ოსებმა მეორე პრეზიდენტი აირჩიეს
   

    კვირას ჩრდილოეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებზე აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ალექსანდრე ძასოხოვმა.
    ახსარბეკ გალაზოვი, გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, დამარცხდა და, როგორც ჩანს, პოლიტიკას საბოლოოდ გამოეთხოვება.
    არ არის შემთხვევითი, რომ ძასოხოვის არჩევამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც მოსკოვსა და თბილისში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში.
    «ოსეთს» კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნიშა უკავია. იგულისხმება არა მხოლოდ «ჩრდილოეთ ოსეთი», არამედ ე.წ. «სამხრეთ ოსეთიც», რომელსაც ჩვენს გარდა, სამწუხაროდ, უკვე აღარავინ იხსენიებს «ცხინვალის რეგიონად».
    ალექსანდრე ძასოხოვის არჩევა ნამდვილად იქონიებს გარკვეულ გავლენას შიდა ქართლში მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ნურავის ექნება იმედი, რომ რაიმე კარდინალურად შეიცვლება და ის სეპარატისტული ბანდა, რომელიც ამჟამად აკონტროლებს ცხინვალს, პოზიციას შეიცვლის, ძასოხოვის არჩევამ ამ თვალსაზრისით მხოლოდ ის შედეგი შეიძლება გამოიღოს, რომ ცხინვალელმა სეპარატისტებმა მოსკოვში თავიანთი ინტერესების დასაცავად უფრო მძლავრი ბერკეტები მოიპოვონ. ძასოხოვი «მოსკოვური ისტებლიშმენტის» წევრია და სერიოზული გავლენითაც სარგებლობდა სახელმწიფო სათათბიროში. მას მყარი კავშირები ჰქონდა და აქვს ფედერაციის საბჭოს წევრებთანაც, რომლის დეპუტატად ავტომატურად იქცა, რაკი პრეზიდენტად აირჩიეს.
    ფაქტიურად, ძასოხოვის გაპრეზიდენტებით კრემლმა პოზიციები განიმტკიცა ჩრდილოეთ კავკასიაში. წარმოუდგენელია, პოლიტბიუროს ყოფილი წევრი ვერ ხვდებოდეს, რომ მისი ხალხის კეთილდღეობა და თვით არსებობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული.
    ოსები ჩრდილოეთ კავკასიაში ყოველთვის «უცხო სხეულნი» იყვნენ. მეზობელ ხალხებთან მათ ოდითგანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო ინგუშების მიმართ სტალინურმა რეპრესიებმა ეს ხალხი ოსებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა. ინგუშები (თუ დასცალდათ) ოსთა სისხლს დალევენ და არასდროს შეარჩენენ 1992 წლის დამცირებას, როცა რუსული არმიის მეშვეობით ოსებმა (მათ შორის ცხინვალის შეიარაღებულმა ფორმირებებმა) ინგუშები ვლადიკავკაზის მიმდებარე «პრიგოროდნი»-ის რაიონიდან გაყარეს, ასეულობით მათგანი დახოცეს და სახლები გადაუწვეს.
    ეს, რასაკვირველია, კრემლის მზაკვრული ჩანაფიქრის ხორცშესხმა იყო - ამით მოსკოვმა ჩეჩნები დასაჯა და შეეცადა ისე წარმოედგინა, რომ ზემოხსენებული წინააღმდეგობა ჩეჩენთა «შეურიგებლობის» ბრალია, ხოლო თუ ჩეჩნეთის პრობლემა გადაწყდება და ამ ტერიტორიაზე აღდგება რუსეთის იურისდიქცია - ინგუშები უმალვე დაბრუნდებიან მშობლიურ სახლებში.
    ამ ხერხმა არ გაჭრა და ვერც გაჭრიდა. თუნდაც იმიტომ, რომ «ოსური მიწა-წყლით» ასეთი ვაჭრობა ოსების უკმაყოფილებასაც იწვევდა და არც ინგუშებს (ან მათ მიღმა მდგომ ჩეჩნებს) აკმაყოფილებდა.
    ალბათ ინგუშებმა «პრიგოროდნი»-ის რაიონი» დიდი ხნით დაკარგეს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ რუსები ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებიან, ამ საქმეს არაფერი ეშველება. ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტია ახალი მასშტაბური ომი რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის, რაც სრულებითაც არაა გამორიცხული, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული გავლენა შემცირდა.
    ამ ვითარებაში ალექსანდრე ძასოხოვის არჩევა მიმართულია კრემლის შერყეული პოზიციების გასამტკიცებლად. ამასთანავე, ძასოხოვი ძალიან ეშმაკი პოლიტიკოსი და ნიჭიერი დიპლომატია. რა თქმა უნდა, იგი კიდევ უფრო ოსტატურად განაგრძობს საქართველოსთან თამაშს, რათა მყარი «ზურგი» მიიღოს და ამასთან ცხინვალის რეგიონში ბევრს არაფერს დათმობს.
    სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში შევარდნაძე-ძასოხოვის შეხვედრა რამდენჯერმე გაიმართება და ცხინვალის პრობლემის «საბოლოო გადაწყვეტას» მიეძღვნება. დაშაქრული ფრაზების მიუხედავად, ძასოხოვი, რასაკვირველია, არ უღალატებს «ძველ გზას» და ცხინვალელ ოსებს «ჩრდილოელ ძმებთან» შეერთების იმედს არ დაუკარგავს.

მერიდიანი, 21 იანვარი, 1998

მთელ გვერდზე