ძალისმიერი მინისტრები პოსტებს ინარჩუნებენ
   

    საქართველოს მთავრობის უკვე ისტორიულ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც ნიკო ლეკიშვილმა მოუწოდა მინისტრებს, გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან, რათა «პრეზიდენტისათვის მიეცათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება», ზურაბ ჟვანიამ შეშფოთებული ძალისმიერები «დაამშვიდა» და შემოიტანა წინადადება, რეორგანიზაცია მათ არ შეხებოდათ.
    პარლამენტის თავმჯდომარის მოტივი ამ შემთხვევაში გასაგებია: ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ჯერ კიდევ ორი თვეა (საეჭვოა, ეს სექტემბრის ბოლომდე მოხერხდეს), ამიტომ ორი თვით თავდაცვის სამინისტროს, უშიშროებისა და პოლიციის გაურკვეველ ვითარებაში ჩაყენება ხელისუფლებას სულაც არ ეპიტნავება.
    მით უმეტეს, საქართველოს გამოცდილებისა და ჩვენში რეალურად არსებული პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით. მძიმე შედეგი, ალბათ, გარდაუვალი იქნებოდა;
    დავით თევზაძე სულ რაღაც ორიოდე თვეა მინისტრად დაინიშნა და უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქმე არცთუ კარგად მისდის, ვინაიდან ყოფილ საბჭოთა ოფიცრებს რუსი გენერალი ნადიბაიძის რიდი უფრო ჰქონდათ, ვიდრე ვესთ-პოინტ დამთავრებული ქართველი მინისტრის.
    ეს მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს, არც ამ უწყებებს დაადგებათ კარგი დღე, თუ ხელმძღვანელები «მოვალეობის შემსრულებლებად» იქცევიან.
    ჯემალ გახოკიძე თარგამაძეს «აწონასწორებს», კახა თარგამაძე კი ნამდვილად კერკეტი კაკალი გამოდგა - გაცილებით ძლიერი და გავლენიანი, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი პოსტსაბჭოურ ეპოქაში;
    შინაგან საქმეთა მინისტრის სიძლიერეზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მას ირინა სარიშვილმაც ვერაფერი დააკლო, თუმცა ბრძოლა არ დამთავრებულა.
    ამასწინათ გამართულ პრესკონფერენციაზე ედეპეს ლიდერი აშკარა სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ «გადადგომის» მოთხოვნა ძალისმიერ მინისტრებს არ შეეხოთ.
    თუ კახა თარგამაძე პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერდა, პრეზიდენტი უეჭველად მაინც შესთავაზებდა მის კანდიდატურას პარლამენტს, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტია დაიწყებდა ომს ამ კანდიდატურის წინააღმდეგ და «კენჭისყრით გასვლა» შეიძლებოდა მაინც საეჭვო გამხდარიყო.
    ირინა სარიშვილისათვის კახა თარგამაძის «წაქცევა» პარტიული და პოლიტიკური ღირსების საქმედ იქცა - დღემდე ვისაც დაეჭიდა, ყველა წააქცია; შინაგან საქმეთა მინისტრს ჯერჯრეობით ვერ მოერია, ვინაიდან თარგამაძემ სხვებზე აგრესიულად და უკეთ შეძლო თავის დაცვა, მაგრამ ბრძოლა არ დამთავრებულა.
    შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ძალიან ძლიერი საპასუხო ნაბიჯი (იმავდროულად, უდიდესი რისკიც) იქნებოდა, თუ «იმუნიტეტის» მიუხედავად იგი მაინც დაწერდა განცხადებას პოსტიდან გადადგომის შესახებ და პარლამენტში პაექრობას გამართავდა ედეპეს ლიდერთან.
    გამარჯვების შემთხვევაში პოზიციებს კიდევ უფრო განიმტკიცებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რისკის ხარისხი მეტისმეტად ჩათვალა.

მერიდიანი, 31 ივლისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე