ლეონარდო დევდარიანი - პრევენტული დარტყმა თუ მორიგი გამოწვევა?!
   

    საქართველოს ყოფილი სავაჭრო წარმომადგენლის, ლეონარდო დევდარიანის დანიშვნამ აჭარის საგანგებო დავალებათა მინისტრად თბილისში დიდი აურზაური გამოიწვია. ყოველთვის სიტყვაძუნწმა პეტრე მამრაძემ (სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელმა) დევდარიანს «ოდიოზური პიროვნება» უწოდა. მისი თქმით, ბევრი სმენია დევდარიანის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის შესახებ. ეს განცხადება ნიშნავს, რომ ასლან აბაშიძის გადაწყვეტილებამ (მის გარეშე ლეონარდოს მინისტრად არავინ დანიშნავდა) საქართველოს ხელისუფლება უაღრესად გააღიზიანა.
    რა თქმა უნდა, აჭარის ლიდერი სწორედ ამ მიზანს ისახავდა - მან ძალიან კარგად უწყოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს დანიშვნა თბილისში. რამდენად საწყენი იქნებოდა იგი ედუარდ შევარდნაძისათვის, მაგრამ მაინც წავიდა ამ ნაბიჯზე, ალბათ, სწორედ იმისათვის, რათა თავისი «განსაკუთრებული კურსის» დემონსტრირება მოეხდინა.
    ლეონარდო დევდარიანის დანიშვნა, ფაქტობრივად, ასლან აბაშიძის რეაქციაა ვაჟა ლორთქიფანიძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურებაზე. ზოგს ეგონა, საქართველოს ელჩი რუსეთში, როგორც პრორუსულად მიჩნეული მოღვაწე, ხელს შეუწყობდა დაძაბულობის შერბილებას თბილისსა და ბათუმს შორის, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზი არ მართლდება.
    პირიქით, - ლეონარდო დევდარიანის დანიშვნა უკვე იმას ნიშნავს, რომ ასლან აბაშიძე საერთო ენას ვერც ახალ სახელმწიფო მინისტრთან გამონახავს. ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის გარეშე მათი ურთიერთობა ვერ წარიმართება, ვინაიდან სახელმწიფო მინისტრს უეჭველად ექნება «წყენის სინდრომი» აჭარაში მინისტრად იმ პიროვნების დანიშვნის გამო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გააფთრებით ებრძოდა მოსკოვში საქართველოს სავაჭრო წარმომადგენლობის შესანარჩუნებლად.
    მაგრამ ასლან აბაშიძე ვაჟა ლორთქიფანიძის წყენას აინუშშიც არ აგდებს. გარდა ამისა, მან არ შეიძლება არ იცოდეს ისიც, რა ხმები დადიოდა თბილისში 9 თებერვლის ტერაქტთან ლეონარდო დევდარიანის კავშირის შესახებ. ეს ხმები სამართალდამცავმა ორგანოებმა არ დაადასტურეს. მიუხედავად ამისა, შესაბამის ფსიქოლოგიური ფონი მაინც შექმნილია და აჭარაში ესეც ძალიან კარგად იცოდნენ. თუ ასლან აბაშიძემ ლეონარდო დევდარიანი მხოლოდ თბილისის გასაღიზიანებლად დანიშნა მინისტრად, ეს უკვე დაპირისპირების ძალზე მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. თანაც დავაკვირდეთ: «აჭარის ლომი» დღენიადაგ ამტკიცებს, თბილისში ჩემს შესახებ დღეში ორმოცი გახმაურებული სტატია მაინც იწერებაო. არადა, თვითონაც ყოველდღე დგამს ისეთ ნაბიჯებს, აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც უეჭველად ექცევა მასმედიის ყურადღების ცენტრში. მაშასადამე, მას სინამდვილეში ხელს აძლევს აურზაური პრესაში. ლეონარდო დევდარიანის დანიშვნას თბილისში რა აჟიოტაჟიც მოჰყვებოდა, ეს ხომ სულ ადვილი გასათვლელი იყო?
    მიუხედავად ამისა, აქ უეჭველად არსებობს კიდევ ერთი მიზეზი: ლეონარდო დევდარიანი მოსკოვში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. გარკვეულ წრეებში მას რთული ეკონომიკური პროექტების «გაქაჩვა» შეუძლია, ანუ ნამდვილად ძალუძს «საქმის ჩაწყობა» არა მხოლოდ ბიზნესმენთა წრეში, მთავრობაშიც კი.
    კაცმა რომ თქვას, თუ იგი აჭარისათვის რაიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს განახორციელებს, საქართველოსთვის ეს მხოლოდ სასარგებლო და ხელსაყრელი იქნება, ვინაიდან, საბედნიეროდ, აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია (არა მხოლოდ იურიდიულად და დეკლარაციულად, როგორც აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი) და იგი ჩართულია საერთოქართულ ეკონომიკურ სისტემაში.
    ამიტომ ეკონომიკური სისტემის ამ სეგმენტის გაძლიერება მთელი სისტემის გაძლიერებას გამოიწვევს. ოღონდ, რასაკვირველია, იმ პირობით, თუ ლეონარდო დევდარიანი «საგანგებო დავალებათა» შესრულების პროცესში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აჭარაში სხვა განყენებული ეკონომიკური სისტემის შექმნას არ დაიწყებს.
    მაგრამ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, აგრეთვე, საქართველოში საერთოდ არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, მას ამის გაკეთება გაუჭირდება.
    სხვა რა «საგანგებო დავალებები» უნდა შეასრულოს ლეონარდო დევდარიანმა? თუ იგულისხმება კონტაქტები თვით რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, ლეონარდო ის ფიგურა არ არის, ვისაც შეიძლება ასეთი ფუნქცია დაეკისროს, ანუ, როგორც რუსები იტყვიან, «ამდენს იგი ვერ გაქაჩავს», საამისოდ ასლან აბაშიძეს სხვა ფიგურები ჰყავს.

მერიდიანი, 7 აგვისტო, 1998 წელი

მთელ გვერდზე