ჯიხაშკარმა პრესკონფერენციების კარუსელი დაატრიალა
   

    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჯიხაშკარის მოვლენათა თუნდაც ერთი კვირით გაგრძელების შემთხვევაში ვითარება საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე უკიდურესად დაიძაბებოდა და სამეგრელოდან აგორებული ტალღა მთელს ქვეყანას მოედებოდა. ამჯერად მხოლოდ «ზვიადისტებს» როდი ვგულისხმობ.
    ჯიხაშკარი მძლავრ მადესტაბილიზირებელ ფაქტორად იქცა. ალბათ, ხელისუფლება სწორედ ამიტომაც წავიდა უპრეცედენტო დათმობაზე (მისი ადრინდელი კურსიდან გამომდინარე), ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესების მართვა კიდევ უფრო გართულდებოდა.
    როგორც კი გაიარა 9 თებერვლით გამოწვეულმა შოკმა და ჩვენი ბრძენი «პოლიტოკრატიის» წარმომადგენლებმა იგრძნეს, რომ პირადად მათ არაფერი დაემუქრებოდათ, უმალვე დაიწყო დეკლარაციების, მოწოდებებისა და განცხადებების ცვენა.
    პოლიტიკანები, რომლებსაც საკუთარი სოფლის გარდა სხვა სოციალური დასაყრდენი ქვეყანაში არ გააჩნიათ, ლამის ახალი კონსტიტუციის მიღებას გვთავაზობენ. თავი წამოყვეს ქუჩაში დარჩენილმა ჯუჯა-პარტიებმა და პირველად გაიჟღერა «რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების» თემამ, რასაც, რა თქმა უნდა, არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა, ვინაიდან საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილისათვის 1999 წლის ოქტომბრამდე არჩევნების ჩატარება სამკვდრო-სასიცოცხლოდ მიუღებელია.
    მიუხედავად ამისა, ჯიხაშკარის დაპირისპირების გაგრძელებას ნამდვილად მოჰყვებოდა (ნაწილობრივ მოჰყვა კიდეც) ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ყველაზე საშიში მოვლენა: თვით სახელმწიფო - კონსტიტუციური წყობის ეჭვქვეშ დაყენება, ხელისუფლების მორიგი დისკრედიტაცია, მოთხოვნათა რადიკალიზაცია და ა.შ.
    ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ჯიხაშკარის მოვლენებით «ხელისუფლება საბოლოოდ დამარცხდა», «საბოლოოდ გამოაშკარავდა მისი უსუსურობა» და სხვა.
    თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თუკი მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა, შეფასება კიდევ უფრო მწვავე იქნებოდა: თუ სისხლი დაიღვრებოდა, მაშინ სწორედ ის ხალხი, ვინც ახლა ხელისუფლებას «უსუსურობის» გამო საყვედურობს, უეჭველად იტყოდა, - სისხლისმსმელმა ხელისუფლებამ შერიგების ნაცვლად ძალის გამოყენება არჩიაო.
    თუმცა, ამგვარი ინფანტილიზმი, გარკვეული ზომითა და ოდენობით, პოლიტიკისათვის ზოგადად დამახასიათებელი მოვლენაა და ეს არავის უნდა უკვირდეს. ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში მსგავსი სუბიექტების აქტივობასა და ტლიკინს სერიოზულ ყურადღებას არავინ აქცევს. ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, ყველა ხელსაყრელი მომენტი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, «ქულები დაიწეროს», ხელისუფლებას ნიშნი მოუგოს და ა.შ. სხვაგვარად ნორმალური პოლიტიკური პროცესი ვერ განვითარდება, - რაოდენ ნერვების მომშლელიც უნდა იყოს ეს ყოველივე.
    სწორედ ამაზე უთქვამს გენიალურ უინსტონ ჩერჩილს: დემოკრატია ყველაზე ცუდი წყობაა, თუ სხვა წყობებს არ მივიღებთო მხედველობაში.

მერიდიანი, 2 მარტი, 1998 წ.

მთელ გვერდზე