შალვა ნათელაშვილის საბრძოლო ასპარეზი
    მარტოხელა მონადირის ნარეკლიანი გზა

    ქართველ «ლეიბორისტთა» პოლიტიკურმა გააქტიურებამ «მემარცხენე ფლანგზე» საკმაოდ სერიოზული არევ-დარევა გამოიწვია
    დღემდე არავინ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ «ლეიბორისტები» და «სოციალისტები» საკმაოდ დიდ დისტანციას იცავენ. თავის დროზე «ლეიბორისტული» პარტიის შექმნა დიდად არ ეპიტნავებოდა ქართველ სოციალისტთა ლიდერს - ვახტანგ რჩეულიშვილს, ვინაიდან «ზეახალი» მემარცხენე ძალა მას ელექტორატს ართმევდა.
    ერთ-ერთ ინტერვიუში ქარაგმულად გაიჟღერა კიდეც ამ უკმაყოფილებამ, თუმცა ტაქტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, ნათელაშვილი და რჩეულიშვილი ერთმანეთს ღიად არ დაპირისპირებიან და არც დაუპირისპირდებიან, რადგან ეს ორივეს დაასუსტებს.
    რჩეულიშვილისაგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილს შევარდნაძეზე უკვე «ხელი აქვს ჩაქნეული» და ახალ ლიდერს, - ასლან აბაშიძეს უდგას მხარში, თუმცა აქ იგი უეჭველად შეცდება.
    ნათელაშვილის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სწორად არ აცნობიერებს აჭარის ლიდერთა (არა ლიდერის, არამედ ლიდერთა!) ჭეშმარიტ მოტივაციას. როცა გააცნობიერებს და მიხვდება, უკვე ყველაფერი ძალიან გვიან იქნება.
    რაც შეეხება «ლეიბორისტთა პარტიას», მისი პერსპექტივა (თუ იგი ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას) დუშეთის რაიონით ამოიწურება. ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ ლეიბორისტებს აუცილებლად სჭირდებათ საარჩევნო ბლოკი განსხვავებით იმავე სოციალისტებისაგან.
    თუ რჩეულიშვილი საარჩევნო ბლოკს შექმნის, იგი «მემარცხენე ცენტრის» მსგავსი კოალიცია იქნება, რომელშიც მხოლოდ ნომინალურად შევლენ «მემარცხენეობის პრეტენზიის» მქონე ჯუჯა-პარტიები.
    ნათელაშვილის ბლოკი ამ თვალსაზრისით სულ სხვა პრინციპებზე აიგება, იგი თანასწორუფლებიანთა ან მეტნაკლებად თანასწორთა გაერთიანება გახდება, თუმცა შეიძლება მოვლენები სხვაგვარადაც წარიმართოს: ასლან აბაშიძის გარშემო შეიქმნას ბლოკი, რომელსაც ერთიანი სოციალური კონცეფცია არ ექნება. მაგალითად, ძნელი სათქმელია, აჭარის ხელმძღვანელი «მემარცხენეა» თუ «მემარჯვენე» - იგი უფრო საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას განასახიერებს, ვიდრე სოციალ-ეკონომიკურს. მაგრამ რაკი ეს ორიენტაცია მეტ-ნაკლებად (ჯერჯერობით) მიჩქმალულია, «აღორძინებასთან» ერთად საარჩევნო ბლოკში შეიძლება გაერთიანდნენ «ლეიბორისტებიც» და «სახალხოელებიც».
    «ეროვნულ-დემოკრატები», რა თქმა უნდა, გამოცდილებით «ლეიბორისტებს» აშკარად სჭარბობენ. ისინი უფრო კონსოლიდირებულნიც არიან და უფრო მეტადაც «ჰგვანან» პარტიას. «ლეიბორისტთაგან» კი მხოლოდ შალვა ნათელაშვილი აქტიურობს - საზოგადოება მხოლოდ მას იცნობს მეტ-ნაკლებად.
    პოლიტიკური თეორიიდან გამომდინარე, ასეთ პარტიას (პოლიტიკურ ორგანიზაციას) საკმოად მწირი პერსპექტივა გააჩნია. იგივე ითქმის «სოციალისტებზეც». წავიდა ის დრო, როდესაც ელექტორატი მხოლოდ ლიდერის ფიგურას აძლევდა ხმას. ამჟამად უკვე სულ სხვა ვითარებაა. პარტიული სისტემა ნამდვილად ყალიბდება. მოსწონს ვინმეს თუ არა (ვთქვათ) «ეროვნულ-დემოკრატები» ან იგივე «სახალხოელები» - იქ მხოლოდ ირინა სარიშვილი-ჭანტურია ან მამუკა გიორგაძე არ აქტიურობენ. «მოქალაქეთა კავშირმაც» გარკვეულწილად მიაღწია იმას, რომ აღარ არის ელექტორატის თვალში მხოლოდ «შევარდნაძის პარტია» - სხვა ფიგურებიც გამოჩნდნენ: ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი და ა.შ.
    რაც შეეხება პარლამენტს გარეშე პარტიებს, იქაც ასეთივე ვითარებაა -ირაკლი წერეთლის გარდა მის პარტიაში კიდევ ვინ მოღვაწეობს - ძნელი სათქმელია. «რესპუბლიკელებში» კი პირიქით (ეს პარტია გამონაკლისია) - ერთი ლიდერის დასახელებაა ძნელი. მას რამდენიმე გამოკვეთილი ფიგურა ხელმძღვანელობს. ამრიგად, შალვა ნათელაშვილმა დღემდე პარტიის ჩამოყალიბება მხოლოდ ნომინალურად მოახერხა, თუმცა მას პოლიტიკურად გაძლიერებაში სხვა - ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები უწყობს ხელს.
    წარმოშობით იგი დუშელია. იქ გამარჯვება თითქოს განაღდებული აქვს, რადგან საკმაოდ განათლებული და მჭევრმეტყველია. ამდენად, საპარლამენტო ტრიბუნაც თითქოს «დაბევებული» აქვს, მაგრამ მხოლოდ როგორც «მაჟორიტარს». საეჭვოა, პროპორციულ არჩევნებში სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. «აღორძინებასთან» ბლოკში გაერთიანებაც ნაკლებად პერსპექტიული იქნება, ვიდრე მას ჰგონია, რადგან, რაც მთავარია, მთელი ეს «მემარცხენე კოალიცია» საქართველოს მოსახლეობას მკაფიო და ნათელ ალტერნატივას ვერ სთავაზობს. «ხელისუფლება რუსეთთან იდეოლოგიურ ომს აწარმოებსო» - ასეთი არგუმენტი არათუ დაასუსტებს, არამედ პირიქით, გააძლიერებს ხელისუფლებას, რომელიც აქტიურად გამოიყენებს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თემას.
    ნათელაშვილისა და სხვა მემარცხენეების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი აშკარა გადაჭარბებით აფასებენ «მემარცხენე ელექტორატის» რაოდენობასა და შესაძლებლობებს.
    მით უმეტეს, წელიწადნახევრის შემდეგ ამომრჩევლის განწყობა სულაც არ იქნება ისეთი «რევოლუციური», როგორც მათ ჰგონიათ. შეიძლება იყოს მხოლოდ 4-5 პროცენტი, რაც საარჩევნო კვოტის გადალახვას ძლივს ეყოფა.

მერიდიანი, 20 მაისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე