მონიკა ლევინსკი პრიმაკოვის აგენტია?

    კლინტონ-ლევინსკის «მეგასკანდალმა» ძირფესვიანად შეძრა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ მთელი დასავლური სამყარო.
    არადა, თითქოს რა მოხდა ისეთი - პრეზიდენტი ამხილეს თეთრი სახლის პრაქტიკანტთან სექსუალურ ურთიერთობებში; შემდეგ პრეზიდენტმა იცრუა, რომ ასეთი ურთიერთობა არ ჰქონია.
    ახლაც თვალწინ მიდგას მისი «კეთილშობილურად აღშფოთებული» სახე, როდესაც თეთრ სახლში, ბრიფინგზე აცხადებდა: «მე მხოლოდ ერთ განცხადებას გავაკეთებ ამ თემაზე და მეტად მას აღარასოდეს დავუბრუნდები: არასდროს, არანაირი სექსუალური ურთიერთობა არ მქონია ქალბატონ ლევინსკისთან და არც არასდროს მითხოვია მისთვის, ეცრუა, რათა ეს ურთიერთობა დაეფარა».
    კლინტონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა (ანუ, შესაბამისად, იმპიჩმენტის მექანიზმის ამოქმედება) სწორედ ამ უკანასკნელი ბრალდების შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან სხვა ადამიანის იძულება, იცრუოს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას, ამერიკული კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია.
    დღეს ვხედავთ, რომ კლინტონი არათუ იძულებული გახდა ტყუილი ეღიარებინა, არამედ დღენიადაგ მოთქვამს და ტირის, პატიებას ითხოვს, ეკლესიაში ლოცულობს, თავს იმართლებს: «იძულებული გავხდი, მეცრუა, რათა ოჯახური მყუდროება გადამერჩინაო».
    ეს უკანასკნელი არგუმენტი ამერიკაში უცთომელად ჭრის - ამერიკელთათვის ოჯახი წმინდათაწმინდა და ხელშეუხებელია.
    კლინტონი იძულებული გახდა «დანაშაული» ეღიარებინა მას შემდეგ, რაც მონიკა ლევინსკიმ (ეს დედაკაცი ქალთა მოდგმას შეგაძულებს ავტ.) სასამართლო ჟიურისა და სპეცპროკურორ კენეტ სტარს წარუდგინა კაბა, რომელიც კლინტონთან ორალური სექსის შედეგად იყო სპერმით დალაქავებული.
    ამის შემდეგ პრეზიდენტი ვეღარაფრით დაიძვრენდა თავს, ვინაიდან სპერმის ნაწილაკთა იდენტიფიკაცია ისევე ადვილია, როგორც თითების ანაბეჭდებისა.
    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კოლუმბიის ოლქის «დიდმა ჟიურიმ» დაკითხა. კლინტონი რას იფიქრებდა, თუ დაკითხვის ვიდეოჩანაწერს მთელი მსოფლიო ნახავდა. ეს რომ სცოდნოდა, უფრო თავდაჭერილი იქნებოდა.
    თუმცა, განა მას თავად ყველაზე უკეთ არ უნდა სცოდნოდა, რა არის ამერიკა? კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, დაკითხვის ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანიებისათვის გადაეცათ.
    როდესაც ამ ოთხსაათიან ჩანაწერს CNN-ის გლობალური არხით უჩვენებდნენ, კუთხეში რაღაც ციფრები იცვლებოდა. თავიდან ვერ გავიგე, რა ციფრები იყო, შემდეგ, როცა დავაკვირდი, მივხვდი - ტელეკომპანია ტრანსლაციის პარალელურად «დოუ-ჯონსის» ინდექსის (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციათა კურსის) დონეს აცნობდა მაყურებლებს.
    ერთობ საინტერესო სანახაობა იყო: როცა კლინტონი უხეშობდა, ნერვიულობდა, აშკარად არაბუნებრივ პასუხებს სცემდა პროკურორებს, დოუ ჯონსის ინდექსი დაბლა იწვევდა, მაშასადამე, იმ წუთებში მსოფლიო ეკონომიკის სუნთქვა ფერხდებოდა, - აქციის მფლობელები ავსტრალიაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეასა თუ არგენტინაში (ისინი თვალს ადევნებდნენ კლინტონის დაკითხვას) თავიანთი აგენტების მეშვეობით აქციებს ყიდდნენ. ასეულობით მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში ნერვიულობდა, უპირველესად საკუთარ დანაზოგზე ფიქრობდა, დოუ-ჯონსის ინდექსი სწორედ ამ მღელვარებას გამოხატავდა.
    მაგრამ როდესაც კლინტონი თავს ერეოდა, გონებამახვილურად პასუხობდა, სწორ არგუმენტებს პოულობდა დოუ ჯონსის ინდექსი კვლავ მაღლა იწევდა.
    რა თქმა უნდა, არც დაცემა, არც ზრდა დიდი მასშტაბისა არ იყო, მაგრამ ეს მაინც გამოხატავდა მსოფლიოს მღელვარებას.
    თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სისხლის სამართლის დანაშაული დაუმტკიცდებოდა, იგი უეჭველად გახდებოდა იძულებული, გადამდგარიყო ან გადააყენებდნენ (იმპიჩმენტის შედეგად), რასაც სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვებოდა მთელი მსოფლიოსათვის - მით უმეტეს, გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში.
    საბედნიეროდ, «დიდმა ჟიურიმ» ბილ კლინტონს მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა დაუმტკიცა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
    ხოლო «ჩვენების მიცემისას ტყუილის თქმის იძულება» (ეს კი უკვე დანაშაულია), კენეტ სტარმა ვერ დაამტკიცა.
    ამრიგად, კლინტონი ჯერ-ჯერობით გადარჩა, თუმცა, არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ.
    ამ დღეებში ჰილარი კლინტონი ტელეფონით ურეკავს ნაცნობ კონგრესმენებს და სთხოვს, მხარი დაუჭირონ მის მეუღლეს.
    საერთოდ, კლინტონის ბედი დიდწილად სწორედ მისმა ცოლმა გადაწყვიტა. ჰილარი რომ გამოსულიყო ტელევიზიით, სკანდალი აეტეხა, ქმარს გაშორებოდა, მისთვის «ღალატი არ ეპატიებინა», პრეზიდენტის რეიტინგი ნულზე დავიდოდა, მაგრამ რაკი მონიკა ლევინსკის გამო «ოჯახი არ დაინგრა», ამერიკელები უფრო გულმოწყალენი გახდნენ - კლინტონის რეიტინგი არ დაცემულა.
    ასეთია ამერიკული საზოგადოების მენტალიტეტი: რაკი «ჰილარიმ აპატია», მაშასადამე საპატიებელი იყო. სხვა საქმე იქნებოდა კენეტ სტარს სისხლის სამართლის დანაშაული რომ დაემტკიცებინა, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა.
    რაც შეეხება მონიკა ლევინსკის, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს: მომავალი მატერიალურად გარანტირებული აქვს. ერთი ინტერვიუ მონიკასთან ასი ათასი დოლარი ღირს. რამდენიმე ამერიკულმა გამომცემლობამ უკვე შეუკვეთა მას «მემუარები», რომელშიც მილიონობით დოლარს გადაუხდიან.
    თვით მონიკას დანაშაული არ ჩაუდენია. პირიქით, თავისი მოქალაქეობრივი ვალი შეასრულა და საზოგადოებას ამცნო პრეზიდენტის მორალური «გახრწნილობის» შესახებ.
    ხოლო თავად რომ გათახსირებული და ბინძური დედაკაცია, - ეს არავის საქმე არ არის. განა მონიკა ლევინსკი აკონტროლებს «ატომურ ღილაკს», განა იგი იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყანაში ტერორისტული ბაზების დაბომბვის შესახებ? რა თქმა უნდა, არა! ამ გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი, მაშასადამე, მისი «მორალური სახე» მთელ მსოფლიოს უნდა აინტერესებდეს. კლინტონი ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იმავდროულად იგი მსოფლიოს ერთადერთ სახელმწიფოს ხელმძღვანელობს; არ არის გამორიცხული, მის გადაწყვეტილებებზე, რომელთაც შეუძლიათ მთელი ერთი ბედი შეცვალონ, პირადმა განცდებმა მოახდინონ ზეგავლენა.
    სწორედ აქ მიჩნდება ეჭვი, რომელიც შესაძლოა, მკითხველს გადაჭარბებულად, დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ, რა ვქნა, მომკალით და მონიკა ლევინსკი მაინც რუსული სპეცსამსახურის (პრიმაკოვის) აგენტი მგონია.
    ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. თავად განსაჯეთ: მონიკა პოლონეთის მოქალაქეა, წარმოშობით ღარიბი ოჯახიდანაა, ყველანაირად ცდილობდა ამერიკაში სასწავლებლად წასულიყო, შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რათა თეთრ სახლში შემძვრალიყო და პრეზიდენტს დაახლოებოდა. ეს კი არც ისე ადვილია. მან იმდენი მოახერხა, კლინტონთან ინტიმური კონტაქტი დაამყარა.
    ამ შემთხვევაშიც თვითონ აქტიურობდა - დამტკიცებულია, რომ მას კლინტონთან მხოლოდ ორალური სექსი ჰქონდა, ორალური სექსი კი სწორედ ქალის აქტიურობას გულისხმობს.
    დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მონიკას კლინტონთან სხვა სახის სექსუალური კონტაქტიც რომ ჰქონოდა - ამის დამამტკიცებელ საბუთებსაც ისევე შეინახავდა, როგორც დალაქავებული კაბა შეინახა. როგორ მოახერხებდა? ნუ გეფიქრებათ, როგორმე მოახერხებდა.
    მაშასადამე, იგი თავიდანვე წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად მოქმედებდა. საკითხავი სწორედ ის არის, თვითონ შეიმუშავა ეს გეგმა თუ სხვამ აქცია «გავლენის აგენტად»? ძალაუნებურად მახსენდება პრიმაკოვის სიტყვები «ნატოს გაფართოების თაობაზე». დისკუსიისას "Россия будет сосредотачиватся и думать». ძნელი სათქმელია, რა «მოიფიქრა» გაიძვერა პრიმაკოვმა, თუმცა რაკი რუსეთს ამერიკაზე ზემოქმედებისთვის სხვა ბერკეტი აღარ დარჩა, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რუსულ სპეცსამსახურს ასეთი «გავლენის აგენტი» გამოეყენებინა ამერიკული საზოგადოების მენტალიტეტისა და თავისებურებათა გათვალისწინებით - პრეზიდენტის შანტაჟირებისთვის ან (პროგრამა მაქსიმუმით) ამერიკული დემოკრატიის დისკრედიტაციისა და ვითარების დესტაბილიზაციისათვის ზოგადად დასავლეთში.
    თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ეს ვერსია მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს. აბა ქალს ვინ რას გაუგებს?

7 დღე, 30 სექტემბერი, 1998 წელი
   

მთელ გვერდზე