საქართველოს ხმამ მსოფლიო რეაქციაში მკაფიოდ გაიჟღერა

    პრეზიდენტ კლინტონის ბრძანებით, გასულ კვირას ამერიკის საზღვაო ფლოტმა მძლავრი დარტყმა მიაყენა ტერორისტთა სამხედრო ბაზებს სუდანსა და ავღანეთში. ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემთა შესაბამისად, ამ ბაზებზე ამზადებს დივერსანტებს ფანატიკოსი ისლამისტი ბინ ლადენი, რომელსაც მიაწერენ აგრეთვე უკანასკნელ აფეთქებებს კენიასა და ტანზანიაში.
    ამერიკულ «ტომაჰავკთა» დარტყმა საკმაოდ ზუსტი აღმოჩნდა. ორივე ბაზა (მათ შორის ქიმიური იარაღის დამამზადებელი საწარმო სუდანის დედაქალაქ ხართუმთან) მთლიანად განადგურდა. პირველად ისტორიაში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დარტყმა განახორციელეს ღამით (რათა შეემცირებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში), უახლესი ლაზერული ტექნიკის გამოყენებით.
    ამერიკელთა სამხედრო აქციამ მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ისლამურმა სამყარომ ძირითადად დაგმო ეს ოპერაცია. ევროპელებმა (ბრიტანეთისა და გერმანიის გარდა) დუმილი ამჯობინეს, - აკი სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. რუსეთმა კი ერთმნიშვნელოვნად დაგმო და «უწესო» უწოდა კლინტონის საქციელს.
    მაგრამ პატივცემულ მკითხველს ვთხოვ, მიაქციოს ყურადღება, რომ ბორის ელცინის ამ «პრინციპულ განცხადების» მეორე დღესვე რუსეთის ფინანსური სისტემა საბოლოოდ ჩამოიქცა. რუსეთის პრეზიდენტს თავი მართლა «ზესახელმწიფოს პრეზიდენტი» ეგონა და სულ «დაავიწყდა», რომ საკმარისია გაღიზიანებულმა კლინტონმა ყურმილი აიღოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელ მიშელ კამდესიუს ერთი უბრძანოს და რუსეთს ორიოდე თვეში მოახრჩობენ ეკონომიკურად.
    ფინანსური «მარყუჟი» უკვე ძალიან სერიოზული იარაღია ვაშინგტონის ხელში. მხოლოდ ატომური ბომბების რაოდენობა კი «ზესახელმწიფოს სტატუსს» უკვე არავის ანიჭებს. რუსეთი ზესახელმწიფო აღარ არის თუნდაც იმიტომ, რომ მეტისმეტად დამოკიდებულია ამერიკის ნებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე.
    ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამჟამად ყურადღებით სწავლობს სხვადასხვა ქვეყნის მეთაურთა განცხადებებს სამხედრო აქციასთან დაკავშირებით. ბორის ელცინი «ანტიამერიკული სიტყვებისათვის» საკმარისად დაისაჯა და ახლა ალბათ, თავში იცემს ხელს - ეს რამ მათქმევინაო. სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტროუბ ტელბოტთან შეხვედრისას იგი უეჭველად მოიხდიდა ბოდიშს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი სავალუტო ფონდის (ამ ორგანიზაციას დიდწილად სწორედ ამერიკა აკონტროლებს) კრედიტს ვეღარ მიიღებს, რუბლის დაცემას ვერ შეაკავებს, რასაც ფინანსური სისტემის საბოლოო კრახი მოჰყვება.
    ამ ფონზე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა ამერიკის აქციას, ჩვენთვის უაღრესად მომგებიან ფონს ქმნის. არ შეიძლება ამერიკამ ეს განცხადება არ შენიშნოს და არ დააფასოს. ედუარდ შევარდნაძის დემარშის უარყოფითი (სარისკო) მხარე შეიძლებოდა გამხდარიყო არა რუსეთის ან თუნდაც ჩეჩნეთის უკმაყოფილება, არამედ ისლამიტ-ფანატიკოსთა რეაქცია; მაგრამ გარკვეული რისკის გარეშე პოლიტიკა საერთოდ არ კეთდება.
    ამერიკის მხარდასაჭერად გავრცელებული მკვეთრი განცხადება ერთდროულად რამდენიმე მიზანს ისახავდა: უპირველეს ყოვლისა, კლინტონის გულის მონადირება - სექტემბერში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოსალოდნელია, რომ შედგება შევარდნაძის შეხვედრა კლინტონთან.
    საქართველოს პრეზიდენტი შეეცდება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, რათა ამოავსოს ნაპრალი, რომელიც გაჩნდა ბიუჯეტის ჩავარდნით 1998 წელს.
    ნურავინ გაიკვირვებს საკითხის ასე დასმას - პოლიტიკაში პრაგმატიზმი (ეროვნული ინტერესების დაცვისას) ყოვლად აუცილებელია. ამერიკაში ჩვენთვის სასარგებლო ფონის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტების ლობირებისათვის.
    მეორე მიზანი უეჭველად აფხაზეთის კონფლიქტს უკავშირდება. საქმე ის გახლავთ, რომ აფსუა სეპარატისტები და მათი მხარდამჭერები, აგრეთვე სეპარატიზმის იდეოლოგები მოსკოვში, ყოველნაირად ცდილობენ დაუმკვიდრონ საქართველოს ხელისუფლებას «ტერორისტის მხარდამჭერი» იმიჯი.
    ამისათვის გამოიყენება გალის რაიონში ქართველ პარტიზანთა ქმედებანი.
    პროპაგანდისტული ოპერაცია ხორციელდება ნელ-ნელა, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მიზანსწრაფულად და თანმიმდევრულად.
    ნამდვილად არსებობდა იმის საშიშროება, რომ თანდათნაობით საქართველო და მისი ხელისუფლება «ტერორისტთა მხარდამჭერის» იარლიყს შეიძენდა. მისი მოშორებაც შემდგომ ძალზე ძნელი იქნებოდა. შევარდნაძის განცხადებამ საპირისპირო სტერეოტიპი ჩამოაყალიბა, რომლის დაშლაც სეპარატისტ პროვოკატორებსა და მათ მხარდამჭერებს უფრო გაუჭირდებათ.
    გარდა ამისა, ესოდენ მკვეთრი განცხადებით ედუარდ შევარდნაძე ერთდროულად გაემიჯნა რუსეთსაც და მაჰმადიანურ სამყაროსაც, რომლებიც «ბარიკადის ერთ მხარეს აღმოჩნდნენ» მაშინ, როდესაც დასავლეთი, - მეორე მხარეს.
    ეს უარესად საყურადღებო მომენტია, რასაც დღემდე სათანადო ყურადღება არ ექცევა. მან დაადასტურა, რომ რუსეთი და ისლამური სამყარო მაინც სტრატეგიული მოკავშირეები არიან. ისინი ერთნაირად ეწინააღმდეგებიან ამერიკასა და «მრავალპოლისიანი სამყაროს» დაფუძნებას ანუ დემოკრატიული ზესახელმწიფოს ჰეგემონობის შეზღუდვას ქადაგებენ.
    საქართველოს კი ამერიკის ლიდერობა არათუ რაიმეს დაუშავებს, არამედ სრულად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. საქართველოსა და რუსეთის გზები ამ საკითხშიც მკვეთრად გაიყარა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს.
    საქართველო გარკვეულწილად, გარკვეული დოზით უნდა მონაწილეობდეს გლობალური მნიშვნელობის პროცესებში. ფაქტია, რომ «ტერორისტულ კრიზისს» დსთ-ს წევრი არც ერთი ქვეყანა არ გამოეხმაურა (უკრაინის გარდა). მაგრამ ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არ უნდა იყოს, - პატარა ქვეყანას მხოლოდ «გლობალურ თამაშში» აქტიური ჩართვით და დიდი სახელმწიფოების დაინტერესებით შეუძლია ფონს გასვლა.
   

აფეთქება ზუგდიდში, - ქართული სპეცსამსახურის «ჭეშმარიტების მომენტი»
   

    ნებისმიერი სახელმწიფოს შინაუძლურებასა თუ ძლიერებაზე მისი სპეცსამსახურის პროფესიონალიზმი მეტყველებს. აქ «დემოკრატია» არაფერ შუაშია. სპეცსამსახური, საიდუმლო სამსახური ნებისმიერ სახელმწიფოს ესაჭიროება სპეციფიური ამოცანის გადასაწყვეტად. განურჩევლად იმისა, დემოკრატიულია სახელმწიფო, თუ ტოტალიტარული.
    თვით სახელმწიფოს მასშტაბს არა აქვს მნიშვნელობა. ისრაელი პატარა ქვეყანაა, მაგრამ არათუ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში უძლიერესი სპეცსამსახურებს ფლობს («მოსსადი»). თითქოს ძნელი წარმოსადგენია და დასაჯერებელი, მაგრამ არძინბას მიერ ჩამოყალიბებული «მიკროსკოპული ფსევდოსახელმწიფოც», ამ თვალსაზრისით, ჯერ-ჯერობით, სჯაბნის ქართულ საიდუმლო სამსახურს. ეს გალის მოვლენების დროს წარმოჩინდა პირველად.
    მაშინდელი შეტაკების ბედი სწორედ წინასწარმა ინფორმაციამ გადაწყვიტა, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეს უფრო სრული და ზუსტი ჰქონდა.
    არავითარ ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ 24 აგვისტოს (საქართველოს კონსტიტუციის დღეს) ზუგდიდში განხორციელებული დივერსია სეპარატისტთა სპეცსამსახურის ორგანიზებულია. ამ აქციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება: თუ არ შეწყდება ქართველ პარტიზანთა მოქმედება გალისა და ოჩამჩირის რაიონებში, აფხაზური მხარე მიიღებს ადეკვატურ ზომებს და რაც მთავარია, საპასუხო დარტყმებს განახორციელებს ისეთი ფორმით, ისეთ ადგილას, სადაც ეს უეჭველად გამოიწვევს გარდა მსხვერპლისა, პოლიტიკურ გართულებებსაც.
    სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის იმ ფლიგელში ბომბის აფეთქება, სადაც გალის ლტოლვილი გამგეობა განლაგებული, სწორედ ამ მიზანს ისახავდა: გალელი და ზუგდიდელი მოსახლეობის დაპირისპირება ნამდვილად «მისწრება» იქნებოდა სეპარატისტებისათვის, ვინაიდან კვლავ შეიქმნებოდა «პირველი კორდონი», ისევე, როგორც 1992 წელს, რაც ძალზე გაუადვილებდა მათ მოქმედებას.
    აბსოლუტურად გაუგებარია, რას აკეთებდა ამ დროს ქართული სპეცსამსახური. უფრო კონკრეტულად, გაუგებარია, აწარმოებს თუ არა იგი დაზვერვას მოწინააღმდეგის ბანაკში, ფლობს თუ არა რაიმე ინფორმაციას, რამდენად ძალუძს 24 აგვისტოს მსგავსი ექსცესების თავიდან აცილება და ასე შემდეგ.
    თუ დღემდე მომხდარის მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოს უშიშროების სამინისტრო «აფხაზ კოლეგებთან» აგებს ანგარიშით 4:0.
    ზუგდიდის ტერაქტის გახსნა ალბათ ვეღარ მოხერხდება, ვინაიდან ტერორისტები უკვე უეჭველად ენგურის მარჯვენა მხარეს არიან თავშეფარებულნი, მაგრამ რამდენად გარანტირებულია სამომავლო უსაფრთხოება არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე? კვლავ გაჩნდა ინფორმაცია პრეზიდენტზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
    ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შესაბამის სამსახურთა ხელმძღვანელები თავს იზღვევენ: გარკვეული (ზოგადი) ინფორმაცია აქვთ, მაგრამ კონკრეტულად არაფერი იციან, ამიტომ წინასწარ ბევრს ლაპარაკობენ «მორიგი ტერაქტის» შესახებ, რათა იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია გამართლდა - თავადაც იმართლონ თავი: აკი გეუბნებოდით, ტერაქტი მზადდებაო.
    არადა, ზოგიერთი სიმპტომის შესაბამისად, ქართული სპეცსამსახურები ასეთ ინფორმაციას ნამდვილად ფლობენ. ისევე, როგორც ფლობდნენ 1998 წლის იანვარში:
    ბაქოში ყოფნისას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე შეხვდა რუს კოლეგას ანატოლი კულიკოვს, რომელმაც საიდუმლოდ «გაანდო», რომ ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტული აქტი მზადდებოდა; თუმცა არც ერთი თარიღი, პიროვნება და ქვეყანა არ დაუსახელებია.
    კულიკოვმა, რა თქმა უნდა იცოდა, რომ საშიშროება ჩეჩნეთიდან მოდიოდა, მაგრამ თავი აარიდა დაკონკრეტებას. ეს საუბარი შემდგომში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი გახდა. დღესაც ანალოგიური ვითარებაა, ოღონდ კულიკოვის შეცდომას ნამდვილად არავინ გაიმეორებს და ქართველ სამართალდამცველებს არაფერს ეტყვის;
    ინფორმაცია სხვადასხვა არხებით ჟონავს, სიტუაცია იძაბება. ასეთი დაძაბული ვითარება საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა. ალბათ 1993 წლიდან. შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია და შესაბამის ჭორების გავრცელება ერთგვარი ფსიქოლოგიური დივერსიაც იყოს. ესეც აპრობირებული ხერხია, ვინაიდან საერთო დაძაბული ფონი ხელს შეუწყობს შემდგომ შესაბამისი აქციების განხორციელებას. შესაძლოა ეს აქციები შედგეს არა ტერორისტულ, არამედ ჩვეულებრივ, პოლიტიკურ სფეროში. ქართულ სპეცსამსახურთა სისუსტე ყოველივეს შესაძლებლად აქცევს. «კვანძის გახსნა» კი სადღაც სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედგება.
   

სომხები იზოლაციიდან გამოსვლას ცდილობენ

    სომხურ-აზერბაიჯანული მიმართულებით საქართველოს პოლიტიკას თანდათან მოაქვს ერთგვარი შედეგი. ჯერ კიდევ სამი-ოთხი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა განცხადება, რომელიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა გააკეთა თბილისში ყოფნისას: «საქართველომ უნდა შეასრულოს და ასრულებს კიდეც საშუამავლო მისიას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად ცდილობს ორივე მხარე ჩართოს გლობალური მნიშვნელობის პროექტთა განხორციელებაში».
    ოსკანიანის თქმით, სრული სიცრუეა, თითქოს სომხეთი რუსეთის პლაცდარმს წარმოადგენს რეგიონში. სინამდვილეში «სომხეთი ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე» ანუ თანამშრომლობს რუსეთთან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება მის ინტერესებს.
    ოსკანიანმა სომხეთის ხელისუფლების ბრძანებით მიიწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთში. სამი დღის განმავლობაში «უჰალსტუხო» (ანუ არაოფიციალური) შეხვედრების დროს განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
    ექსპერტთა აზრით, სომხეთის დაინტერესება და გააქტიურება გამოიწვია რუსეთში განვითარებულმა კრიზისმა. არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ ეს კრიზისი სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენდა რუსეთის პოზიციებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში.
    რუსეთი თვით სომხეთისთვისაც აღარ არის ის ორიენტირი, რომლის ურყევობაში აბსოლუტურად შეიძლება იყონ დარწმუნებულნი, ანუ, თუ სხვაგვარად ვიტყვით, რუსეთი სომხეთისათვის ვეღარ ჩაითვლება ურყევ და უეჭველ გარანტიად.
    შევარდნაძე-ალიევის პოლიტიკამ უკვე გამოიღო ის შედეგი, რომ სომხური ელიტა თავს გარკვეულწილად იზოლიაციაში გრძნობს. «ევრაზიული პროექტების» წინააღმდეგ წასვლა მსოფლიო თანამეგობრობის, მათ შორის, დიდ სახელმწიფოთა ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, სომხებს მათი «ყოვლისშემძლე» დიასპორაც ვეღარ უშველის ამერიკასა თუ ევროპაში.
    მეორე მხრივ, ევრაზიული პროექტების სრული იგნორირებაც სომხეთისათვის წამგებიანია, ვინაიდან მათი ამოქმედება შესამჩნევად გააძლიერებს აზერბაიჯანს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი სომხეთისათვის შეიძლება იყოს თვით «ევრაზიული ხიდის» მშენებლობაში ჩართვა. მხოლოდ ამ გზით გახდება შესაძლებელი გარკვეული გარანტიების მიღება. სომხებს ყოველივე შესანიშნავად ესმით, ამიტომ საქართველოს მეშვეობით ცდილობენ თვითიზოლაციის გარღვევას.
    ჯავახეთის გამო საქართველოსთან დაპირისპირება ერევანს ნამდვილად არ აძლევს ხელს, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მის პოზიციებს ამ რეგიონში (ჯავახეთში) ისედაც არაფერი ემუქრება: თბილისის იურისდიქცია ჯავახეთში ფაქტობრივად არ ვრცელდება, ლარი არ ბრუნავს, რუსული დივიზიის პირადი შემადგენლობა 80 პროცენტით სომხებითაა დაკომპლექტებული.
    იმავდროულად, არც საქართველოს უნდა აძლევდეს ხელს სომხეთთან დაპირისპირება ამ ნიადაგზე, თუნდაც იმიტომ, რომ ეს სრულებით უსარგებლოა.
    ძალის მეშვეობით სამხრეთ კავკასიაში (ყოველ შემთხვევაში, უახლოესი წლების მანძილზე) არც ერთი საკითხი არ გადაწყდება. თუ სომხეთი გაააქტიურებს თავის «კავკასიურ» პოლიტიკას, ეს ქართული დიპლომატიის სერიოზული წარმატება იქნება.
    სულ ერთია, სტრატეგიული თვალსაზრისით ერევანს სხვა გზა არ ექნება, ვინაიდან საეჭვოა განხორციელდეს «გეოშოვინისტური წყვილის», - მიგრანიანისა და ზატულინის წინასწარმეტყველებანი, რომელთა თანახმად რუსეთი ძალით «გაკაფავს» კორიდორს საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისკენ, რის შედეგადაც სომხეთი იზოლაციიდან გამოვა.
   

საქართველოს კონსტიტუცია უცვლელი იქნება

    ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლამ ტელევიზიით 24 აგვისტოს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაადასტურა, რომ ზაფხულის განმავლობაში გახშირებული საუბრები ძირითად კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სრულიად უშედეგოდ დასრულდა.
    არ არის გამორიცხული, ეს საუბრები საკმოად მახვილგონივრული სვლა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან, - იმ მიზნით, რომ «ამოეწურა» თვით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თემა და ოპოზიციისათვის ინიციატივა გამოეგლიჯა ხელიდან.
    შედეგით ამ პოლიტიკური ინტრიგის (გნებავთ კომბინაციის) ავტორი შეიძლება კმაყოფილი იყოს: ოპოზიციას კარგა ხნის განმავლობაში, მით უმეტეს 1999 წლის ოქტომბრამდე აღარც გაახსენდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თემა. შეიძლება ითქვას, ამ თემის საბოლოოდ დაედო ტაბუ. მით უმეტეს საცნაური და თვალსაჩინოა, რა მნიშვნელობა ჰქონდა კონსტიტუციის მიღებას 1995 წლის 24 აგვისტოს. ამ აქტით, ფაქტობრივად, საქართველოში ახალი პოლიტიკური ეპოქა დაიწყო. ამიერიდან, ნებისმიერი პოლიტიკური აქცია ჩვენს ქვეყანაში განისაზღვრება, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით ანუ კონსტიტუციამ დაადგინა «თამაშის ახალი წესები» ყველა პოლიტიკური ძალისთვის, შექმნა «კონსტიტუციური სივრცე» და მკვეთრად გამიჯნა იგი ანტიკონსტიტუციური ან არაკონსტიტუციური (ეს ერთი და იგივე არ გეგონოთ) სივრცისაგან.
    კონსტიტუციამ დაამყარა გარკვეული წონასწორობა პოლიტიკურ სოციუმში; პოლიტოკრატიაში, ისტებლიშმენტში, ელექტორატში. ამ წონასწორობის დარღვევა შეიძლება მხოლოდ ლეგალური გზით (არჩევნებით) ან არალეგალური, რევოლუციური მეთოდით (სამხედრო გადატრიალებით).
    გავიხსენოთ, რომ 1988-92 წლებში ამგვარი ორიენტირი არ არსებობდა. «საბჭოთა კონსტიტუცია» პოლიტიკურ ძალთა დიდ ნაწილს არალეგიტიმურად, უკანონოდ მიაჩნდათ, ამიტომ იმდროინდელი ხელისუფლების მცდელობა, კონსტიტუცია როგორმე «გაეპატიოსნებინა», სრული კრახით დასრულდა.
    ეს მომენტი კი უეჭველად იქცა სამოქალაქო ომის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად. დღეს ასეთი მიზეზი აღარ არსებობს: საქართველოში თითქმის აღარ დარჩა პოლიტიკური ძალა, რომელიც არ სცნობს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის, თამაშის წესების) ლეგიტიმურობას.
    თითქმის ყველა პარტია, განურჩევლად იმისა, მოხვდა თუ არა პარლამენტში 1995 წლის არჩევნების შედეგად, სცნობს (იძულებულია სცნოს) კონსტიტუციური წესრიგი. გამონაკლისია მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, «ზვიადისტური მოძრაობის» ყველაზე რადიკალური ფრთა, მაგრამ იგი არც ერთი თვალსაზრისით არ ქმნის ამინდს საქართველოში.
    მაშასადამე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა შეეცდება თვისებრივი ცვლილება მოახდინოს საქართველოს საგარეო და საშინაო კურსში, მას, ისევ და ისევ კონსტიტუციისადმი აპელირება მოუწევს.
    გამოვრიცხავ ვითარებას, როდესაც რომელიმე ქვეყანა ძალით იპყრობს საქართველოს და მთლიანად ცვლის «თამაშის წესებს» საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით.
    იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ კონსტიტუცია ძალიან ხისტია თვისებრივი ცვლილებების თვალსაზრისით. მისი გამოყენება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოებრივი კურსის შესაცვლელად. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ქართული პოლიტოლოგია ნაკლებად ითვალისწინებს. ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია არანაირ შანსს არ უტოვებს ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატურ ძალას, რათა ლეგალურად, კონსტიტუციური მექანიზმების გამოყენებით დააბრუნოს საქართველო წარსულში.
    ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციაა.

დილის გაზეთი, 31 აგვისტო, 1998 წელი

მთელ გვერდზე