მოსკოვის მოლაპარაკება სრული კრახით დამთავრდა
   

    მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნებულმა ანრი ჯერგენიამ აფხაზეთის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვში გამართულმა დიალოგმა ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო, ვინაიდან «საქართველოს ხელისუფლებას არ სურს შეურიგდეს რეალობას». რეალობაში კი იგულისხმება აფხაზეთის დაკარგვა.
    «ამჟამად აფხაზეთის ხელისუფლება თითქმის მთლიანად აკონტროლებს რესპუბლიკის ტერიტორიას» - აღნიშნა ჯერგენიამ. მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე იგი მოითხოვდა აფხაზეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას, სანაცვლოდ კი ლტოლვილთა სამურზაყანოში დაბრუნებას გვპირდებოდა. ამაზე დათანხმება, ჩვენი მხრივ, უდიდესი სისულელე იქნება, ვინაიდან, ჯერ ერთი, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სეპარატისტები სიტყვას ამჯერად მაინც შეასრულებენ. გარდა ამისა, ლტოლვილებს დასაბრუნებელი აღარსად აქვთ - მათი სახლ-კარი მაისის ბოლოს მთლიანად გადაწვეს.
    რაც შეეხება თვით ეკონომიკურ სანქციებსა და ბლოკადას, მცდარია აზრი, თითქოს ამ გზით შეიძლება ვაიძულოთ სეპარატისტები რაიმე სერიოზულ კომპრომისზე წამოვიდნენ; არძინბამაც შესანიშნავად უწყოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პირობებზე არ დათანხმდებოდა.
    სეპარატისტთა მიზანი სხვა იყო: დაეფიქსირებინათ, რომ მიუხედავად გალში დატრიალებული ტრაგედიისა, საქართველო მზად არის განაგრძოს მშვიდობიანი მოლაპარაკება მოსკოვში; ანუ არა აქვს პრეტენზია რუსეთთან, რომლის «სამშვიდობო მისია» უშედეგოდ დასრულდა.
    სხვა რაიმე ხელშესახები შედეგი ამ მოლაპარაკებას არ შეიძლება მოჰყოლოდა და არც მოჰყოლია. რუსი «შუამავლები» მხოლოდ საკუთარ თამაშს თამაშობენ და საქართველოს ინტერესებისათვის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტზე უარის თქმას სულაც არ აპირებენ.
    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სეპარატისტული რეჟიმი არასოდეს დათანხმდება საქართველოს წინადადებას «ასიმეტრიული ფედერაციის» შესახებ - ეს ინიციატივა სოხუმშიც და მოსკოვშიც სასაცილოდ არ ყოფნიდათ.
    მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნისათვის ნამდვილად მომგებიანი იქნებოდა (თუ აფხაზეთის დაკარგვას არ ვურიგდებით), ახლავე დაგვეწყო ფედერაციული მოწყობის იურიდიული დაკანონება, ვინაიდან ეს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ არგუმენტს მოგვცემდა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.
    მოსკოვის მოლაპარაკების გაგრძელების სხვა შემთხვევაში უბრალოდ აზრი არა აქვს, ვინაიდან სეპარატისტები არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევენ ერთხელ დაკავებული პოზიციიდან.
    მათი წინადადება უცვლელია და ურყევი: ფედერაციული კავშირი აფხაზეთსა და საქართველოს შორის - თანასწორსუბიექტურობის პრინციპებზე.

მერიდიანი, 17 ივნისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე