შევარდნაძე მოქალაქეთა კავშირის შეცდომებს ამჩნევს
   

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი ხმა მიიღო ქვეყნის მასშტაბით, ვიდრე 1995 წელს, ოპოზიციის შეკავშირებამ და გავლენიანი კოალიციის შექმნამ მაინც შეიტანა ცვლილება «ადგილებზე» ძალთა გადანაწილებაში
    საკრებულოთა თავმჯდომარეების არჩევნები ყველგან წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს; ამან ერთგვარი პანიკური განწყობაც კი შექმნა «მოქალაქეებში» და შევარდნაძეც იძულებული გახდა, საკუთარი პარტიისათვის «თითი დაექნია» - მეტი თავშეკავებულობისა თუ სიფრთხილისაკენ მოეწოდებინა.
    მაგალითად, სწორედ მოქალაქეთა კავშირიდან მოდიოდა «ახალი არგუმენტი» სამინისტროებისა და უწყებების მიერ ძვირფასი ავტომანქანების შესყიდვის შესახებ. იგივე ითქვა ექსმინისტრ მიშა ჭკუასელზეც, რასაც პრეზიდენტის ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური რეაქცია მოჰყვა: «აბა, მოტოციკლეტებით ხომ არ ივლიან?».
    თუმცა, ეს რეაქცია (მას დიდი რეზონანსი ჰქონდა საზოგადოებაში) შემთხვევითი და არალოგიკური ნამდვილად არ არის. შევარდნაძე იშვიათად მოქმედებს (ან თითქმის არ მოქმედებს) სპონტანურად, - გამოკვეთილი მიზნის გარეშე.
    დავაკვირდეთ იმ უცნაურობას, რომ «ავტომანქანა-მოტოციკლეტების» თემა მთლიანად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ფარგლებში თავსდება; ოპოზიცია ამის თაობაზე კრინტს არ სძრავს.
    მეორდება იგივე სინდრომი, რაც «მოქალაქეებს» არაერთგზის შემოუბრუნდათ. ავიღოთ თუნდაც უკანასკნელი ეპიზოდი: უდიდესი რეზონანსი ჰქონდა «მოქალაქეთა ფრაქციის» ბოლო სხდომას, რომელზეც აშკარად გამოიკვეთა პანიკური განწყობილება.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთმა საგაზეთო რეპორტაჟმა ფრაქციის სხდომიდან, «მოქალაქეთა კავშირს» მომავალ არჩევნებზე ათეულობით ათასი ხმა დააკარგვინა. ამომრჩეველი მხოლოდ იმ პარტიას უჭერს მხარს, რომელიც შინაგანად კონსოლიდირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. ნებისმიერი პარტიისათვის, აშკარად გამოხატული შიში (მომავალი დამარცხებისადმი) დამღუპველი და მომაკვდინებელია. არადა, ოდესმე სადმე თუ წაგიკითხავთ საგაზეთო რეპორტაჟი «აღორძინების» ფრაქციის სხდომიდან? ან «სახალხო ფრაქციის» სხდომიდან? «ეროვნულ-დემოკრატიული» ან «მაჟორიტარ-სოციალისტი», «ლეიბორისტული» ფრაქციის სხდომიდან?
    ხომ არ გგონიათ, იქ დისკუსიები არ მიმდინარეობს? როგორ არა, უეჭველად არანაკლებ ცხარე და საინტერესო დისკუსიები იმართება, მაგრამ ეს პარტიები («მოქალაქეთა კავშირში» დამკვიდრებული ბრიყვული ტრადიციისაგან განსხვავებით) ფართო რეკლამირებას არ უწევენ თავიანთი ფრაქციის სხდომებს და არასოდეს დაასწრებენ მათ ჟურნალისტებს - სწორედ იმ მიზნით, რათა შიდაპარტიული დისკუსია საზოგადოებისათვის (ამომრჩევლისათვის) უცნობი იყოს, პარტია კი გარეგნულად ყოველთვის კონსოლიდირებული, ურყევად ერთიანი ჩანდეს.
    კაცმა რომ თქვას, შიდაპარტიული ან შიდაფრაქციული დისკუსია არავის საქმე არ არის, - ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ნებისმიერი ნორმალური პარტია თუ ფრაქცია მათ «დახურულ რეჟიმში» ატარებს, მაგრამ «მოქალაქეთა კავშირს», როგორც ჩანს, განსაკუთრებულად «დემოკრატიული» სურს იყოს.
    შედეგი ამგვარი ბრიყვული «დემოკრატიულობისა» სავალალო იქნება - «შიდაპარტიულ საჯაროობას» არავინ დაუფასებს, ხოლო საზოგადოებაში უკვე იქმნება სტერეოტიპი «მმართველ» პარტიაში განხეთქილების შესახებ - ეს სტერეოტიპი ისევ და ისევ ფრაქციის სხდომიდან «იმ» რეპორტაჟის შედეგია. პარტია, რომელიც ასეთ სულელურ შეცდომებს უშვებს, უეჭველად დამარცხდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
    ავიღოთ მეორე მაგალითი: არც პრეზიდენტს, არც «მოქალაქეთა კავშირს» ფრიდონ ინჯიაზე ერთგული კაცი არ ჰყოლიათ. სხვა საქმეა, რას აკეთებდა და როგორ. აქ ამაზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ ინჯია, როგორც მინისტრი, ყოველთვის ხელისუფლების ერთგული იქნებოდა და ყოველნაირად დაეხმარებოდა.
    მერედა, რა გააკეთა «მოქალაქეთა კავშირმა?» - მან თავად გაათავისუფლა ინჯია თანამდებობიდან და მტრად აქცია იგი. ოპოზიცია დღენიადაგ გაჰკივის: ხელისუფლება კორუფციამ შეჭამაო, ოღონდ კონკრეტულ მინისტრს, კონკრეტულ თანამდებობის პირს არასოდეს ასახელებს (ეს არ ეხება ირინა სარიშვილი-ჭანტურიას); ახლა მე ვეკითხები «მოქალაქეებს», კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო, როგორ ვერ ხვდებით (აკი «პოლიტიკოსებად» მოგაქვთ თავი), რომ ოპოზიცია ამას სპეციალურად აკეთებს? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს მისი ტაქტიკაა: ატეხოს გნიასი «ხელისუფლების კორუმპირებულობის» შესახებ, ოღონდ კონკრეტულად არავინ დაასახელოს; შემდეგ, როცა «მმართველი პარტია» კონკრეტულად რომელიმე მინისტრს დაუპირისპირდება (დავით ზუბიტაშვილს, ფრიდონ ინჯიას და ა.შ.) უმალვე «მკერდით გადაეფაროს» მათ, დაიმსახუროს მათი კეთილგანწყობა და გამოიყენოს ექსმინისტრების სიძულვილი «მოქალაქეთა კავშირის» მიმართ საკუთარი მიზნებისათვის;
    ბუნებრივია, ნებისმიერი «ექსმინისტრი» საქართველოში (ასე იყო და ასეა ჯერჯერობით) თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მიზეზთა გამო გავლენიან ფიგურად რჩება. «ოპოზიციამ ეს შესანიშნავად» უწყის და ამგვარი ტაქტიკით უკვე ბევრი მოიგო: ღმერთმა შეარგოს! - პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, უნდა იეშმაკოს. სად გაგონილა პოლიტიკა ეშმაკობის გარეშე? მაგრამ «სახელისუფლებო პარტიასაც» ხომ უნდა ეყოს ჭკუა, რათა წამდაუწუმ ასე «გოიმივით» არ «ააგდონ»?
    ზემოთხსენებული ტაქტიკის საწინააღმდეგოდ ერთადერთი კონტრზომა არსებობს: როცა ოპოზიცია ზოგადად (კონკრეტულ პიროვნებათა დაუსახელებლად) დაიწყებს საუბარს «მინისტრების კორუმპირებულობაზე», რათა «მოქალაქეთა კავშირის» პროვოცირება მოახდინოს, ხოლო შემდეგ, თანამდებობიდან გათავისუფლებული მინისტრის განაწყენება გამოიყენოს სარფიანად, «მმართველმა პარტიამ» (თუ ჭკუის ნატამალი შერჩა) მას კონკრეტული მინისტრის დასახელება უნდა მოსთხოვოს და სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არაფერი მოიმოქმედოს.
    მიამიტობა პოლიტიკაში იდიოტიზმის სინონიმია. ეს მე არ მითქვამს, ამას ჯერ კიდევ გენიალური მაკიაველი ამბობდა. თორემ რა გამოდის: საქართველოში ოპოზიცია (მთლიანად, გამონაკლისის გარეშე) მაკიაველის მიმდევარია, ხოლო ე.წ. მმართველი პარტია - კეთილშობილი შიზოიდი დონ-კიხოტისა.

მერიდიანი, 16 დეკემბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე