ვარდიკო ნადიბაიძე მოხსნის ბრძანებას საავადმყოფოს პალატაში ემალება
   

    ვარდიკო ნადიბაიძის მოულოდნელმა «ავადმყოფობამ» საზოგადოება საგონებელში ჩააგდო. ზოგიერთები ეჭვსაც კი გამოთქვამენ: ეს ავადმყოფობა «დიპლომატიური ხასიათის» ხომ არ არის, - თავდაცვის მინისტრი შვებულებაში ხომ არ გავიდა უძველესი საბჭოური ტრადიციისამებრ, როდესაც მოსახსნელად განწირული «ხელმძღვანელი მუშაკი» შვებულებას იღებდა, ვინაიდან შრომის კანონმდებლობით ამ პერიოდში მისი თანამდებობიდან გათავისუფლება აკრძალული იყო?!
    დროთა განმავლობაში უეჭველად მოხდებოდა რაღაც: ან ცკ-ს მდივანს მოხსნიდნენ ან კადრების უეცარი «დეფიციტი» აღმოჩნდებოდა და პოლიტბიუროდან მიღებული დირექტივის შესაბამისად, საკადრო პოლიტიკაც იცვლებოდა; ყოველ შემთხვევაში, ასეთი იმედი და შესაძლებლობა ყოველთვის არსებობდა.
    ნადიბაიძისათვის სამწუხაროდ, ამჟამინდელი მდგომარეობა მკვეთრად განსხვავებულია. პოლიტბიუროს სამართალმემკვიდრე მოსკოვში კვლავ არსებობს, მაგრამ მისი გავლენა საქართველოს ხელმძღვანელზე მკვეთრად შემცირდა;
    წარმოიშვა სრულიად ახალი ფაქტორებიც. ისეთები, როგორიცაა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენის განუხრელი ზრდა, პოლიტიკურ ძალთა დემოკრატიული ურთიერთდაპირისპირება, «დიდი ნავთობსადენი» და ა.შ.
    ყველა ამ ფაქტორთა ერთობლიობა ქმნის იმ გარდუვალ აუცილებლობას, რომ ვარდიკო ნადიბაიძე უნდა წავიდეს, ვინაიდან იგი 1993-94 წლებში მოსკოვის «რეკომენდაციით» დანიშნული ძალისმიერი ტრიადის უკანასკნელი მოჰიკანია და კვლავაც განასახიერებს საქართველოს დაცემის ფსკერს, უმდაბლეს ნიშნულს: 1994 წლის 3 თებერვალს, როდესაც გამარჯვებულმა ელცინმა ელვისებური ვიზიტი განახორციელა საქართველოში; რამდენიმე ხნის შემდეგ კი ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
    ნადიბაიძემ შექმნილი ვითარებიდან მაქსიმუმი «გამოწურა». რაც მთავარია, ყველა ჯურის შეიარაღებულ ფორმირებათა ხელმძღვანელისათვის იგი გახდა რუსეთის ლოიალობის სიმბოლო. არა რუსეთისადმი (ესეც, თავისთავად), არამედ სწორედ რუსეთის – საქართველოსადმი ლოიალობისა.
    საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ მომენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ვარდიკო ნადიბაიძის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნაც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ინარჩუნებს ახლებურ ძალმოსილებას ეს ფაქტორი.
    ჩვენი ქვეყნის ფსიქოლოგიური დავრდომილობისა და სახელმწიფოებრივი უკუეფექტურობის პირობებში, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერ-იანვრის ზოგიერთი «გმირი» კვლავინდებურად სამხედრო თანამდებობაზეა - ზემოთ ხსენებული გარემოების გაუთვალისწინებლობა უდიდესი შეცდომა იქნებოდა.
    დეკემბერ-იანვრის «გმირები» მხოლოდ მანამ არიან «წელში მოკაკულნი», სანამ ხელისუფლების მდგრადობის გარანტად ვარდიკო ნადიბაიძე (რუსეთის ლოიალობა) მიაჩნიათ. სხვა შემთხვევაში, ახალ გართულებებსაც უნდა ველოდოთ.
    ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: «ვარდიკო ნადიბაიძემ არმია შექმნაო». მაგრამ გაწვევის ორგანიზება არ კმარა. აუცილებელია ამ არმიის შეიარაღება და მისი ქცევა ბრძოლისუნარიან სამხედრო ფორმირებად. პრეზიდენტი ნადიბაიძის წინაშე ახალ ამოცანას სვამს: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ობიექტების თანდათანობით დასაკუთრება.
    ნადიბაიძემ კარგად იცის (ისევე, როგორც თავად პრეზიდენტმა), რომ ეს არ არის ადვილი საქმე და მოსკოვთან მკვეთრი დაპირისპირების გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ თავდაცვის მინისტრი ხომ უპირველესად საკუთარი არმიის გაძლიერებაზე უნდა ფიქრობდეს? შევარდნაძე ოსტატურად ქმნის იმგვარ ვითარებას, როდესაც ქართული სამხედრო ელიტის ინტერესები დაუპირისპირდება რუსეთის ინტერესებს, ანუ იმძლავრებს კორპორაციული დაინტერესება.
    ფაქტობრივად, ეს ამ ელიტის ძილქუშიდან გამოყვანის ერთადერთი პირობა და საშუალებაა. დღევანდელი მინისტრი ამას უკვე ვეღარ შეძლებს. განურჩევლად იმისა, ჩამოვა თუ არა საქართველოში მარშალი სერგეევი, რუსეთის სამხედრო უწყება არ დაუშვებს სამხედრო პარიტეტის დარღვევას ამიერკავკასიაში. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ლევონ ტერ-პეტროსიანის დამხობის შემდეგ სომეხი ნაციონალ-ექსტრემისტები იწყებენ მზადებას ყარაბაღის გარშემო ახალი ომისათვის.
    მაგრამ მკაცრი მოთხოვნები მოსკოვს სწორედ ნადიბაიძემ უნდა წაუყენოს, რათა რუსეთის ხელისუფლება დადგეს მეტად რთული არჩევანის წინაშე: შეინარჩუნოს ლოიალური თავდაცვის მინისტრი საქართველოს არმიის განუხრელი გაძლიერების ფასად, თუ შეურიგდეს ნადიბაიძის წასვლას, - ოღონდ კი არ დაუშვას საქართველოს სამხედრო გაძლიერება.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ნადიბაიძეს პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა. თუ იგი მოახერხებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოგლიჯოს თუნდაც მცირე ნაწილი საქართველოდან გატანილი ათი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ქონებისა, - დარჩება თანამდებობაზე, თუ არა და, იძულებული იქნება, წავიდეს.
    ამ ულტიმატუმის თაობაზე ილუზია არ უნდა არსებობდეს - ნადიბაიძე მას ვერ შეასრულებს. მაშასადამე, ბუნებრივად დაისმება მისი შეცვლის საკითხი.
    აი, აქ კი ძალიან საინტერესო პროცესის მოწმენი გავხდებით. სახელისუფლებო კულუარებში თავდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ორ კანდიდატურას ასახელებენ: საზღვაო უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ვალერი ჩხეიძესა და პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რეზო ადამიას. დავით თევზაძის კანდიდატურა თითქოს გამორიცხულია «სამეგრელოს ცნობილი ფაქტორის გამო». თევზაძე აქტიურად მონაწილეობდა 1993 წლის ოქტომბრის მოვლენებში. ვალერი ჩხეიძესაც თავისი პლიუსები აქვს, მაგრამ ყველაზე რეალურ კანდიდატად მაინც რეზო ადამია მიიჩნევა. ჯერ ერთი, იგი სამხედრო პირი არ არის და არმიაზე სამოქალაქო კონტროლის გარანტად იქცევა. გარდა ამისა, ადამიას რამოდენიმე წელიწადია, მჭიდრო ურთიერთობა აქვს დასავლეთის სამხედრო წრეებთან. თუ ხელისუფლება საბოლოოდ გადაწყვეტს არმიის გარდაქმნას დასავლურ ყაიდაზე, NATO-ს წევრი ქვეყნები რეზო ადამიასთან უფრო გამოძებნიან საერთო ენას (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), ვიდრე ვარდიკო ნადიბაიძესთან, რომელსაც ქართული საუბარიც კი უჭირს.
    მიუხედავად ამისა, ადამია ამჟამინდელ ქართულ არმიაში შეიძლება, სრულიად უცხო ფაქტორი გახდეს და შეუთავსებელი, მიუღებელი აღმოჩნდეს საბჭოთა (რუსული) მენტალიტეტის მქონე გენერალიტეტისათვის. ამ ნიადაგზე, კონფლიქტი თითქმის გარდაუვალია. რამდენად შეძლებს ახალი მინისტრი (თუ იგი, მართლაც, დაინიშნა) წინააღმდეგობის დაძლევას - ჯერ კიდევ საკითხავია.
    ბუნებრივი იქნებოდა მინისტრის შეცვლა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებოდა ქართული (არა მხოლოდ ქართულად მოლაპარაკე, არამედ ეროვნული მენტალიტეტის მქონე) სამხედრო ელიტა, მაგრამ ამას კიდევ 10-15 წელიწადი მაინც დასჭირდება.
    სამხედრო აკადემიამ ხომ ჯერ მხოლოდ პირველი ნაკადი გამოუშვა ჭეშმარიტად ქართველი ოფიცრებისა, რომელთაც განათლება ქართულ ენაზე მიიღეს.
    ამდენად, ჯერჯერობით გაურკვეველია საშუალედო გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, სტატუს-ქვოს შენარჩუნება შეუძლებელი გახდება.

7 დღე, 13 მარტი, 1998 წ.

მთელ გვერდზე