ქართული პოლიცია ქართულ დემოკრატიას არცხვენს
   

    «ომონსა» და «თავისუფლების ინსტიტუტს» შორის მომხდარმა ინციდენტმა გაცილებით უფრო დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს, ვიდრე ოფიციოზს აქვს წარმოდგენილი. საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე არ წყდება საპროტესტო წერილების ნაკადი. საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ჟურნალისტთა ასოციაციები, პროტესტს გამოთქვამენ მასმედიის წარმომადგენელთა «მხეცური ცემისა და შეურაცხყოფისათვის», აგრეთვე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათი «რამდენიმე საათით» დაკავების გამო.
    ომონის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და თბილისის პოლიციის შეფმა ალავიძემ შეიძლება იამაყონ: მათი სახელები და გვარები უკვე გადათარგმნეს ინგლისურად, ნორვეგიულად, შვედურად, გერმანულად, შეიტანეს კომპიუტერებში და არის ახლა მიწერ-მოწერა ევროპის ერთი კუთხიდან მეორეში.
    ამგვარი ინფორმაცია ფული ღირს, რადგან, თუ რომელიმე ორგანიზაციას ევროპაში დასჭირდება მასალები საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე (რათა, ვთქვათ, გაამართლოს უარი ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე). შესაბამისი არგუმენტიც «მზად არის».
    გაუგებარი ოღონდ, რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი მღებრიშვილსა და მის შეფს? პოლიციის პროფესიონალიზმი მხოლოდ დამნაშავის დაპატიმრებაში როდი მდგომარეობს. მისი პროფესიული (დიახ, პროფესიული) მოვალეობაა აგრეთვე, ისეთნაირად იმოქმედოს, რომ არ შელახოს დემოკრატიულ ინსტიტუტთა ავტორიტეტი.
    დემოკრატიის პირობებში პოლიციის მოქმედება ასგზის გართულებულია. ყველას გვინახავს ამერიკულ ფილმებში ასეთი სცენა: ორი პოლიციელი მისდევს დამნაშავეს, წააქცევენ, ხელბორკილებს უკეთებენ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ჯიბიდან იღებს წიგნაკს და დაკავებულს უკითხავს ფორმულარს მისი, როგორც ეჭვმიტანილის უფლებათა შესახებ: «თქვენ გაქვთ უფლება არ უპასუხოთ შეკითხვებზე, ვინაიდან თქვენი პასუხი შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენსავე წინააღმდეგ».
    ქართველი პოლიციელებისათვის, ეს, რა თქმა უნდა, «ჩინურია». თუმცა არც ერთ პოლიციელს არ ეხალისება ნოტაციების კითხვა მაშინ, როცა ეჭვმიტანილმა შეიძლება დანა ამოიღოს და კისერში გაგიყაროს.
    მაგრამ, სწორედ ამაში გამოიხატება პოლიციისა და მთლიანად ქვეყნის ცივილიზებულობა; მით უმეტეს, არ შეიძლება პოლიციელი ჟურნალისტს სცემდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის «მის საქმეში ჩაერია».
    ჟურნალისტი იმის ჟურნალისტია, რომ ყველას საქმეში ჩაერიოს. აბა, როგორ გინდათ? პოლიციელის უფლებამოსილება გამორიცხავს თვითნებობას და საკუთარი ემოციების აყოლას. რაკი პოლიციელი ხარ, მაშასადამე პირადი ემოცია არ უნდა გქონდეს. «პოლიციელიც ადამიანიაო». აშკარა დემაგოგიაა!
    პოლიციელი უნდა იყოს კანონის უტყვი მსახური, ვინაიდან იგი «თოფიანი კაცია». თოფიანი კაცის ემოცია და თვითნებობა კი ან სისხლიანი დიქტატურით მთავრდება, ან სამოქალაქო ომითა და ანარქიით.

მერიდიანი, 30 სექტემბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე