დიდი ნავთობსადენის პროექტი ეჭვქვეშ დგება
   

    მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპტიმისტური განცხადებებისა, სკეპტიციზმი კასპიის ნავთობის პროექტისადმი აშკარად იზრდება, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს
    ჯერ ერთი, ფასი ნავთობზე განუხრელად ეცემა და ეს ტენდენცია შეუქცევად ხასიათს იძენს, ვინაიდან პოსტინდუსტრიული ქვეყნების ეკონომიკაში ახალი ტექნოლოგიური სისტემების დამკვიდრების შედეგად იზრდება ენერგიის ალტერნატიულ წყაროთა წილი, ნავთობის მოხმარების სეგმენტი კი თანდათან მცირდება.
    გასათვალისწინებელია კასპიის აუზში მოპოვებული ნავთობის თვითღირებულებაც. ახლო აღმოსავლეთის ნავთობი საზღვაო კომუნიკაციებიდან ძალზე ახლოს მოიპოვება და მისი ტრანსპორტირებისათვის დიდ ნავთობსადენთა მშენებლობა საჭირო არ არის. აზერბაიჯანისა და საქართველო გავლით მშენებარე ნავთობსადენები კი ძალზე აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას, რის შედეგადაც მოგება მინიმალურ ზღვარს უახლოვდება.
    გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები კავკასიის რელიეფური თავისებურებაც - საუდის არაბეთში არ არის აუცილებელი უამრავი საქაჩი სადგურის მშენებლობა, ხოლო აზერბაიჯანსა და საქართველოში ამის გარეშე ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ რისკის სხვა ფაქტორებზე: მოუგვარებელი კონფლიქტები კავკასიაში (აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყარაბაღის) სერიოზულად აშფოთებთ ინვესტორებს. ნამდვილ ბიზნესმენს ათასი დოლარის დაკარგვის შიშით ღამეები არ სძინავს - არათუ ათეულობით მილიონი დოლარისა. ბოლოს და ბოლოს, შედეგი გამოიღო რუსეთის გაუთავებელმა მუქარამაც: მოსკოვს არაერთგზის მრავალმნიშვნელოვნად განუცხადებია, რომ მისი თანხმობის გარეშე «ნავთობპროდუქტების» დამუშავება და ტრანსპორტირება სასიკეთო შედეგს არ გამოიღებს.
    გრძელდება დისკუსია კასპიის აუზის სტატუსთან დაკავშირებითაც. ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ამ საკითხში მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს; ყაზახეთი და თურქმენეთი კი ხან რუსეთს ეთამაშებიან, ხან ირანს. მოსკოვი და თეირანი კასპიის აუზს თავიანთ საკუთრებად თვლიან, ვინაიდან საუკუნეთა განმავლობაში ამ ზღვას (ტბას) ისინი იყოფდნენ - მაშინ, როცა საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი ან თურქმენეთი საერთოდ არ არსებობდნენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, თუ კონსორციუმის წევრებმა დაიწყეს დისკუსია პროექტის თვითღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით და რამდენად პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, საქართველო ამ შემთხვევაშიც მოგებული დარჩება: ბაქოში გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმად არ არის აუცილებელი «დიდი ნავთობსადენის» მშენებლობა. საკმარისი იქნება გაიზარდოს იმ მილის გამტარუნარიანობა, რომლის რეკონსტრუქცია ისედაც განზრახული იყო მცირე ნავთობის ტრანსპორტირებისათვის.
    საქმე ეხება ბაქო-სუფსის ნავთობსადენს. ძნელი გამოსათვლელი ნამდვილად არ არის, რომ ესაა ყველაზე იაფი და რენტაბელური გზა «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირებისათვის, ვინაიდან საქართველომ მნიშვნელოვნად შეამცირა სატრანზიტო მოთხოვნები, ხოლო ბაქოდან ნოვოროსიისკამდე ახალი ნავთობსადენის მშენებლობა ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით ძვირი დაჯდება.
    აღარაფერს ვამბობ ჩეჩნეთის პრობლემასა და სატრანზიტო ხარჯების რეალურ მოცულობაზე. ამიტომაც დაიწყო საუბარი რეკონსტრუირებული მილსადენის გამოსაცდელად უფრო ფართო დიამეტრის (მეტი გამტარუნარიანობის) მილების გამოყენებაზე, რის შედეგადაც ბაქოდან სუფსაში ტრანსპორტირებული ნავთობის ოდენობა 5-10 მილიონი ტონიდან მინიმუმ ოცდახუთ ტონამდე გაიზრდება წელიწადში.
    იგივე შეიძლება გაკეთდეს მილსადენში ატმოსფერული წნევის გაზრდითაც. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე 2000 წლის დასაწყისისათვის საქართველოს გავლით უფრო მეტი ნავთობი გადაიტვირთება, ვიდრე ნავარაუდევი იყო თავდაპირველი პროექტით.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, სკეპტიციზმი «დიდი ნავთობსადენის» მიმართ საქართველოს ვერაფერს დააკლებს. «საუკუნის პროექტი» რომც ჩაიშალოს, 21-ე საუკუნეში აზერბაიჯანის შელფში მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი დასავლეთში სწორედ საქართველოს გავლით გადაიტვირთება. გარდა ამისა, რაოდენ ეშმაკურადაც არ უნდა ითამაშოს ნურსულთან ნაზარბაევმა, თუ მას განზრახული აქვს ყაზახეთის ჩამოყალიბება ჭეშმარიტად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, საკუთარი ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის ალტერნატიული მაგისტრალები უნდა ეძიოს. ხოლო ერთადერთი ალტერნატივაა მილსადენის მშენებლობა კასპიის ზღვის ფსკერზე.
    რუსეთის წინააღმდეგობა (ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე) აშკარად სასაცილოდ გამოიყურება, ვინაიდან იგი თავად აშენებს გაზსადენს თურქეთში ბუნებრივი აირის მისაწოდებლად და ეკოლოგიურ არგუმენტებს «თითიდან გამოწოვილად» მიიჩნევს.

მერიდიანი, 15 აპრილი 1998 წ.

მთელ გვერდზე