპოვება, - აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენიტეტის პირობებში; ამდენად, არსებობს უამრავი ფარული თუ ხილული ბერკეტი, რომლის მეშვეობით ბაქოს შეუძლია აიძულოს კონსორციუმი დაემორჩილოს «სამი პრეზიდენტის» გადაწყვეტილებას; ეს ბერკეტები უფრო ქმედითია, ვიდრე თურქეთის გავლენა დასავლეთში.
    ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე «დიდი ნავთობის» გატარება ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ოღონდ თუ რაიმე ექსტრაორდინალური მოულოდნელობა არ მოხდა.
    «მოულოდნელობაში» ვგულისხმობ ომის გაჩაღებას საქართველოს რეგიონში, - ვთქვათ, აფხაზეთში ან მორიგ თავდასხმას პრეზიდენტზე, ან სამხედრო გადატრიალებას თუ შიდა სამოქალაქო კონფლიქტის პროვოცირებას;
    თუკი ამგვარი ექსცესების თავიდან აცილება შევძელით, დიდი ნავთობი, შესაბამისად «დიდი ნავთობსადენი», რომლითაც XXI საუკუნეში აზერბაიჯანიდან დასავლეთში გადაიტვირთება ნახევარ მილიარდ ბარელ საწვავზე მეტი, - უეჭველად საქართველოზე გაივლის.
    როგორი დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს კონკრეტული ხელისუფლების მიმართ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იქნება დიდი გამარჯვება. მატერიალური თვალსაზრისით ნავთობსადენი ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ დივიდენდს არ მოუტანს. შესაძლოა, ეს იყო 80-100 მილიონი დოლარი წელიწადში, თუმცა, სავალუტო ფონდის კრედიტთა ოდენობის გათვალისწინებით, რომლითაც ასე თუ ისე ხერხდება ლარის სტაბილურობის შენარჩუნება, არც ეს არის მცირე ოდენობის თანხა.
    გარდა ამისა, «დიდი ნავთობსადენის» მშენებლობა გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ათასობით სამუშაო ადგილს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშა-მოსამსახურეები და სპეციალისტები მთლიანად «გარედან» იქნებიან მოწვეულნი, ეს მაინც ხელსაყრელია საქართველოსთვის, ვინაიდან ისინი ხელფასს დიდწილად საქართველოში დახარჯავენ, რაც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება.
    მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ასპექტი. საქართველო ამის შემდეგ აღარ აღიქმება, როგორც მხოლოდ თეორიულად, აკადემიურად საინტერესო ქვეყანა ანუ საინტერესო იმდენად, რამდენადაც პარიზისა და ლონდონის აკადემიურ წრეებს აინტერესებთ ახალ გვინეაში მცხოვრები აბორიგენები.
    ჩვენი ქვეყანა მართლაც შეიძენს გარკვეულ ფუნქციას და, როგორც მინიმუმ, ორი მძლავრი მეზობელი (თურქეთი და აზერბაიჯანი), - თუ აღარაფერს ვიტყვით დასავლეთის ქვეყნებზე, - სისხლხორცეულად იქნებიან დაინტერესებულნი საქართველოში სტაბილურობით! რაც, სხვათა შორის, იმას ნიშნავს, რომ ისინი არაფრით მხარს არ დაუჭერენ აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტას, მაგრამ თუ საქართველო რუსი «ცისფერჩაფხუტიანების» ჩანაცვლებას შეეცდება, გამოიყენებენ ისევ და ისევ საკუთარ გავლენას, რათა დასავლეთმა უფრო აქტიურად იმოქმედოს ამ მიმართულებით.
    ასეთი ხერხით (ოღონდ დასავლეთის და არა თურქეთის შუამავლობით) საქართველო უეჭველად მიაღწევს კომპრომისული ფორმულის გამომუშავებას აფხაზეთის კონფლიქტის გადასაწყვეტად, ან დასაკონსერვებლად - ჩვენთვის ხელსაყრელი პირობებით.
    იმავდროულად, თურქეთი გამორიცხავს ე.წ. «თურქ-მესხთა» ყოველგვარ აქტიურობას სამცხე-ჯავახეთში, ვინაიდან ეს ეჭვქვეშ დააყენებს სტაბილურობას საქართველოში და შესაბამისად - ნავთობის ნაკადის უწყვეტობას.
    ნახევარი მილიარდი ბარელი ნავთობი თითქოსდა არც ისე ბევრია დასავლეთის მასშტაბებით (თუმცა, ნამდვილად სოლიდური რაოდენობაა), მაგრამ თურქეთი ჩვენზე არანაკლებ არის დაინტერესებული სატრანზიტო ფუნქციის მოპოვებით (გაძლიერებით), რათა გააძლიეროს თავისი სახელმწიფოებრივი გავლენა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ თურქულენოვან ცენტრალურ აზიაშიც.
    გარდა «ნავთობის საუკუნის პროექტისა», არსებობს კიდევ სხვა, არანაკლებ გრანდიოზული პროექტები. მათ შორის, ტრანსკასპიური ნავთობსადენის მიერთება აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ნავთობსადენთან. აქტიურად განიხილება აგრეთვე თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის გაზსადენის კასპიის ფსკერზე გაყვანის იდეა, რისთვისაც ამერიკულმა «ექსიმბანკმა» უკვე გამოჰყო საპროექტო თანხა, - ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად.
    ეს სამი პროექტი შეიძლება დაემთხვეს «ტრასეკას» პროექტის განხორციელებას, ანუ ახალი არტერიის შექმნას საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადატანისათვის.
    საკომუნიკაციო პროექტების დაგვირგვინება გახდება ტელესაკომუნიკაციო პროექტთა განხორციელება ისევ და ისევ სამხრეთ კავკასიის გავლით. საქართველოსათვის (ვიმეორებ) ყველა ამ პროექტს უპირველესად გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
    თუმცა, მაგალითად, გაზსადენის გაყვანა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმთავითვე უზრუნველყოფს მას სტრატეგიული მნიშვნელობის საწვავით (ბუნებრივი აირით), რომელსაც ვერ შეედრება ვერც ნავთობი და ვერც სხვა ნავთობპროდუქტები.
    ამ გზით საქართველო გადაწყვეტს ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემას - მოიპოვებს თითქმის უშრეტ ენერგეტიკულ წყაროს. საბაზისო დარგის განვითარება კი საფუძველთა-საფუძველია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისა. საქართველოს უდიდესი ნაკლია ენერგეტიკული ბაზის სიმწირე. ჰიდროენერგეტიკა მომგებიანია, მაგრამ მისი განვითარება მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს.
    რუსეთში, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებამ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. რაც უფრო მოუთმენელი და მწვავეა ეს რეაქცია, მით უფრო ადასტურებს იგი პროექტის მომგებიანობას საქართველოსათვის.
    შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ კრემლმა სწორედ ახლა დაიწყო «წესრიგის დამყარება» დაღესტანში (თუმცა, ამ ქმედებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს), რათა «გზა გაუკაფოს» კომუნიკაციებს აზერბაიჯანიდან.
    დაღესტნის დაკარგვის შემთხვევაში, რუსეთი საერთოდ გეოპოლიტიკურ არარაობად იქცევა, - მისი გავლენა კავკასიაში ნულზე დავა. მაგრამ დაღესტანში რუსულ სპეცსამსახურთა ოპერაციები უეჭველად იმაზე მეტყველებენ, რომ საქართველოში ვითარების «არევა» უკვე დაგეგმილია და ამას იგივე სპეცსამსახურები ამზადებენ.
    სრულებითაც არ არის გამორიცხული, სამი პრეზიდენტის შეხვედრისას (ალბათ თურქეთში) განხორციელდეს ტერორისტული აქტი. ამით სპეცსამსახური ერთდროულად სამ კურდღელს დაიჭერს: აირევა სიტუაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში; თურქეთში კი ისლამისტები იმძლავრებენ ან სამხედრო დიქტატურა დამყარდება, რაც უეჭველად გაართულებს ამ ქვეყნის ურთიერთობას დასავლეთთან.
    საქართველო გეოპოლიტიკური პარტიის ძალზე მნიშვნელოვან ფაზაში შედის; ეს ჯერ კიდევ არ არის ენდშპილი, მაგრამ დებიუტი და მიტელშპილი უკვე გათამაშებულია.
    მწიფდება ახალი რეალობა, თვისებრივად ახალი შესაძლებლობებით და ორიენტირებით. «ნავთობსადენი» საქართველოსთვის მაგიურ სიტყვად იქცევა. იგი განაპირობებს გეოპოლიტიკურ ფუნქციას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივ მდგრადობას.
    ეს ფუნქცია აფხაზეთს და ცხინვალს ვერ დაგვიბრუნებს (ასეთი ილუზია არავის ჰქონდეს), მაგრამ ჯერ ერთი, გვაძლევს გარანტიას, რომ საქართველო მეტს აღარაფერს დაკარგავს და შეიძლება უფრო ხელსაყრელ კომპრომისსაც მიაღწიოს სეპარატისტებთან.
    ის გარემოება, რომ «ნავთობსადენის» საკითხი წყდება მაშინ, როდესაც საქართველოში დიდი საარჩევნო მარათონი იწყება, - აგრეთვე მნიშვნელოვანია თავისთავად.
    იგი სერიოზულ გავლენას მოახდენს მოვლენათა განვითარებაზე და თვით არჩევნების შედეგებზეც.
    «ნავთობსადენში» საქართველოს კონკურენტებს კი არც ისე დიდი დრო რჩებათ, რათა ვითარების დესტაბილიზაცია მოახერხონ და ეს შანსი ქვეყანას ხელიდან წაგლიჯონ.
    რაც უფრო ლოიალური და თითქოს გულგრილი იქნება რუსული მედია ამ საკითხებისადმი, მით უფრო ახლოვდება აფეთქება და მით მეტი სიფრთხილე გვმართებს.

7 დღე, 2 ოქტომბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე