კოალიციური მთავრობა სინამდვილეში არავის სჭირდება

    ბოლოდროინდელი მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ პოლიტიკური ნიჭი, რაც ყველა სხვა ნიჭიერებას შორის უდიდესი იშვიათობაა, საქართველოში არცთუ ხშირად, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვლინდება. ეს ნიჭი თანდაყოლილი თვისებაა, ღვთის მადლია, რომელიც ქართველებს (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ერს) იშვიათად ებოძებათ ხოლმე. სწორედ ასეთი ნიჭიერების გამოვლინება იყო ბოლოდროინდელი დემარში «საკონსტიტუციო ცვლილებებისა» და «კოალიციური მთავრობის» შესახებ. ეს იმდენად ძლიერი სვლა აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია ძალიან გვიან მოეგო გონს და გვიანღა მიხვდა, რა ოსტატურად მოატყუეს.
    გავიხსენოთ ვითარება, როცა პირველად გაიჟღერა მოწოდებამ «კოალიციური მთავრობის» თაობაზე - მაშინ მდგომარეობა ძალზე დაძაბული ჩანდა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბათუმში იკრიბებოდა, თანდათან სულ უფრო რადიკალური ხდებოდა მისი მოთხოვნები, რამდენჯერმე გაისმა პრეზიდენტის გადადგომის ან კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა. რაც მთავარია, ამ მოთხოვნით გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ძნელი სათქმელია, იყო თუ არა შეთანხმებული ქვეყნის პრეზიდენტთან ჟვანიას სენსაციური გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან უკანასკნელ სხდომაზე, მაგრამ მისი წინადადება მართლაც გონებამახვილური პოლიტიკური სვლა აღმოჩნდა, ანუ («პოკერის» ტერმინოლოგიით) «ბლეფი», რომლითაც ხელისუფლებამ ოპოზიცია გააკოტრა.
    საკმარისი იყო სიტყვა «კოალიცია»-ს გაეჟღერა მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციონერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბათუმიდან უმალვე თბილისს მოაშურა. «საკონსტიტუციო ცვლილებები» სწორედ კოალიციური მთავრობის კონტექსტში მოიაზრებოდა და არა სხვაგვარად. თვით ცვლილებების შეტანაც კონსტიტუციაში ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნა ხდებოდა. ხელისუფლებას რომ არ დაესწრო, ეს მოთხოვნა ყოვლისმომცველი, აბსოლუტური და უმთავრესი გახდებოდა, მაგრამ ჟვანიამ დაასწრო და ოპოზიციას ეს არგუმენტი ხელიდან გამოგლიჯა. როგორც კი «კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თემამ» ხელისუფლების წინადადებაში გაიჟღერა, ოპოზიციამ ამ იდეისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. არადა, სინამდვილეში ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, «კონსტიტუციაში ცვლილებების» შეტანის წინადადება წამოაყენა არა იმ მიზნით, რომ მართლა შეეტანა ცვლილებები, არამედ ოპოზიციის გასანეიტრალებლად, მისთვის ამ არგუმენტის, ამ მოთხოვნის წასართმევად.
    ოპოზიციონერთა დიდი ნაწილი (აბაშიძის ჩათვლით) ამას ვერ მიხვდა (ახლა კი ხვდებიან, მაგრამ გვიანაა), ამიტომ ათვალწუნებით, დაცინვით, ქილიკითა და აგდებით შეხვდა «ხელისუფლების მხრიდან წამოსულ წინადადებას», რითაც სწორედ ხელისუფლების პოზიცია განამტკიცა.
    სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას არც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, არც «კოალიციური მთავრობის» შექმნა აზრადაც არ მოსვლიათ - წარმოუდგენელია, მათ არ ესმოდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციაში (თვით ამგვარი პრეცედენტი) დაარღვევს პოლიტიკურ ბალანსს და უაღრესად დაძაბავს ვითარებას, ხოლო «კოალიციური მთავრობა» მმართველობით სისტემაში ანარქიის, «ხელისუფლების პარტიის» გავლენის შესუსტების მომასწავებელი და მაპროვოცირებელი იქნებოდა. მაგრამ თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებზე უარს იტყოდა, ოპოზიცია სულ უფრო ისტერიულად დაიწყებდა «საკონსტიტუციო ცვლილებებსა» და «კოალიციურ მთავრობაზე» საუბარს. ეს იდეა გახდებოდა ოპოზიციური აზრის, ოპოზიციურ მოთხოვნათა დომინანტი. ხელისუფლების გაჯიუტების შემთხვევაში ბოლოს და ბოლოს შეიძლებოდა გამართულიყო მიტინგებიც შესაბამისი მოთხოვნით, ოპოზიცია დაიწყებდა მოსახლეობის დარწმუნებას, რომ «ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისული ვითარებიდან, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა, ხელისუფლებას კი არ სურს დათმობაზე წასვლა, არ სურს შერიგება, არ სურს პოზიციათა თუნდაც მცირე დათმობა, რათა ქვეყანას დაძაბულობა ააცილოს თავიდან და ა.შ.»
    შევარდნაძემ და ჟვანიამ გაითვალისწინეს ჩვენებური ოპოზიციის (მთლიანად პოლიტიკური ელიტის) მენტალიტეტი. მათი გათვლა ფსიქოლოგიურად ზუსტი აღმოჩნდა: როგორც კი ზურაბ ჟვანიამ დასვა «კოალიციისა და საკონსტიტუციო ცვლილებათა» საკითხი, ოპოზიციის მხრიდან უმალვე გაისმა საწინააღმდეგო მოსაზრება: «ხელისუფლება დროის გაყვანას ცდილობს... ხელისუფლებამ ოპოზიციას გამოხრული ძვალი გადმოუგდო... ნებისმიერი კოალიცია ამ კურსის დამცველი იქნება... საკონსტიტუციო ცვლილებები შეარყევს ქვეყნის იურიდიულ სისტემას... კონსტიტუციისადმი ხელისუფლება აგდებულ, არასერიოზულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს... კოალიციურ მთავრობაზე თანხმდებიან, რადგან გაუჭირდათ და ქვეყნის მართვა აღარ ძალუძთ».
    სწორედ ამაზე იყო გათვლილი ზურაბ ჟვანიას დემარში. ამიერიდან ოპოზიცია უმთავრესი პოლიტიკური არგუმენტისა და «საკვანძო მოთხოვნის» გარეშე დარჩა – არჩევნებამდე იგი ვეღარც კონსტიტუციურ ცვლილებებს მოითხოვს და ვეღარც კოალიციურ მთავრობას, ვინაიდან საზოგადოებას უკვე ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას ეს ყოველივე შესთავაზა და კომპრომისზე სწორედ ამ უკანასკნელმა თქვა უარი.
    ასეთია ზოგადად შეურიგებლობის შედეგი. ოპოზიციის უკომპრომისობა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგვე გამოიყენა. ახლა უკვე ყველაფერი ძალიან გვიან არის. ანალოგიურ მოთხოვნებზე ხელისუფლება უეჭველად უპასუხებს: «განა ჩვენ თავად არ შემოგთავაზეთ, მაგრამ თქვენ ხომ უარი თქვითო. ერთი სიტყვით, როგორც კახეთში იტყვიან: არ გინდოდათ პური, ყველი...»

მერიდიანი, 17 ივლისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე