ისრაელში ედუარდ შევარდნაძეს ნდობის ვოტუმი დაუდასტურეს

    საქართველოს პრეზიდენტის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი იერუსალიმში ნაყოფიერი აღმოჩნდა. პრეზიდენტის აპარატის კომპეტენტური წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია წინასწარი შეთანხმება საქართველოში ისრაელის ინვესტიციათა ზრდის თაობაზე.
    კერძოდ, ისრაელ-იაპონიის ერთობლივი კონცერნი გამოთქვამს მზადყოფნას, მოახდინოს ლითონგადამამუშავებელი ქარხნის რეაბილიტაცია, რომელიც 1992 წლამდე ფეროშენადნობთა მსოფლიო მოთხოვნილების 10 პროცენტს აკმაყოფილებდა.
    გარდა ამისა, ისრაელის მრეწველობასა და ვაჭრობის მინისტრმა, ნათან შარანსკიმ (წარსულში ცნობილმა დისიდენტმა) კიდევ ერთი პროექტის არსი გაამჟღავნა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას: ისრაელი დაინტერესებულია საქართველოს მარგანეცის საბადოთა დამუშავებით. ამ პროექტის საერთო ღირებულება (მისივე თქმით) 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
    ებრაული კაპიტალი იშვიათად ცდება - მას განსაკუთრებული გუმანი და სიფრთხილე ახასიათებს. თუ იგი მნიშვნელოვანი ოდენობით «შედის» ამა თუ იმ ქვეყანაში, - ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების და გეოპოლიტიკური, სახელმწიფოებრივი მდგრადობის გარკვეული პოტენციალი გააჩნია.
    ამასთანავე, «ებრაული კაპიტალის» მხარდაჭერა რასაკვირველია, იმთავითვე გულისხმობს დასავლეთში საქართველოს პოზიციათა განმტკიცებას- საყოველთაოდ ცნობილია, რა გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობს «ებრაული დიასპორა» ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპის ქვეყნებში.
    ებრაული ელიტის აღიარება მსოფლიო ელიტის აღიარებას განაპირობებს. ამიტომაა ნიშანდობლივი ედუარდ შევარდნაძისთვის ისრაელის «დემოკრატიის ინსტიტუტის» პრემიის გადაცემა. ამით კვლავ დადასტურდა, რომ შევარდნაძე (თუნდაც იმავე გორბაჩოვისგან განსხვავებით) «პენსიაში» უიმედოდ ჩამოწერილი კი არ არის, არამედ შემოქმედი, აქტიური ფიგურაა, რომლის აზრს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ.
    რა თქმა უნდა, აქ არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს ის გარემოება, რომ შევარდნაძე დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტია და ორგზის არის არჩეული (ეს გარემოება საგანგებოდ აღნიშნა ჯორჯ შულცმა პრემიის გადაცემისას), მაგრამ მხოლოდ ეს მომენტი განმსაზღვრელი ვერ იქნებოდა. ისრაელის «დემოკრატიის ინსტიტუტი» შევარდნაძეს კვლავ აღიარებს იმ «მსოფლიო ელიტის» წევრად, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული თანამედროვე მსოფლიოში - პოლიტიკური, სოციალური, კულტუროლოგიური პროცესების განვითარებას დიდწილად ეს ელიტა განსაზღვრავს.
    საქართველოს პრეზიდენტს (რა თქმა უნდა, გარკვეული ზომითა და დოზით) ამ ელიტაში სიტყვა ჯერ კიდევ ნამდვილად ეთქმის - პატარა ქვეყნისთვის კი ეს არცთუ მცირე «კოზირია». მთავარია, იგი უსაგნოდ და უსარგებლოდ არ გაიხარჯოს.
    აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი: საქართველო არა მხოლოდ პატარა, არამედ (ჯერჯერობით) მწარედ დამარცხებული ქვეყანაა. დამარცხებულებს კი თანამედროვე მსოფლიო პატივს არ სცემს. ქვეყნის «დამარცხებული» იმიჯი ლიდერსაც გადაეცემა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში შევარდნაძისთვის, როგორც ჩანს, გარკვეული გამონაკლისი მაინც დაუშვეს - ალბათ მისი წარსული დამსახურების გამო.
    შევარდნაძის იმიჯი კვლავ დადებითი ნიშნის მატარებელია - არც ეს არის მეორეხარისხოვანი მომენტი, ვინაიდან, როგორც ახლო წარსულმა დაადასტურა, პატარა ქვეყნისთვის ლიდერის იმიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს.
    შესაძლოა სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით (ვგულისხმობ, სტრატეგიული ხასიათის პრობლემებს) პრეზიდენტის იმიჯმა გადამწყვეტი ფაქტორის ძალა ვერ შეიძინოს, მაგრამ გარკვეული წონა ამ ფაქტორს ნამდვილად აქვს და ამის უარყოფა შეუძლებელია.
   

აფხაზური მხარე მოლაპარაკებათა შესაძლებლობებს ამოწურულად მიიჩნევს
   

    გასულ კვირას აფხაზეთის «პრეზიდენტის» სპეციალურმა წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების საკითხში, აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა, ანრი ჯერგენიამ მოსკოვში ერთობ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პოტენციალი უკვე ამოწურულია და მის გაგრძელებას აზრი ეკარგება. ყოველ შემთხვევაში, აფხაზური მხარე (ალბათ) მოლაპარაკებებში აქტიურად აღარ მიიღებს მონაწილეობას. ჯერგენიას თქმით, ოფიციალურმა სოხუმმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია, ანუ უკანასკნელი ზღვარი, რომლის მიღმა იგი აღარ დაიხევს: ფედერალური კავშირის (შინაარსობრივად კონფედერაციის ან ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსი უნიის) გაფორმება საქართველოსთან თანასწორსუბიექტურობის საფუძველზე. ქართული მხარე კი მოითხოვს აფხაზეთისთვის «ფედერაციის სუბიექტის» სტატუსის მიკუთვნებას თორმეტსუბიექტიანი ქართული ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში.
    ამრიგად, მხარეთა პოზიციები შეურიგებელია, ვინაიდან სხვაობა კონცეპტუალურ დამოკიდებულებაში თვისებრივია. ფედერაციული საქართველო მაინც ერთიანი სახელმწიფო იქნება, ხოლო აფხაზეთი - მისი ნაწილი. სეპარატისტთათვის ეს კონცეფცია მიუღებელია, ვინაიდან ყველაფერ იმაზე უარის თქმას ნიშნავს, რაც ომით მოიპოვეს. ამ შემთხვევაში იძულებულნი იქნებიან, ქართველი ლტოლვილებიც დააბრუნონ და აღადგინონ დემოგრაფიული სტატუს-კვო, რომელიც აფხაზეთში ომამდე არსებობდა. საქართველო-აფხაზეთის უნიის შექმნისას კი, აფხაზეთი ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დამოუკიდებელი სუბიექტი გახდება და, რაც მთავარია, მიიღებს საშუალებას სრული იურიდიული დამოუკიდებლობაც გამოაცხადოს - რაკი საქართველო აღიარებს მას თანასწორ სუბიექტად.
    მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ ჯერგენია ასე აშკარად აცხადებს მოლაპარაკებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას. ამით ხომ იგი ერთობ არახელსაყრელ მდგომარეობაში აგდებს არძინბას რეჟიმს? მოლაპარაკებაზე უარის თქმა ყოველთვის წამგებიანია და მსოფლიოში აღიქმება როგორც «კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების უარყოფა». დღემდე არძინბა და მისი წარმომადგენლები პირიქით - ყოველნაირად აღნიშნავდნენ, რომ «მხოლოდ მოლაპარაკებათა მეშვეობით არის შესაძლებელი კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგება». მიუხედავად ამისა, ანრი ჯერგენიამ ამჟამად მაინც გააკეთა ასეთი განცხადება (მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ). მაშასადამე, განცხადება რაღაც მიზანს ისახავს - იგი უეჭველად შეთანხმებულია არძინბასთან, ურომლისოდაც აფხაზური ელიტის წარმომადგენლები კრინტს არ ძრავენ.
    ხოლო, თუ რა მიზანს ისახავს კონკრეტულად ჯერგენიას დემარში - არცთუ ისე ადვილად გასარკვევია. შესაძლოა, ჯერგენია ამით ცდილობდეს აფხაზური მხარის პოზიციის დაფიქსირებას რუსეთის იმ წრეების წინაშე, რომელთაც აფხაზეთის უშუალო შემოერთების იმედი არ დაუკარგავთ. ბოლო დროს რუსულ პრესაში გაჩნდა საყურადღებო სიმპტომები. მაგალითად, დახვეწილი შოვინიზმით ცნობილმა «ნეზავისიმაია გაზეტამ» ერთ-ერთ სტატიაში თითქოს სხვათაშორის შენიშნა: «აფხაზეთსა და ბალტიისპირეთში რუსული მოსახლეობის უფლებები ერთნაირად ირღვევაო».
    ეს შენიშვნა სოხუმში უდავოდ სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა, ვინაიდან რუსეთის შოვინისტური ელიტის მხარდაჭერა აფხაზ სეპარატისტებს ჰაერივით სჭირდებათ. შესაძლოა ჯერგენია ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემათა შექმნასაც შეეცადა: ედუარდ შევარდნაძისთვის აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების გაგრძელება პოლიტიკური აუცილებლობაა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანის საკითხი - რაც ახალ ომსა და სისხლისღვრას ნიშნავს.
    ჯერგენია ამ პროვოკაციული განცხადებით ცდილობს გააძლიეროს ოპოზიცია თბილისში. შესაძლოა, მისი განცხადება უკვე იმასაც გულისხმობდეს, რომ აფხაზთათვის ამჟამად შექმნილი სტატუს-კვოს შენარჩუნებაც მიუღებელი ხდება, ვინაიდან ვერა და ვერ მოხერხდა ბლოკადის გარღვევა და აფხაზეთში ნეგატიური პროცესები შეუქცევადი ხდება - ამრიგად, აფხაზი სეპარატისტები თავად ხდებიან დაინტერესებულნი ომის განახლებით - როგორც ბლოკადის «გარღვევის» საშუალებით.
    ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერგენიას განცხადება საშუალებას აძლევს ოფიციალურ თბილისს, დაუყოვნებლივ მიმართოს გაეროს, ყველა დაინტერესებულ მხარეს და მკვეთრად დააფიქსიროს, რომ მოლაპარაკებები შეწყვეტილია აფხაზური მხარის მოთხოვნით, ანუ მთელი პასუხისმგებლობა შედეგისათვის სოხუმს უნდა დაეკისროს და არა თბილისს.
    როგორც უნდა იყოყოჩონ სეპარატისტებმა, მოვლენები მათთვის სასარგებლოდ არ ვითარდება. ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფო არ გამოთქვამს მზადყოფნას, აღიაროს არძინბას სეპარატისტული რეჟიმი. გარკვეულწილად დიპლომატიური კონტაქტებისგანაც კი თავს იკავებენ, რაც ქართული დიპლომატიის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.
    მეორე მხრივ, კონფლიქტის «გაყინვა» არ შეიძლება მარადიული იყოს. ჯერგენიას დემარში დაემთხვა თვით არძინბას არანაკლებ ნიშანდობლივ განცხადებას: «აფხაზი ხალხი აშენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ჩვენ არ გვაღელვებს ის ფაქტი, რომ არ გვცნობენ და დიპლომატიურ კონტაქტებსაც გაურბიან - ადრე თუ გვიან აუცილებლად გვაღიარებენ».
   მაშასადამე, საქართველოსთან მოლაპარაკების შეწყვეტა აფხაზეთისთვის არის საკუთარი დამოუკიდებლობის ახალი ხერხით დაფიქსირების ფორმა. სანამ ისინი აგრძელებენ მოლაპარაკებას საქართველოსთან, აფხაზეთი მაინც, გარკვეულწილად, ასოცირდება მასთან (საქართველოს სახელმწიფოსთან)- თუნდაც ამ მოლაპარაკებას სახელმწიფოთაშორისი დიალოგის სახე ჰქონდეს; მაგრამ როგორც კი მოლაპარაკება საერთოდ შეწყდება, აფხაზეთის გარშემო დაიწყება ცნობილი პოლიტიკური სინდრომის განვითარება, როცა «დე-ფაქტო» თანდათან გადადის «დე-იურეში», ანუ ფაქტობრივად, არსებული რეალობის იურიდიული იგნორირება შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ეს თვით საერთაშორისო (პოლიტიკური) სამართლის დისკრედიტაციას იწვევს.
   

საქართველოში მოსამართლეთა ჯანყი მზადდება
   

    ნებისმიერი ფართომაშსტაბიანი რეფორმა, ნებისმიერ საზოგადოებაში ყოველთვის აწყდება მნიშვნელოვანი სოციალური ძალების წინააღმდეგობას. ეს აუცილებელი რეალობაა და განვითარების ამ კანონზომიერებას არაერთი დადასტურება გააჩნია ისტორიაში.
    რა თქმა უნდა, იგი არც საქართველოში სასამართლო რეფორმის განხორციელებისას დაირღვეოდა. მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგია მათი კვალიფიციურობის შესამოწმებლად გამოცდების ჩატარებისა.
    გონივრულ არგუმენტს ვერ პოულობენ და დემაგოგიას იშველიებენ: ჩვენ გარკვეული ვადით ვართ დანიშნულნი და ამ ვადის გასვლამდე შემოწმება «მოსამართლის უფლების» ხელყოფააო.
    სინამდვილეში, რასაკვირველია, მათ თვით გამოცდები აშინებთ, ვინაიდან არ არიან დარწმუნებულნი, რომ საკუთარი კომპეტენტურობის დადასტურებას შეძლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა იყონ გამოცდის წინააღმდეგნი? თუ საქმე ეხება თვით გამოცდის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას - ეს სხვა საქმეა: მოიწვიონ ნებისმიერი საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო კომისია, პრესა, ტელევიზია და საჯაროდ, საზოგადოების მეთვალყურეობით ჩააბარონ გამოცდა ობიექტურად, რათა ვერავინ შეძლოს «ჩაწყობა».
    მაგრამ, როგორც ჩანს, აქ საკუთრივ «გამოცდის ობიექტურობაში» არ არის საქმე. მოსამართლეებს, უბრალოდ, ეშინიათ, რომ თავისი კომპეტენტურობის დამტკიცებას ვერ შეძლებენ და (რაც მთავარია) ეშინიათ იმისაც, რომ სხვები აჯობებენ, სხვები მათზე მეტად კომპეტენტურნი აღმოჩნდებიან და მათ ადგილს დაიკავებენ.
    სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. გამოცდებში ხომ მხოლოდ ამჟამად მოქმედი მოსამართლეები არ მიიღებენ მონაწილეობას, - პარლამენტის იურიდიული, საკონსტიტუციო და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გამოცდებში მონაწილეობის უფლება ექნება ყველა იურისტს, ვინც კი ამას მოისურვებს.
    რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული ამჟამინდელ მოსამართლეებზე უფრო კომპეტენტურნი აღმოჩნდნენ ის იურისტები, რომელსაც მოსამართლის «თბილ» ადგილს ადრე არავინ არგუნებდა. სწორედ ეს აცოფებს ყველაზე მეტად ზოგიერთს.
    მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა «ადგილი» ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში დაისაკუთრა, ისინი გარკვეულ ისტებლიშმენტს შეადგენენ, - მაღალი საზოგადოებრივი ცენზი ჰქონდათ და ერთგვარ კასტად იყვნენ გაერთიანებულნი, რომელში შეღწევა არცთუ ისე ადვილი გახლდათ.
    ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების (რაიკომის მდივნებისა და ცკ-ს) მხარდაჭერის გარეშე მოსამართლე ვერავინ გახდებოდა. ამრიგად, მოსამართლეებს პოსტი თავიანთ საკუთრებად მიაჩნდათ არა იმიტომ, რომ კომპეტენტურად გრძნობდნენ თავს, არამედ იმის გამო, რომ შეეძლოთ გაევლოთ ნომენკლატურული კიბის საფეხურები, რომლებსაც ისინი საოცნებო რბილ სავარძლამდე მიჰყავდათ.
    ახლა კი «ვიღაც» კომიტეტის თავმჯდომარე სააკაშვილის მონდომებით, «რაღაც» რეფორმის შედეგად, ეს თბილი ადგილი «რომელიღაც» იურისტს უნდა დაუთმონ (ვინც გუშინ გამარჯობის ღირსადაც არ მიაჩნდათ) მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მათზე კომპეტენტურია და მათზე უკეთ იცის კანონი!
    აღმაშფოთებელი უსამართლობაა!

დილის გაზეთი, 19 იანვარი, 1998 წ.

მთელ გვერდზე