საქართველოს უშიშროების კონცეფცია არ გააჩნია
   

    საბედნიეროდ, სახელმწიფო გადატრიალებების, ეთნიკური კონფლიქტების, სეპარატისტული პროვოკაციებისა და პრეზიდენტზე ორი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში, როგორც იქნა, დაიწყეს საუბარი «უშიშროების კანონზე», რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ სფეროს სტრატეგიული მიმართულება. უფრო ზუსტად - უნდა მოაწესრიგოს ურთიერთმიმართება სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის. გარკვეულწილად ისიც უნდა დაადგინოს, სად მთავრდება (უნდა დამთავრდეს) დემოკრატია და სად იწყება უზენაესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამ ინტერესთა გაუთვალისწინებლად სახელმწიფო ვერ იარსებებს. ჯერჯერობით კი არაფერი მსგავსი საქართველოში არ არსებობს.
    შეიძლება ითქვას, საქართველო ყველაზე «ღია სახელმწიფოა» პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რომელშიც რაიმე პასუხისმგებლობაზე (სახელმწიფოებრივი უშიშროების თვალსაზრისით) ლაპარაკიც ზედმეტია. ქვეყნის ეროვნული უშიშროების კონცეფციამ უნდა შეზღუდოს ის არეალი, რომელშიც უცხო ქვეყნის აგენტურას თავისუფლად მოქმედების საშუალება ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავინდებურად იარსებებს ამჟამინდელი ვითარება. დღეს კი საქართველო სხვადასხვა ქვეყნის (არა მხოლოდ რუსეთის) სპეცსამსახურთა ჭეშმარიტი ოაზისია - აივსო საქართველო რეზიდენტურით, ამ რეზიდენტთა შტაბ-ბინებით, აგენტურული ქსელითა და ა.შ.
    შეიძლება ითქვას, თბილისი თანდათან იქცევა რეზიდენტურულ ცენტრად კავკასიაშია. აი, ამ თვალსაზრისით უკვე ნამდვილად ვიქეცით კავკასიის დომინანტად, ვინაიდან ყველა დიდმა ქვეყანამ, ვისაც კი ახლო აღმოსავლეთის, კავკასიისა და მიმდებარე სხვა რეგიონების ქვეყნებში აგენტურული მუშაობის წარმოება სურს (არადა, ნამდვილად ყველას სურს), იცის, რომ ყველაზე ნაკლები პრობლემა საქართველოში შეხვდება. ანუ, სწორედ აქ შეძლებს უმტკივნეულოდ, სერიოზული რისკის გარეშე აწარმოოს დაზვერვა თურქეთის, რუსეთის, კავკასიის ქვეყნების, თუნდაც იმავე ცენტრალური აზიის სახელმწიფოების წინააღმდეგ.
    ეს არ არის შემთხვევითი - საქართველოს ამ თვალსაზრისითაც უაღრესად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა უკავია. საბჭოთა კავშირის ეპოქაში, როდესაც უშიშროების შეფი ალექსი ინაური იყო, მოსკოვი თბილისს განიხილავდა რეგიონში დაზვერვის წარმოების საბაზო პუნქტად. იგივე მდგომარეობაა დღესაც; ოღონდ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამ «ბაზის» გამოყენება მხოლოდ მოსკოვის სურვილი (და შესაძლებლობა) აღარ არის. უდიდეს როლს აგენტურ-რეზიდენტურის ესოდენ მოჭარბებაში ასრულებს ქართული მენტალიტეტის თავისებურებებიც, - არასრულფასოვნების ღრმა შეგრძნება და სახელმწიფოებრივი უკულტურობა.
    დარწმუნებული ვარ, საქართველოს უშიშროება ვერ გაბედავს თბილისში დააპატიმროს (ვთქვათ) ამერიკის ან საფრანგეთის აგენტი - ამ ქვეყნებთან ურთიერთობის გამწვავების შიშით. საკმარისი იქნება, შემდგომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ან რომელიმე ქვეყნის საგარეო უწყებამ ერთი საპროტესტო განცხადება გააკეთოს და აგენტი უმალვე ბოდიშის მოხდით გათავისუფლდება.
    თუ ასე გაგრძელდა, თბილისის ქუჩებში შეიძლება სულ მალე სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურთა «სისხლიანი გარჩევებიც» ვიხილოთ.
    ჯერ, ალბათ, უშიშროების კონცეფციის შემუშავება შესაბამისის მენტალიტეტის აღზრდით უნდა დაიწყოს და ჩვენს ხალხს უნდა შევაგნებინოთ, რომ სპეცსამსახურები ჰყავს ყველა ქვეანა - არა მხოლოდ რუსეთს, არამედ დემოკრატიულ სახელმწიფოებსაც. «დემოკრატიულობა» და თუნდაც კრედიტები კი იმას არ ნიშნავს, რომ მათ თავისუფლად მოქმედების ნება მიეცეთ. გაცილებით ხელსაყრელი იქნება ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც ჩვენი სპეცსამსახურებისაგან «იყიდიან» (მხოლოდ ფულად ანაზღაურებას არ ვგულისხმობ) ინფორმაციას. მაშინ სულ სხვაგვარი ვითარება შეიქმნება და საქართველოსაც მეტად გაუწევენ ანგარიშს.
    უშიშროების კონცეფციის ნაწილია სახელმწიფო მოსამსახურეთა შემოწმების სისტემა, საინფორმაციო უშიშროება და ა.შ. თუმცა სანამ საქართველო თავად არ აკონტროლებს საკუთარ საზღვრებს, ეს ყველაფერი ფუჭი მცდელობა იქნება. რუსული ბაზების სახით კი ქვეყანაში ГРУ-ს ოფიციალური შტაბ-ბინები გვაქვს.

მერიდიანი, 27 მარტი, 1998 წ.

მთელ გვერდზე