ოსური ინაუგურაცია

    პარლამენტის პრესცენტრის წყალობით, ჟურნალისტებს საშუალება მოგვეცა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დავსწრებოდით ვლადიკავკაზში გამართულ ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას.
    ერთობ საინტერესო და ჭკუისსასწავლებელი სანახაობა იყო! უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებაში ჩრდილოეთ კავკასიაში ცნობილი ყველა, მეტ-ნაკლებად გავლენიანი ფიგურა მონაწილეობდა. მათ შორის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, დაღესტნის, ადიღეს ლიდერები (პრეზიდენტები ან სახელმწიფოს მეთაურები), აგრეთვე, ინგუშეთის პრეზიდენტი, რომლის გამოჩენა ვლადიკავკაზში, სადაც ამჟამად არც ერთი ინგუში აღარ ცხოვრობს, ნამდვილი სენსაცია გახდა; ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი, მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი იუსუფ სოსლანბეკოვი, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე რამაზან. აბდულატიპოვი. გარდა ამისა, თავყრილობას არც რუსეთის ფედერალური ცენტრის «ყურადღებიანი თვალი» აკლდა - კავკასიის საგანგებო სასაზღვრო ოლქის სარდლის გენერალ ბალხოვიტინისა და რუსეთის არმიის ჩრდილოეთ კავკასიის დაჯგუფების ხელმძღვანელის გენერალ კაზანცევის სახით.
    ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძასოხოვმა უამრავი მილოცვა მიიღო რუსეთის რეგიონებიდან. საქართველოს გარდა, დსთ-ის წევრი ქვეყნები მის ინაუგურაციას არ გამოხმაურებიან, თუმცა, ამჯერად საქართველოს გამონაკლისობა ნამდვილად გამართლებულია, ვინაიდან «ოსური პრობლემა» სწორედ ჩვენ გვაქვს და ჩრდილოეთ ოსეთთან აქტიური თანამშრომლობა ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს.
    ეს, როგორც ჩანს, შევარდნაძის ტაქტიკაა: რაოდენ გავლენიანი და ყოვლისმომცველიც უნდა იყოს რუსეთის ფედერალური ცენტრი, რეალური ძალაუფლების არცთუ ყოველთვის ნებაყოფლობითი «გადანაწილების» პროცესში, რეგიონულ ელიტებსა და რეგიონულ ლიდერებს პროცესებზე ზემოქმედების საკმაოდ მნიშვნელოვანი და მძლავრი ბერკეტები გააჩნიათ.
    მაგალითად, ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა უეჭველად საჭიროებს არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ვლადიკავკაზის ჩართვასაც. თუ ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა დაიძაბა ან მათი ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა, ყოველთვის უეჭველად როდი იგულისხმება «ცენტრის» გამარჯვება. ჩრდილოეთ ოსეთი (მთლიანობაში ოსური ეთნო-პოლიტიკური ფენომენი) კავკასიაში რუსეთის მეორე სტრატეგიული მოკავშირეა სომხეთის შემდეგ, ამრიგად, ვლადიკავკაზის ინტერესებს კრემლი სტრატეგიული თვალსაზრისით ყოველთვის გაითვალისწინებს.
    მეორე მხრივ, ოსებს ნამდვილად არ სურთ მხოლოდ მოსკოვზე დაყრდნობა - ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ რუსული სახელმწიფოებრიობა და მისი გავლენა კავკასიაში ღრმა კრიზისს განიცდის. თუ საქართველო ატარებს «ბალანსირების» პოლიტიკას, სხვასაც შეუძლია ამგვარი პოლიტიკის გატარება - უფრო მეტიც: «ბალანსირება» ნებისმიერი მიზანშეწონილი პოლიტიკის (მით უმეტეს, გეოპოლიტიკის) აუცილებელი პირობაა.
    ალექსანდრე ძასოხოვი ამ მხრივ საკმაოდ გამოცდილი და ეშმაკი პოლიტიკოსია. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა «მესამე მსოფლიოს» პრობლემებზე და შესანიშნავად უწყის, რას ნიშნავს «დაჰყავი და იბატონეს» დოქტრინა, ან რა ხერხებითა და საშუალებით შეუძლია პატარა ქვეყანას, პატარა ხალხს, ითამაშოს შედარებით დიდი ქვეყნების დაპირისპირებაზე, მის ურთიერთობებში არსებულ წინააღმდეგობაზე.
    ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი უეჭველად ატარებს საერთაშორისო ურთიერთობებში, თუ გნებავთ «კლასიკურ პოლიტიკაში» აპრობირებულ ხაზს და შეეცდება, ითამაშოს რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგობებზე. ეს კი არ გამოვა, თუ იგი გაითვალისწინებს მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ხოლო საქართველოსას არად ჩააგდებს.
    ვლადიკავკაზის თეატრში სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე ძასოხოვმა განაცხადა: «ოსეთი ყოველთვის შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას, მასტაბილიზებელ როლს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში». ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ოსეთი თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას სწორედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მნიშვნელოვან ფაქტორად ქცევაში ხედავს.
    ზურაბ ჟვანიამ ეს მომენტი უმალვე შენიშნა და თავის მისალოც სიტყვაშიც სათანადო აქცენტირება გააკეთა, თანაც შესაბამისი პერსონიფიცირებით: «თქვენი სახით კავკასიაში დაბრუნდა დიდი და ჭკვიანი პოლიტიკოსი». საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამავე კონტექსტში ისაუბრა «ისტორიის სამარცხვინო ფურცელზე», ანუ ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, რომელსაც «საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი». ალექსანდრე ძასოხოვზე საქართველოში სერიოზულ იმედებს ამყარებენ და არცთუ მთლად უსაფუძვლოდ. ოღონდ რასაკვირველია, აქ რეალობის გათვალისწინებაა საჭირო. თუ ქართული პოლიტიკის მიზანია ცხინვალის რეგიონში სრული და უპირობო სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღდგენაა, ძასოხოვი ჩვენი მოკავშირე კი არა, მტერი იქნება და ამას წინასწარ უნდა შევურიგდეთ, მაგრამ თუ მიზანი ის არის, რომ გამონახოს ფორმულა, რომელიც მეტ-ნაკლებად «დააბალანსებს» რუსეთის გავლენას და შესაბამის გარანტიებსაც შექმნის არა მხოლოდ რუსეთის კეთილგანწყობის (ამის იმედად მტერი იყოს - ავტ.), არამედ ოსთა სავსებით კონკრეტული ინტერესის გათვალისწინებით, მაშინ საერთო ენის გამონახვა მართლაც შესაძლებელია.
    მით უმეტეს, რომ ოსები დიდწილად ქრისტიანი ერია და მეზობელ მაჰმადიანურ ხალხებთან ისტორიული უთანხმოებაც აქვთ. ზურაბ ჟვანიამ ეს მომენტიც აღნიშნა, როცა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ვლადიკავკაზის მიტროპოლიტის სიტყვებს: «არა მხოლოდ ოსანას გიმღერებენ, არამედ იყვირებენ ჯვარს აცუ!!!»
    რამდენიც არ უნდა ელაპარაკა ამის შემდეგ ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტ კოკოვს «საუკუნო ძმობაზე ოს და ყაბარდოელ ხალხებს შორის», ეს მხოლოდ დეკლარაციად დარჩა, ვინაიდან ყველას ესმის, რომ რეალურად საფუძველი არ გააჩნია სტრატეგიულ კავშირს ჩრდილოეთ კავკასიის მაჰმადიან ხალხებსა და ქრისტიან ოსებს შორის.
    რამაზან აბდულატიპოვი და ივანე რიბკინი ყველანაირად შეეცადნენ ჟვანიას გამოსვლის ეფექტი შეემცირებინათ. ისინი ძირითადად რუსეთის გავლენასა და ინტერესებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, თუმცა აქაც საჭიროა სხვაობის დანახვა. ივანე რიბკინი, რასაკვირველია, გულწრფელი იყო, როცა რუსეთის ფედერაციის ერთიანობაზე ბევრს ლაპარაკობდა, ხოლო რამაზან აბდულატიპოვს აშკარად სხვა ჭია ღრღნის: მან მოუწოდა ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, აღმოეჩინათ დახმარება ჩეჩნეთისთვის: «ყველა რესპუბლიკამ თითო სახლი მაინც ააშენოს ჩეჩნეთში», - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. თავად ჩეჩენ აჰმედ ზაკაევს «დახმარებაზე» კრინტიც არ დაუძრავს. ჩეჩნები კვლავინდებურად რადიკალურად არიან განწყობილნი: «მართალია, სახელმწიფო დანგრეულიო გვაქვს, მაგრამ რუსეთს მაინც არაფერს ვთხოვთ».
    ზოგადად, ცერემონიალზე ყველა გამოსვლაში იგრძნობოდა რაღაც შინაგანი დაძაბულობა და დაპირისპირებაც კი. ინგუშთა წარმომადგენლის გამოსვლამ საბოლოოდ დამარწმუნა: ოსურ-ინგუშური ომის განახლება ადრე თუ გვიან გარადუვალია, ვინაიდან ინგუშები ოსებს შეურაცხყოფას, დამცირებას და ეთნიკურ წმენდას არასდროს აპატიებენ. ოსებმა (მათ შორის, ძასოხოვმაც) ეს დანამდვილებით იციან და უკვე დღეს იღებენ საპასუხო ზომებს. საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება ამ სიტუაციაში მათთვის ნამდვილად არ არის ხელსაყრელი, ამიტომ როგორ «პროვოკაციულ» იმპულსებსაც უნდა იღებდნენ ისინი «სამხრეთ ოსეთიდან», საბოლოოდ მაინც პრაგმატულად იმოქმედებენ.
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო: მან კვლავ ახსენა «კავკასიური სახლი». ამ თავყრილობაზე ეს საკმოად მნიშვნელოვანი დემარში გამოდგა ყველასთვის - «კავკასიური სახლი» ხომ ის იდეაა, რომელმაც შეიძლება ყველა კავკასიელი ხალხი გააერთიანოს. რუსეთისთვის ამას სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა და საფრთხე აქვს, ვინაიდან «კავკასიური სახლი» შინაარსობრივად გულისხმობს რუსეთთან დაპირისპირებას, მისთვის კავკასიურ საქმეებში ჩარევის პრიორიტეტის წართმევას;
    ყველაზე ზუსტად და მკაფიოდ ეს წინადადება იმავე ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა მოვლადი უდუგოვმა ჩამოაყალიბა კისლოვოდსკის შეხვედრაზე: უნდა შეიქმნას «კავკასიაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია» (რა თქმა უნდა, რუსეთის გარეშე), რომელიც «საერთო კავკასიური კონსენსუსის» შესაძლებლობას განიხილავს.
    ამგვარი ერთიანობის მისაღწევად შეიძლება იგივე მეთოდიკა შეირჩეს, როგორც ჰელსინკის პროცესში. ჰელსინკის დასკვნით აქტს 1975 წელს მოაწერა ხელი ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერმა, მაგრამ მანამდე (1966 წლიდან) ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტები, რომლებმაც იმდროინდელი «გლობალური დაპირისპირების» პირობებშიც კი შეძლეს ურთიერთმისაღები ფორმულის შემუშავება. კავკასიაში ამგვარი კონსენსუსის მიღწევა, რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნება. შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი ან პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს მომავალში მართლაც გამოვიდნენ ასეთი ინიციატივით (შესაბამისი სიმპტომები უკვე გაჩნდა) და მიიწვიონ კავკასიური ფორუმი, რომელიც დასაბამს მისცემს «ჰელსინკის პროცესს». კავკასიაში თუნდაც ცხრა წელი იმუშაონ ექსპერტებმა, საბოლოოდ მაინც იქნება მიღწეული ერთიანობა ურთიერთდათმობების გზით და ყველა კონფლიქტის მოწესრიგების ფორმულა გამომუშავდება.
    ანუ რუსეთი ძალიან რისკავს - თუ უახლოეს მომავალში იგი ვერ დაარწმუნებს საქართველოს და სხვა კავკასიელ ხალხებს, რომ ძალუძს მათი პრობლემების გადაწყვეტა, მაშინ გაიმარჯვებს მეორე კონცეფცია, რომლის თანახმად «კავკასიელებმა თავად უნდა გამონახონ საერთო ენა». რამდენადაც რუსეთი ბალანსის ძირითადი ფაქტორი აღარ არის, მაშ ვიღას სჭირდება იგი კავკასიაში?
   

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცულობის დონეს აფასებს ოთხზე - მინუსით
   

    რამდენიმე დღის წინათ ამერიკის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ, რა თქმა უნდა საქართველოში ამ ქვეყნის საელჩოს მონაცემების საფუძველზე, გამოაქვეყნა მორიგი მოხსენება «მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის» თაობაზე. ეს ყოველწლიური მოხსენებაა, რომელიც ამერიკული დემოკრატიის სახელმწიფოებრივი საფუძვლის იდეოლოგიურ უზრუნველყოფას წარმოადგენს. ამერიკის ხელისუფლებს, რასაკვირველია, კვლავინდებურად მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობა ამერიკამ ძირითადად იმის მიხედვით უნდა ააგოს, თუ რამდენად დაცულია ამ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები. თუმცა, პოლიტიკური პრაგმატიზმი მაინც თავისას შვრება და ვერც ამერიკა გაექცა ორმაგ სტანდარტებს. მაგალითად, უზბეკეთში ადამიანის უფლებათა არა თუ დარღვევა, არამედ იქ არსებული ტოტალიტარული რეჟიმი სულაც არ განაპირობებს კარიმოვის რეჟიმთან თანამშრომლობის შეწყვეტას. პირიქით, ამერიკელები სწორედ ამ ქვეყანაში აბანდებენ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციებს და თავიანთ პოლიტიკას ასევე პრაგმატულ ახსნას უძებნიან: «უზბეკეთში რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს, ხვალ ხელისუფლების სათავეში ისლამისტები მოვლენო».
    მაშასადამე, დემოკრატიული სისტემის შეფასებისას მოქმედებს მიზანშეწონილობისა და ეროვნული ინტერესის პრაგმატული პრინციპი. სწორედ ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური მოხსენება, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცულობის დონეს საკმაოდ მაღალი შეფასება ეძლევა - ყოველ შემთხვევაში, უფრო მაღალი, ვიდრე რუსეთში, უკრაინაში ან იმავე ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
    ამასთანავე, უკმაყოფილებაა გამოთქმული სამართალდამცავი სისტემის არასაკმარისად ფორსირებული რეფორმის გამო, ნახსენებია რამდენიმე კონკრეტული ფაქტი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა. მთლიანობაში, მაინც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში ამ თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იდეალურად ნამდვილად არ მიიჩნევს. თუმცა, მაინც აღიარებს უკეთესობას რუანდასთან, ერაყთან, რუსეთთან, უზბეკეთთან ან სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით.
    ამგვარ შეფასებებსა და დასკვნებს ნორმალური, ცივილური საზოგადოება მშვიდად უნდა შეხვდეს. ბოლოს და ბოლოს, დემოკრატია ჩვენ გვჭირდება არა ამერიკისთვის, არამედ საქართველოსთვის. არსებობს ამერიკული დემოკრატია, ფრანგული დემოკრატია, თურქული დემოკრატია (თურქეთი ამ დოკუმენტში საერთოდ «მოთხრილია»), რუსული დემოკრატია - რატომ არ შეიძლება არსებობდეს ქართული დემოკრატია? ამერიკელებს ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის დონის შეფასება იმისთვის სჭირდებათ, რათა სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში მანევრირებისთვის აუცილებელი სივრცე შეინარჩუნონ. «ადამიანის უფლებათა დაცულობის დონის» უარყოფითი შეფასება სულაც არ ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობათა გაწყვეტას, თუ ამგვარი ურთიერთობებით ამერიკა კვლავ დაინტერესებულია. ჩინეთი არანაკლებ არადემოკრატიული და აგრესიული ქვეყანაა, ვიდრე ერაყი, არადა, ამერიკული ინვესტიციების დონით მხოლოდ დასავლეთ ევროპას თუ ჩამოუვარდება. მაგრამ საკმარისია, ჩინეთმა წყნარი ოკეანის აუზში თავისი აგრესიულობა კონკრეტული აქციებით გამოხატოს, რომ «ადამიანის უფლებათა დარღვევის თემა» უმალვე გახდება პრიორიტეტული.
    ესეც ნიშანდობლივია: რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცულობის დაბალი დონის მიუხედავად, ამ ქვეყანას ამერიკა გაცილებით მეტად ეხმარება და განუზომლად მეტად ითვალისწინებს მის ინტერესებს, ვიდრე ნებისმიერი პატარა დემოკრატიისა. საქართველოს შემთხვევაში აშკარაა, რომ ამერიკა, უბრალოდ, უკან დასახევ გზას იტოვებს, რათა პოლიტიკურ პრიორიტეტთა შეცვლისას, მანევრირების საშუალება ჰქონდეს და ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცულობის არასაკმარისი დონით ახსნას.
    ამდენად, ასეთ შეფასებებს ქართული საზოგადოება მშვიდად უნდა შეხვდეს- დემოკრატია არ არის მდგომარეობა; დემოკრატია უწყვეტი სრულყოფის პროცესია. არსებობს დემოკრატიის იდეალი, მაგრამ არ არსებობს რეალურად იდეალური დემოკრატია.
    მეორე მხრივ, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები კვლავ ძველი მენტალიტეტის ხალხითაა სავსე; ისინი ჭეშმარიტ რეფორმას ვერ გაატარებენ და ვერც ქვეყანას მოუპოვებენ თუნდაც ახლად დაფუძნებული, მაგრამ მაინც მზარდი დემოკრატიის იმიჯს.
   

სომხეთში იარაღის გატანა სულ უფრო სერიოზული პრობლემა ხდება
   

    რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა, რა თქმა უნდა, მათთვის ჩვეული ოსტატობით შეძლეს კიდევ ერთი სკანდალური ფაქტის მიჩუმათება საქართველო-სომხეთის საზღვრის ახალქალაქის მონაკვეთზე, სადაც ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთისთვის განკუთვნილი რუსული იარაღის მორიგი პარტია დააკავეს.
    ბუნებრივია, ძირითად როლს ამ დიდ და რთულ თამაშში ახალქალაქის დივიზიის სომხური კონტინგენტი ასრულებს - სწორედ იგი ამარაგებს «მშობლიურ» სომხურ არმიას უახლესი სამხედრო ტექნიკით, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათია. ჯერ ერთი, რუსული «გენშტაბის» უნებართვოდ იარაღით მომარაგება ვერ განხორციელდებოდა და ვერც ახლა განხორციელდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა რამოდენიმეჯერ უკვე განუცხადა მტკიცე პროტესტი არა მხოლოდ რუსეთს, არამედ საქართველოსაც სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო. ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზეც იქონიებს ზეგავლენას და შეიძლება ის სტრატეგიული პროექტებიც ჩაშალოს, რომლის განხორციელებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
    სომხეთისთვის იარაღის მიწოდების სხვა საშუალება რუსეთს არ გააჩნია - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან, ვინაიდან არსებობს ისეთი კატეგორიის იარაღიც, რომლის გადატანა თვითმფრინავით შეუძლებელია. სომხეთისათვის იარაღის მიწოდებამ რეგიონულ ძალთა ბალანსი სერიოზულად დაარღვია; სამხედრო თვალსაზრისით, სომხეთი ამჟამად უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველო და აზერბაიჯანი ერთად აღებული, რადგან სწორედ სომხეთს აქვს შეიარაღებაში «მიწა-მიწა» ტიპის რაკეტები (ეს რაკეტებიც, საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის გავლით შეაპარეს ალბათ სომხეთში), რომელთაც ძალუძთ მიწისაგან პირისა აღგავონ ბაქო ან კავკასიის ნებისმიერი სხვა ქალაქი.
    თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი პოზიცია აზერბაიჯანის დაჟინებულ მოთხოვნაზე (ერთმნიშვნელოვნად გამოხატეთ თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება ამ პროცესებთან დაკავშირებით) მაინც გამართლებულია. სომხეთთან ერთმნიშვნელოვანი დაპირისპირებით საქართველო სულაც არ არის დაინტერესებული. რაც მთავარია, ამით მოხდებოდა ყურადღების გადართვა რუსეთიდან საქართველოზე მაშინ, როცა ამ ორი ქვეყნის პასუხისმგებლობის ხარისხი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.
    ზოგადად კი, სომხეთისთვის იარაღის მიწოდება ყველაზე ზუსტი და თვალსაჩინო ილუსტრაციაა იმისა, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა: რუსეთი (დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა) თანამეგობრობის წევრ ერთ სახელმწიფოს აიარაღებს, აძლიერებს - ასევე თანამეგობრობის წევრ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ]
    აქ რაიმე «თანამეგობრობაზე» ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ზედმეტია - დსთ არის რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცე. იგი შეიქმნა მხოლოდ და სწორედ ამ სივრცის დასაფიქსირებლად. თუმცა ამ სივრციდან თუნდაც სიმბოლური გამოსვლაც ძალიან დიდ სირთულეებთან და პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.
    ბევრ კითხვაზე პასუხს ალბათ მოსკოვის მომავალი მარტის სამიტი გასცემს. უფრო ზუსტად - საბოლოოდ ნათელყოფს, რას წარმოადგენს თანამეგობრობა და, საერთოდ, აქვს თუ არა მას რაიმე პერსპექტივა.
   

ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველოს მარშრუტს მხარი დაუჭირა
   

    დავოსში, ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე, ამჯერად, ძირითადად, კასპიის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირების საკითხები განიხილეს. გამომსვლელთა უმრავლესობამ (ბუნებრივია, რუსეთის წარმომადგენელთა გარდა) მხარი დაუჭირა მარშრუტების პოლივარიანტულობას, ანუ ნავთობის გატარებას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების (საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და სხვა) ტერიტორიაზე.
    ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ნიშანდობლივია ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის გამოსვლა. ეს ქვეყანა სულ უფრო მწვავე დისკუსიაში ებმება რუსეთთან კასპიის შელფის ჩრდილოეთ მონაკვეთში მდებარე ნავთობსაბადოთა კუთვნილების Yთაობაზე. დისკუსიამ დავოსშიც ჰპოვა გამოხმაურება. ნურსულთან ნაზარბაევი მარშრუტებზე მსჯელობისას აზერბაიჯანსა და საქართველოს უფრო ხშირად ახსენებდა, ვიდრე რუსეთს.
    სარწმუნო წყაროს ცნობით, დავოსის ფორუმზე ნაწილობრივ უკვე მოხდა იმ შეთანხმების რეალიზაცია, რომელსაც შევარდნაძემ და ნაზარბაევმა მიაღწიეს ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას.

დილის გაზეთი, 2 თებერვალი, 1998 წ.

მთელ გვერდზე