საქართველოში ორი შინაგან საქმეთა სამინისტროა (?!)
   

    ჯიხაშკარს ალყა არტყია - უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. არც ერთი პასუხისმგებელი სუბიექტი, ჯერჯერობით, რეალურ ნაბიჯებს არ დგამს, კონფლიქტური ვითარების ამა თუ იმ გზით გადასაჭრელად; ერთი ურუგვაელი მძევლის გათავისუფლებამ ვითარება ვერ განმუხტა.
   

    საზარელი ელფერი შეიძინა გოჩა ესებუას სიტყვებმა: «მეორე ურუგვაელი ხომ აქვე მყავსო». რატომღაც კაციშვილს არ გასჩენია სურვილი (ამგვარი ინდიფერენტიზმი, ზოგადად, დამახასიათებელია საქართველოსთვის), იმავე «ძალისმიერთათვის» ეკითხა: როგორ გამოეპარათ სამეგრელოში ასეთი ძალის არსებობა? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია? (აშკარაა, რომ არაფერი იცოდნენ ამაზე). იმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი ტერაქტამდე როგორ მიიყვანეს საქმე ან ახლა რამდენად პროფესიონალურია მათი ქმედება. მთლიანობაში ოც-ოცდაათკაციანი რაზმი უცხოელ თანამზრახველებთან ერთად ჯერ ჩეჩნეთში ემზადება, შემდეგ თბილისში შემოდის, იარაღის მთელი არსენალი შემოაქვს, კონსპირაციულ ბინებს ქირაობს, იშვიათი სისტემის რაციებით სარგებლობს, საკმაოდ მშვიდად, გულცივად ახორციელებს უპრეცედენტო ტერორისტულ აქტს.
    მხოლოდ ამის შემდეგ ირკვევა, ვინ საიდან შემოვიდა, ვინ სად იყო დაბანაკებული, ვინ როდის იქირავა ბინა და რაც ყველაზე უცნაურია, ყველაფრის მიზეზად ცხადდება «ჩაწერის ინსტიტუტი»; ამ ლოგიკით, ტერაქტის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალება იქნებოდა საბჭოთა კავშირის აღდგენა კგბ-სთან ერთად. ცხონებული ალექსი ინაურის ეპოქაში ხომ ასეთი ტერორისტული ჯგუფი ნამდვილად ვერ გაიჭაჭანებდა საქართველოში!
    უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს, ფაქტობრივად, არ ჰყავს უშიშროების სამსახური. უშიშროების სამინისტრო არსებობს მხოლოდ ფორმალურად - ეს არც შევარდნაძის ბრალია, არც თარგამაძის და არც გახოკიძის. საქმე გვაქვს ინსტიტუციურ კრიზისთან, რომელზეც ხშირად საუბრობს შევარდნაძე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, იგი უძლურია, რაიმე თვისობრივად შეცვალოს.
    ჯემალ გახოკიძე უდავოდ კარგი მილიციელი იყო და ახლაც კარგი კრიმინალისტი - პოლიციელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იგი ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად იყო მიჩნეული და არცთუ უსაFუძვლოდ. მაგრამ უშიშროების მინისტრად, სპეცსამსახურის ხელმძღვანელად მისი დანიშვნა პრობლემას ნამდვილად ვერ გადაწყვეტს.
    სპეცსამსახური თვისობრივად, სისტემურად განსხვავდება პოლიციისაგან - ეს ორი სხვადასხვა ინსტიტუტია, რომელთაც შინაარსობლივად განსხვავებული ფუნქციაც აქვთ და მუშაობის სპეციფიკაც. ამიტომ, არც ერთ ქვეყანაში, შვედეთიდან - სალვადორამდე და ამერიკიდან - ჩინეთამდე პოლიციისა და უშიშროების სისტემათა გადაჭდობა-გადაჯვარედინება არ ხდება.
    არ არის გამორიცხული, (ვთქვათ) ისრაელში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნოს უშიშროების მინისტრად, მაგრამ ჩვენი სპეციფიკა (და უბედურება) ის არის, რომ საქართველოში (საბჭოთა სპეციფიკიდან და ტრადიციიდან გამომდინარე) მინისტრი სპეციალისტია და არა პოლიტიკოსი (პოლიტიკური ფიგურა). ამდენად, ჯემალ გახოკიძე მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებდა პოლიციაში მუშაობისას - იმავე მენტალიტეტით. მას, შესაძლოა, კიდეც ესმის, რომ პოლიციისაგან განსხვავებით, უშიშროების (სპეცსამსახურის) დანიშნულება უფრო პროფილაქტიკაა, ვიდრე დამნაშავის გამოვლენა, დაკავება და დასჯა, მაგრამ ერთია გესმოდეს, მეორეა შეგეძლოს.
    დავაკვირდეთ: შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამინისტრომ ვერ შეძლო ტერაქტის აღკვეთა, - დანაშაულებრივი დაჯგუფების, წინასწარი გამოვლენა (ანუ პროფილაქტიკა).
    სამაგიეროდ, ტერაქტის შემდეგ, უმოკლეს ვადებში, სულ ორიოდე დღეში გახსნეს დანაშაული და ტერორისტთა მნიშვნელოვანი ნაწილიც დააკავეს - რამაც აიძულა ესებუას დაჯგუფება, თავი გაემჟღავნებინა.
    ამრიგად, ჯემალ გახოკიძეს ძველი «ხვატკა» აქვს და თუ ჯერი დანაშაულის გახსნაზე მიდგება, იგი საკმაოდ პროფესიონალურად იმოქმედებს, მაგრამ დანაშაულის წინასწარი აღკვეთა (სპეცსამსახურის ძირითადი დანიშნულება) სხვა სირთულის აომცანაა, სხვაგვარი ინსტიტუტის ძალისხმევას გულისხმობს. ეს მოითხოვს არა ერთი პიროვნების, არამედ მთელი სისტემის მოქმედებას. გახოკიძე და თარგამაძე არ არიან «კაგებეშნიკები». ისინი საბჭოთა მილიციის წიაღში აღიზარდნენ.
    აქ კიდევ ერთი საგულისხმო მომენტია: არც ერთ ქვეყანაში უშიშროებასა და პოლიციას შორის კადრების როტაცია არ მიმდინარეობს. მიზეზი თვალნათელია: კარგი პოლიციელი (რაოდენ პროფესიონალიც უნდა იყოს) კარგი სპეცაგენტი ვერასდროს გახდება - ამ სფეროებისათვის კადრების მოსამზადებლად ყველგან, ყველა ქვეყანაში ორი სხვადასხვა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სისტემა მოქმედებს. არსებობს «პოლიციის აკადემია» ამერიკაში, მაგრამ არსებობს ლენგლის სრულიად საიდუმლო «სპეცსამსახურთა სკოლა», რომელშიც სპეციალური სამსახურის მუშაკებს ამზადებენ;
    საქართველოში უშიშროების სტრუქტურა განადგურებულია. იგი გაანადგურა გიორგაძე-მხედრიონის ალიანსმა, ვინაიდან ეს სიმბიოზი მოსკოველმა სტრატეგებმა აქტიურად გამოიყენეს შევარდნაძის წინააღმდეგ: ამდენად, პრეზიდენტი მთლიანობაში ამ ინსტიტუტს აღარ ენდობა და სხვა უწყებიდან (პოლიციიდან) ნიშნავს მინისტრებს.
    დღეს უშიშროების სამინისტრო, ფაქტობრივად, პარალელური «შინაგან საქმეთა სამინისტროა» და არა სპეცსამსახური. სანამ ასეთი მდგომარეობა იქნება, 9 თებერვლისა და 19 თებერვლის ტერორისტულ აქციათა მსგავსი მოვლენების ალბათობა ჩვენი რეალიებისთვის ნორმალურ დონეზე გაცილებით მაღალი იქნება.

7 დღე, 25 თებერვალი, 1998 წ.

მთელ გვერდზე