მთავარ ფინანსისტს კოშმარების ჟამი დაუდგა
   

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებები «საბაჟო და საგადასახადო უწყებების რეორგანიზაციის» შესახებ, გათვითცნობიერებული ექსპერტებისათვის მოულოდნელი არ იყო; მათთვის კარგად არის ცნობილი ის, რაც ჯერ არ იცის (ვერ გრძნობს) ფართო საზოგადოებამ - კრიზისი საქართველოს ფინანსურ სისტემაში დღითიდღე ღრმავდება და ქვეყანა ფინანსურ კატასტროფას უახლოვდება.
    გარეგნულად თითქოს ყველაფერი რიგზეა - ლარი ინარჩუნებს სიმყარეს (თუმცა, თანდათან მაინც მიჩოჩავს ქვემოთ), ფინანსურ ბაზარზე გარეგანი სტაბილურობაა, საბანკო სისტემა ერთი შეხედვით ნორმალურად ფუნქციობს, გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, კრედიტების ოდენობა არ მცირდება, ვინაიდან საქართველო ჯერჯერობით პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. უკანასკნელი მოლაპარაკება ვაშინგტონში თემურ ბასილიასა და სსფ-ის ხელმძღვანელებს შორის წარმატებით დასრულდა - პრინციპში, მხარეებმა მოილაპარაკეს ჩვენი ქვეყნისათვის დამატებით 80 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. შესაბამის გადაწყვეტილებას აგვისტომდე მიიღებენ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოზე. გრძელდება წარმოების ინტენსიური (და არა ექსტენსიური) ზრდა, ინფლაცია მიზერულ დონეზეა, ანუ ვითარება თითქოს იდეალურია; გალის მოვლენებმაც კი ვერ შეარყია ეს სტაბილურობა;
    თითქოს არაფერი მოასწავებს აფეთქებას, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ბევრია მაგალითი იმისა, თუ რა უეცრად აფეთქებულა ამგვარი სტაბილურობა საზარელი კრიზისით, რომელსაც გაუცამტვერებია ფინანსური სისტემა და ყოვლისმომცველი (მათ შორის, პოლიტიკური) ქაოსის ჭაობში გადაუსვრია ქვეყანა.
    თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, აფეთქებას თითქოს არაფერი მოასწავებდა, თითქოს «ყველაფერი რიგზე იყო», მაგრამ ერთ საშინელ დღეს მოხდა აფეთქება და საზოგადოება ერთიანად აღმოჩნდა სრული ეკონომიკური კრახის, ჰიპერინფლაციის ჭაობში.
    თითქმის არასდროს ექცეოდა ყურადღება იმ შემაშფოთებელ სიმპტომებს, რომლებიც მრავლად არსებობდა. ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება კეთილმოსურნეთა გაფრთხილებას უკეთეს შემთხვევაში «უსაფუძვლო ალარმიზმად», უარეს შემთხვევაში კი «პოლიტიკურ პროვოკაციად» თვლიდა - აქაოდა, რატომ თესავთ პანიკას, რატომ გინდათ ადამიანებს გული გაუტეხოთ, ეჭვი ჩაუნერგოთ და ა.შ.
    ამჟამად საქართველოში ზუსტად ასეთი ვითარებაა. შემაშფოთებელი სიმპტომები მართლაც მრავლად არის, მათგან უპირველესია ვალუტაზე მოთხოვნის განუხრელი ზრდა. ეროვნულ ბანკს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე სულ უფრო მძლავრი სავალუტო ინტერვენციის განხორციელება უხდება, რათა ლარის კურსი შეინარჩუნოს; არადა მისი რეზერვები სულაც არ არის ამოუწურავი. საკმარისია ითქვას, რომ ერთ-ერთ ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ბანკი იძულებული გახდა სამ მილიონამდე დოლარი გაეყიდა, რათა არ დაეშვა ლარის დაცემა დოლართან მიმართებაში ერთბაშად ათი პუნქტით! რაც ყველაზე შემაშფოთებელი და საგანგაშოა, ეს ხდება კვარტლის ბოლოს, როდესაც მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე, წესით, უნდა იზრდებოდეს - არადა, რეალურად პირიქით ხდება.
    «მონეტარისტული» თეორიის შესაბამისად, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა ძალიან ღრმა და სერიოზული შინაგანი კრიზისის მაჩვენებელია. კრიზისის შეჩერება მხოლოდ სავალუტო ინტერვენციებით ვერ მოხერხდება, ვინაიდან სავალუტო რეზერვი ამოუწურავი არ არის. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც, როგორც კი იგრძნობენ საფრთხეს, უმალვე შეგვიწყვეტენ დახმარებას. ჯერჯერობით კიდევ მიდიან რისკზე, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის უნივერსალური პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ეხმარებიან მხოლოდ ძლიერებსა და წარმატებულებს. სუსტებისა და გაჭირვებულებისთვის ოდენ ჰუმანიტარულ დახმარებას თუ გაიმეტებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, - გრძელვადიან, დაბალპროცენტიან კრედიტებს. მათთვის ხომ მთავარი ამ კრედიტების დაბრუნებაა. ასე იქმნება პარადოქსი, რომელიც დასავლური პრაგმატიზმიდან გამომდინარეობს: «თუ გინდა დაგეხმარო, ძლიერი და პერსპექტიული უნდა იყო».
    იმავდროულად, უკანასკნელი წელიწადნახევრის, ორი წლის განმავლობაში, მკვეთრად გაუარესდა საქართველოს საინვესტიციო იმიჯი. რამდენიმე ყველაზე პრესტიჟულ დასავლურ გამოცემაში ერთდროულად დაიბეჭდა მწვავედ კრიტიკული, შეიძლება ითქვას, თავსლაფისდამსხმელი სტატიები იმის თაობაზე, რომ საქართველოში უცხოელი ინვესტორები უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს, კორუმპირებულ მოხელეთა აღვირახსნილობას აწყდებიან და არათუ მოგების მიღება, არამედ თვით ინვესტირებული თანხის შენარჩუნებაც კი უჭირთ.
    არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარისტული სტრატეგიის უმთავრესი მიზანი სწორედ ინვესტორთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა, რამაც ეკონომიკური აღმავლობა უნდა განაპირობოს.
    კრედიტი მხოლოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის, მაგრამ თვით ეკონომიკის წარმოების განვითარება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. შესაძლოა ინვესტორთა «დაფრთხობაც» ისევ და ისევ ზემოთხსენებულმა ფინანსურმა არასტაბილურობამ გამოიწვია.
    მაინც, რა იწვევს ამ არასტაბილურობას?
    ექსპერტთა აზრით, არსებობს რამდენიმე კონკრეტული მიზეზი, პირველი: საქართველოს ხელისუფლება ძალიან გაერთო მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებებით და ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ სწორედ ეს სისტემა გახდა ფინანსური კრიზისის მიზეზი რუსეთში, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში (ინდონეზია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ტაილანდი, ტაივანი, ჰონკონგი). თუ ასე გაგრძელდა, სახაზინო ვალდებულებები, ადრე თუ გვიან, უეჭველად გასრესს ლარს და აფეთქების შემდეგ რაიმეს გამოსწორება შეუძლებელი გახდება - ეს იქნება სრული ფინანსური კრახი.
    მეორე მიზეზი კი ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში უნდა ვეძიოთ. «მემარცხენეთა» აქტივობით შეშინებული ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის გული მოიგოს და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც მხოლოდ ზრდიან დაძაბულობას ფინანსურ ბაზარზე. ბიუჯეტის «სოციალური მიმართებულობა» მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ უკვე მიღწეულია სამრეწველო აღმავლობა და საგარეო სავაჭრო სალდო ქვეყნის სასარგებლოდ იცვლება. ჩვენს პირობებში კი ეს ისევ და ისევ ფინანსური ბაზრისთვის საფუძვლის მოშლაა.
    «მემარცხენეთა» დემაგოგიამ ხელისუფლება აიძულა სრულებით უპერსპექტივო გზას დასდგომოდა და ერთგვარი «კონვერგენცია» მოეხდინა მონეტარიზმსა და პატერნალიზმს, მონეტარიზმსა და პროტექციონიზმს შორის.

    ამგვარი ექსპერიმენტი მხოლოდ მიგვაახლოვებს გამანადგურებელ აფეთქებასთან, კრახთან და ზემოხსენებულ ჭაობთან. კიდევ ერთი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლებას ნაციონალ-სოციალისტების (ზვიადისტებისა და კომუნისტების) ერთობლივი გამძვინვარებისა ეშინია და ვერ ბედავს მიწის ყიდვა-გაყიდვის რეალურ დაშვებას. ანუ მიწა გამორიცხულია საბაზრო ურთიერთობებიდან. ესეც ანტიმონეტარისტული ნაბიჯია და მიშელ კამდესაუს, ეტყობა, სენტიმენტალიზმმა დარია ხელი, თორემ უკვე ამის გამო უნდა შეეწყვიტა საქართვლოსათვის კრედიტების გამოყოფა.
    ჩამოთვლილი მიზეზები თავად გვკარნახობენ გამოსავალს. დრო აღარ ითმენს - კატასტროფა ახლოვდება.

7 დღე, 10 ივლისი, 1998 წელი

მთელ გვერდზე