უსისხლო რევოლუციის ავტორი
   

    ორშაბათ დილიდან სახელმწიფო კანცელარიაში მინისტრებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების «ცოცხალი რიგი» დგას. გადადგომის შესახებ განცხადებები კანცელარიის ხელმძღვანელობის მაგიდებზე გროვდება. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მუდმივად «საქმის კურსშია»; თუ ზოგიერთ მინისტრს ისევე გაუჭირდა განცხადების დაწერა, როგორც ჰიტლერს გაუჭირდა ბოლო წუთს თავის მოკვლა, - პრეზიდენტი თავად «გაისვრის», ანუ საკუთარი ბრძანებულებით გადააყენებს მინისტრს (დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გამგებელს, მერს) დაკავებული თანამდებობიდან), ოღონდ ასეთ შემთხვევაში, «მოხსნილი» თანამდებობის პირი პრეზიდენტის «მოწყალებასა» და საყვარელ კაბინეტში დაბრუნებას აღარ უნდა ელოდოს.
    ედუარდ შევარდნაძე საკუთარ ნომენკლატურას ბევრ რამეს აპატიებს, მაგრამ საზოგადოების თვალში უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას, - არამც და არამც!
    ამ მომენტს ყველა მინისტრი გაითვალისწინებს. გაჯიუტებას აზრი არა აქვს. უფრო მეტიც - გაჯიუტება საშიშია, ამიტომ განცხადებათა რაოდენობა უახლოეს მომავალში საჭირო ციფრს მიაღწევს და თანამდებობის პირთა ნომენკლატურულ სიას დაემთხვევა.
    მრავალი მინისტრისათვის ეს პრობლემა არ არის - ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კვლავ დაბრუნდებიან კაბინეტებსა და რბილ სავარძლებში. სხვები ნაკლებად იქნებიან ამაში დარწმუნებულნი, მაგრამ განცხადებას მაინც დაწერენ - სხვაგვარად პრეზიდენტის რისხვა გარდაუვალი იქნება.
    ამრიგად, «სახელისუფლებო გადატრიალება» დასასრულს უახლოვდება. თვისებრივად, ეს სწორედ გადატრიალება იყო ანუ «უსისხლო რევოლუცია», რომლის უშუალო ორგანიზატორად ზურაბ ჟვანია უნდა ჩაითვალოს. მან იმდენად ოსტატურად განახორციელა ოპერაცია, რომ ედუარდ შევარდნაძეს ალბათ საკუთარი ახალგაზრდობა გაახსენდა.
    გადატრიალება დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით საკანონმდებლო ორგანოს ბოლო სესიაზე, როდესაც ჟვანიამ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და კოალიციური მთავრობის შექმნაზე ისაუბრა. მან იქვე განაცხადა შესაძლო გადადგომის თაობაზე, რაც უეჭველად შევარდნაძისთვის წაყენებული ულტიმატუმი იყო.
    სინამდვილეში ზურაბ ჟვანია გადადგომას სულაც არ აპირებდა (პოლიტიკურ მოღვაწეობას იგი მხოლოდ ახლა იწყებს), მაგრამ ამ სვლამ გაამართლა და შესაბამისი ნიადაგი მომზადებული აღმოჩნდა. ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნიკო ლეკიშვილის განცხადება აუცილებელი ელემენტი გახდა. სხვაგვარად მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ვგულისხმობ არ სახელმწიფო მინისტრის გადადგომას, არამედ ფორმას, რომლითაც იგი განხორციელდა.
    დავაკვირდეთ საინტერესო ნიუანსს: ნიკო ლეკიშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა არგუმენტაცია, რომლითაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გაამართლა თავისი გადადგომა პოსტიდან: «აუცილებელია ვემზადოთ 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის». ზუსტად იგივე თქვა ნიკო ლეკიშვილმაც, ოღონდ შინაარსობრივი განსხვავება ნამდვილად იყო: ჯერ ერთი, რუსეთისგან განსხვავებით, სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან წასვლა არ ნიშნავს მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას, ამიტომ ლეკიშვილმა მოუწოდა კოლეგებს მიებაძათ მისთვის და წარედგინათ პრეზიდენტისთვის შესაბამისი განცხადებები. გარდა ამისა, ვიქტორ ჩერნომირდინმა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურაზე ისაუბრა, ლეკიშვილს კი ეს აზრადაც არ მოსვლია, - მისი თქმით, ფაქტობრივად შევარდნაძე ამით მესამედ გახდება სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ 1992 წელს მან კენჭი იყარა არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ხოლო სახელმწიფოს მეთაურად იგი საკანონმდებლო ორგანომ აირჩია. ამრიგად, რამე კონსტიტუციური კოლიზია აქ არ არსებობს და «ხელისუფლების პარტიას» საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის მოგება არ დასჭირდება. თვით ნიკო ლეკიშვილის ბედიც უკვე გადაწყვეტილია: «მოქალაქეები» მას ბრწყინვალე ორგანიზატორად თვლიან, ისტებლიშმენტში (განსაკუთრებით მეწარმეთა შორის) მის გავლენასაც ითვალისწინებენ, ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი შესთავაზეს: მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის (ანუ შევარდნაძის) მოადგილე.
    ეს უფრო მეტია, ვიდრე გენერალური მდივანი. ფაქტობრივად, ლეკიშვილი მმართველი პარტიის უშუალო ხელმძღვანელი ხდება. მისი ფუნქციაა მომავალ არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირის» გამარჯვების უზრუნველყოფა ყველა თვალსაზრისით და ყველა საჭირო მიმართულებით. იმავდროულად, ნიკო ლეკიშვილი, რასაკვირველია, თავადაც დარჩება წარმატებულ ბიზნესმენად და ექნება საშუალება საქმე ლეგალურად აწარმოოს, ყოველგვარი დამატებითი «კრიშების» გარეშე.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, «მოქალაქეები» ცდილობენ ლეკიშვილი აქციონ «თეთრი ბიზნესის» სიმბოლოდ და ამ გზით მოიზიდონ სხვა მეწარმეებიც, დაუმტკიცონ მათ (ლეკიშვილის მაგალითით): საქართველოში «თეთრი ბიზნესით» გამდიდრება შესაძლებელია, ოღონდ მმართველი პარტიისადმი ლოიალობის შენარჩუნების ურყევი პირობით.
    მეწარმეები, რომლებიც ამას დროულად ვერ მიხვდებიან და გააგრძელებენ ოპოზიციასთან ფლირტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლანძღვას, საგადასახადო კანონმდებლობისა და «მონეტარისტული» პოლიტიკის კრიტიკას, - სულ მალე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
    თუმცა, ეს ყოველივე ჟვანიას გუნდისათვის სახელისუფლებო გადატრიალების მომზადებისას მხოლოდ ტაქტიკური მიზანი იყო. სტრატეგიული თვალსაზრისით კი მათ სურდათ წერტილი დაესვათ იმ მდგომარეობისათვის, როდესაც მმართველი პარტია ფაქტობრივად არ იყო მმართველი ანუ სახელისუფლებო ნომენკლატურის წევრთა უმრავლესობა მას არცთუ სერიოზულად აღიქვამდა, რაკი თვალნათლივ ხედავდა, რომ ამ გუნდის წევრობა ყოველთვის უეჭველად არ გულისხმობდა შევარდნაძის გუნდის წევრობას და პირიქით.
    ხელისუფლებათა გაყოფის «ამერიკული მოდელი» მართლაც უზრუნველყოფს ხელისუფლებათა გამიჯვნას, პარლამენტს არ გააჩნდა საშუალება აღმსრულებელ ხელისუფლებაზე, მინისტრებზე აგრეთვე ადგილობრივ ადმინისტრაციებზე ზემოქმედებისთვის. ამან «აღმასრულებელი შტოს» ბევრი წარმომადგენელი გაათამამა და ზოგიერთი მათგანი პარლამენტარებს არც თუ სერიოზულად აღიქვამდა. ჩამოყალიბდა (ვიმეორებ) განწყობა, რომლის შესაბამისად ძალაუფლების ცენტრი საქართველოში მხოლოდ საპრეზიდენტო სტრუქტურა იყო, ხოლო პარლამენტი - მისი დეკორაცია.
    ჟვანიამ ეს მდგომარეობა კარგა ხანს ითმინა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ძალიან მძლავრად და ოსტატურად (უნდა ვაღიაროთ) გამოიყენა სწორედ პარტიული ბერკეტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის.
    მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ «მოქალაქეთა კავშირი» პარტიული ნიშნით არ წარადგენს კანდიდატურებს მინისტრთა პოსტების დასაკავებლად, ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მინისტრი უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს «მოქალაქეთა კავშირის» მიმართ, - ისევე, როგორც გამგებლები და მერები; საამისოდ სულაც არ არის აუცილებელი თანამდებობის პირს პარტიის წევრის საბუთი ედოს ჯიბეში, როგორც კომუნისტური მმართველობის დროს, მაგრამ მოქალაქეთა კავშირისადმი რიდი და ერთგვარი შიშიც უეჭველად გაუჩნდება.
    რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგებს ქვეყნისათვის, «მოქალაქეთა კავშირი» მხოლოდ პერსონალიათა ცვლილებით არ შემოიფარგლება. ჟვანიას გუნდს ესმის, რომ ხელისუფლების ხსნა მხოლოდ რადიკალური ეკონომიკური რეფორმის გაგრძელებაა, ამიტომ უახლოეს მომავალში დასრულდება პრივატიზება ყველა დარგში და მიწაზე კერძო საკუთრება რეალურ შინაარსს შეიძენს ანუ შესაძლებელი გახდება მიწის ყიდვა-გაყიდვა; ეს კი უდავოდ დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
    ჟვანიას მიერ ორგანიზებული გადატრიალება ნომენკლატურული ტექნოლოგიის არანომენკლატურული მიზნით გამოყენების ნიმუშია.
   
   «7 დღე», 29 ივლისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე